დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ყვარყვარეები „პატრიოტები“ გახდნენ
2013/04/13 14:38:01

არჩევნების შემდეგ ნაციონალების ხმამაღალ განცხადებებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ურყევი ძალაა და მალე უმრავლესობით დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, ქვეყანაში კი არა, თვით „ნაციონალებშიც“ აღარ იჯერებენ. ალბათ, ამიტომაა, რომ ქუთაისის თვითმმართველობის წევრთა ნაწილს „ოცნება“ მოეძალა, ნაწილი კი ყვარყვარეს ჩვეული ხერხებით  და მოხერხებით ცდილობს ახალი არხების გაჭრას, რომ სასურველ და საჭირო პარტიასა თუ კოალიციაში ამოყონ თავი.

მას შემდეგ, რაც ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცხრა დეპუტატმა დატოვა, ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე დაემშვიდობა თანამდებობას იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გოჩა თევდორაძე 

 „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პირველი მოადგილის თანამდებობა და სათავეში ჩავუდგე ახალ პოლიტიკურ ძალას „ქართველ პატრიოტთა ალიანს“ - 10-კაციანი შემადგენლობით. დაგეგმილი გვაქვს ქალაქზე ზრუნვა, ჩვენი პარტია ითვალისწინებს სხვადასხვა მიდგომებს, რადიკალური ცვლილებები უნდა შევიტანოთ მთელ რიგ საკითხებში. მე ვთვლი, რომ ჩვენმა კოლეგებმა უნდა იზრუნონ გუშინდელი რეალობის შენარჩუნებაზე.

გუბერნატორი და მისი მოადგილე განსხვავებულ პოზიციაზე რომ არ ვყოფილიყავით, სწორედ ამიტომ დავწერე გადადგომის შესახებ განცხადება. მე მხარს ვუჭერ ცვლილებებს და არ გამოვრიცხავ ქალაქის მერის შეცვლასაც...“ - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გუბერნატორი აპირებდა თანამდებობიდან მის გადაყენებას და მიღებული გადაწყვეტილებით მან დაასწრო, გოჩა თევდორაძემ სასტიკად უარყო. მისი თქმით, აღნიშნული პარტია ხუთშაბათს ჩამოყალიბდა, ვინაიდან პარასკევი სამუშაო კვირის ბოლო დღე იყო, თავი შეიკავა და მხოლოდ იმ დღეს (8 აპრილს) მოაწერა ხელი განცხადებას გუბერნატორმა. თევდორაძემ ასევე უარყო პრეზიდენტთან კონსულტაციის გავლის მცდელობა.

„მე აქტიურ პოლიტიკაში ვიყავი და ყოველთვის ვიქნები, ეს ჩვენი პარტია კი ახალი იდეებით არის აღჭურვილი. მეც განვაგრძობ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისათვის ზრუნვას, თუმცა უფრო მეტი დრო მექნება ჩემი ოჯახისათვის,“ - განაცხადა გოჩა  თევდორაძემ.

აღსანიშნავია ის, რომ ყოფილი „ნაციონალების“ მიერ შექმნილი „ქართველ პატრიოტთა ალიანსის“ უპირველესი მიზანია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ალაგმვა მიწისაგან პირისა“, რისთვისაც „ქართველი პატრიოტები“ საკრებულოში უმრავლესობით მოსვლას გეგმავენ.

გოჩა თევდორაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ იმერეთის ვიცე-გუბერნატორის ვაკანტურ თანამდებობას უკვე გამოუჩნდნენ მოსურნენი. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია, აქტიურმა ვიცე-მერმა ამირან ძოწენიძემ ვიცე-გუბერნატორის სავარძელში გადაინაცვლოს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ გაწეული დაუღალავი სამსახურის გამო ჯილდოდ ეს თანამდებობა მიიღოს. თუმცა ამირან ძოწენიძე ამ დრომდე მის დანიშვნა-არდანიშვნის საკითხს არც ადასტურებს და არც უარყოფს. არც გაემტყუნება, რა იცი და რა ხდება - იქნებ მართლაც უწყალობონ ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა. მერე ხომ აღარ იკითხავს, „ნამეტანი ხომ არ მოგდითო?“ თუ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, ვიცე-გუბერნატორის კარზე მრავალჯერ შეცვლილ აბრას უკვე ამირან ძოწენიძის სახელი დაამშვენებს.

თუ გოჩა თევდორაძეს დავუჯერებთ, მომავალი ვიცე-გუბერნატორი აუცილებლად ქუთაისელი და აუცილებლად ნაციონალებთან დაახლოებული პირი იქნება, ის არ გამორიცხავს, რომ იმერეთის ვიცე-გუბერნატორად იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზეინაბ ხაჩიძე დაინიშნოს.

თავად ზეინაბ ხაჩიძე კი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ვიცე-გუბერნატორის პოსტის მსგავსად, ბევრი მსურველი ჰყავს აწ უკვე თავისუფალ „ქალაქის თავის“ თანამდებობას. ადგილობრივ თვითმმართველობაში რომ ცვლილებებია გასატარებელი, ამას ადასტურებს ყოფილი ვიცე-გუბერნატორი და დასძენს, რომ ბესიკ ბრეგაძე კარგი ადამიანია, თუმცა რიგ მიზეზთა გამო მას ქალაქის მართვა არ შეეძლო. არსებობს  ვარაუდი,  რომ  „ქართველ პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ბესიკ ბრეგაძის ნუგზარ შამუგიათი ჩანაცვლებას გეგმავდნენ. თუმცა, სავარაუდოა, რომ ეს ჩანაფიქრი არ განხორციელდება, რადგან უკვე გავრცელდა კიდევ რამდენიმე ინფორმაცია ქუთაისის მომავალი შესაძლო მერის თაობაზე, რომელსაც თვით პრემიერი და მთავარი პროკურორი უჭერენ მხარს.

 

ერთ-ერთი  ინფორმაციით, ქუთაისის მერის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს ამერიკაში მცხოვრებ ქუთაისის მკვიდრს, დიმიტრი კოპალიანს.

დიმიტრი კოპალიანი პირველი ქართველი სტუდენტი იყო, რომელიც UWN-ის უნივერსიტეტში სწავლობდა. იგი სპეციალობით ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა უმაღლესი ხარისხის მეცნიერია. წლებია, უკვე ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მშობლიურ ქალაქში იშვიათად ჩამოდის. მას დიდ ბრიტანეთში მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა უმაღლესი ხარისხის ეროვნული დიპლომი.

 

მეორე ინფორმაციით, მერის თანამდებობაზე განიხილება გიორგი ონიანიც, ქუთაისის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი, რომელიც მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ახლობელი და ფავორიტია. რა მოხდება რეალურად, ამას, ალბათ, უახლოეს ორ კვირაში გავიგებთ. მანამდე კი მერის მოვალეობას ვიცემერი კაჭკაჭიშვილი ასრულებს...

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1913
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია