დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მედია-მეგობრობა
2009/10/19 15:21:33

ქრისტინე და აღუნიკი უკვე „P.S.“-ის მეგობრები არიან. გასულ კვირას ისინი ჩვენთან ერთი კვირით იმყოფებოდნენ. მიზეზი კავკასიის ინსტიტუტის ერთ-ერთი რიგითი პროექტი იყო, მიზანი - სხვადასხვა რეგიონის ჟურნალისტების ერთმანეთთან დაახლოება და პრობლემების გაცნობა.

ამ პროექტს ჰქონდა კიდევ ერთი ძალიან კარგი მიზანი - სამხრეთ საქართველოში გამომავალი ორენოვანი ყოველკვირეული გაზეთის „სამხრეთის კარიბჭის“ ახალგაზრდა სომეხ ჟურნალისტებს ახალქალაქელ ქრისტინე მარაბიანსა და ახალციხელ აღუნიკ აივაზლის ქართულ გარემოში, უკეთესად შეესწავლათ ჩვენი ენა. ქრისტინე და აღუნიკი ქუთაისში პირველად იყვნენ. პირველი, რაც იმთავითვე შეამჩნიეს და აღნიშნეს, ის იყო, რომ ქუთაისი ძალიან ქართული ქალაქია, სუფთა ქართული გარემოთი.      

პირველი, რაც აღუნიკმა გააკეთა, სახელდახელო სომხურ-რუსულ-ქართული ლექსიკონი იყო.  ქართულ სიტყვებს, რომლის მნიშვნელობაც არ ესმოდა, რვეულში გულდასმით იწერდა, „P.S.“-ის ჟურნალისტებმაც „გავიმდიდრეთ“ ჩვენი სომხური ლექსიკა - უკვე ვიცით, რომ „სირუმ“ სომხურად ლამაზს ნიშნავს, „გლუხ“ - თავს, „შაბათ“ - კვირას და „ეს სირუმ ემ კეზ“ - მე შენ მიყვარხარ.

პირველი დღე გაცნობისა იყო, მეორე - დამეგობრების, მესამე დღეს კი სტუმარმაც და მასპინძელმაც დარდი დაიწყეს, რომ ერთი კვირა მალე გავიდოდა და ერთმანეთი ძალიან მოგვენატრებოდა.

დამეგობრების გარდა, ის მოვასწარით, რომ ჩვენს მეგობრებს ბაგრატის ტაძარიც ვანახეთ, გელათიც და მოწამეთაც. სხვა რამეებისთვის დრო აღარ გვეყო, რადგან ქრისტინეს და აღუნიკს აქ პროექტის ფარგლებში ორი სტატია უნდა მოემზადებინათ.

ქრისტინემ ეთნიკური უმცირესობები აირჩია, აღუნიკმა - ქუთაისური მედია. მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, მაინც მნიშვნელოვანი და კარგი მასალები შეკრიბეს.

ქრისტინე მარაბიანი: „ძალიან კარგი ერთი კვირა გამოგვივიდა მე და აღუნიკს. კავკასიურ ინსტიტუტში როცა ვიკრიბებოდით, მე ყოველთვის გამოვთქვამდი სურვილს, რომ ასეთი გაცვლითი პროგრამები მოეწყოთ. მოგვისმინეს და, რაც გვინდოდა, გაგვიკეთეს. პროექტის ფარგლებში საქმე გაკეთდა და ჩვენთვის სრულიად უცნობი ქალაქი - ქუთაისი გავიცანით, გავეცანით აქაურ პრობლემებს, მედიას, ეთნიკურ უმცირესობებს და შინ, „სამხრეთის კარიბჭისათვის“ ძალიან კარგი მასალა მიგვაქვს. ამის გარდა, შევიძინეთ მეგობრები, რომლებმაც ძალიან შეგვაყვარეს თავი.“

ეს ერთი კვირა მართლაც დაუვიწყარი იყო ჩვენთვისაც და მათთვისაც, იმედია, ეს მეგობრობა კვლავ და კვლავ გაგრძელდება.

სულ ცოტა ხანში „P.S.“-ის ჟურნალისტები წავლენ „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქციაში და გაეცნობიან იქაურ გარემოს, პრობლემებს, ცხოვრებას. ამაზე გაზეთის მომდევნო ნომრებში გიამბობთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2045
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია