დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში ახალგაზრდულ პროექტებზე 30 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება
2013/07/05 13:24:14

ყველა მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული დეპარტამენტი მუშაობს. წინა ხელისუფლების პერიოდში სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებებს, დაახლოებით, იგივე დანიშნულება ჰქონდა, რაც კომუნისტურ ეპოქაში – კომკავშირს, თუმცა წინასაარჩევნოდ „ახალგაზრდულების“ დატვირთვა იზრდებოდა და, ძირითადად, სამიტინგოდ მოსახლეობის მობილიზებაზე ხარჯავდნენ რესურსებს.

„პოსტსკრიპტუმი“ დაინტერესდა, რამდენად შეიცვალა თვისობრივად აღნიშნული სამსახური. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების ხელმძღვანელს, ნიკა სამხარაძეს ამ თემაზე რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

პირველ რიგში, მაინტერესებს თქვენი განყოფილების ბიუჯეტი...

– ჩვენი ბიუჯეტი განისაზღვრება 60 ათასი ლარით, აქიდან ნახევარზე უფრო ნაკლები სახელფასო ფონდია, დანარჩენს პროექტების განხორციელებაზე ვხარჯავთ.

– ამ ცხრა თვის განმავლობაში რომელი პროექტი განახორციელეთ, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ?

– ჭიათურა მუდამ გამორჩეული იყო ინტელექტით და, როგორც ამბობენ, საქართველოში ასეთი ტექნიკური ინტელიგენცია არცერთ მუნიციპალიტეტს არ ჰყავდა. ჩვენ გავუკეთეთ ორგანიზება ჭიათურის მასშტაბით „ეტალონს“. ყველა სკოლა ჩავრთეთ ამ პროექტში, 110 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, საბოლოოდ ჭიათურის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ნეფარიძემ გაიმარჯვა. თუ შეამჩნიეთ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ამის დამადასატურებელი ბილბორდიც არსებობს.

როგორც წესი, ახალგაზრდული განყოფილებები საკონცერტო ღონისძიებებით იწონებდნენ ხოლმე თავს, თქვენ აპირებთ იმავეს?!

– ჩაფიქრებული გვაქვს, რომ ახალგაზრდების სურვილი და გემოვნება გავითვალისწინოთ. ვაპირებთ კონცერტის გამართვას, თუმცა ამას არ ექნება წინასაარჩევნო და პოლიტიკური დატვირთვა.

ექსკურსიებს ბევრად უფრო მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე მასკულტურას...

დაგეგმილია ოთხი საექსკურსიო ტურიც. ჩვენ დავაფინანსებთ სრულად ამ ტურებს, სოციალურად დაუცველ და წარმატებულ ბავშვებს ვაჩვენებთ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს.

მახსოვს, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ამპლუაში გასულ ოქტომბრამდე კაცხისა და ჭიათურის მიდამოები დაასუფთავეთ...

ჩვენ მაშინ მოვახერხეთ ორგანიზებულად ქალაქის და კაცხის შემოგარენის დასუფთავება, „მწვანე თვის“, ივნისის, პერიოდშიც ვიზრუნეთ გარემოსდაცვით საკითხებზე, თუმცა ჩაფიქრებული გვაქვს კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. ასეთი აქციები არ უნდა იყოს სეზონური და ეპიზოდური.

 ყურმოკვრით ვიცი, რომ ფინანსურ წახალისებებსაც აწესებთ...

წელს ჭიათურაში 16 ოქროსა და 5 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე გვყავდა. ბუნებრივია, რომ ჩვენ მათ წარმატებას გამოვეხმაურეთ. ასტრონომიული ოდენობის თანხით ვერავის დავეხმარეთ, მაგრამ მოტივაციისთვის 100 და 150 ლარის გადაცემაც მნიშვნელოვანი იყო. დავაჯილდოეთ წარმატებული მოსწავლეების პედაგოგებიც.

 კიდევ რა გაქვთ ჩაფიქრებული მოსწავლე-ახალგაზრდობის მოტივაციის ასამაღლებლად?

 სპორტული „მხიარული სტარტები“, ინტელექტუალური თამაში „რინგი“, ჩემპიონატი ჭადრაკში, მარათონული რბოლა, შეხვედრები ცნობილ პიროვნებებთან, – ეს უკვე დაგეგმილია და განვახორციელებთ კიდეც. ჭიათურის ახალგაზრდულ ნაწილს ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ იმას, რაც მათთვის საჭირო და აუცილებელი იქნება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2703
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია