დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შს მინისტრი ოპოზიციას ბრალს დებს სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში
2013/03/18 22:50:14

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრსა და უმცირესობას შორის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრა კითხვა-პასუხისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არც მინისტრს და არც უმრავლესობის წევრებს გაუკეთებიათ.

უმცირესობის შეკითხვებზე პასუხის გაცემამდე მინისტრმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  საჯარო შეხვედრა შედგა ოპოზიციასა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის. „წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო დახურული იყო და იმყოფებოდა დიქტატის ქვეშ. ახლა კი გვაქვს მზაობა, რომ სამინისტრო გახდეს რაც შეიძლება ღია და გამჭირვალე საზოგადოებისთვის“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მისი სამინისტროში მუშაობის ოთხი თვეც შეაჯამა მოკლედ.მისი თქმით, უპრეცენდენტო ამნისტიის მიუხედევად, ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაცია სტაბილურია და სრულ კონტროლს ექვემდებარება. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გაუქმდა კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახური (კუდი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი (სოდი), რომლებიც ადამიანების პოლიტიკურ დევნას ახორციელებდნენ. მათ ნაცვლად კი შეიქმნა სახელმწიფო და ანტიკორუფციული სამსახურები, რომლებიც აკეთებენ თავიანთ საქმეს და თავისუფლები არიან პოლიტიკური ზეგავლენისგან. მინისტრის თქმით, პირველად შეიქმნა სამინისტროს განვითრების სტრატეგია, რომელშიც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამერიკის საელჩომ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. როგორც გაირკვა, სამინისტრო მუშაობს პოლიციის რებრენდინგზეც და ასევე გაიზრდება საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა საქართველოს ყველა რეგიონში. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტესტირება უკვე გაირა 10 000 - მა ოპერატიულმა მუშაკმა. ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე გამოავლენენ პოლიციელთა სუსტ მხარეებს და აპრილიდან დაიწყება ფართომასშტაბიანი ტრენინგები. გაზაფხულიდანვე ამოქმედდება პოლიციის ეთიკის კოდექსი და მუშაობას დაიწყებს მიგრაციის სამსახური. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამინისტრო მუშაობს დანაშაულთა სტატისტიკის აღრიცხვის ახალ მეთოდოლოგიაზე და მარტის ბოლოდან სამინისტროს საიტზე განთავსდება ეს სტატისტიკა.

დღევანდელ შეხვედრაზე პირველი შეკითხვა გია ბარამიძემ დასვა. ბარამიძის თქმით, IRAI - ის ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ საზოგადოება აღარ გრძნობს თავს ისე დაცულად, როგორც 2012 წლის ოქტომბრამდე და ამის მიზეზი მისივე თქმით, ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალია. ბარამიძეს აინტერესებდა მინისტრის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ღარიბაშვილის განცხადებით სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში კრინიმოგენური სიტუაცია აკონტროლოს. მინისტრმა აღნიშნა, რომ სინამდვილეში ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება და მან მაგალითისთვის წინა წლების სტატისტიკა მოიყვანა. 2007 წლის იანვრის თვეში  დანაშაულთა რაოდენობა იყო 5181, ხოლო 2013 წელს იგივე თვის დანაშაულთა მაჩვენებელი 3900 - ს შეადგენს. ღარიბაშვილის თქმით, ადამიანების შიში გამოწვეულია ამნისტიით, რომლის ფარგლებშიც 8000 ადამიანი გამოვიდა საპატიმროდან, ხოლო 2 000 პრეზიდენტმა შეადგინა. მან ოპოზიციას დასდო ბრალი ქვეყანაში სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში.ღარიბაშვილის თქმით, უმცირესობის წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო განცხადებებით ადამიანებს  სტრესულ მდგომარეობაში აყენებენ.  გია ბარამიძემ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენა და განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სამინისტროში თანამშრომლები კონკურსის გარეშე ინიშნებიან. მინისტრმა ეს ბრალდება უარყო. მისი თქმით, სამინისტრო გეგმავს, რომ სტუდენტები მიიღოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დეპარტამენტში და ამით კადრების გაახალგაზრდავება მოახდინოს.

ირმა ნადირაშვილის შეკითხვა კი ეხებოდა ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას. ნადირაშვილის ინფრომაციით,ირაკლი ღარიბაშვილის  და დაინიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდში. მინისტრის დის შვილი კი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაინიშნა გენერალური ინსპექციის უფროსად. ღარიბაშვილმა ასეთი სახის სიების კითხვას არასერიოზული უწოდა. მისი თქმით, მისი ცოლის დისშვილი პროფესიონალია და მხოლოდ ამ მიზნით დანიშნა თანამდებობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მას დისკომფორტს არ უქმნის ის ფაქტი, რომ სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი მისი ნათესავია. მან უმცირესობის წევრებს საპასუხო სიაც წაუკითხა. ღარიბაშვილის თქმით მინაშვილის ცოლი და ცოლის და მის სამინისტროში ახლაც მუშობენ. ირმა ნადირაშვილმა კი რეპლიკის სახით უპასუხა, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოდიოდა, ამბობდა, რომ მსგავსი ფაქტები აღარ მოხდებოდა.

კუბლაშვილმა მინისტრს თენგიზ გუნავასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს იარაღი და ნარკოტიკი თენგიზ გუნავას და აინტერესებდა მინისტრის პოზიცია ამ საქმეზე. ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ოფიციალური ვერსია შემდეგია -  დაკავებისას გუნავა იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ და ჰქონდა იარაღი. ამის შედმეგ დაიწყო გამოძიება. ღარიბაშვილის თქმით, ის არ დაელოდა შედეგებს და მას შემდეგ რაც არ დადასტურდა, რომ გუნავას  ჩაუდეს იარაღი, მაგრამ გამოიკვეთა მთელი რიგი პროცედურული დარღვევებისა,მანდაითხოვა ამ საქმეში ჩართული 6 პოლიციის მუშაკი. საქმესთან დაკავშირებული სხვა დეტალების გარკვევა კი მინისტრმა უმცირესობის წარმომადგენლებს პროკურატურაში ურჩია.

შემდეგი შეკითხვა  ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულ ჩახალიანსა და მის მსგავს ადამიანებს შეეხებოდა, რომლებიც გოკა გაბაშვილის თქმით არიან კრიმინალები და ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. მინისტრმა აღნიშნა, რომ მას რამდენიმე პატიმრისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ჰქონდა შეკითხვები, თუმცა პარლამენტს ბევრი დრო არ ჰქონდა და ამ სიის შედგენა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოხდა.

დავით საყვარელიძის თქმით, ნანა კაკაბაძეს, რომელიც ჩართული იყო პოლიტპატიმრების სიის შედგენის პროცესში, რამდენიმეჯერ დადეს ბრალი ქრთამის აღებაში და იკითხა დაიწყებოდა თუ არა გამოძება ამ ფაქტთან დაკავშირებით. ღარიბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება.

უმცირესობის წარმომადგენლები  ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებითაც დაინტერესდნენ.  როგორც ღარიბაშილმა აღნიშნა ამ საქმეზე გამოძება მიმდინარეობსდა გახსნის რეალური პერსპექტივებია. გიორგი ღვინიაშვილმა კი მინისტრს მოსთხოვა დაიკითხოს ამჟამინდელი კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშილი, რომელმაც ბავშვის გარდაცვალების დღეს გიორგი ღვინიაშვილს დასდო  ბრალი.ღვინიაშილის თქმით ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა და ამაზე ბერიკაშვილმა პასუხი უნდა აგოს. ღარიბაშვილმა კი აღნიშნა, რომ თუ გამოძებას ჩათვლი საჭიროდ მანანა ბერიკაშვილიც აუცილებლად დაიკითება.

გოკა გაბაშვილის შეკითხვა ჯავახეთში მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  განცხადებით, ხელისუფლება ჯავახეთში სიტუაცუიას სრულად აკონტროლებს და არავითარი საფრთხე, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს, არ არსებობს. მისივე თქმით, სამინისტრო ფლობს სიტუაციას რეგიონში და იქ მკვეთრი მოძრაობები არ შეინიშნება.

მარიამ საჯაიამ ეკა ბესელიას შვილთან დაკავშირებით დასვა შეკითხვა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ city club -ში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც  ეკა ბესელიას ვაჟმა რატი მილორავამ მარიკა ვერულაშვილის შვილის დაბადების დღეზე ერთი პირი დაჭრა.როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, არ დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკა ბესელიას შვილმა ვინმე დაჭრა, არც მომჩივანი იყო, არც დაზარალებული და გამოძიებაც არ დაწყებულა. მარიამ საჯაიამ კითხვის დასმისას პოლიცია მოიხსენია, როგორც ღარიბაშვილის ჯიბის პოლიცია, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ მან ბოდიში უნდა მოუხადოს პოლიციელებს, რადგან ჯიბის პოლიცია ძალიან მძიმე შეფასებაა.„ეს ტერმინი წარსულ უკავშირდება, ეს არის შეურაცხყოფა. მე თითოეულ პოლციელს ვეპყრობი როგორც მეგობარს.“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ირაკლი ღარიბაშვილმა და პირველი შეფასებები გააკეთეს პოლიტიკოსებმაც. საბოლოო ჯამში, უმცირესობამ ყველა ის შეკითხვა დასვა, რისი დასმაც სურდა და მინისტრმაც ყველა კითხვას უპასუხა. თუმცა, ღარიბაშილმა ზოგიერთი კითხვა არასერიოზულად შეაფასა და უფრო კონკრეტულ კითხვებს ითხოვდა, ხოლო უმცირესობის თქმით, მათ ვერ მიიღეს ყველაზე კითხვაზე ამომწურავი პასუხი. „ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა უფრო პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლის რიტორიკას გავდა, ვიდრე შინასაგან საქმეთა მინისტრის“ - განაცხადა ბარამიძემ.

თავად მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი პატივისცემა საქართველოს პარლამენტის მიმართ და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა არ იყო იდეალური, თუმცა ის შეეცადა, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციული და კორექტული ყოფილიყო. „მე მივესალმები ასეთ ფორმატში ოპოზიციასთან შეხვედრებს, თუ რაიმე კითხვები არსებობდა მე ყველა მათგანს მაქსიმალურად ამომწურავად ვუპასუხე“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე კომენტარი დავით ბაქრაძემაც გააკეთა. სწორედ ბაქრაძე უძღვებოდა დღევანდელ შეხვედრას და ცდილობდა რიგ შემთხვევებში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას. ბაქრაძის განცხადებით, ამ შეხვედრის ამოცანა ნამდვილად არ იყო პარტიული კინკლაობის მოწყობა ან პიროვნული დაპირისპირების დემონსტრირება. ამ შეხვედრის ამოცანა იყო ესაუბრათ იმ თემებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. დავით ბაქრაძის თქმით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის მთავარი მონაპოვარი ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციის სტაბილურობაა და ახლაც გული შეტკივათ იმაზე, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ეს მონაპოვარი. „რამდენად იყო ან არ იყო მიღებული ადეკვატური პასუხები ეს სწორედ იმ საზოგადოების განსასჯელია, რომელიც იმედი მაქვს ინტერესით უსმენდა და ადევნებდა თვალ-ყურს ამ მსჯელობას „ - განაცხადა ბაქრაძემ.

გია ბარამიძე კი თვლის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურული თვალსაზრისით ცდილობს რაღაც ნაბიჯების გადადგმასმაინც არაკომპეტენტურია. მათი არასერიოზული დამოკიდებულება საქმისადმი და მინისტრის ნათესავების სამსახურებში აყვანა ბუნებრივია კიდევ უფრო გააღრმავებს ადამიანების განცდას, რომ დღეს საზოგადოებრივი უსაფრთხოება არ არის ისეთი, როგორც იყო 1-ელ ოქტომბრამდე. ბარამიძის თქმით, ღარიბაშვილმა მათ მიერ დასმულ შეკითვებზე ვერ გამოავლინა მცირეოდენი პროფესიონალიზმიც კი მისივე განცხადებით, მინისტრს არ აქვს პასუხები ისეთ მნიშვნელოვან საქმეებზე, როგორიცაა, თენგიზ გუნავას, ლუკა კურტანიძისა და ბარბარე რაფალიანცის საქმეები. „8 თებერვალს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  ღარიბაშვილმა დაგვიტოვა ფოტოები, სადაც ჩანს რომ 8 თებერვალს იყო კორიდორი გაკეთებული. ადამიანების მსხვილი პლანით გადაღებული სურათები თურმე არის კორიდორი, ეს წამოიღო მინისტრმა დამამტკიცებელ საბუთად“ - აღნიშნა ბარამიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იყო კითხვები, რომლებზეც შინაგან საქმეთა მინისტრისგან დამაკმაყოფილებელი პასუხები მიიღეს, თუმცა იყო კითხვები რომელთა პასუხადაც ღარიბაშვილმა ოპონენტებს წარსული გაუხსენა.„ერთ-ერთი კითხვა, რომელზეც პასუხი ვერ მივიღეთ თენგიზ გუნავას უკავშირდება. ერთი მხრივ ამბობენ არ მტკიცდება რომ, გუნავას ჰქონდა იარაღი, მეორე მხრივ ამბობენ, რომ პოლიციას მისთვის იარაღი არ ჩაუდევს. მაშინ საიდან გაჩნდ აიარაღი?„ - განაცხადა ჯაფარიძემ. დეპუტატის თქმით, მინისტრისგან ამომწურავი პასუხი მიიღეს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. ჯაფარიძის განცხადებით, პოლიტპატიმრებად შერაცხული პირებიდან გარკვეული ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს აყვანილი.

შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს პარლამენტში უმცირესობის მოწვევით მივიიდა. შეხვედრა ღია იყო და მასზე დასწრება მედიის წარმომადგენლებთან ერთად უმრავლესობის წევრებსაც შეეძლოთ. უმრავვესლობიდან შეხვედრაზე ზაქარია ქუცნაშილი და ელისო ჩაფიძე გამოჩნდნენ. უმცირესობას ეს საკითხი უყურადღებოდ არ დარჩენია, მათი თქმით მათ შეუძლიათ შეხვედრაზე ყოფნა, თუმცა არ აქვთ შეკითხვის დასმის უფლება. შეგახსენებთ, რომ  მსგავსი ტიპის შეხვედრა უმცირესობასთან რამდენიმე კვირის წინ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემაც გამართა. უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასეთი საჯარო შეხვედრები მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და მომავალშიც გეგმავენ სხვა უწყების ლიდერების მოწვევას საქართველოს პარლამენტში.

 

 

 ნათია მატარაძე

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია