საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დიმიტრი კოპალიანი: „პოლიტიკური ბრძოლის შუაში აღმოვჩნდი, ამიტომ ცდილობენ, ზურგს უკან ამომეფარონ“
2013/06/06 04:39:23

პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ ქუთაისის ახალ მერთან დიმიტრი კოპალიანთან

ქუთაისს ახალი მერი ჰყავს - დიმიტრი კოპალიანი ამ პოსტზე რიგით მეათე მერია. საზოგადოების მხრიდან მისი პიროვნების მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ქუთაისის ახალ მერთან, დიმიტრი კოპალიანთან.

– ბატონო დიმიტრი, თქვენ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქალაქის მერად დაინიშნეთ. ეკონომიკური გაანგარიშებით, რომელიც ქალაქის მოსახლეობისა და ადგილობრივი ბიუჯეტის პროპორციულობით განისაზღვრება, ერთ სულ მოსახლეზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხა წლიურად 68 ლარს შეადგენს. თბილისში ის 225 ლარია, ხოლო სხვა დანარჩენ თვითმმართველ ქალაქებში და ასეთი საქართველოში ხუთია, 100-120 ლარის ფარგლებში მერყეობს. როგორ აპირებთ ამ კრიზისიდან ქალაქის გამოყვანას?

– შევეცდები ყველაფერს, თბილისიდან დაწყებული, ვისთანაც კი ხელი მიმიწვდება, რომ ქალაქს დავეხმაროთ. ბოლოს და ბოლოს, ეს არის მეორე ქალაქი, ყველაფერი თბილისში ხომ არ უნდა წავიდეს, დაბალანსება უნდა მოხდეს ყველაფრის. ჯერ დონორების დახმარებით და შემდეგ, მოსახლეობა უნდა ჩავრთოთ ადგილობრივ სამუშაოებში. ტენდერებში ადგილობრივებს უნდა მიენიჭოთ უპირატესობა. მინდა, რომ მოვიყვანო უცხოელები და ვანახო, თუ რა არის ქუთაისი. მე მაქვს ძალიან საინტერესო პროგრამა. ქუთაისმა უნდა იტვირთოს მეორე ადმინისტრაციული, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრის მისია. უნდა მოხდეს განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც შეფასებული იქნება პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და მექანიზმები.

– და ამ პროცესში რა იქნება თქვენთვის პრიორიტეტული?

– პირველი – გამჭვირვალობა, თვითმმართველობის სტრუქტურა უნდა გათავისუფლდეს კორუფციის რისკებისაგან. მეორე – სისტემური მენეჯმენტის დანერგვა და მესამე – უცხოეთთან ურთიერთობის განვითარება, ქალაქის იმიჯის აწევა. მნიშვნელოვანი იქნება როგორც დონორებთან, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, რადგან ქალაქს სჭირდება დახმარება. ქუთაისი არის გაჩერებული და ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. მე ძალიან ბევრი საინტერესო მიმართულება მაქვს ქალაქის განვითარების თვალსაზრისით. მე ვარ პროფესიონალი, მაქვს ძალიან ღრმა გამოცდილება მენეჯმენტში. ბევრ სხვადასხვა კომპანიაში მიმუშავია, ხუთი უნივერსიტეტი დავამთავრე სამ სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრი მიღწევები მაქვს მეცნიერებაში, რესურსების მართვაში, ინფორმაციულ სისტემებში, მაღალ ტექნოლოგიებში, დღეს ისეთი დროა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები ყველგან შეიჭრა, ვგეგმავ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას, რათა ქალაქი უფრო წარმოვაჩინო. სხვათა შორის, ბევრი ქუთაისელი ახალგაზრდა მინახავს, ძალიან ძლიერ უნივერსიტეტებში დაუხმარებლად რომ გაუკაფავთ გზა. ამით იმის თქმა მინდა,რომ ახალგაზრდობას უნდა დავეხმაროთ. მინდა, ახალგაზრდებთან მქონდეს კონტაქტი, რომ უფრო გავიგო მათი პრობლემები, შევქმნათ საბჭო, რომ თვეში ერთხელ მოვაწყოთ შეხვედრა.  

– რამდენად პრინციპული ხართ გადაწყვეტილებების მიღებაში და შეძლებთ თუ არა პოლიტიკური ზეწოლისაგან თავის დაცვას?

–  მე ვარ პრინციპული. უპრინციპოდ  მე ასეთ წარმატებებს ვერ მივაღწევდი ცხოვრებაში, ჩემს პრინციპულობაზე მიუთითებს ის ნაბიჯი, მე რომ ქუთაისში ვარ. ფაქტობრივად, ის, რაც მე ცხოვრებაში განვავითარე, ამერიკაში დავტოვე და წამოვედი. ეს პრინციპული გადაწყვეტილება იყო.

– და არ გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება?

– მე ერთ წელიწადში მაინც გადავდგამდი ამ ნაბიჯს იმიტომ, რომ შვილები მეზრდებიან და ენა არ იციან, მე ქართველი ვარ და შვილები რომ ამერიკული ინგლისურით მესაუბრებიან, ცოტა მძიმეა. ჩვენ ხშირად ჩამოვდივართ, მაგრამ სხვა არის, როცა აქ ცხოვრობ, გარემოს აქვს დიდი მნიშვნელობა.

– თქვენი მეუღლე როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას?

– ძალიან კარგად, ჩემი მეუღლე წარმოშობით ფრანგია, გაზრდილი არის ამერიკაში და შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. ისიც დოქტორი არის ინფორმაციულ სისტემებში, თავდაცვის საკითხებზე და კიბერშეტევებზე მუშაობს. იქ სხვა ცხოვრება არის, თითქმის მოწყვეტილი ხარ ყველაფერს და ჩვენ ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს.

– ადაპტაცია არ დაგჭირდებათ?

– იცით, ეს ადამიანზეა დამოკიდებული. მე მიყვარს ძალიან უბრალო ხალხი, უბრალო ადამიანს უფრო დაველაპარაკები. მე რომ ჩამოვედი, ქალაქში გავედი ფეხით და ვინც სახეზე მიცნო, ყველას ძალიან უკვირდა, ფეხით რომ დავდიოდი. მერე რა, რომ მერი ვარ, მე მინდა, რომ გამოვჩნდე და ხალხს დაველაპარაკო. მე არ მიყვარს ჩემი თავის ვინმეზე მეტად ჩვენება. მე მგონი, ასე უფრო სჯობს.  მე ვარ მშრომელი ადამიანი და ფულის მოპარვა არ მაინტერესებს. ის ფული, რაც გამოიყოფა, ჩემი ამოცანა იქნება, დაიხარჯოს ქალაქზე. როგორც დავინახე, ხალხი დაძაბულია, მაგრამ მე პიროვნებებს არ ვუყურებ, მე ვუყურებ თანამდებობებს და პოზიციებს, თუ რა სჭირდება ქალაქს. ერთ დღეში ამას ვერ დაალაგებ, მაგრამ, როცა დაიწყება პროცესი, როცა დაიწყება გამჭვირვალობა, ეს ყველაფერი დალაგდება.

– თქვენ მოიაზრებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურად. მართლა თუ იყო ისეთი ადამიანი, ვინც დაგირეკათ და მერობა შემოგთავაზათ?

– თქვენ უნდა იცოდეთ ერთი რაღაც – თქვენ მიყურებთ ისეთ პიროვნებად, თითქოს ვიღაცამ დამირეკა, მითხრა, აი, დიმიტრი, ჩამოდი და მეც ჩამოვედი. აქ ცოტა სხვანაირად მოხდა, მე მაქვს ძალიან მრავალმიმართულებიანი კავშირები, უფროსი თაობიდან, ჩემი ოჯახიდან, მეგობრებიდან. მე როდესაც ვაპირებდი წამოსვლას, ეს ხმა, როგორც ისარი, ისე გავარდა სვადასხვა მიმართულებით. მე ვფიქრობდი, ადრე სამეცნიერო მიმართულებით დაბრუნებას, მქონდა წინა ხელისუფლებასთან დაკავშირების ცდები, პრაქტიკულად, როდესაც 2007 დავამთავრე ჩემი სადოქტორო, ვაპირებდი დაბრუნებას. მაგრამ აქ ყველა პოლიტიკურ პროცესებზე იყო გადართული და არავის ეცალა. ყველა ქართულ ტელეარხს ვადევნებდი თვალს და ძალიან ინფორმირებული ვიყავი, რაც ქუთაისში ხდებოდა. ეს იყო ჩემი ინიციატივა, უბრალოდ, პროცესებმა დააჩქარა, რომ აქ ჩამოვსულიყავი. მე ვარ ობიექტური და არავითარი პოლიტიკური გადახრები არ მაქვს. მაგრამ ხალხი დაიბნა, ფრაქციას შევხვდი და თქვეს, რომ მე იმ ფრაქციის მხარეზე ვარ. არავის მხარეზე არ ვარ, ვისმენ ყველას და რაც ქალაქს გამოადგება, იმ პოზიციას დავიჭერ.

– არსებობს ინფორმაცია, რომ ერთადერთი ადამინი, ვისაც ენდობით, არის თენგიზ თოფურიძე, რამდენად არის სწორი ეს ინფორმაცია და რამდენად ახლოს იცნობთ მას?

– როცა მოვედი, ვიღაცასთან უნდა გქონოდა კომუნიკაცია. დოკუმენტაციის მოწესრიგების პროცესში შევხვდი მას. ვეძებ გუნდს, დაველაპარაკები ყველას, ვინ ვინ არის და ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მივიღო. მე ვუყურებ თანამდებობას, და ვუყურებ, ვის რისი გაკეთება შეუძლია, რათა შეიქმნას ის გუნდი, რომელსაც მე დავეყრდნობი.

– ნეპოტიზმს რამდენად აუვლით გვერდს?

– ჩემი ახლობლებისთვის პირველი შოკი იყო, როდესაც მოვხვდი ინგლისში. მეორე შოკი ამერიკაში, მესამე შოკი, როდესაც საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე და მეოთხე შოკია ქუთაისში ჩემი ყოფნა. ჩემს ირგვლივ ყველა დაიბნა და რაღაც ვაკუუმივით შეიქმნა, მეგობრებს უფრო უჭირთ ჩემთან კონტაქტი.სამაგიეროდ, ვინც კი ხელს ჩამომართმევს, იქვე მეგობარად აღიქვამენ, ბევრის გვარები დასახელდა, რომელსაც არც კი ვიცნობ. მე ყველა გადაწყვეტილებში ვიქნები ობიექტური.

– ვიცე-მერების თემა არის საინტერეასო, სამი კანდიდატურა დასახელდა.

– მართალი გითხრათ, ეგ გვარები გუშინ პირველად გავიგონე, ყველას ვუთხარი, რომ ჩემთვის მთავარია, რომ გუნდი იყოს მომუშავე, სანდო. ეს ხალხი უნდა შევისწავლო და ვნახო, ყველას უნდა დაველაპარაკო და მივიღო გადაწყვეტილება, უხერხულ მდგომარეობაში ვარ იმის გამო, რომ არც ვიცნობ ამ ხალხს. აქ უნდა მიიღო პოლიტიკურად კორექტული გადაწყვეტილება იმიტომ, რომ არ შეიძლება სხვანაირად. არც ერთ პარტიაში რომ არ ვარ და არ მაქვს პოლიტიკური მიმართულება, ეს ერთი მხრივ, კარგია, თუმცა, ფაქტობრივად, ყველა ეჭვის თვალით მიყურებს და მარტო ვარ.

– თუმცა, „ქართული ოცნების“ რიგითი  მხარდამჭერიც კი იმას ამბობს, რომ ჩვენი კაცი მოვიყვანეთო, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს დამოკიდებულება თქვენს მიმართ?

– ეს არის ძალიან კომპლექსური სიტუაცია. ყველა ცდილობს, რომ ასოცირებული იყოს ჩემთან. აი, მაგალითად, „ოცნება“  ან „პატრიოტები“ – ყველა შეეცადა, რომ ჩემთან რაღაც კავშირი ჰქონოდა. ყველას ვუთხარი: ყველას დაგელაპარაკებით და მოგისმენთ.

– თუმცა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ღიად თქვა, რომ თქვენ ივანიშვილის კანდიდატი ხართ და საჯარო მხარდაჭერაც გამოგიცხადათ. მათ ადგილობრივ ხელმძღვანელს, გოჩა თევდირაძესაც მოიაზრებენ იმ ადამიანად, ვინც პოლიტიკურ რჩევებს გაძლევთ...

– მე ვარ უნიკალური შემთხვევა, განათლებით, გამოცდილებით, ყველა ცდილობს, რომ ჩემს უკან მოიაზრებოდეს. აქ მიდის პოლიტიკური ბრძოლა და მე ამ ბრძოლის შუაში აღმოვჩნდი, ამიტომ ცდილობენ, ზურგს უკან ამომეფარონ. თქვენ რომ ხვალ ჩამაგდოთ რომელიმე სხვა ჯგუფში, დარწმუნებული ვარ, ისინიც იმას იტყვიან. ობიექტური ვარ, ყველას მოვუსმენ, მაგრამ გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან იქნება პრინციპული. ეს შეხვედრები გადადის პოლიტიკურ ჭრილში და არა კონსტრუქტივიზმში.

– ქუთაისის მერიაში კადრების ოპტიმიზაციის საკითხს როგორ ხედავთ?

– აუცილებელია, მძლავრი HR-ის ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს კადრების განვითარებას – მისცემს მათ შესაძლებლობას, შეესაბამებოდნენ ახალ მოთხოვნებსა და გამოწვევებს. ასამოქმედებელია კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი სისტემა, რათა დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდეთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა და სტაბილურობის განცდა. რატომ არის მერიაში 700-კაციანი შტატი? იმიტომ, რომ არ ხდება მათი რეგულირება. მაგრამ ერთი ხელის მოსმით რომ გაათავისუფლო ყველა, დისბალანსს შექმნის. გამიკვირდა, მერიაში ათ საათზე რომ მიდიან სამსახურში  – რვა საათიდან ექვსი საათი უნდა იმუშაო დღეში, სხვაგვარად ვერ განვითარდები. როდესაც ჩამოყალიბდება ბიზნესკლიმატი ეს ყველაფერი სხვა ფორმაში გადავა.

– პირველი მესიჯი „ნაციონალებისგან“ იყო ის, რომ არ მოხდეს პოლიტიკური  ნიშნით კადრების გათავისუფლება. როგორ აპირებთ პროფესიონალისა და პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ადამიანის გარჩევას?

– პროცესი სწორად უნდა დაიწყოს, უნდა მოხდეს ფილტრაცია სხვადასხვა კრიტერიუმით. ცოდნასა და პროფესიონალიზმს საკონკურსო პროგრამაში დიდი ყურადღება მიექცევა. და რადგან არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოვადგენ, ყველას უნდა მოვუსმინო. ხვალ თუ შეიტყობთ, რომ „ნაციონალებს“ ველაპარაკები, ეს, უბრალოდ, იმისთვის იქნება, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მოვიპოვო მათგან.

– საბჭოთა პერიოდში ქუთაისის ფუნქციას მთლიანად საინდუსტრიო გარემო განსაზღვრავდა. 90-იან წლებში საწარმოების მოშლამ ქუთაისი უფუნქციოდ დატოვა. როგორი დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს მომავალში ქუთაისს?

– უნდა მოხდეს მარკეტინგული ანალიზი. უნდა შევხედოთ, რისი განვითარება ღირს ამ ქალაქში. მაგალითად, რატომ უნდა ჩამოვიდეს უცხოელი აქ. რა ინტერესი ექნება აქ ჩამოსვლას, რის გამო? სწორედ რომ მარკეტინგული ანალიზი გვეტყვის ამას, მე ქალაქს ვაძლევ იმპულსებს სხვადასხვა მიმართულებით. ძალიან საჭირო არის ქალაქს ჰყავდეს მეცნიერები, მეცნიერები დიდი ძალაა ქალაქისთვის, სადაც ისინი არიან, იქ განვითარების დონე მაღალია. უცხოეთში წასული ქართველები უნდა ჩამოვიდნენ და ადგილობრივები უნდა დასაქმდნენ.

ინტერვიუს სრული ვერსია ნახეთ ორშაბათს გაზეთ „P.S.“-ის  ორშაბათის ნომერში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1965
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია