დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყე-ტყე... წყალტუბოს ცენტრამდე
2010/03/22 13:20:15

წყალტუბოში სანატორიუმების „საქართველოს“, „მედეას“, „მეგობრობის“, „რკინიგზელის“ მიმართულებით სამარშრუტო ავტობუსები არ მოძრაობს, ამიტომაც ქალაქის მეორე მხარე სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა - მოსახლეობა ცენტრალურ ბაზრამდე ფეხით გადაადგილდება.

 

წყალტუბოს მკვიდრი მევლუდ ბობოხიძე გვიამბობს:

- ქალაქში სანატორიუმების მხრიდან ცენტრამდე გადაადგილება გართულებულია, რადგან ხალხი ერთ მხარეს ცხოვრობს, ტრანსპორტი კი სხვა ქუჩით დადის. იმ სხვა ქუჩაზე ადმინისტრაციული ორგანოებია განთავსებული, მაგრამ იქ მომუშავე პერსონალი გაცილებით მცირეა, ვიდრე პარკის მეორე მხარეს მცხოვრებლები. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი (მომუშავე პერსონალი) შედარებით უზრუნველყოფილი არიან ტრანსპორტით (ზოგს საკუთარი მანქანა ჰყავს, ზოგს სახელმწიფოსი ემსახურება), გამოდის, ასეთი მოქმედებით ადამიანთა დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე. განსაკუთრებით თვალში საცემია შაბათ-კვირა, როცა ადმინისტრაციული ორგანოები ისვენებენ, ავტობუსები კი ტყუილად უვლიან იმ მხრიდან წრეს, ეს მაშინ, როცა სანატორიუმებში მცხოვრები დევნილები თავიანთი ბარგი-ბარხანით პარკის მეორე მხარეს ფეხით გადაადგილდებიან. ჩემი აზრით, ეს საკითხი რომ გადაიჭრას, საჭიროა ავტობუსები გაიყოს ორ ნაწილად - ნახევარი გაუშვან სანატორიუმების გავლით, ნახევარმა კი უნდა იმოძრაოს ისე, როგორც ამჟამად დადის, ანუ შეიქმნას პარალელური ნომრები. 7 და 7, 30 და 30, 34 და 34და ა.შ. თუ მძღოლები ამ შემთხვევაში კლიენტებს ვერ გაიყოფენ (რადგანაც სანატორიუმების მხარეზე მეტი ხალხი ცხოვრობს), ცვალონ ყოველ კვირაში, თვეში, თუ წელიწადში მათი ნომრები, რომ ყველა თანაბარ პირობებში იყოს. ვფიქრობ, ამით გადავწყვეტთ იმ პრობლემასაც, რომლითაც ბაზრიდან გამოსული ავტობუსები (კლიენტების ხელში ჩასაგდებად) ერთად და ერთმანეთის გადასწრებაზე აღარ ივლიან, ჩვენ კი აღარ მოგვიწევს ზედმეტი ცდა ქუჩებში.

- ადგილობრივ ხელისუფლებას თუ მიმართეთ თხოვნით, ქალაქში რომ ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდეს?

- კი, როგორ არა. ჩემი წერილებიც დაიბეჭდა საქალაქო გაზეთ „წყალტუბოში“, მაგრამ ამ ფაქტზე მათ დღემდე არავითარი რეაგირება არ გამოუვლენიათ. წყალტუბოს მოსახლეობას ადგილზე გავესაუბრეთ.

ნიკოლოზ ამბროლიანი: „არ ვიცი, რატომ გააკეთეს ასე? ალბათ, ქალაქი განმუხტეს. სანატორიუმების გავლით ადრე შვიდი ნომერი მარშრუტი დადიოდა, ახლა მხოლოდ ცენტრალურ გზაზე მოძრაობს. მერიიდან ასე, პოლიციის მიმართულებით, ქუთაისში მიდის.“

ეთერ ბერიძე (ჟურნალისტი): „თქვენ შეგიძლიათ, მიბრძანდეთ გამგეობაში და იქ გაარკვიოთ. მე ადგილობრივ გაზეთში ვმუშაობ და ამ ფაქტზე წერილიც გამოქვეყნდა, სიმართლე არის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მაგ მხარეზე მარშრუტები დანიშნეს.“

ხანშიშესული ქალბატონი, რომელმაც სახელის და გვარის გამხელა არ ისურვა: „არ ვიცი... რაც არ ვიცი, არ ვიცი, შვილო! ვინ თქვა მაგი? ავტობუსები ახლა კი არა, კომუნისტების დროსაც არ დადიოდა აქანე. მეტი მე არაფერი ვიცი, ვერ გეტყვი. გადაადგილება და გადმოადგილება წყალტუბოში არ შეფერხებულა და რატომ ვთქვა ცუდი?..“

მოხუცი მამაკაცი, გაზეთებით ხელში, (სახელისა და გვარის გამხელა კატეგორიულად იუარა და დასძინა, რომ ქვეყანა ინტრიგანებით გაივსო, მეშინია, ხანდაზმული კაცი კრიტიკის გამო არ დამიჭირონო!): „კი, ძალიან გვინდა, ამ მხარეზე იარონ მარშრუტკებმა, მარა მაინც ისე დადიან. ხალხმა მოვითხოვეთ, რომ ამ ადგილას დაინიშნოს მარშრუტკები, მაგრამ არა და არ მოხერხდა. ხელისუფლება არ არის მართალი, 84 წლის კაცი ვარ და სახლიდან ბიბლიოთეკამდე ფეხით მიწევს გადაადგილება. არაფერი არ არის, რო დაჯდე და მომიყ-ვანოს აქამდე.“

აფხაზეთიდან იძულებით დევნილი მამაკაცი (სახელი და გვარი არ გაგვიმხილა): „მართლაც კაი იქნებოდა ის, რომ დაენიშნათ ამ მამაცხონებულებს, ლტოლვილი კაცი ვარ და სანატორიუმიდან ფეხით მიწევს ქალაქამდე გადაადგილება.“

ქალბატონი (რომელმაც სახელის და გვარის გამხელა არ ისურვა, თუმცა ფოტოს გადაღებაზე დაგვთანხმდა): „აქ ბიბლიოთეკა, მუზეუმი და სანატორიუმია და აუცილებელია, ტრანსპორტმა იაროს. აქ ხშირად ზაფხულობით დამსვენებლები ჩამოდიან, ექსკურსიაზეც მოდიან ბავშვები. როგრც ვიცი, შვიდი ნომერი მარშრუტი ახლახან აღადგინეს, თუმცა ბოლომდე არ მოდის. აქვე, ახლოს, გაჩერებასთან ბრუნდება და შემდეგ ქუთაისში მიდის. ალბათ, ხალხმა არ იცის და არ ელოდებიან. ამიტომაც დადიან ფეხით.“

გოგი მამასახლისი: „კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ დაინიშნოს სანატორიუმების ტერიტორიაზე მარშრუტკები, რომ შეგვეძლოს სიარული ქალაქის მეორე მხარეზე და არ მოგვიწიოს ტყე-ტყე ბოდიალი.“

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა თევზაძემ კი, რომელსაც მოსახლეობის სატკივარი გავაცანით, გვიპასუხა: „მოსახლეობის მოთხოვნით გასულ კვირას მოვიწვიეთ სატრანსპორტრო საწარმოს ხელმძღვანელობა და ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. სანატორიუმების მიმართულებით დაინიშნა შვიდი ნომერი მიკროავტობუსი, ისინი ყოველდღე მუშაობენ. ასე რომ, იქ მცხოვრებ ხალხს ფეხით სიარული აღარ მოუწევს.“

გამგეობიდან გამოსული დავინტერესდით გამგებლის პასუხის სისწორით: მუზეუმის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე, შვიდ ნომერს კარგა ხანს ველოდებოდით, 2 საათზე მეტი ვიცადეთ ქუჩაში, მაგრამ მარშრუტი მაინც არ ჩანდა. ერთმა ქალბატონმა შეგვატ-ყო, რომ ჩვენს ლოდინს საზღვარი არ ექნებოდა და მოკლე გზა მიგვასწავლა, რომლითაც სანატორიუმელები თურმე დიდი ხანია სარგებლობენ.

მართალია, ტალახში გვარიანად ამოვითხუპნეთ, მაგრამ ავტოსადგურამდე მაინც მშვიდობიანად მივაღწიეთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1780
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია