დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბანალური პანკისური ამბები
2010/04/26 17:22:22

80-იანი წლების დასაწყისი იყო, ქუთაისში შემოქმედებითი პრაქტიკის გასავლელად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტთა მცირე ჯგუფი ჩამოვიდა (ამ გოგო-ბიჭებს შორის ერთ-ერთი გახლდათ „ასავალ-დასავალის“ მომავალი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი). ჩვენი, ახალგაზრდა ქუთაისელი ჟურნალისტების, ყურადღება განსაკუთრებულად მიიპყრო ულამაზესმა თუშმა გოგონამ - ნატო ნასიპაშვილმა. ღია წაბლისფერი, წელამდე გაშლილი სწორი თმებითა და ხატულა თვალებით პირდაპირ ფრესკიდან გადმოსულ ანგელოზს ჰგავდა. ლექსებს წერდა. თავისი არაორდინარული ხასიათითაც დაგვაინტერესა. ახლოს რომ გავიცანით, მივხვდით, რომ ეს მეგობრობა ორთვიანი პრაქტიკით  აღარ  შემოიფარგლებოდა  -  ბოლომდე  „ჩვენიანად“ დარჩებოდა ეს დიდი შინაგანი სიკეთითა და სიწრფელით აღსავსე, მეოცნებე პანკისელი პოეტესა, რომელსაც საქართველოს ყველა კუთხე ისე განუზომლად უყვარდა და ეძვირფასებოდა.

წინამდებარე ავტონოველაც, რომელიც ნატო ნასიპაშვილმა წლების მერე 

„ისე, მეგობრების წრეში წასაკითხად“ გამოგვიგზავნა, სამშობლოს დიდი სიყვარულითა და ტკივილითაა დაწერილი. პრობლემა, რომელსაც ავტორი ეხება, დღეს საქართველოს ყველა კუთხისთვისაა საცნაური.

ნანული ცხვედიანი

აი, ვბრუნდები  ჩემს მშობლიურ მხარეში. თითქოს ღიმილით მეგებებიან ხეობის აქეთ-იქით აზვირთული მთები. გზის გასწვრივ ლურჯი მინდვრებით იწყება პანკისი... ალაგ-ალაგ ხეხილის ბაღებია, მაგრამ - აღარსად ვენახი, რომელიც ადრე, ოცი წლის წინათ, მთელ ამ ტერიტორიაზე   გადაჭიმულიყო.  ჯერ ფშავლების სოფლები გვხვდება - საკობიანო, ყვარელ-წყალი, კაკლიანი (გზიდან მოშორებით შეყუჟულნი), შემდეგ - ქისტების: დუისი, ჯოყოლო, ბირკიანი და პატარა ძიბახევი, ტყეში შემალული სახლებით. ალაზნის მარცხენა მხარეს, კლდოვან ნაპირზე, მოჩანს ძველი ქრისტიანული ეკლესია და ლამაზად შეფენილი სოფლები - ომალო, ოსების  დუმასტური, ხალაწანი, წინუბანი... პანკისი ულამაზესი კადრივით არის, რომელსაც თავისი მუსიკა ახლავს - ალაზნის ტალღების რიტმული, იდუმალი ბგერების და ვერხვების შრიალის საოცარი მელოდია... განსხვავებული ჰაერი კი, ამ ხეობაში ფეხის შემოდგმისთანავე იგრძნობა, დედაჩემის  სიტყვებით თუ ვიტყვით - ისიც მთებივით ლურჯი და სტერილური...

 ჩამოსვლას ამ მხარეში, დიდი სიხარული ახლავს როგორც ჩემი, ისე - აქაურების მხრიდან. გულითადი მოკითხვები გრძელდება მანამდე, სანამ ისევ დედაქალაქისკენ არ ავიღებ გეზს.  ასეთი  მოსიყვარულე ხალხი, ალბათ, იშვიათია... ქისტები, თითქოს მკაცრები და გოროზები, სინამდვილეში ძალიან გულიანი და მოყვასისთვის თავდადებულნი არიან. ყოველი მათგანი ჩემთვის ლამაზი ზღაპრის გმირია, ზღაპრის, რომელსაც ბავშვობა ჰქვია.

მოკლედ, დავბრუნდი ჩემს მშობლიურ კუთხეში... ვკოცნი ჰაერს, მინდა მთებს გადავეხვიო, ვეფერები ყველა ხეს და ბალახს, კენჭებს თილისმებივით ვაგროვებ... სიამოვნებას მგვრის აუცილებელი მენიუ - მთის ქონდრის ჩაი და ხმელი კალტი - ცეცხლის ალზე გამხმარი, ოდნავ შებოლილი ხაჭოს კვერები... კარტოფილის „კოტრები“, ჩემი დის გამომცხვარი, ჩემთვის - კულინარული კლასიკა...ვიღვიძებ დილით, ალიონზე და ფინჯან ყავას კანფეტივით ტკბილ ჰაერს ვაყოლებ... ღმერთო, რა ნეტარებაა! ეს უზარმაზარი მთაც, სახლს რომ წამოსდგომია, თითქოს ჩემს ტრაპეზს იზიარებს - მეჩურჩულება იფნების, წაბლების, შინდების ენით... შიგადაშიგ კი  რეფრენივით  ერთვება  ოფოფი: „ოფ-ოფ,  ოფ-ოფ“...  აქ,  ერთი სიმღერის არ იყოს, შეიძლება, შაშვების და ბულბულების ენაც ისწავლოს კაცმა...

პანკისში ჩასულს ყოველთვის მიჩნდება სურვილი მთაში წასვლის, რა თქმა უნდა - უახლოეს მთებში, ისინი ხომ ერთი ხელის გაწვდენიდან იწყებიან...

ხადორის მთას ხშირად ვსტუმრობ ხოლმე - გზა კარგია, ლანდშაფტი - ველური...  ყოველ ნაბიჯზე  გაოცებენ მოხეტიალე მსახიობებივით  ათასგვარი ფორმის, ზომის ხეები, ბუჩქები, ქვები, ფესვები... ისინი თითქოს ჩვენთვის პოზირებენ, მხოლოდ ჩვენთვის, რომ დაგვარწმუნონ მათთან სტუმრობის სწორ გადაწყვეტილებაში.

ლანდშაფტს ველური ვუწოდე, მაგრამ რაღა ველური - ბოლო დროს ამ სივრცეში შემოჭრილი ჩინური კაპიტალი, ალბათ, ბევრ სხვა წარმოთქმულ და წარმოსათქმელ ეპითეტსაც ემუქრება... მანამდე უცხოელების მიერ აგებული ჰიდროელექტროსადგური, კლდიდან გადმომჩქეფარე ხელოვნური ჩანჩქერი და უკვე თქმულებების ობიექტად ქცეული ბაყაყსაშენი აუზი - სანახაობრივ ელფერს ამძაფრებს თითქოს...

მე კი ყოველთვის, უპირველეს ყოვლისა, დიდი ლოდის ფსკერიდან  გამომავალი გოგირდოვანი წყლისკენ ვიღებ ხოლმე  გეზს. ახლაც ასეა. ჭურჭელი, რა თქმა უნდა, წამოღებული გვაქვს, რომ ეს, ხალხის აზრით, უკვდავების წყალი თან გავიყოლოთ... სანამ მივუახლოვდებით წყაროს, ოცი მეტრის რადიუსში უკვე გოგირდის სუნი იფრქვევა. იქვე, დიდი ხის ძირში, ე.წ. აბაზანაა ამოშენებული...

მახსენდება, ბავშვობისას  დედას აღფრთოვანებით რომ უყვებოდნენ ქალები - ხადორში ვიყავი ორი კვირა, „ვანები“ მივიღე და „ამისგან“ და „იმისგან“ განვიკურნეო... მახსოვს ტიკებით, „გრელკებით“ ჩამოტანილი წყალიც ჩემი სოფლელების ოჯახებში - სასოებით რომ სვამდნენ, აუცილებლად გვიშველისო...  „ახლა რა ელის, ნეტავ, ამ წყალს, ნახევარ მეტრში ალაზანი რომ მოსჩქეფს და, შესაძლოა, თან გაიტაცოს... აქვე კი ჩინელებს მოუკიდებიათ მტკიცედ ფეხი...“ - ვფიქრობ მე და შევცქერი ჭურჭელს, ნელნელა რომ ივსება... გონებაში ტივტივდება  ვაჟა-ფშაველას  სიტყვები: „გორი   რამ   ჩასდგამს  ციხის  წვერს, მუხა იფნებით ფარული, იქ ჰყრია დიდი ლოდები, შავფერი, ციხისკარული“... ასეთი ლოდები ყრია ირგვლივაც...   მათ ძირში, ნესტიანი მიწიდან ამოწვერილ საოცარ ყვავილებს ვამჩნევ და ვკრეფ... ერთი, ორი, სამი...

 - რად გინდა?  -  გაოცებით და ღიმილით მეკითხება ჩვენი თანმხლები ქისტი.

მე... ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს...

იქვე, ხის ჩრდილში ჩამომჯდარა ჩემი და და საოცრად პრაგმატული მზერით მანიშნებს, რომ დაიღალა... „არა, რაღაც მრჩება აქ, რაღაც...“ - ვფიქრობ და  ეთერს ვეკითხები:

- შენი ნაცნობი ელო აქ ცხოვრობს?

კიო, თავს  მიქნევს ის.

- ჰოდა, ვესტუმროთ, მთის ჩაის დაგვალევინებს...

ეს აზრი ყველამ გაიზიარა და დავადექით ელოს ქოხისკენ გზას, კაკლის და წაბლის კორომში მიმავალს.

ელო ფშაველი ქალია, დიდი ხანია სხვა, რამდენიმე ოჯახთან ერთად, აქ დაუდვია ბინა და საქონელს უვლის... ხანდახან თავისი ვირით ბარში ჩადის და საჭირო წვრილმანები ამოაქვს. როგორც გავიგე, გათხოვილა კიდეც. ყველა ფშაველი ბუნებით პოეტია და ელოსთან სტუმრობის რომანტიულობას ეს კიდევ უფრო ამძაფრებდა. არომატული ჩაის მირთმევა ერთი-ორი კაფიის გარეშე რომ არ ჩაივლიდა, ამაში თითქმის  დარწმუნებული ვიყავი... ადრე, ხადორისკენ ფეხით მიმავალი, ერთი დედას ნაცნობი ფშაველი ქალი სანათა, გზად ჩვენთან შემოივლიდა ხოლმე, მიირთმევდა, ამოისუნთქავდა და უამრავ ლექსს გვეტყოდა... გაოცებული ვიყავი მისი ლექსების ულევი მარაგით - თითქოს უძირო სკივრს გახსნიდა და ლექსებიც თავისით მოფრინავდნენ იქიდან... მერე, გაახსენდებოდა, რომ მთაში საქონელი ელოდა და ჯოხით ხელში კვლავ დაადგებოდა მომქანცველ გზას.

... აი, მივადექით ელოს სახლს - კაკლის უზარმაზარ ხეებში ჩაფლულს. რამდენიმე ძაღლი ერთდროულად აყეფდა. ჩვენკენ წამოვიდა ეზოში მოფუსფუსე კაცი (ელოს ქმარი) და სახლისკენ წაგვიძღვა. შესვლისთანავე თვალი მომჭრა ნახევრად ჩაბნელებული  ოთახის სიღრმეში მოციმციმე ტელევიზორის ეკრანმა...

- ელო, შეიძლება? - კითხულობს ჩემი და.

- უი! საიდან!.. - გაუჭირდა გამორკვევა ძველებურ საწოლზე წამოწოლილ მთავარ მასპინძელს.

- უი, თქვენა ხაართ? მოდით, მოდით... - თითქოს დაფაცურდა ელო, მაგრამ სტუმრების მიღების დიდი სურვილი მაინც არ ეტყობოდა. ჩვენ, შესასვლელშივე მდგარ ტახტზე დავაპირეთ ჩამოჯდომა, ის კი დაჟინებით გვიხმობდა ტელევიზორთან ახლოს - ტელევიზორისგან გამოქცეულებს...

- ელო, შენი მთის ჩაი მოგვენატრა. - აქტიურობდა ეთერი.

- მოდით, კინოს ვუყუროთ და – მერე. - ხარბად ყნოსავდა „ბურნუთს“ - დაფქულ თამბაქოს შარვალში გამო-წყობილი ხადორელი დონა...

აშკარა იყო, დავარღვიეთ მისი მყუდროება და ახლა, არომატული ჩაის მოლოდინში, ერთი საათი ბრაზილიური სერიალის ყურებით უნდა დავსჯილიყავით...

- არა, გვეჩქარება!.. - ერთხმად წარმოვთქვით ყველამ და გასასვლელისკენ გავიწიეთ. „დონამ“ კვლავ სცადა ჩვენი „მიტყუება“ ეკრანისგან  ცალთვალმოუშორებლად, თან - „აი, ბაუნტისტაც მოვიდაო!“ -  აღფრთოვანებით წამოიძახა, ალბათ, ჩვენი ინტერესის გასაღვივებლად,  მაგრამ არ გამოუვიდა...

- წავალთ, წავალთ! - ვიმეორებდით  დაჟინებით.

- კარგით მაშინ, დამელოდეთ - თქვა ელომ და სასწრაფოდ საკუჭნაოსკენ გაიქცა... სწრაფადვე მობრუნდა ხელში ჩაის შეკვრით და მოაყოლა ბოდიშები - არ რჩებით, თორემ... - ეზოში გამოსულმა კი იქვე მდგომ ქმარს მიაძახა ფშაური კილოთი, - შეხვიდოდი და მითხროდი, რა მოხდა!..

ქმარიც  დამორჩილდა.

ხადორელმა დონამ სწრაფად გაგვაცილა ძაღლებს და დაგვემშვიდობა...

ალბათ, მართლა - „არ დავრჩით, თორემ...“ - გაგვიმასპინძლდებოდა ელო...

მაგრამ „ბაუნტისტამ,“ ყოველგვარი ძალადობის გარეშე, დაარღვია ჩვენი სტუმარ-მასპინძლობის ძვირფასი ადათი.

 

ნატო ნასიპაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2020
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია