დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მე - ადამიანი
2009/11/09 13:44:50

იწერება ისტორიები, რომლებიც მხოლოდ მშრალად ასახავენ ფაქტებს. არადა ომების, დიქტატორული მმართველობების, პოლიტიკური თუ სოციალური ფონების უკან თავიანთი განცდებითა და ემოციებით ყოველთვის დგანან უბრალო ადამიანები. 

მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიური კინოფესტივალი მესამედ ჩატარდა. ფესტივალმა სექტემბერში აიღო სტარტი და კავკასიის 26 ქალაქში შედგა - მათ შორის - სოხუმსა და ცხინვალში.

ფესტივალის მსვლელობისას ქუთაისში სამი დღის განმავლობაში 9 დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი აჩვენეს. ფილმების შემდეგ იმართებოდა დისკუსიები. დასწრება თავისუფალი იყო. შესაბამისად, მხოლოდ ისინი იყვნენ, ვისაც ფილმები და მათზე მსჯელობა უყვარს.

თამთა თურმანიძე, კინომცოდნე,  ფესტივალის წამყვანი: „ძალიან საინტერესო და ბევრი სიახლის მომტანი იყო ჩემთვისაც. ძირითადად სტუდენტები ესწრებოდნენ. როგორც სუბტროპიკული, ასევე - აკაკი წერეთლის უნივერსიტეტებისა. კარგი დისკუსიები იყო.“

ფესტივალის კოორდინატორი საქართველოში, თამარ გურჩიანი, თითქმის ყველა ქალაქში ესწრებოდა ფესტივალის მიმდინარეობასა და სხვადასხვა დისკუსიებს. ამბობს, რომ ყველგან სხვადასხვა მიმართულებით წავიდა დიალოგი.          „რადგან ადამიანები ადამიანების ისტორიებზე აგებულ ფილმებს საკუთარი პოზიციიდან განიხილავენ“.

ფილმები კი ნამდვილად იძლეოდა იმის საშუალებას, სხვადასხვა აზრი დაბადებულიყო.

ანიმაციური ფილმი „მეზობლები“ (ნორმან მაკლარენი, კანადა, 1952, 8 წთ). ეს მაკლარენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. ფილმმა ამერიკული კინოაკადემიის პრიზი - ოსკარი მოიპოვა. ნორმან მაკლარენმა 1952 წელს, ცივი ომის ეპოქაში, კორეის ომის დაწყებასთან დაკავშირებით, გადაწყვიტა, შეექმნა ფილმი, რომელიც მთლიანად ომის საწინააღმდეგო რიტორიკას გაატარებდა. „მეზობლებში“ გამოყენებულია ანიმაციური კინემატოგრაფისათვის დამახასიათებელი ტექნიკა. ეს არის იგავი ორ მეზობელზე, რომლებიც მათი ბაღის საზღვარზე ამოსული ყვავილის გამო ერთმანეთს წაეჩხუბებიან.

დოკუმენტური ფილმი „სამნი“, გორან დევიჩი (ხორვატია, 2008, 25 წთ). „კიდევ რამდენ ხანს უნდა ვილაპარაკოთ ომზე?“ - ეკითხება რეჟისორი ფილმის გმირებს, ყოფილი იუგოსლავიის შეიარაღებული კონფლიქტის აქტიურ მონაწილეებს. ფილმი ინტერვიუებზეა აგებული, რომლებშიც გმირები კონფლიქტის მათეულ აღქმაზე, განცდებსა და სირთულეებზე მოგვითხრობენ. და თუმცა სამივენი ამ საშინელი ომის სხვადასხვა მხარეს იბრძოდნენ, ისინი ერთხმად აღიარებენ ომის არაჰუმანურობასა და აბსურდულობას, და რომ მის დაწყებაში პოლიტიკოსები არიან დამნაშავეები. თუმცა დღეს ამაზე აღარავინ საუბრობს, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო. 

დოკუმენტური ფილმი „მეღიმება რო?“ (თამარ იარომ, ისრაელი, 2007, 59 წთ). ისრაელი ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, სადაც 18 წლიდან გოგოები სავალდებულო სამხედრო მომზადებას გადიან. მრავალი პრიზით დაჯილდოებული ეს ფილმი ექვსი გოგონას მონათხრობის სახით მეტად ემოციურ სურათს ქმნის. ახალგაზრდა გოგონები სტუმრად კიდევ ერთხელ მოინახულებენ მათი სამხედრო სამსახურის ადგილს და გასაოცარი გულახდილობით საუბრობენ სამხედროებს შორის არსებულ გენდერულ სხვაობებზე. ყოფილი ჯარისკაცები იხსენებენ დაუდევრობის, ქარაფშუტობისა და მოუმწიფებლობის შოკისმომგვრელ მომენტებს, რომლის მოწმეებიც ისინი გახდნენ, ან თავადაც მონაწილეობდნენ.

„ანიმაციური ფილმი ,,ჟირაფი წვიმაში“ (პასკალ ეკე, ბელგია, საფრანგეთი, 2007, 9 წთ). ერთ მშვენიერ დღეს ჟირაფი აღმოაჩენს, რომ ადგილობრივმა ტირანმა წყლის მომარაგება გადაკეტა და ამ უკანონობის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამს. საპასუხოდ მას ქვეყნიდან გამოაძევებენ. ახალ ქვეყანაში მოწყობა კი არცთუ ისე იოლი აღმოჩნდება. მთელი დღე თავშესაფრის რიგებში მდგარ და სამსახურის ძიებისაგან დაქანცულ ჟირაფს შინ დიასახლისის ბუზღუნისა და სკეპტიკური მზერის ატანა უწევს.  და სწორედ მაშინ, როდესაც ჟირაფი, ბოლოს და ბოლოს, სამსახურს იშოვის, მას ამ ქვეყნიდანაც გამოაძევებენ. პასკალ ეკეს იუმორისტული ანიმაციური ფილმი სახალისო სცენებითა და არაჩვეულებრივი პერსონაჟებით ემიგრანტების მძიმე ხვედრს აღწერს ახალ ქვეყანაში.

დოკუმენტური ფილმი „9 ვარსკვლავიანი სასტუმრო“ (იდო ჰაარი, ისრაელი, 2006, 78 წთ). ისრაელის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად ათასობით პალესტინელი ეძებს სამუშაოს, რომელიც ხშირად ძალიან დამქანცველი და საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. სამსახურის ძიებაში ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში თან დაატარებენ გადასაფარებლებსა და ყველა საჭირო ნივთს, რაც აბადიათ. ბევრი მათგანი არალეგალურად მშენებლობებზე იწყებს მუშაობას. ფილმი შეულამაზებლად მოგვითხრობს მეგობრობაზე, ნოსტალგიასა და გადარჩენისათვის უკომპრომისო ბრძოლაზე. „9 ვარსკვლავიანი სასტუმრო“ ნაჩვენები იყო მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე; ფილმმა 2006 წელს იერუსალიმის, ხოლო 2007 წელს მიუნხენის კინოფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის წოდება მოიპოვა.

დოკუმენტური ფილმი „მომუშავე დედა“ (ლიმორ პინხასოვი, ისრაელი, 2006, 78 წთ) მოგვითხრობს ბოლივიელი ქალის შესახებ, რომელიც თავის 3 და 2 წლის შვილებს სტოვებს და ოჯახის სარჩენად ისრაელში მიემგზავრება. ფილმის ბოლოს კი აშკარა ხდება, რომ ის გაცილებით მეტს ჰკარგავს, ვიდრე თავად წარმოიდგენდა. „მომუშავე დედა“ გახლავთ დრამა, რომელიც მაყურებლის ყურადღებას გლობალიზაციის სამყაროში სიღარიბისა და განშორების თემებისაკენ მიაპყრობს.

დოკუმენტური ფილმი „ჯოჯოხეთის წარტყვევნა“ (ჯინი რეტიკერი, აშშ, 2008, 72 წთ) მოგვითხრობს ლიბერიის მუსლიმანი და ქრისტიანი ქალების არაჩვეულებრივი გმირობის ამბავს: ისინი განსხვავებული მრწამსის მიუხედავად, ერთად დაირაზმებიან, რათა ბოლო მოუღონ ქვეყანაში მძვინვარე სისხლიან დაპირისპირებას. ხანგრძლივი არაძალადობრივი წინააღმდეგობით, ემფატიკური პროტესტითა და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელი ქალები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ სპონტანურ აქტივობას მთელი ერის ისტორიული სვლის შეცვლა შეუძლია.  სახელგანთქმული რეჟისორის, ჯინი რეტიკერის მიერ შექმნილმა ამ ფილმმა მრავალი პრიზი მოიპოვა, მათ შორის - ნიუ-იორკის „ტრიბეკას“ კინოფესტივალის პრემია საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის; ფილმი წარდგენილი იყო ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზეც.

დოკუმენტური ფილმი „განქორწინება ალბანურად“, (ადელა პეევა, ბულგარეთი, გერმანია, პოლონეთი, ფინეთი, 2007, 66 წთ). ფილმში მოთხრობილ სიყვარულისა და განშორების ამბავს 60-იანი წლების კომუნისტური ალბანეთის სიურეალისტურ სამყაროში მივყავართ. ის მოგვითხრობს, თუ რისი გადატანა მოუწია ათასობით ოჯახს, რომლებიც ენვერ ხოჯას - მე-20 საუკუნის ევროპელი დიქტატორის - ტოტალიტარულმა რეჟიმმა დაანგრია. „განქორწინება ალბანურად“ მრავალ კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები, 2007 წელს კი ის ევროპული კინოაკადემიის მთავარ პრიზზე იყო წარდგენილი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1771
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია