დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონფერენციები, რომლებიც საქართველოს აერთიანებს
2010/10/11 12:34:35

ასე ამბობენ, მთიან აჭარაში მიწა რომ მუჭში მოიმწყვდიო და ხელი კარგად მოუჭირო, სისხლს გამოადენო. ეს წინაპართა სისხლია, საკუთარი მამულისთვის, ენისა და სარწმუნოებისთვის რომ გაწირეს თავი. მათი მოწამებრივი სისხლითაა მთელი აჭარის მიწა გაჟღენთილი...  

მთიან აჭარას პირველად ვსტუმრობ, სტუმრობის მიზეზი სამეცნიერო კონფერენციაა, უკვე მეექვსედ რომ მასპინძლობს ზემო აჭარა.

 

დღე პირველი

წინასწარ ვიცი, რომ პირველ დღეს მხოლოდ გზაში დავიღლებით. ხულომდე ძალიან ბევრი კილომეტრია.

თბილისიდან სამი დიდი ავტობუსია წამოსული, კონფერენციისთვის მეცნიერები, მაგისტრები, ასპირანტები და სტუდენტები მოჰყავს,  გზად ქუთაისში შემოივლიან, ჩვენ წაგვიყვანენ და გზას ერთად განვაგრძობთ.  ჩვენში - ქუთაისელი მეცნიერები, სტუდენტები, დოქტორანტები და ჩემი თავი (ჟურნალისტი) ვიგულისხმე.

თუმცა, ქუთაისამდე ჯერ ზესტაფონია. ესეც ტრადიციაა - ყოველთვის, როცა ზემო აჭარაში, კონფერენციისთვის მიდიან, ზესტაფონში, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში გამოივლიან ხოლმე.

ვინც ჩემთან ერთად ელოდება თბილისიდან მომავალ ავტობუსს, მათგან უმეტესობა ზემო აჭარაში, კონფერენციაზე უკვე რამდენჯერმეა ნამყოფი.

„გარდა იმისა, რომ ამ ყველაფერს დიდი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს, ისედაც კარგია ურთიერთობებისთვის, მაისში დიდაჭარობაზე ვიყავით, დაუვიწყარი შთაბეჭდილება დამრჩა!“ - მეუბნება მომავალი დოქტორანტი ხატია ჯანგავაძე.

მეც მოლოდინით ვივსები და ავტობუსიც ჩერდება... ძველი ნაცნობები ერთმანეთს გულთბილად ესალმებიან. გზაში იხსენებენ წინა კონფერენციის ამბებს. გრძელ გზას ეს მოგონებები ამცირებს და კიდევ - მასპინძლების გულთბილი სატელეფონო შემოხმიანებები: სად ხართ და როგორ ხართო... მთელი ხულო გველოდება თურმე, იქ „უკვე ძველებს“  თავისი მასპინძელი ჰყავთ...

პირველად ხიჭაურში ვჩერდებით. მთავარი მასპინძელიც იქ გვხვდება, სხალთის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი - „აჭარის გრიგოლ ხანძთელი...“

ამ კონფერენციების მთავარი ინიციატორიც მეუფე სპირიდონია. ცოტა ხნის წინ ხიჭაურში უნივერსიტეტი გაიხსნა, მეუფე ამ უნივერსიტეტის რექტორიცაა.

ამ უნივერსიტეტს ზემო აჭარაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - დედაეკლესიის წიაღში აბრუნებს აჭარლებს.

მეუფე ასე მოგვითხრობს მისი დაარსების ისტორიას:

- ხიჭაურის უნივერსიტეტმა უკვე დაიწყო იმ დიდი საქმის კეთება, რისთვისაც ის შეიქმნა. უნივერსიტეტს ჯერ მხოლოდ პირველი კურსი ჰყავს, სულ რვა ფაკულტეტია გახსნილი. ფუნქციონირებს გიმნაზიაც. სასწავლებელში სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისათვის განსაკუთრებული პირობებია შექმნილი. გარდა იმისა, რომ მათ სასწავლებლად საუკეთესო გარემო ხვდებათ, განათლებას უფასოდ იღებენ და ამასთანავე კვების პრობლემაც მოგვარებული აქვთ.

სასწავლებელში სამჯერადი კვებაა, ყველაფერი - უფასოდ, უფრო სწორად - მხოლოდ ლოცვის ფასად. ყოველი ტრაპეზი ლოცვით იწყება და ქადაგებებით სრულდება.

განსაკუთრებული ხელშეწყობა აქვს ხელისუფლებისგან, როგორც ცენტრალური, ასევე - ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც. ამიტომაც მეუფე სპირიდონი ყოველთვის, როცა ტრაპეზის მსვლელობას წარმართავს, მესამე სადღეგრძელოში ლოცავს იმ ადამიანებს, ვისი ძალისხმევითაც გაკეთდა ეს დიდი საქმე, მისი თქმით, რომ არა სასულიერო და საერო ხელისუფლების ერთობლივი კეთილი ნება, ხიჭაურის უნივერსიტეტი არ იქნებოდა; რომ არა მხარდაჭერა, დიდი ქრისტიანული და ქართული საქმე არ გაკეთდებოდა. ყველა მოსწავლე, ყველა სტუდენტი, ვინც ხიჭაურში სწავლობს, ქრისტიანულ ფესვებს უბრუნდება. თუმცა, ძალას არავის არავინ ატანს, გადაწყვეტილებას ყველა თავისთვის იღებს.  რვავე ფაკულტეტზე სამი აუცილებელი საგანი ყველამ უნდა ისწავლოს: საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურის და ქართული ხელოვნების ისტორია. აქ მცხოვრებ ახალგაზრდობას სჭირდება იმის ცოდნა, საიდან არიან, როგორი მოწამეები ჰყავდა საქართველოს და როგორ აისახა მათი ცხოვრება ჰაგიოგრაფიაში. ისიც უნდა იცოდნენ, როგორ იქმნებოდა ქართული ხელოვნება.

პირველი დღის ტრაპეზი ძალიან გვიან სრულდება: მეუფე სპირიდონი ღამის პირველი საათისთვის გველევა, მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ხულო გველოდება, ხიჭაურიდან ხულომდე კი კიდევ 40 წუთის გზაა...

ღამის ორის ნახევარია. ავტობუსი ჩერდება და ხედავ, რომ მართლა არ სძინავს ხულოს... ძველი მასპინძლები სიხარულით ხვდებიან ძველ სტუმრებს, ახლები - ახლის მოლოდინში არიან...

ჩვენ მაია აბულაძე გვხვდება, ჩემთვის ახალი მასპინძელია, ჩემი თანმხლებისთვის - ძველი. ისე ებაასებიან ერთმანეთს, როგორც დიდი ხნის უნახავი ოჯახის წევრები... ოჯახის უფროსი იური აბულაძე ხელს ძლიერად გართმევს და ისე გულწრფელად გეუბნება, რომ ეს შენი სახლიცაა, იჯერებ...

მეორე დილით, გამთენიისხანს, ტელეფონი რეკავს - მეზობელია. ჩვენი მასპინძელი მაია ამშვიდებს, მეზობელი ძალიან ღელავს. ჩვენ მიზეზს ვკითხულობთ. - სტუმრები „არ შეხვედრია“ გუშინ და ძალიან განიცდისო... ხულოში დასწრებაზეა მასპინძლობა...

 

დღე მეორე

მეორე დღისწესრიგი მთლიანად კონფერენციაზეა ორიენტირებული. ისევ ხიჭაურში ვბრუნდებით, უნივერსიტეტში. ჯერ კონფერენციის გახსნა იქნება დიდ დარბაზში და მერე სექციური სხდომები, მერე - ისევ ტრაპეზი, რომელზედაც, მეუფე სპირიდონის წყალობით, ფიზიკურ საზრდელთან ერთად სულიერსაც იღებ... მერე ისევ ხულო...

ეს კონფერენცია ტბელ აბუსერიძის სახელობისაა, საერთაშორისო ეგიდის. უკვე მეექვსედ ტარდება, წინა ხუთი კონფერენციის ნაშრომები წიგნადაც გამოვიდა, მასში საკმაოდ სახელოვანი მეცნიერები მონაწილეობდნენ. კონფერენციას აქვს ერთი მთავარი მიზანი:        „მეცნიერება გარელიგიურდეს და რელიგია გამეცნიერდეს.“ ეს ცოტა ზოგადი ნათქვამია, მაგრამ, მეუფე სპირიდონის ფორმულირებით, ეს ზუსტად იგივეა, შენი მეცნიერული თეორიები შენი ხალხის, ერის, ენის და რელიგიის სამსახურში ჩააყენო.

„ადამიანი ემსახურები ან სიკეთეს, ან ბოროტებას. თუ შენი მეცნიერული თეორიები ხელს უშლის შენი ქვეყნის ერთიანობას, მაშინ ეს ბოროტებაა. ტბელ აბუსერიძე იყო საოცარი პიროვნება, ის იყო უდიდესი სასულიერო მოღვაწე და ამასთანავე დიდი მეცნიერიც, ის საუკეთესოდ უთავსებდა ამ ორს ერთურთს.“- ძალიან ხშირად იმეორებდა მეუფე.

კონფერენიციას მართლაც არ აკლდა სტუმრები, მარტო დედაქალაქიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან კი არა, სხვა ქვეყნებიდანაც. კონფერენცია პირველად და უკვე ტრადიციულად მეუფემ დალოცა; მეუფის შემდეგ პირველი სიტყვა ქალბატონ დამანა მელიქიშვილს გადაეცა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს.

დამანა მელიქიშვილი: უკვე მეექვსედ გვმასპინძლობს ხიჭაურის უნივერსიტეტი. ამ კონფერენციებს და ამ შეხვედრებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც ჩვენთვის, მეცნიერებისთვის, ასევე ამ უნივერსიტეტისთვის. ეს შეხვედრები ჩვენ გვაძლევს ერთმანეთთან აზრების გაცვლის საშუალებას, ხოლო უნივერსიტეტს სძენს სამეცნიერო სტატუსს. მე მინდა აღვნიშნო, რომ არა მეუფე სპირიდონი, ეს ყველაფერი არ იქნებოდა.“

გასტონ ბუაჩიძე, მეცნიერი: „ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ქრისტიანობამ ამ მხარიდან აიდგა ფეხი, აქ  იყო აკვანი ქართული ცივილიზაციის და მე მიხარია, რომ ამ კონფერენციებისა და უნივერსიტეტის წყალობით, ამ მხარეს კვლავ უბრუნდება ეს ფუნქცია.“

გიორგი ნიორაძე, მეცნიერი: „დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ და დავინახე  ძალიან დიდი სხვაობა ძალიან ახლო წარსულსა და დღევანდელობას შორის. მე მიხარია ეს სხვაობა, და იმედი მაქვს, რომ თანდათან ყველაფერი უფროდაუფრო გაუმჯობესდება.

ტარიელ ფუტკარაძე, მეცნიერი: მე ვარ მონაწილე ყველა ამ  კონფერენციის, და დღეს რომ შემოვედი, ძალიან დამაკლდა ერთი ადამიანი, ეს არის ფრიდონ ხალვაში. ბატონი ფრიდონი ყველა ამ კონფერენციის მონაწილე და თანამოაზრე იყო. ტაძრის ეზოში მისი დასაფლავება ნიშნავს ამ ხალხის ეკლესიის წიაღში დაბრუნებას. ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ყველაფერი არის ღვთის ნება, ღვთის ნება კი ყოველთვის რჩეული ადამიანების ხელით აღესრულება, რჩეული ადამიანია მეუფე სპირიდონიც. მისი ლოცვითა და ძალისხმევით კეთდება აქ ყოველივე.“

ლიანა ელიავა, კინორეჟისორი: „სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავსო და მე დღეს მართლაც ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან  ქვეყნის ბედზე მოფიქრალმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, ეფიქრათ ახალგაზრდებზე, მათთვის გაეზიარებინათ ჩვენი ერის წარსული. ეს კონფერენციები სწორედ ამ საქმეს ემსახურება.“

იყო უამრავი სამადლობელი სიტყვები, ყველა გამომსვლელი ერთხმად აღნიშნავდა, რომ მეუფე სპირიდონი გრიგოლ ხანძთელივით აერთიანებდა საქართველოს და ამას აჭარიდან იწყებდა.

კონფერენციის საზეიმო გახსნის შემდეგ  კი   სექციური      სხდომები   დაიწყო,   რომელიც   დიდხანს   გაგრძელდა, მერე ისევ ტრაპეზი - დახუნძლული სანოვაგითა და მეუფის ქადაგებებით. მერე ისევ ხულო, ჩვენი მასპინძლების თბილი სახლები და კიდევ უფრო თბილი თვალები...

 

დღე მესამე

დილით ყველა ერთად მივდივართ სხალთაში, იქ საზეიმო წირვა უნდა აღავლინოს მეუფე სპირიდონმა.

მეუბნებიან, რომ საოცარი მადლი მელოდება წინ... მახსენდება, რომ დიდი ხანია  კვირის წირვაზე არ ვყოფილვარ, და საკუთარი თავი მაშინებს. რაც მეუფის წირვაზე ჩემში მოხდა, ეს ძალიან პირადულია და ამაზე არ წერენ ხოლმე, უბრალოდ ვიტყვი: ასეთი მადლი არასდროს მიგრძვნია, ასეთი სინანული...

წირვაზე მამათა გუნდი გალობდა საოცარი ხმებით. მეუფემ გვითხრა, რომ ამ გუნდში ზოგიერთი ქრისტიანად მონათლული არ არის, მაგრამ მათ არც აძალებს. ისინი ქრისტეს სამსახურში უკვე არიან, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ, როცა მოუნდებათ, მაშინ...

წირვის მერე ხიჭაურში სტუმრებისთვის პატარა კონცერტი იმართება, სცენაზე დიდი ქართული ცეცხლი ინთება... სიმღერებით, ცეკვებით, თვალებით... პატარა აჭარლებს მოხუცი მოცეკვავეები ცვლიან, ყმაწვილკაცებს ისინიც არ უდებენ ტოლს და ამიტომაც წამოუდგება მათ ფეხზე მთელი დარბაზი...

ისევ ტაპეზი, ყველა ჩქარობს, წინ დიდი გზა ელოდებათ - თბილისამდე ბევრი საათის სავალია. ერთადერთი, მეუფე არ ჩქარობს, ის ღიმილით ამბობს: „რაც უფრო მეტ დროს დაჰყოფ უდაბნოში, მით მეტ მადლს წაიღებ“...

ხიჭაურიდან გამოყოლილი მადლი, ალბათ, დიდხანს გამყვება. უკვე ველოდები მაისს, მაისში დიდაჭარობაა. მინდა, კვლავ დავბრუნდე უდაბნოში და სამი დღით სულით ხორცამდე შევიგრძნო, რომ ვარ ქართველი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2040
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია