დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მეგობრობის მეორე ფურცელი
2009/11/09 13:35:51

სანამ ჩვენ გავემგზავრებოდით ახალციხეში, მანამდე მასპინძლები ვიყავით. ამაზე უკვე დავწერეთ, მაგრამ მაინც იქიდან დავიწყებ, რომ გაზეთ „სამხრეთის კარიბჭის“ სომხურენოვანი გამოცემის ჟურნალისტები - ქრისტინე მარაბიანი და აღუნიკ აივაზიანი ერთი კვირა იყვნენ ჩვენს რედაქციაში, ერთმანეთი გავიცანით, დავმეგობრდით, შევიყვარეთ... ამ ერთმა კვირამ ძალიან მალე გაირბინა, სტუმრები გავაცილეთ და ჩვენც შევკარით ბარგი.

„მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ პროექტია ასეთი - ჯერ ისინი ჩამოვიდნენ, ახლა ჩვენი ჯერია.

სამხრეთ საქართველოში მესამედ მივდივარ. არცთუ დიდი ხნის წინ იქ სტუდენტური ექსპედიციით ვიყავი, მერე, ისევ სტუდენტობისას, ვარძიაში - ექსკურსიაზე. ახლა გაჩერების ადგილი ახალციხეა, ერთი კვირით უცხო რეგიონში, უცხო ოჯახში, უცხო რედაქციაში მოგვიწევს მე და ჩემს კოლეგას - ანი ონიანს მუშაობა. ეს მისი პირველი მივლინებაა. სიახლეები და თავგადასავლები ორივეს ძალიან გვიყვარს, ამიტომაც სიახლეების მოლოდინით სამსაათნახევრიანი გზა ძალიან მოკლე გვეჩვენება. 

პირველი, ვინც ახალციხეში გხვდება, კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელი ეკა კოპაძეა, იმ სახლამდე გვაცილებს, სადაც ერთი კვირა უნდა ვიცხოვროთ. მთავარი მასპინძლები ბორის მელიქიძეა, მისი მეუღლე ნათელა და მათი ოჯახის სტუმარი ნინო ქოჩიშვილი.

კარს ნინო გვიღებს, ოთახს ქალბატონი ნათელა გვიჩვენებს. ისეთი დახვედრაა, 10 წუთში, ყოველგვარი გადამეტების გარეშე რომ ვთქვათ, საკუთარ სახლში გვგონია თავი. ცოტა მოგვიანებით სამსახურიდან ბატონი ბორიაც მოდის, ძალიან მოკრძლებული და თავმდაბალი ადამიანია, სიკეთე თვალებში რომ უღიმის.

მეორე დღეს „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქციაში მივდივართ. ორშაბათია და საოცრად ნაცნობი სიტუაცია გვხვდება, ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენთანაა ორშაბათობით: ყავის სმა, ახალი ნომრის დაგეგმვა და „ოდნოკლასსნიკები“.

მთავარი რეადაქტორი, ქალბატონი ლელა ჩვენს თავს „პატარა“ რედაქტორს - ნინო ნარიმანიშვილს აბარებს. სამუშაო გარემოს გარდა, სასიამოვნო გარემოც უნდათ, რომ შეგვიქმნან და პირველად საფარაში მივყავართ.

საფარაში მეც პირველად ვარ და ანიც. საოცარი- ზუსტად ის სიტყვაა, რომელიც იქაურ სიწმინდესა და სიმშვიდეს გამოხატავს. ნინომ ყველაფერი იცის საფარის შესახებ და გვიამბობს, სათქმელი ბევრი აქვს. მაგრამ სანახაობა იმდენად ლამაზია, რომ სიტყვები ზედმეტია. შემოდგომისფერია ყველაფერი. პეიზაჟში მარტო თხუთმეტამდე ყავისფერი ტონალობა მოვთვალე.

დღე პირველი დამთავრდა, ჩემს დღიურში ძილის წინ ჩავწერე: „რა კარგია, რომ მესხეთში ვარ. ჯერ ქუთაისი და ჩემები არ მომნატრებია.“

ახალციხეში ჟურნალისტისთვის იმდენი საინტერესო თემაა, რომ ერთი კვირა და ორი ჟურნალისტი არ არის საკმარისი. მართალია, უცხო ქალაქში ჩვენთვის ბევრი რამ არის უცხო. მაგრამ თუნდაც იმიტომაა საინტერესო, რომ ის, რაც ადგილობრივი მედიისთვის უკვე ე.წ. ყურში გამჯდარი თემაა, ჩვენთვისაა ახალი. ჟურნალისტიკის ხუთი ოქროს კითხვაც მუდმივად გვიტრიალებს თავში: რა, სად, როდის, როგორ, რატომ? ამ კითხვებს სხვადასხვა თემებს ვარგებთ: მესხეთის მედიას, ეთნიკურ უმცირესობებს, განათლების პრობლემას, ქართულის სწავლებას...

ქალაქი პატარაა და ძალიან იოლად ვხვდებით, როგორ გვამჩნევენ „უცხოებს“  - ქუჩაში, გამგეობაში, საკრებულოში, ბაზრობებსა თუ მაღაზიებში. ღიმილით გვხვდებიან ყველგან: იმერეთიდან ხართ? ო, ჩვენც გვყავს აქ ბევრი იმერელი, იმერლობას რომ არ ივიწყებენ დღემდე.

ერთი შეხედვით სიმშვიდეა და კეთილგანწყობა. მაგრამ კარგი დაკვირვებაც კი არ არის საჭირო, რომ სომხურ და ქართულ საზოგადოებას შორის ზღვარი შეამჩნიო. ვერ იტყვი, რომ ეს ბეწვის ხიდია, ან ნაღმი, რომელიც ხვალ უნდა აფეთქდეს. თუმცა, ერთი შეხედვით, მაინც გამოარჩევ, ვინ სომეხია და ვინ ქართველი. ახალციხელ სომხებს ქართული ენის ცოდნის პრობლემა არა აქვთ, ამიტომაც ინტეგრაციის ხარისხი აქ უფრო მაღალია, ვიდრე ნინოწმინდაში, ან ახალქალაქში.

ახალციხეში თეატრშიც ვიყავით. (სხვათა შორის, ჩემი დაბადების დღე და პრემიერა „ჭინჭრაქა“ დაემთხვა ერთმანეთს). საბავშვო სპექტაკლია, ქართული სინამდვილითა და დღევანდელობით გაჯერებული. მე ძალიან ბევრი, ბევრი ვიცინე. იმიტომ, რომ მართლა გულიანად მეცინებოდა (სპექტაკლი იყო ასეთი ჟანრის და მსახიობები იხარჯებოდნენ ბოლომდე): ჩემი 30 წლის იუბილეზე „ჭინჭრაქას“ ვუყურებდი. თუმცა, საღამოს ჩემს დღიურში მაინც ჩავწერე: „აი, კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არასდროს არ ვიტყვი ქუთაისში დადგმულ „ანა კარენინაზე“, რომ ცუდი სპექტაკლია.“

დღეები ძალიან მალე გადიოდა, ჩემი მასპინძელი ოჯახი კი იმის საშუალებას არ გვაძლევდა, საკუთარი ოჯახები მოგვნატრებოდა. ფაქტობრივად, „შინ“ ვიყავით. სტუმარი სტუმარზე მოდიოდა. ძალაინ მალე „ოდნოკლასსნიკებში“ სტატუსად დავწერეთ: „მგონი, გავლოთდებით.“

„სამხრეთ კარიბჭის“ გოგონებს აწყურის ციხეზე მივყავართ. ადგილობრივი ტელევიზიის, მე-9 არხის ხელმძღვანელი ლაშა ბუტულაშვილი, სამი დღეა ჩვენს გამასპინძლებას ლამობს. ჩვენი მოუცლელობის გამო, როგორც იქნა, ძლივს მოხერხდა. არადა, პროექტის ფარგლებში მასპინძლობის არანაირი ვალდებულება აკისრია ლაშას, მაინც ძალიან გულწრფელად ამბობს, რომ თავს ვალდებულად თვლის.

... მოსაყოლი ბევრია, დასაწერით. ჩვენ კიდევ ბევრს დავწერთ მესხეთზე, იქაურ პრობლემებსა და თემებზე.

ერთი კვირა გადის და შაბათისთვის ბარგს სულ ტყუილად ვალაგებთ. ჩვენი მასპინძელი ნინო მთელი დღეა, გვეხვეწება, კიდევ ერთი დღით დავრჩეთ. მე უარზე ვარ, ნინოს კი ისეთი თვალები აქვს, რომ ჩემი უარი თანდათან ცვდება. თან, აღმოჩნდა, რომ ბიძია ბორისმა, რომ არ წავსულიყავით, კარი გარედან გადაკეტა, გასაღები წაიღო და დაიბარა, რომ დავბრუნდები, რაბათში წავიდეთო. რა გზა იყო? არც გასაღები გვქონდა და ნინოსაც ისეთი თვალები ჰქონდა... დავრჩით...

რაბათი ტოლერანტობის ნამდვილი სიმბოლოა. კიდევ კარგი რომ დავრჩით და რაბათი ვნახეთ....

უკვე ქუთაისში ვართ და ანი ყოველდღე მაილით წერს ახალციხეში გაცნობილ ნინოს წერილებს, საუკეთესო შენაძენი ჰყავს - მეგობარი.

მე კი ეს სტატია ძალიან მოკლედ რომ დამეწერა, დროის გასვლას ველოდი, თორემ მართლა ძალიან ბევრს დავწერდი, ძალიან პირადულად და ძალიან ემოციურად. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1866
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია