დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვლაქერნობა ზუგდიდში
2010/07/19 14:20:29

15 ივლისს სამეგრელოში, დადიანების სასახლის ეზოკარში, საქართველოს ყველა კუთხიდან ასეულობით მლოცველი ჩავიდა, რათა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის წინაშე ელოცათ ამავე ხატის სახელობის ეკლესიაში და მაცხოვრის დედის სასწაულმოქმედ კვართს შეჰხებოდნენ.

ვლაქერნა კონსტანტინეპოლში ზღვისპირა ადგილია, სადაც ქრისტიანული სამყაროს ეს დიდი დღესასწაული დამკვიდრდა - მაცხოვრის დედის შესამოსელისათვის საგანგებოდ აშენებულ ტაძარში მისი პატიოსანი სამოსლის დადებასთან დაკავშირებით. კერძოდ, 458 წლის 15 (2) ივლისს კონსტანტინეპოლელმა პატრიარქმა გენადიმ ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერისი პატივით დააბრძანა ტაძარში. შემდგომში, ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმინდა ომოფორი და სარტყლის ნაწილიც.

მას შემდეგ კი, რაც ოსმალებმა ბიზანტია დაიპყრეს, უდიდესმა სიწმინდეებმა სამეგრელოში გადაინაცვლეს და დადიანების საგვარეულო საგანძურში დაივანეს. სამწუხაროდ, ღვთისმშობლის წმინდა სარტყლის ნაწილი ჟამთა სიავემ, ჯერჯერობით, მიმალა ჩვენგან, ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი კი სხვა სიწმინდეებთან ერთად (წმინდა იოანე ნათლისმცემლის ძვალი, წმინდა მარინეს მკლავი, წმინდა გიორგის მუხლის ძვალი, წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი...) ზუგდიდის ისტორიულ - არქიტექტურულ მუზეუმშია (ყოფილ დადიანების სასახლეში) დაბრძანებული.

აღსანიშნავია, რომ თვით ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა 1830 წელს დამთავრებულა. მანამდე კონსტანტინეპოლის მფარველი ხატი ბრძანდებოდა ბედიაში, გორდში, მარტვილში. ლევან V-ის მოწადინებით, ზუგდიდის ტაძარი (დადიანების კარის ეკლესია) ურთის მთის ქვით აგებულა. ბოლშევიკური ხელისუფლების დამკვიდრების შემდეგ, როცა ეკლესია-მონასტრები აუტანელ პირობებში აღმოჩნდა, საფრთხე ამ ტაძარში დავანებულ სიწმინდეებსაც შეექმნა. დიდია მკვლევარ აკაკი ჭანტურიას დამსახურება - ამ ადამიანის განსაკუთრებული ძალისხმევით, დადიანების სასახლესთან ისტორიული მუზეუმი შეიქმნა, რამაც გადაარჩინა სიწმინდეები და მათ შორის - ღვთისმშობლის კვართიც - მას ოქრო-ვერცხლი არ ჰქონდა და ბოლშევიკების ყურადღება ამიტომაც არ მიუქცევია.

კვართმა არაერთი სასწაული მოუვლინა მორწმუნეებსაც და ათეისტებსაც. ახლახან, ერთ-ერთი სამეცნიერო კვლევის ჟამს, ოპერატორების მიერ გადაღებული კინოფირის პოზიტივზე გამოისახა ქრისტეს ორი გამოსახულება. პირველი - კვართის მარჯვენა კუთხეში, მკვეთრია და მკაფიო, მეორე - უფრო მცირეა და ნაკლებად შესამჩნევი. ორივე გამოსახულება შეუძლებელია დაინახო შეუიარაღებელი თვალით.

 

***

ვლაქერნობა საერთო სახალხო დღესასწაულად საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა. „ღვთისმშობლის პერანგი უდიდესი სიწმინდეა მთელი ქრისტიანული სამყაროსი, ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეს დღე უნდა აღინიშნებოდეს არა მარტო საეკლესიო დღესაწაულის სახით, არამედ იგი უნდა იქცეს საერთო სახალხო ეროვნულ ზეიმად,“ - ბრძანა ორიოდე წლის წინათ უწმინდესმა.

 

15 ივლისს ზუგდიდში ჩატარებული ვლაქერნობა მართლაც იყო საერთო-სახალხო ზეიმი: მასში არამარტო ავტომანქანებითა თუ მატარებლით სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები, არამედ - საზღვარგარეთიდან ჩამობრძანებული სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. გაისმოდა ცოცხლად შესრულებული ულამაზესი საგალობლები. ტაძრის შემოგარენში, საგანგებოდ გამართულ სტენდებთან უამრავი საეკლესიო ნივთი და სუვენირი იყიდებოდა - სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოვაჭრეების მოწადინებით. იქვე, გრძელ მაგიდებთან, რიგში იდგნენ მლოცველები, რომ სანთლები ეყიდათ და შესაწირი დაეტოვებინათ. ასეულობით სასულიერო პირი, პატარა ტაძარში რომ ვეღარ ეტეოდა, იქვე იდგა და რიგს ელოდა, რომ ლოცვისა და ზიარების საშუალება მისცემოდა. მშობლებს სულ პატარა ბავშვებიც წამოეყვანათ. თვალშისაცემი იყო ინვალიდთა - ბრმა, გადაადგილების უნარშეზღუდულთა თუ ფსიქიკურად დაავადებულთა სიმრავლე. იყვნენ მოწყალებისათვის ხელგაწვდილებიც, მათ შორის ერთი ქუთაისელი ქალბატონიც შევიცანი. გარეთ, საგანგებოდ ჩამწკრივებულ ხარიხებზე, თვალისმომჭრელად ციმციმებდა უთვალავი სანთელი, რითაც კვართის სახილველად რიგში ჩამდგარი ადამიანები ვლაქერნის ღვთისმშობელს ევედრებოდნენ.

მე კი, მას შემდეგ, რაც ტაძარში სანთლები დავანთე, დადიანებისეული ხეების ჩრდილს შეფარებული, ინტერესით ვკითხულობდი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით გამოცემულ, გაზეთ „საფარველის“ სპეციალურ ნომერს, სადაც უამრავი საინტერესო ინფორმაციული მასალაა დაბეჭდილი და საიდანაც ზოგი რამ თქვენც გაგიზიარეთ.

 

ნანული ქვიშარელი

ქუთაისი-ზუგდიდი                                                                                     

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2938
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია