დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ნაციონალურ მოძრაობას" გაცილებით მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე აქციაზე იყო "
2013/04/19 23:43:31

ორი თვით ადრე დაანონსებული 19 აპრილის აქცია „ნაციონალური მოძრაბის“ წევრებისათვის შედგა. პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი კი აქციით კმაყოფილი დარჩა. საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებით, რუსთაველის გამზირზე, "აქციაზე დაახლოებით ათი ათასობით ადამიანი იყო"

"აქციაზე დაახლოებით ათი ათასობით ადამიანი იყო, გალერეის იქით ხალხი არ ჩანდა, მეორეს მხრივ კი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემდე ვხედავდით, რომ ხალხი იყო. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს რიცხვებს, მთავარია ხარისხი" -  განაცხადა უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ვაშაძემ.

ინტერნეტგამოცემა For.ge კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაშლილ სივრცეში ადამიანების ოდენობას გუგლის სისტემით ითვლიან და ამ მეთოდით გაანგარიშების შედეგად, 19 აპრილის აქციის მონაწილეთა რაოდენობა  4-5 ათას კაცს შეადგენდა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა 19 აპრილის აქციისათვის პარლამენტში  ტაიმ-აუტი აიღეს და ორი დღეა საპარლამენტო ცხოვრებაში არ მონაწილეობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში პარლამენტი რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტს იხილავს.

„ჩვენ ვერ ვაცლით 4 წელი...“

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს, რათა აიძულოს ხლეისუფლება შექმნას სამუშაო ადგილები და თუ ამას არ გააკეთებენ თავად მოვა ხელისუფლებაში და გააკეთებს".

"დღევანდელი დღე 19 აპრილი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. დღეს თქვენ აქ მობრძანებით, ისტორიას ჩააბარეთ საფრთხე, რომლის წინაშეც საქართველო იდგა, ამ დღის შემდეგ ვერავინ - ვერც ივანიშვილი, ვერც მისი მინისტრები, ვერც ვლადიმერ პუტინი, ვერ გაბედავს, რომც იოცნებს, რომ საქართველო ოდესმე დაშორდება ევროპას. ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“  გენერალურმა მდივანმა ტრიბუნიდან და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა,  თავი დაანებოს ნგრევას.

„თავისი დრო, ენერგია და თუ გინდა ფულიც, მოახმაროს საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას. თუ უნდა დარჩეს საქართველოს ისტორიაში, დადებითად, ამის მცირე, მაგრამ შანსი აქვს, მაგრამ ჯერჯერობით, რასაც აკეთებს, შანტაჟის, კომპრომატების, ძალადობის ქმნით, შეიძლება, ჩაიწეროს არა პოპულარულ პოლიტიკოსად და არ მიეცეს საშუალება ბოლომდე მიიყვანოს თავისი ვადა" - განაცხადა მერაბიშვილმა. 

აქციაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა კი კიდევ ერთხელ გაიმეორა,  რომ "ისინი ხელისუფლებას 4 წელი ვერ აცლიან".

"დიახ, ჩვენ ვერ ვაცლით 4 წელი. ძალიან მალე ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ორი არჩევნები გველოდება, უახლოეს ერთ წელიწადში, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ დაიწყო ახალი ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა, ეს იქნება ყველა ადამიანისთვის, ვინც აღიარებს, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი უნდა გახდეს. ნებისმიერ მოქალაქეს მოვუწოდებთ, ჩაებან იმ ბრძოლაში, რომელიც გველოდება ჩვენი მტრების წინააღმდეგ. ყველაზე მთავარი "ქართულ ოცნებას" ხელიდან გამოვგლიჯოთ ქვეყანა, რომელიც 1 ოქტომბერს ხელში ჩაიგდეს"  - განაცხადა  ბობოხიძემ.  

აქციის მონაწილეებს თბილისის მერმაც მიმართა. "მივმართავ ივანიშვილს და ვეუბნები, რომ საქართველო არის ერთი მთლიანი ქვეყანა და ის ლურჯ და წითელ ფერებად არ უნდა დაიყოს. სწორედ ამ იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ და უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა" - განაცხადა უგულავამ. მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა გაუსვას წითელი ხაზები და ხელისუფლებას უთხრას, რომ ეს ხაზები არ უნდა გადაკვეთოს, რადგან ისინი ქვეყნის ინტერესებზე გადის. თბილისის მერი მიიჩნევს, რომ „საქართველო ნომრებად და ფერებად კი არ უნდა დავყოთ, "ნაცებად" და "ქოცებად", ყველამ უნდა მივუთითოთ ერთმანეთს შეცდომებზე და ერთად ავაშენოთ საქრათველო.“

უნდა აღინიშნოს, რომ 19 აპრილის აქციამდე მედიაში ხშირად ამბობდნენ, რომ ეს დღე იყო ვანო მერაბიშვილის დღე და არა სააკაშვილის. ამის გამო, ერთ  დეტალს  ქართულმა მედიამ ყურადღება მიაქცია,  იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ტრიბუნაზე გამოსვლის დროს ვანო მერაბიშვილმა აქცია დატოვა, თუმცა საპარლამენტო უმცირესობის წევრების თქმით, ეს არაფერს ნიშნავს.

"აქციაზე პრეზიდენტის მოსვლა არ გვქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ იმდენი ხალხი როცა მოვიდა, პრეზიდენტიც უნდა მოსულიყო" - განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ მოვიდა სააკაშვილი აქციაზე, როცა ეს დაანონსებული არ იყო.

"თქვენ ძალიან გაგიღიმათ ბედმა, რადგან ჩვენ დაგიტოვეთ ძალიან მაგარი შენობები, სადაც თქვენ სხედხართ, კომფორტიული კაბინეტები, პოლიციის სამსახურები, მაგარი ინფრასტრუქტურა, მაგარი გზები, მილიარდობით ლარი, მათ შორის, იმ პროგრამებისთვის, რომელსაც ახლა ახორციელებთ. მთავარი ბედი არის იმაში, რომ ჩვენი ოპოზიცია მოღალატეობის პოზიციაზე იდგა, იღვიძებდა დილით იმისთვის, თუ როგორ მიყიდვოდა მტერს, როგორ წასულიყო კრემლში, როგორ ჩაებარებინა აღლუმი პუტინთან ერთად. თქვენ კი გყავთ ოპოზიცია, რომელსაც უყვარს ქვეყანა. რომელსაც ზურგზე ახტებოდა უამრავი დამპყრობელი კონდახით, გინებით, მუქარით, მაგრამ ერთხელაც კი ვერ დააჩოქეს. ერთხელაც კი ვერ ათქმევინეს აუგი თავის ქვეყანაზე" - განაცხადა აქციაზე მისულმა მიხეილ სააკაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო კომიტეტმა ვერ შეძლო რეალური მომხრეების მობილიზება და დღევანდელ აქციაზე გაცილებით ნაკლები მხარდამჭერი მიიყვანა, ვიდრე სინამდვილეში ჰყავს. ეს ის პრობლემაა, რაც პარტიაში თუნდაც, ორგანიზაციული კუთხით არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ვანო მერაბიშვილმა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა, იმიტომ, რომ რასაკვირველია, "ნაციონალურ მოძრაობას" გაცილებით მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე დღეს იყო წარმოდგენილი", - განაცხადა პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტიმა სოსო გალუმაშვილმა და დასძინა, რომ მისი ვარაუდით, აქციაზე დაახლოებით, 5-8 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი არასწორად დაგეგმილი სარეკლამო კამპანია და აქციის არაზუსტი მესიჯები იყო.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1925
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია