დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის ძველ შენობაზე სატენდერო წინადადებები უკვე მიღებულია
2013/04/26 23:19:28

2013 წლის 5 აპრილს საქართველოს პარლამენტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი პარლამენტის ყოფილი შენობის მოწყობის სამუშაოებზე. 25 აპრილს კი უკვე დაიწყო სატენდერო წინადადებების მიღება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობა რემონტდება იქ პარლამენტის განთავსების მიზნით.

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს თბილისში, რუსთაველის გამზირის №8-ში მდებარე პარლამენტის სასახლის „B“ კორპუსში ყოფილ პლენარულ სხდომათა დარბაზსა და მიმდებარე სივრცეში პარლამენტის 150 წევრისთვის პლენარულ სხდომათა დარბაზის, „A“ კორპუსში ყოფილი კინოდარბაზისა და მიმდებარე სივრცეში საკომიტეტო მოსმენათა დარბაზის (120 სამუშაო ადგილით), „C“ კორპუსში ყოფილი საკომიტეტო მოსმენათა დარბაზების (I რესპუბლიკისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზები) (80−80 სამუშაო ადგილით) მოწყობის სამუშაოები (შენობის მოწყობის სამუშაოები, ავეჯი, განათების, საკონფერენციო და კენჭისყრის, გახმოვანებისა და სინქრონული თარგმნის, სტენოგრაფირების, ვიდეოჩაწერის, ვიდეოკონფერენციის, საპროექციო და ვიზუალიზაციის სისტემები). შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 5 მილიონი ლარი.

აღნიშნულ ტენდერთან მიმართებით აღსანიშნავია ერთი გარემოება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 481 მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი. ხოლო, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. შესაბამისად, პარლამენტი ვალდებულია საკუთარი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებები განახორციელოს ქალაქ ქუთაისში.

2012 წლის დეკემბერში პარლამენტის წევრთა მიერ მოხდა საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციითან 481 მუხლის ამოღებას, რითიც მოიხსნება პარლამენტის საქმიანობის ქუთაისში განხორციელების ვალდებულება. თუმცა აღნიშნული ცვლილება პარლამენტს ჯერ არ მიუღია და როგორც 20 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე არც მოხდება მისი კენჭისყრაზე გატანა. იმის გამო, რომ  დღეს მოქმედი კანონმდებლობით პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისშია, დასაფიქრებელია, რამდენად კანონიერი და მიზანშეწონილია სხვა ქალაქში  პარლამენტის შენობის გარემონტებისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა.

ასევე საინტერესოა, როგორ მოხდება გაწეული ხარჯების გამართლება იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტის მიერ აღნიშნული ცვლილებები არ იქნება მიღებული. ცნობისათვის, დაგეგმილია სწორედ პლენარული და საკომიტეტო დარბაზების გარემონტება, რომელთა გამოყენებაც სხვა მიზნით ალბათ ვერც მოხერხდება.  საკონსტიტუციო ცვლილების არ მიღება კი საკმაოდ რეალური სცენარია, რადგანაც როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც 21 მარტს გამართულმა სარეიტინგო კენჭისყრამაც დაადასტურა.  საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცებისთვის საჭიროა 100 ხმა, მმართველ გუნდს კი ამ ეტაპზე მხოლოდ 93 ხმა აქვს (აღნიშნულში მოიაზრება ”უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების” ფრაქციაც). 27 აპრილის შუალედურმა არჩევნებმა უმრავლესობას შეიძლება შემატოს დამატებით 3 ხმაც, თუმცა ვერც ამ უკანასკნელით მოახდენს ის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას. საპარლამენტო ოპოზიციამ კი არაერთხელ დააფიქსირა, რომ ისინი ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველო” თვლის, რომ ერთის მხრივ ქუთაისში პარლამენტის გადატანით და მეორეს მხრივ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების დედაქალაქში არსებობამ, საქართველოს პარლამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში დაინტერესებული ორგანიზაციებისა თუ ჯგუფების ჩართულობას გარკვეულწილად აფერხებს.  თუმცა ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარის დანახარჯის გაწევა პარლამენტის თბილისში გადატანასთან დაკავშირებით, ნაადრევი გადაწყვეტილებაა და არ მოდის შესაბამისობაში კანონთან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1942
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია