დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იქ, სადაც პარლამენტი უნდა აშენდეს...
2010/03/09 12:13:36

ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე პარლამენტის შენობის ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც მერაბ ბერძენიშვილის მემორიალი დაანგრიეს, მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდას თითქმის ორი თვე დასჭირდა.

თუ როგორი იქნება საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში, ეს უკვე ორი თვეა, ბილბორდზეა გამოკრული. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მომავალი შენობის პროექტს საერთაშორისო ფონდები, ქუთაისიდან და იმერეთის რეგიონებიდან წასული ბიზნესმენები, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტები აფინანსებენ. იმისთვის, რომ დედაქალაქიდან რეგიონში ჩამოსულ კანონმდებლებს ქუთაისში დისკომფორტი არ შეექმნათ, ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაც იგეგმება. უპირველეს ყოვლისა კი ავტობანი თბილისი-ქუთაისის მშენებლობა უნდა დასრულდეს, რათა 1,5-2 საათში ქუთაისში ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდეს. პარალელურად იქნება საჰაერო მიმოსვლაც, რომელიც დედაქალაქთან ქუთაისს 30 წუთში დააკავშირებს. ასევე თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო ხაზიც აშენდება, მატარებელი თბილისიდან ქუთაისამდე ჩამოსვლას 2 სთ 30 წუთს მოანდომებს.

იქ, სადაც პარლამენტის შენობა უნდა აშენდეს, დღეს მხოლოდ ტერიტორიის შემოღობვა მიმდინარეობს. სავარაუდოდ კი, უახლოეს 2 წელიწადში შეუდგება ქუთაისში პარლამენტი თავისი ფუნქციით მუშაობას. დღემდე ოფიციალური გეგმა და პროექტი ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისა არ გამოქვეყნებულა. პარლამენტის გეგმის და პროექტის არ არსებობის შესახებ ოპოზიციური პარტიები მემორიალის დანგრევის შემდეგ აქტიურად საუბრობდნენ. დღემდე არც ისაა ცნობილი, საერთოდ, რა თანხა დაიხარჯება პარლამენტის აშენებისთვის და იმერეთიდან და ქუთაისიდან წასული ბიზნესმენებიდან ვინ რამდენს „გაიღებს.“  დღეს კი ამ ტერიტორიაზე ეკლესიის მშენებლობაზეც თითქმის არავინ საუბრობს, მათ შორის - არც ქრისტიან-დემოკრატები. არადა, გიორგი თარგამაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ეს ინიციატივა ქუთაისში ჩამოსვლისთანავე გააჟღერა.

***

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „დიდების მემორიალის“ აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. „სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,“- საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ამ დანაშაულისთვის სასამართლომ ბრალი სააქციო საზოგადოება „საქფეთქმრეწვის“ დირექტორს და მობილური უბნების უფროსებს დასდო. მოწმეთა ჩვენებებზე, პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნისა და საქმის სხვა მასალებზე დაყრდნობით, სასამართლომ არ გაიზიარა განსასჯელთა ჩვენებები იმის შესახებ, რომ მათი მხრიდან უსაფრთხოების ზომები დაცული იყო. „საქფეთქმრეწვის“ თანამშრომლების მიცემული ჩვენებებიდან დადგინდა, რომ უსაფრთხოების წესების განსასაზღვრავად რაიმე აზომვითი სამუშაოები მათი ხელმძღვანელობის მხრიდან არ ჩატარებულა. მათ „დიდების მემორიალის“ დემონტაჟი ისე განახორციელეს, რომ არ შეუდგენიათ მისი პროექტი, სათანადო დოკუმენტაცია, პასპორტი და სქემები, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი, თუ რა ასაფეთქებელ მასალას გამოიყენებდნენ. ბრალდებულების თქმით, უსაფრთხოების ზომები მათ დამკვეთს - „საქმილმსადშენს“ უნდა დაეცვა, რადგან ამ ორგანიზაციამ იკისრა ვალდებულება, რომ აფეთქების წარმოების დაწყებამდე უზრუნველყოფდა ელექტროხაზის გამორთვას და გადატანას, ასევე ხალხის გამოყვანას, რაც, პრაქტიკულად, პოლიციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების მხრიდან განხორციელდა კიდეც. თუმცა ფაქტია, რომ უსაფრთხოების ზონა მაინც არ იყო კონკრეტულად განსაზღვრული.

სასამართლომ „საქფეთქმრეწვის“ დირექტორს ავთანდილ დარსაველიძეს 4 წლით, ხოლო მობილური უბნების უფროსებს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლოს განაჩენს „საქფეთქმრეწვის“ დირექტორი არ ეთანხმება. სავარაუდოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ის სააპელაციო სასამართლოში უახლოესი ერთი თვის მანძილზე გაასაჩივრებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1779
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია