დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომაა თერჯოლაში მარად ახალი წელი?
2013/06/18 17:14:12

რევაზ გაბრიაძე: „ამ განათებით მოსახლეობას კომფორტული გარემო შევუქმენით“

თუკი თქვენ თერჯოლაში ღამით ერთხელ მაინც გაგივლიათ,  თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა ის მორთულობა, რაც ნებისმიერ სეზონზე თერჯოლის სავიზიტო ბარათადაა ქცეული.

სანახაობა – ფასადების გალამაზება და მოსახლეობის ფერადი ნათურებით მოხიბვლა – წინა ხელისუფლების ჩვეული პოლიტიკა იყო. შესაბამისად, იმ დროის ტენდენციებს არც თერჯოლა ჩამორჩა და საქართველოს თუ არა, რეგიონის მასშტაბით, ნამდვილად პირველია. თავისი უჩვეულო მორთულობით ქალაქი არაერთხელ გამხდარა ხუმრობის ობიექტი. „თერჯოლაში სულ ახალი წელია“, „სახანძროდან სადგურამდე, სულ ესაა თერჯოლა“ –  ხუმრობენ ადგილობრივები და თავიანთ აზრს „გაბრჭყვიალებულ“ ქალაქზე გულღიად აფიქსირებენ.

თამრიკო, 55 წლის, თერჯოლის მცხოვრები: „კაია, ბავშვებს უხარიათო, ბავშვებს სხვა რამეც უხარიათ და იმაზე რატომ არავინ ზრუნავს.  ღამე რომ გაალამაზეს ეს ქალაქი, დღე რაც პრობლემებია, იმას რა ეშველება? არიქა, თერჯოლა გალამაზდაო, მე აქ ვცხოვრობ და დღე გალამაზებულს ვერაფერს ვხედავ. ღამე კია გაბრჭყვიალებული, მარა ეს არ შველის საქმეს, გართობა და ქუჩის მორთვა მეორეხარისხოვანია, ამ ქალაქს და მის სოფლებს სხვა მრავალი პრობლემა აქვს და იმით დაიწყონ, ჯობია.“

ნინი რობაქიძე, 15 წლის, თერჯოლის მცხოვრები: „ღამით რომ ვსეირნობთ, ყველაფერი გაბრწყინებულია და მომწონს, ახალგაზრდობა ქუჩაში გამოდის და ერთობა, თანაც სხვა ახლომახლო რაიონებში არაა მსგავსი რამ და თერჯოლა რაღაცით ხომ უნდა გამოირჩეოდეს?“

ბექა  აბულაძე, თერჯოლის მცხოვრები: „აქანა სულ ახალი წელია და გვიხარია თერჯოლელებს, ლამაზი კია, მაგრამ კომფორტს ნამდვილად არ გვიქმნის ეს მორთულობა, ნამდვილად არაა ისე, რომ ჩვენ ეს ნათურები გვიხაროდეს, ხალხს დასაქმება უნდა, სამსახური, რომ მერე დასასვენებლად გამოვიდეს გალამაზებულ ქუჩაში, თორემ ახლა რამ დაგვღალა, დასვენება, რომ გვჭირდებოდეს? ის მიზეზი, რომ თითქოს  ნათურებს იმიტომ არ ხსნიან, რომ ჩამოხსნის დროს ზიანდება, სასაცილოა. დიდ ქალაქებში იმხელა მორთულობებს რომ ხსნიან, რა, ყოველ წელს ფუჭდება და ახალს აკეთებენ?“

რა მიზეზითაა საახალწლო მორთულობა თერჯოლაში შემორჩენილი და რამდენად არის ეს საზოგადოების დაკვეთა, პასუხი ვერ მივიღეთ. მოსახლეობისგან განსხვავებით, საკუთარი მოსაზრება აქვს თერჯოლის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს რევაზ გაბრიაძეს: „არაა ეს საახალწლო მორთულობა, როგორც ეძახიან. ახალ წელს სხვა განათებებს ვამატებთ (სავარაუდოდ, საახალწლო ნაძვის ხე იგულისხმა. ავტ) ეს ჩვეულებრივი განათებაა და თანაც –კარგი. ამ ყველაფრით ადგილობრივებს კომფორტული გარემო შევუქმენით, ეს საზოგადოების დაკვეთა იყო.“

ცენტრალურ ქუჩაში შექმნილი კომფორტული გარემო ნამდვილად არ აკმაყოფილებს თერჯოლის გამგეობაში პრობლემებით მისულ მოსახლეობას, რომელთა უკმაყოფილებას შენობაში არსებული ბიუროკრატია კიდევ უფრო ამძაფრებს. „ეს ამასთან გაგგზავნის, ის იმასთან, ის კიდო იქეთ და საქმე მაინც არ კეთდება.“ – წუწუნებენ გამგეობის შენობაში სიარულით დაღლილი თერჯოლელები.

გამგეობის არქიტექტურის  ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ლილუაშვილი კი არ უარყოფს, რომ განათება საახალწლოა და ამბობს, რომ ნათურები დემონტაჟის დროს ზიანდება და მათი ჩამოხსნაც სწორედ ამიტომ არ ხდება.

რას ემსახურება მორთული თერჯოლის ცენტრი, მამუკა ლილუაშვილს პასუხი არ აქვს

– რა, ცუდია? – კითხვას სვამს იგი.

თუმცა იმასაც დასძენს, რომ განათება მხოლოდ შემოწმების მიზნით ირთვება ხანდახან. ამ არგუმენტს კი დამაჯერებლობა ნამდვილად აკლია, რადგან თერჯოლა ყოველ ღამეა საახალწლო ეფექტებით მორთული.

რა რაოდენობის ელექტრო-ენერგიას ხარჯავს ხსენებული განათება? როგორც მამუკა ლილუშვილი ირწმუნება, თერჯოლის ბიუჯეტს ამ განათების გამო ძალიან ცოტა თანხა აკლდება.

„ეს ნათურები ბევრს არ წერს, პირიქით ძალიან მცირესაც, თვეში საშუალოდ, 10-15 ლარის ელექტრო-ენერგია იხარჯება, ანუ, ფაქტობრივად, ხარჯი არაა აქვს. რამდენად კომფორტულია ეს მოსახლეობისთვის, არ გამოგვიკითხავს. ლამაზია, მით უმეტეს – ამ პერიოდში, ათასი სტუმარი მოდის. თერჯოლის თითქმის 19 სოფლის და რაიონის ცენტრალური ნაწილის გარეგანათების საერთო თანხა ზამთრის თვეებში  7 000 ლარს, ზაფხულის თვეებში კი – 9000 ლარს აღწევს, რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან იფარება,“ - აღნიშნა psnews.ge-სთან საუბრისას თერჯოლის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1902
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია