საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ვის უწონებს გემოვნებას მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის მეუღლე?
2013/07/11 16:43:03

„ტელესერიალის გმირი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა...“

თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე  უფროსი თაობის მაყურებელმა ფილმით „მევლუდი“ გაიცნო, ახალგაზრდა მაყურებელმა კი – სერიალით "გოგონა გარეუბნიდან."მეუღლეც მსახიობია - თამრიკო დათოშვილი, რომელმაც ეს პროფესია მეტეხის თეატრის შემდგომ აღარ გააგრძელა და მთლიანად ოჯახსა და შვილებზე გადაერთო. მათ 37 წლის ოჯახი აქვთ. ზურაბ ცინცქილაძე ორი გოგონას მამა და ოთხი შვილიშილის ბაბუაა. ინტერვიუ  მის დაბადების დღეს, 6 ივლისს ჩავწერეთ:

– ბატონო ზურაბ, დიდი ხანია ტელეეკრანზე არ გამოჩენილხართ.  დღეს რით ხართ  დაკავებული?  

– უსამართლობის შეგრძნებას უიმედობის განცდა ენაცვლება. ჩემი ადრინდელი გმირი „მევლუდი“ სამართლიანობისთვის იბრძოდა, ბოლო დროინდელი გმირი, არჩილ წილოსანი, სამართლიანი იყო... არც სამართლიანობისთვის ბრძოლა ყოფილა ადვილი,  არც სამართლიანად ყოფნა. მებრძოლი გმირი სიკვდილით დასაჯეს, სამართლიანი გმირი გულის გასკდომით  დაიღუპა.  ჩვენს საზოგადოებაში სამართლიანობის დეფიციტი აშკარად იგრძნობა, არადა, ქართველი მუდამ სამართლიანობისთვის იბრძოდა და არა – თავისუფლებისთვის. რაც შეეხება ტელეეკრანზე გამოჩენა– არ გამოჩენას, ახლა პარლამენტარები და მთავრობის ყოფილი თუ დღევანდელი წარმომადგენლები საზოგადოებისთვის უფრო საინტერესონი არიან... და კიდევ, თურქული სერიალიდან - სავაში.  ამჟამად დაკავებული ვარ: საბავშვო ფილმების გადაღებით, ქართული ენის ფუძეებისა  და საიდუმლოებების ძიებით, მოვლენების შეფასებებით, "ვეფხისტყაოსნის" აუდიოვერსიის ჩაწერით, რეპეტიციებით, „კაცი ,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ და რა ვიცი... რაც მომაგონდა ... და კიდევ, ვსწავლობ... შვილიშვილებისგან. რამდენიმე  კვირის წინ მქონდა პატივი, სულხან-საბა ორბელიანის როლი შემესრულებინა ამერიკულ კინოპროექტში.

ფართო აუდიტორიამ ტელესერიალიდან გაგიცნოთ და შეგიყვარათ. რამდენად დათანხმდებოდით დღეს მსგავს პროექტში მონაწილეობას? 

– ტელესერიალის გმირი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა, მაყურებელმაც ასევე მიიღო, როგორც ჩემი პირადი ცხოვრების ნაწილი. ერთი ლანჩხუთელი წილოსანი მეკითხება, სადაური წილოსანი ხარო.  ლანჩხუთელი –მეთქი. აბა, სადაური იქნები, ალბათ, ნათესავებიც ქე ვართო. მადლიერების და სიხარულის გრძნობით ვიხსენებ პროექტის ავტორებს და ჩემს კოლეგებს. ამ ნიჭიერ ხალხთან სიამოვნებით ვითანამშრომლებდი ნებისმიერ პროექტში .

ამბობენ, მსახიობისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი თეატრია, როცა თეატრის სუნს იგრძნობ, იქიდან თავის დაღწევა ძნელიაო. თქვენ არაერთი  სცენური როლი გაქვთ შესრულებული, რამდენად გაკლიათ დღეს თეატრი? 

– ყველაზე საყვარელი ადგილი ჩემთვის გადასაღები მოედანია. სიამოვნებით ვიგონებ „სამეფო უბნის თეატრში“ შესრულებულ "ჯოყოლას", იზა გიგოშვილთან, ხათუნა იოსელიანთან , ლიკა გუნცაძესთან, ნანა ხურითთან და სხვა ახალგაზრდა პარტნიორებთან ერთად. მეტეხის თეატრში ხომ  უამრავი როლი მქონდა, გასტროლები საქართველოსა თუ უცხოეთში.  იქ მსახურებისას შევისწავლე მთელი საქართველო, თითქმის ყველა სოფელში მაქვს სპექტაკლი ნათამაშები. ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ – რამდენიმე ასეულჯერ.  თეატრიდან მტვრის სუნი არ მახსოვს, მახსოვს მაყურებლის თვალები და ტაშის ჟრუანტელი.

სექტემბრიდან  ვიწყებ ზურაბ კანდელაკთან ერთად გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“  რეპეტიციებს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში.

მოგვიყევით მეტეხის თეატრის შესახებ... როგორ მოხდა მისი დაარსება, თვლით თუ არა რომ ეს გამართლებული ნაბიჯი იყო? 

– მეტეხის ახალგაზრდული თეატრი ჩემთვის დიდი სიხარულიცაა და დიდი ტკივილიც. თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას ჩემს მეუღლეს და  ჯგუფელებს   სურვილი გაუჩნდათ, ჩამოეყალიბებინათ საკუთარი დასი. როცა  სურვილის შესახებ მაღალ თანამდებობებზე გაიგეს, უთხრეს, კი, ბატონო, მეტეხის ეკლესიაში შეგიძლიათ თეატრი გახსნათო. იმდენად სხვანაირად იყო საბჭოთა იდეოლოგია ჩვენში გამჯდარი, გვეგონა, მეტეხში თუ თეატრს გავხსნიდით, ამით გავწმენდდით იქაურობას. მთავრობიდან ძალიან დიდი ხელშეწყობა იყო, საბჭოთა კავშირში პირველი ახალგაზრდული დასი ვიყავით. 
სასაცილოა დღეს იმ ყველაფრის გახსენება, როცა კრემლში ქართველი დეპუტატი სიტყვით გამოდიოდა და ამბობდა, იქ, სადაც ადრე ეკლესია იყო, დღეს კულტურისა და სინათლის კერა, თეატრი გაიხსნაო და ამ სიტყვებს მოჰყვებოდა დიდი ტაში. 
 მერე მივხვდით, რომ  ძალიან ცუდ საქმეს ვაკეთებდით. იქ, სადაც საკურთხეველი იყო, სხვადასხვა პიესის თამაში გვიწევდა. ჩვენ ვმეგობრობდით ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან. მათი დამსახურება იყო, რომ თვალი აგვეხილა. მაშინ მთელმა დასმა მოვითხოვეთ, თეატრი გავეყვანეთ და ტაძარს თავისი ფუნქცია დაბრუნებოდა. ამან ძალიან დიდი არეულობა გამოიწვია საზოგადოებაში. თეატრის რეჟისორი ვერ შეეგუა ჩვენს პროტესტს, მოითხოვდა, რომ ეკლესიაში გაგვეგრძელებინა თამაში. ჩვენი დევნა სერიოზულად დაიწყო. თავიდან მთელმა დასმა ხელი მოაწერა თხოვნას, რომ ეკლესიიდან გავსულიყავით. საბჭოთა ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, რომ შემდეგ მათ აზრი შეაცვლევინეს. წერილები დააწერინეს, სადაც იყო მითითებული, გთხოვთ, ჩვენი ხელმოწერები გააუქმოთ, აღარ ვეთანხმებით ამ აზრსო. თეატრიდან უკვე წასული ვიყავი, რომ ღამით ჩუმად ავედით მე და მოძღვარი მეტეხის სახურავზე და ჯვარი დავდგით. ცხოვრების ამ ეტაპმა ჩემში ყველაზე დიდი გადაფასება მოახდინა, მიმახვედრა, რა არის ცხოვრებაში მთავარი და ჭეშმარიტი, ძალიან რელიგიური გავხდი. ჩემს მეუღლეს  მას შემდეგ აღარ უფიქრია ამ პროფესიას და თავი დაანება. მთლიანად ოჯახსა და შვილებზე გადაერთო.
მე კი იმ დროს, როცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიდევნებოდი, რეზო ჩხეიძემ გმირული ნაბიჯი გადადგა და კინოსტუდიაში დამიძახა. როგორც მსახიობი, შტატში ჩამსვა. ეს საკმაოდ დიდი თემაა.

რთულია მსახიობის ცხოვრება? რა სირთულეები ახლავს თან, მითუმეტეს იმ ქვეყანაში, სადაც არც თუ დაფასებული და შეფასებულია ეს პროფესია.

– კინოსთვის, თეატრისთვის, ესტრადისთვის ტირაჟირებაა აუცილებელი. ამ დარგის მსახიობებს პატარა ქვეყანაში, როგორიც ჩვენია,  პატარა ხელფასი აქვთ-დაფასება დიდი . მე არც დაუფასებლობას და არც შეუფასებლობას თქვენის წყალობით არ ვუჩივი.

ოთხი შვილიშვილის ბაბუა ხართ, როდის გააცნობიერეთ რომ ბაბუა გერქვათ და არის თუ არა ეს რაიმე კუთხით მეტი პასუხისმგებლობა? 

– ოთხივე შვილიშვილს ძალიან ვუყვარვარ. უფროსი უმაღლეს სასწავლებელში აბარებს – 18 წლის რეზი წულეისკირი, მესმის მისი, ესმის ჩემი... ლიზი 13 წლის, ტყუპები მერაბიკო და მარიამი 5 წლის. ორი გურული და ორი მეგრელი შვილიშვილი მყავს, რომელთაც კახელზე, სვანზე , რაჭველზე, მესხზე გავათხოვ-დავაქორწინებ და ვიქნებით საქართველო. ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები.

ამბობენ, შვილმა გულზე გაიარა და შვილიშვილმა – გულის ფიცარზეო, ასეა? 

– შვილი რო მიყვარს,  იმიტომ მიყვარს მისი შვილი. შვილიშვილი ამართლებს შენს ყოფნას.

მკაცრი მამა ხართ, თუ რბილი

– ქალიშვილებს და შვილიშვილებს ვანებივრებ ჩემი სტუმრობით. იაპონელი ფსიქოლოგის წიგნი წავიკითხე – როგორ აღვზარდოთ ბავშვები, სადაც ამოვიკითხე რჩევა, რომელიც ჯერ ჩემს შვილებთან და შემდეგ შვილიშვილებთან გამოვიყენე. ჩემი სტუმრობა ძალიან უხარიათ და არ მიყურებენ ხელებში, რა მივუტანე. 
სიძეებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?  
– ძალიან კარგად ავაწყვეთ ურთიერთობა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ, ჩემი ქალიშვილები რაც უნდა მართლები იყვნენ, მე მაინც ყოველთვის სიძეების მხარეს ვარ.  ვცდილობ, ჩემი სიძეების მეგობარი ვიყო. ისინიც გრძნობენ ჩემს სითბოს და პატივს მცემენ. რაც კარგი ხდება მათ ოჯახში, ყოველთვის სიხარულით მეუბნებიან, ცუდი ნიუანსები კი, ცდილობენ, გამოასწორონ და შემდეგ გამაგებინონ. სიძეები საკუთარი პრობლემებით არ მაწუხებენ.  ახლა მე და თამრიკო ვცხოვრობთ სრულიად მარტო. როცა შვილები გვენატრებიან, მათთან მივდივართ.

თქვენი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე გვიამბეთ, რა პერიოდი იყო, რა სირთულეების დაძლევა მოგიწიათ... 

– ვენდე ახლობელს , ხელი გავუმართე და მიმტყუნა, ახლა ამ სირთულის დაძლევის პროცესში ვარ. “სჯობს იყო მოტყუებული, ვიდრე მატყუარა“.

რაიმეს თუ შეცვილით თქვენს ცხოვრებაში, ამის შანსი რომ არსებობდეს? 

– არაფერს.  ღმერთმა დამიფაროს ცხოვრების შეცვლის შანსისგან.

წლების წინ პარლამენტის წევრიც იყავით, რატომ არ გააგრძელეთ პოლიტიკაში მოღვაწეობა?

– ვაგრძელებ, ერთი წუთითაც არ მიგრძვნია თავი პოლიტიკის გარეშე.

თქვენთვის ყველაზე ბედნიერი დღე გაიხსენეთ.

– ყოველი ცისმარე დღე, პირის დაბანის შემდეგ.

ერთ-ერთი ძალიან სიმპათიური მამაკაცი ბრძანდებით, მეუღლეს, ალბათ, ბევრი საეჭვიანოც ჰქონდა. როგორ იგერიებდით თაყვანისმცემლებს?

– არასოდეს თაყვანისმცემელი არ ‘’მომიგერიებია’’ მეუღლეც უწონებს  მათ  გემოვნებას, ის არასოდეს ეჭვიანობს.

ქალბატონი თამარი სად გაიცანით და რამდენად ადვილია ერთი პროფესიის ადამიანების თანაცხოვრება? 

– სანამ თეატრალურში ჩააბარებდა, მანამდე გავიცანი –  23- ე სკოლის  მე-10 კლასელი, თემურ ჩხეიძის სპექტაკლზე “გუშინდელნი“. ჩემი მეუღლე გამუდმებით ცდილობს, სპექტაკლი იქნება თუ ფილმი, ხელი  შემიწყოს წარმატებით განხორციელებში.

არის თუ არა მსახიობის პროფესია სანდო, ან არასანდო ოჯახურ  ურთიერთობებში?

– პროფესია კი არა, თვით ადამიანები არიან სანდონი, და არა სანდონი. მსახიობებში მეუღლეების ცვალებადობა პიარის ნაწილია უცხოეთში. აქ,ჩვენთან, ცნობილი მსახიობები, ძირითადად, ერთგულები არიან. სხვა პროფესიის ადამიანებში უარესები ხდება, ჩემმა ცოლისძმამ  ხუთი  ცოლი გამოიცვალა. მოღალატენი?! რატომ არსებობს ასეთი ჭორი?. ჩემი მსახიობური მოღვაწეობისას, ეკრანსა თუ სცენაზე რამდენიმე ცოლი მყოლია, ჩემი აზრით, ადამიანთა ნაწილს  მართალი ჰგონიათ, გულუბრყვილობის გამო. ეს ცოტა შურიცაა.

ანა ნოდია

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3396
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია