დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ დათმო ქუთაისი?
2013/07/06 22:14:26

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასა და პოლიტიკურ წრეებში ამბობენ,  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს"  ქუთაისის  ახალ მერთან, დიმიტრი კოპალიანთან  დაწყებული ღია კონფრონტაცია ძვირად დაუჯდა.  

გასულ კვირას დაწყებულმა „ბრიფინგების ომმა" „პატრიოტების" ერთ-ერთი  ლიდერის  გოჩა თევდორაძის წინააღმდეგ ბრალდებების ახალი ტალღა გამოიწვია. იმერეთის  ყოფილ  გუბერნატორს  ქუთაისში  კერძო  ბიზნესის ფლობასა და კორუფციულ გარიგებებში უკვე ყოფილი თანაგუნდელებიც ადანაშაულებენ.

გასულ კვირას, იმერეთის ყოფილმა ვიცე–გებერნატორმა თავის, ასევე ყოფილ კოლეგას,  ყველა ის ბრალდება შეახსენა, რაც ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად ისმოდა გოჩა თევდორაძის მისამართით და რომელსაც ყოფილი ჩინოვნიკი ყოველთვის უარყოფდა.  "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში, გიგა შუშანია ხაზს უსვამს გოჩა თევდორაძის გავლენას ქუთაისში და ასახელებს  10 მოთხოვნას, რომელსაც,  მისი თქმით, "პატრიოტების" ლიდერი ქუთაისის ნებისმიერ მერს წაუყენებს.

წერილში შუშანია ღიად საუბრობს გოჩა თევდორაძის სატრანსპოტო, პარკირების,  კერძო ბიზნესის, სატენდერო  და საკადრო პოლიტიკის  მონოპოლიაზე.

გთავაზობთ შუშანიას 5 რეკომენდაციას ქალაქის მერისთვის:

"1. თანამდებობებზე უპირობოდ დანიშნოს გოჩა თევდორაძის მიწოდებული კადრები.

2. მოაგვაროს პარკირების პრობლემა, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ ხედვით ნიშნავს პარკირების ადგილების აუქციონის გარეშე შპს „პარკინგ ჰოლდინგისათვის“ გადაცემას.

3. სასწრაფოდ შემცირდეს მიწის ფასი და მიწები აუქციონების გარეშე გადაეცეს გოჩა თევდორაძის მიერ მითითებულ პიროვნებებს.

4. სამარშუტო ხაზებზე (განსაკუთრებით 100 ნომერზე და იმ ხაზებზე, რომლებსაც ფლობენ შპს „სამგზავრო 2007“ და შპს „სითი ლაინი“) გაიზარდოს მიკროავტობუსების რაოდენობა და მგზავრობის ტარიფი. ასევე უპირობოდ გაიხსნას გოჩა თევდორაძის შეხედულებისამებრ ექსპერიმენტალური ხაზები.

5. თვალი დახუჭოს შპს „იბერიის ვარსკვლავის“ მიმდინარე სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე არსებულ დარღვევებზე და უპირობოდ მიიღოს ექსპლოატაციაში" – ნათქვამია დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრის კონსულტანტის გიგა შუშანიას წერილში.

შუშანიას რეკომენდაციების თითქმის ყველა პუნქტს იმეორებს საკუთარ მიმართვაში ტელერადიოკომპანია "რიონის" გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე. არხის ხელმძღვანელი, რომელიც ღია წერილით მიმართავს საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ქუთაისის ახალ მერს "პატრიოტების" ხელდასმულს უწოდებს და ამბობს, რომ დიმიტრი კოპალიანმა ვერ გაამართლა მათი იმედები, რის გამოც ალიანსი მას ღიად  დაუპირისპირდა.

"მათ მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ - შეინარჩუნონ დანაშაულებრივი გზით ქალაქისათვის წართმეული ქონება და თანამდებობებზე დანიშნონ თავიანთი ნათესავ-მეგობრები. მათი ხელდასმით მოყვანილმა ქალაქის მერმა - დიმიტრი კოპალიანმა არ შეასრულა "პატრიოტთა "დავალებები, რის გამოც იმპიჩმენტის გამოცხადებით დაემუქრნენ.

მერწმუნეთ ბატონო ბიძინა, ქუთაისში მანამ არ იქნება სიმშვიდე და ვერც ერთი მერი ვერ შეძლებს თავისი მოვალეობის შესრულებას, სანამ ამ ქალაქში სიტუაციებს ალაგებს გოჩა თევდორაძე"  – ნათქვამია თამარ ღვინიანიძის წერილში.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი გია გოქაძე კი ქუთაისში პროცესების ერთპიროვნულ  მმართველად  გოჩა თევდორაძეს არ მოიაზრებს. მისი თქმით, ქალაქის მერზე სხვა ძალებიც მუშაობენ.

"რამდენიმე ინტერესთა ჯგუფი მუშაობს ქალაქის მერზე. "ქართული ოცნება", "პატრიოტები" და თენგო თოფურიძე. დიმიტრი აქ ხელის ბიჭად ჩამოიყვანეს. მათ სურდათ, რომ ქალაქის მერად მოეყვანათ ისეთი პიროვნება, რომელიც არ იქნებოდა ადაპტირებული აქაურ პოლიტიკურ სიტუაციასთან. დიმიტრის პრობლემა არის  ის, რომ იგი ხელს აწერს ყველაფერს, რასაც ეტყვიან, მაგრამ სხვაგვარად არც შეიძლება. როცა გამზადებულ სუფრაზე მოდიხარ, ისე უნდა მოიქცე, როგორც სუფრის წესები მოითხოვს," – ამბობს საკრებულოს წევრი გია გოქაძე.

მხარეებს შორის დაძაბულობის მიუხედავად, ურთეიერთობის კონსტრუქციულ რეჟიმში გადაყვანის მომხრეა საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი მამუკა მღვდელაძე. მღვდელაძე, რომელმაც თევდორაძე–კოპალიანს შორის ერთგვარი შუამავლის როლი იკისრა, მიიჩნევს, რომ საფუძვლიანი დაპირისპირების  მიუხედავად, ყველამ რაღაც უნდა დათმოს.

"რაღაც საფუძველი რომ უდევს ამ პროცესებს ამას  ყველა  ხვდება. ბატონ დიმიტრის აქვს თავისი პრინციპული დამოკიდებულება  რიგ საკითხებზე და ეს მისასალმებელია, მაგრამ ახლა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს დაპირისპირება. გამოსაცხადებელია ტენდერები და დასაგეგმია ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამისთვის საჭიროა ურთიერთობა  გადავიდეს კონსტრუქციულ რეჟიმში"   – მიიჩნევს  საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე.

კონფლიქტის დასაწყისი

ქუთაისის   მერსა და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" შორის ურთიერთობა, ერთი კვირის წინ, ქალაქის ახალი მერის არჩევიდან 26 დღეში დაიძაბა. დიმიტრი კოპალიანის მუშაობით უკმაყოფილო "პატრიოტებმა" საგანგებო ბრიფინგზე საჯაროდ გააკრიტიკეს ქალაქის მერი და მას გონივრულ ვადებში  ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს, წინაღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტით დაემუქრნენ. "ქმედით ნაბიჯებში" "პატრიოტები" განსაკუთრებულ აქცენტს შეჩერებული ტენდერებისა და აუქციონების გამოცხადებაზე აკეთებდნენ.

 ბრიფინგს ბრიფინგით უპასუხეს ქუთაისის მერიაში. დიმიტრი კოპალიანმა, "პატრიოტებს", რომლის მხარდაჭერითაც მოხდა მისი დამტკიცება ქალაქის მერის პოსტზე,  სისხლისმსმელები უწოდა და პოლიტიკურ ზეწოლასა და ე.წ. "ატკატების" ფაქტებზე  ალაპარაკდა. ქალაქის მერის თქმით, "ატკატების" ამოღებით, ქუთისის მერიაში მაღალი რანგის პირები იყვნენ დაკავებული. კოპალიანის საგანგებო განცხადების საპასუხოდ "პატრიოტებში" გამართულ კიდევ ერთ ბრიფინგზე, ალიანსის   მხრიდან კვლავ მუქარა გაისმა და დიმიტრი კოპალიანი იმპიჩმენტის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.

ერთმანეთთან ღია კონფრონტაციას,  დაპირისპირებულმა მხარეებმა სულ 5 ბრიფინგი მიუძღვნეს. ბოლოს,  კი,  როცა სიტუაციამ კომიკური ხასიათი მიიღო, მოულოდნელად პოზიციები შერბილდა და "ბრიფინგების ომიც" შეწყდა, რასაც მეორე დღესვე თანამდებობიდან "ნაციონალური მოძრაობის" ორი ვიცე–მერის, ამირან ძოწენიძისა და კოტე რატიანის გათავისუფლება მოჰყვა. ასევე,  ვითარების განმუხტვის მეორე დღეს შეიქმნა  ქუთაისის მერიაში სატენდერო კომისია, რომელიც  საპრივატიზაციო ობიექტებსა და სატენდერო პროექტებზე უკვე მუშაობს.

არაოფიციალური ინფორმაციით, კონფლიქტის  მიზეზი, გარდა ტენდერებისა და ვიცე–მერების  თემისა,  საკადრო პოლიტიკაც გახდა.  psnews.ge -ს წყაროს ცნობით, "პატრიოტების" ლიდერი,  ქუთაისის მერიასა და მუნიციპალიტეტებში ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნი კადრების ნახევრის შერჩევას პირადად ითხოვდა.

"დამლაგებლების დონეზეც კი მიდის ბრძოლა. თევდორაძე ითხოვს, რომ მაგალითად, 12 სამსახურის უფროსიდან 6 მისი კადრი იყოს, ასევე – მუნიციპალიტეტების თავმჯდომარეებიდან, უნდა, რომ ნახევარი მისი კადრი დაინიშნოს," –ამბობს  psnews.ge -ის წყარო.

ვინ და რა დათმო? ამაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში ახლაც  აქტიურად საუბრობენ.

კონფლიქტში პირად ინტერესებს გამორიცხავს თავად გოჩა თევდორაძე. იგი არ იზიარებს ბრალდებებს არც საკადრო პოლიტიკასა და არც ტენდერებში მისი პირადი დაინტერესების შესახებ და ამბობს, რომ ალიანსი არ ჩარეულა რეორგანიზაციის პროცესში და რომ მათი უკმაყოფილება, მხოლოდ თვითმმართველობის სტრუქტურის პარალიზებამ გამოიწვია, რაც თავის მხრივ ქალაქის კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება. 

ქალაქის მერს კი  პოლიტიკური ზეწოლის შესახებ მის მიერვე გაკეთებულ განცხადებაზე დამატებითი განმარტებები აქამდე არ გაუკეთებია.

ქუთაისის მერიაში სტრუქტურა უკვე ამუშავდა. დღეს ქალაქის მერმა  გუშინ გათავისუფლებული ვიცე–მერების შემცვლელები და სამსახურების ახალი უფროსები  დაასახელა. უკვე შექმნილია სატენდერო კომისია და დროებით შეჩერებულია გათავისუფლებების მორიგი ტალღა.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1806
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია