დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოგიტა აბაშიძის გარდაცვალება ერთი ოჯახის ტრაგედია არ არის
2013/03/23 23:48:25

საქართველოს სახალხო დამცველი მცირეწლოვან გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ .
"საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2013 წლის 23 მარტს, ხელვაჩაურის რაიონში მცხოვრებ მცირეწლოვან გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო და იზიარებს მისი ოჯახის მწუხარებას, რომელიც საერთოა მთელი საზოგადოებისათვის საქართველოში. იმედოვნებს, რომ პასუხისმგებელი სტრუქტურების მიერ განხორციელდება დაუყოვნებელი და სიღრმისეული მოკვლევა, თუ რამდენად შეიძლებოდა აღნიშნული მოვლენის თავიდან აცილება ადეკვატური მომსახურებებისა და ბავშვზე ზრუნვის მექანიზმების არსებობის შემთხვევაში. 
მნიშვნელოვანია, აღნიშნული შემთხვევა არ განვიხილოთ მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედიად და გავაანალიზოთ თუ რამდენად სისტემურია ეს პრობლემა და რამდენად ადეკვატურია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ამ კუთხით. 
ჯერ კიდევ 2008 წელს, ხოლო შემდგომში 2009, 2012 წლებში გამოქვეყნდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევები, სადაც მითითებული იყო, რომ საქართველოში ბავშვების 12% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში თითოეული მათგანი მოიხმარს მხოლოდ 2 ლარს, ხოლო 30% კი- ფარდობითი სიღარიბეში. ამავე კვლევების თანახმად შესწავლილი ოჯახების 10 % აცხადებდა, რომ მათ მიერ საკვების მომხმარება, იმდენად შეზღუდული იყო, რომ აღნიშნული გამო საფრთხეში იყო მათი ჯანმრთელობა. 
გასულ წლებში, საქართველოს სახალხო დამცველის, საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში არაერთხელ აისახა სიღარიბის დამანგრეველი და შეუქცევადი ეფექტი საქართველოში მცხოვრებ ბავშვებზე და გაიცა რეკომენდაცია სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური ზომების გატარებისთვის, ამ პრობლემის გადასაჭრელად. 
ჯერ კიდევ 2008 წელს, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის მიერ საქართველში არსებული სიტუაცია ბავშვთა სიღარიბის კუთხით შეფასდა, როგორც არასახარბიელო. კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული სიღარიბისა და სიდუხჭირის გამო და, აღნიშნა, რომ ბევრი ბავშვის ცხოვრების დონე ძალზე დაბალია, რაც აისახება ისეთ ინდიკატორებში, როგორიც არის საცხოვრებლის, წყლისა და სანიტარული პირობების მისაწვდომობა. კომიტეტმა მოუწოდა მონაწილე სახელმწიფოს, სიღარიბის დაძლევის სტრატეგიაში ცალკე თავი გამოეყო ბავშვებისათვის და პრიორიტეტი მიანიჭებინა მათი საჭიროებებისათვის. 
დღევანდელი მდგომარეობა ცხადყოფს, რომ გათვალისწინებული არ იქნა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის, საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების შედეგები და სახალხო დამცველის რეკომენდაციები. 
მნიშნელოვანია, რომ დღეს მომხდარმა ტრაგიკულმა ფაქტმა სახელმწიფო სტრუქტურებს უფრო თვალსაჩინოდ დაანახოს სოციალური დაცვის სისტემის იმგვარად რეფორმირების აუცილებლობა, რომელიც გაითვალისწინებს როგორც ბავშვთა, ისე ყველა სხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს. აუცილებელია დამკვიდრდეს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მტკიცებულებაზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკის შემუშავების პრაქტიკა, რომელიც დაეყრდნობა კვლევის და მონიტორინგის შედეგებს და ძირითად ვექტორად აქცევს არა რესურსებზე დაფუძნებულ, არამედ საჭიროებებიდან გამომდინარე მიდგომას, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. შეიმუშავებს ბავშვზე ზრუნვის უწყვეტ სისტემას, სადაც ყველა რგოლი, სხვა რგოლთან კოორდინირებულად განახორციელებს ადეკვატური მომსახურების მიწოდებას საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში. თითოეული საჯარო მოხელე გააცნობიერებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რაც მას ეკისრება კანონის შესაბამისად და გულისხმიერად მოეკიდება ნებისმიერი მოქალაქის დახმარების თხოვნას. 
ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში, ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში, ხშირად კონკრეტული ადამიანის ტრაგედია ხდება საზოგადოების გამოფხიზლების საფუძველი სხვადასხვა უკანონობის თუ სოციალური სამართლიანობის დარღვევის მდგომარეობიდან. აღნიშნულის პრევენცია შესაძლებელია განვითარებული და მობილიზებული სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობით, რომლისთვისაც მეზობლის, თანასოფლელისა თუ თანაქალაქელის უფლების დარღვევა მისაღები ფაქტი არ არის და დარღვევისთანავე იწყებს მოქმედებას მის აღმოსაფხვრელად. როგორც ელეონორ რუზველტი ამბობს, ადამიანის უნივერსალური უფლებები იწყება იმ პატარა სკოლებსა და თემებში, ფერმებსა და ქარხნებში, რომლებიც შესაძლოა რუკაზე არც კი ჩანდნენ; თუ იქ არ იქნება უფლებები დაცული, არ იქნება დაცული არსად. 
საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პატარა გოგიტას უკიდურესად სამწუხარო ისტორია, გარდამტეხი აღმოჩნდება როგორც სახელმწიფოს ისე მთელი საზოგადოების კონსოლიდაციისათვის, ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის პროაქტიული მიდგომის დამკვიდრებისათვის; როდესაც თითოეული მოქალაქე და განსაკუთრებით სახელმწიფო მოხელე თვალს არ დახუჭავს მის წინაშე არსებული დარღვევის მიმართ და მთელი გულისხმიერებით დაიწყებს მის გადასაჭრელად მოქმედებას", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1914
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია