დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეთნიკურ სომხებს საჯარო სამსახური არ ხიბლავთ
2009/11/16 14:18:13

ახალციხეში მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა პროცენტულად ასეა გადანაწილებული: ქართველები მთლიანი მოსახლეობის 61, 72% შეადგენს, სომხები - 36,59%. ეს სულ ბოლო მონაცემებია, რომელიც ჯონათან უილთიმ თავის ecmi-ის მოხსენებისთვის მოამზადა. სტატისტიკის დეპარტამენტის 2002 წლის აღწერის მინაცემებით კი ახალციხეში მცხოვრები 45 948 ადამიანიდან 47% - ქართველია, 42% - სომეხი, 6% - რუსი. ამ მონაცემებით, ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ ამომრჩეველთა პროცენტული მონაცემებიც ასეა გადანაწილებული. ეთნიკურად შერეულ რეგიონში საჯარო სამსახურში, ამ შემთხვევაში გამგეობასა და საკრებულოში, თანამდებობებიც შესაბამისად უნდა იყოს გადანაწილებული.

ახალციხის საკრებულოსა და გამგეობაში ეთნიკური სომხები მუშაობენ, მაგრამ პროცენტული მაჩვენებელი მაინცდამაინც მაღალი არ არის. გამგეობაში სულ 96 თანამშრომელია დასაქმებული, აქედან 9 - ეთნიკური სომეხია: მათ შორის ერთი გამგებლის მოადგილეა, ხუთი სოფლის რწმუნებული, დანარჩენები კი - სპეციალისტები.

საკრებულოში სულ 26 დეპუტატია, აქედან 10 პარტიული სიითაა არჩეული, დანარჩენი კი - მაჟორიტარული წესით. საკრებულოს წევრებიდან 9 ეთნიკური სომეხია.

ეთნიკური სომეხი მოსახლეობა თანამდებობის დაკავებით ნაკლებად არის დაინტერესებული. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მთავარი - ქართული ენის ცოდნაა. მართალია, ამ მხრივ ახალციხეში საუკეთესო მდგომარეობაა და იქ მცხოვრებმა თითქმის ყველა სომეხმა ძალიან კარგად იცის ქართული ენა, მაგრამ ერთია სალაპარაკო ქართული, ხოლო ენის სხვა დონეზე ცოდნას ითხოვს საქმიანი ქაღალდები და საჯარო სამსახური. ეთნიკური სომხები, ძირითადად, სომხურ სკოლებში სწავლობენ, მისი დასრულების შემდეგ სწავლას ძირითადად ერევანში აგრძელებენ. სომხურენოვანი განათლება კი ქართულ საჯარო სამსახურში მუშაობის უნარ-ჩვევებს არ აძლევთ.

არსებობს კიდევ სხვა მიზეზიც, რომელიც ერთ-ერთი რეალური მიზეზია და მის აღმოსაჩენად უბრალო დაკვირვება და ლოგიკური  დასკვნების გამოტანაა საჭირო: ახალციხეში მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მეპატრონეები ძირითადად სომხური ეროვნებისანი არიან. მცირე ბიზნესი თითქმის მხოლოდ მათ ეკუთვნით. ბიზნესით დაკავებულ ეთნოსს კი საჯარო სამსახურისკენ ნაკლებად მიუწევთ გული. თუნდაც იმიტომ, რომ, მიუხედავად იმისა, საჯარო სამსახურში არცთუ დაბალი ხელფასია, შემოსავალი ბიზნესში უფრო მაღალია.

ვასილ ბერიძე, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე: „შერეული რეგიონია, აქ სომეხი ეროვნების ბევრი ადამიანი ცხოვრობს. საკრებულოში ამჟამად 9 სომეხი ეროვნების დეპუტატია. ამათი ყოფნა საკრებულოში აუცილებელია, რადგან თავიანთ ხალხს წარმოადგენენ და მათი გულისტკივილი და პრობლემები მოაქვთ ჩვენამდე. მე მოადგილე მყავდა სომეხი ეროვნების. ვინც მოტივირებულია, მათთვის თანამდებობები შეზღუდული არ არის. სიმართლე გითხრათ, იმის გამო, რომ ეთნიკური უმცირესობებია, ამისთვის თანამდებობაზე არავის ვნიშნავთ.“

რუბენ კარაპეტიანი ახალციხის გამგებლის მოადგილეა. ერთი წელია, რაც აღნიშნული თანამდებობა უჭირავს, ბატონი რუბენი ამბობს, რომ სანამ ამ დონემდე მოვიდოდა, ყველა ის საფეხური განვლო, რაც საჭირო და აუცილებელი იყო.

„ქართული ენის ცოდნის პრობლემა არ მქონია, თუმცა, მეც სომხური სკოლა დავამთავრე. შემდეგ სწავლა თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განვაგრძე. ჩვეულებრივად ვსწავლობდი, ისე, როგორც ქართველები. გავიარე შინაგან საქმეთა სამინისტროს კურსები. ვფიქრობ, კი არ გამიმართლა, უბრალოდ, ვიშრომე და დამიფასდა. თუ სახელმწიფო სტრუქტურაში გინდა მუშაობა, ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს, ენას უნდა ფლობდე და შესაბამისი განათლება უნდა გქონდეს. იმას, რომ სომეხი ვარ, არც ხელი შეუშლია და არც დამხმარებია.“

ახალციხეში სომხების 90% ფლობს ქართულს, თუმცა, როცა რამე პრობლემა აქვთ, მაინც ბატონ რუბენს აკითხავენ, ჰგონიათ, რომ ის მათ უკეთ გაუგებს და მოუსმენს.

რუბენ კარაპეტიანი: „არ ვიცი, რატომ ხდება ასე, რომ ჩემთან შეხვედრა ურჩევნიათ. არადა, მათ აქ ყველა გულდასმით მოუსმენს და, თუ შესაძლებლობა იქნება, დაეხმარებიან კიდეც.“

ახალციხეში, სადაც მოსახლეობის თითქმის 37% სომეხია, გამგეობაში წამყვან თანამდებობაზე რეალურად მხოლოდ ერთი - რუბენ კარაპეტიანია. თუმცა, ამასთან დაკავშირებით პრეტენზიები არც სომეხ მოსახლეობას აქვს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1848
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია