საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნინო მუმლაძე საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებაზე ოცნებობს
2013/06/02 11:57:39

მსახიობი ნინო მუმლაძე 4 წლიდან სცენაზე დგას. ასე ადრეულ ასაკში სცენასთან ზიარება არც უნდა იყოს გასაკვირი,  ანსამბლ ”ქსოვრელების” დამაარსებლის, გრიშა ქსოვრელის შვილიშვილისთვის. ნინოს, სხვადასხვა დროს,  მნიშვნელოვანი როლები აქვს ნათამაშები თეატრალურ სარდაფში, გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში და თავისუფალ თეატრში. თუმცა, მისი განსაკუთრებული პოლულარობა ტელესერიალებში ნათამაშებმა როლებმა განაპირობეს.  სერიალ „ჩვენ ოფისში“ ნათამაშები მორცხვი და მოკრძალებული გოგონას როლის შემდეგ, ”ჩემი ცოლის დაქალებში” ცოლიანი კაცის საყვარლის თამამმა როლმა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია - სტომატოლოგ ნათიაზე ბრაზობენ, ცოლიან კაცზე თვალი როგორ უჭირავს და ოჯახს როგორ ანგრევსო? საინტერესოა, თავად მსახიობის დამოკიდებულება ამ რეაქციების მიმართ. ნინო მუმლაძე საკუთარ შეხედულებას ”psnews”-ის მკითხველს გაუზიარებს.

-გააცილებით თამამი როლი ვითამაშე ”თავისუფალ თეატრში”, ტურაშვილის პიესაში ”შავი კედები”. სპექტაკლში სულ ბორდელზეა საუბარი და მეც ბორდელის ერთ-ერთი თანამშრომელი ვარ... ხალხი, ვინც თეატრში დადის, ამას უყურებს, როგორც ხელოვნებას...  და რადგანაც სერიალი უფრო ფართო მასებისთვისაა ხელმისაწვდომი, მას ნებისმიერი აზროვნების, ნებისმიერი გაგების ადამიანი უყურებს. ალბათ, ბევრი ისეთიცაა, ვინც უჭირს ხრვარის გავლება ხელოვნებასა და რეალობას შორის. ამიტომ იბადება ასეთი აგრესიული დამოკიდებულება, თორემ ჩემთვის ამ როლში არაფერი გასაკვირი არ არის. ეს არის როლი, ეს არის ხელოვნება და სულაც არ ნიშნავს, იმას, რომ ცხოვრებაშიც ვაპირებ ვიღაცას  ქმარი წავართვა... ნამდვილად არ მხვდებიან აგრესიულად განწყობილი ადამიანები, ეს ძირითადად, სოციალური ქსელში ხდება, რაც არ მოქმედებს ჩემზე.  ვფიქრობ, რომ ვინც ვერ ხედავს ზღვარს მსახიობის თამაშსა და რეალობას შორის, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა და არა ჩემი…

-ხასიათის რაიმე თვისებით ხომ არ გავხართ  ნათია სტომატოლოგს, რომლის როლსაც ნამდვილი ექიმივით ასრულებთ?

-სიმართლე გითხრათ ამაზე არ დავფიქრებულვარ. თანაც ახლა ნათია შაიცვალა. თავიდან ის მართლა კეთილი ადამიანი იყო, ყველაფერში უგებდა დათოს, ისეთი ქალი იყო, რომელზეც ალბათ ყველა კაცი ოცნებობს. ქალი, რომელიც თითქმის არაფერს არ სთხოვს მამაკაცს და მხოლოდ კომფორტს უქმნის ურთიერთობაში. მაგრამ პრობლემებმა, რომლებმაც ნათია ცოტა შეცვალა, დათოს მიმართაც პრეტენზიული გახადა. ისეთი გახდა, როგორიც ქართველი ქალების უმრავლესობაა, უკვე დაიწყო რაღაცეების მოთხოვნა. საერთოდ, ადამიანები რაიმე პრობლემას რომ ეჩეხებიან,  ხშირად სხვანაირები ხდებიან. ნათიასაც ასე დაემართა. მე ასეთი პრეტენზიული არ ვარ. შეიძლება იმიტომ, რომ ცხოვრებაში ამდენი პრობლემა ვიღაცეებთან ურთიერთობის გამო ჯერ არ შემქმნია.  რა ვიცი, ალბათ, პირვანდელ ნათიას  უფრო ვგავარ, ვიდრე იმ ნათიას, როგორიც ახლაა.

-რას ითხოვს ნინო მუმლაძე მამაკაცებისგან?

- ოო, ბევრ რამეს ვითხოვ. ძალიან რთულია ჩამოთვლა, ალბათ ყველა ქალი ბევრს ითხოვს. უბრალოდ, უჭირთ ამის აღიარება. არაფერი, მე მხოლოდ სითბო მინდა, არაფერი, მე მხოლოდ ყურადღება მინდა . მე თავიდანვე ვამბობ, რომ არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც ცოტათი კმაყოფილდება. შეიძლება არ ვითხოვ ძალიან დიდ მატერიალურ ფუფუნებას,  მაგრამ ვფიქრობ, მამაკაცს უნდა ჰქონდეს იმის უნარი, რომ ქალის ელემენტარული მოთხოვნები დააკმაყოფილოს. პირველ რიგში, ძალიან დიდ ყურადღებას ვითხოვ, უნდა ვგრძნობდე, რომ ამ ადამიანისთვის ნამდვილად პირველხარისხოვანი ვარ ცხოვრებაში.  ვერასდროს დავთმობ ჩემს პირველობას მამაკაცთან ურთიერთობაში. პათოლოგიურად ეჭვიანი ნამდვილად არ ვარ და არარსებული რაღაცისგან პრობლემას არ შევქმნი, მაგრამ თუ ვგრძნობ, რომ ჩემზე წინ დააყენა ვიღაც, ამას რა თქმა უნდა, არ ვაპატიებ. მადლობა ღმერთს, აზროვნების უნარი  მაქვს და უაზრო პრეტენზიები არ მაწუხებს. მაგალითად, სამსახურიდან გამოქცევას არ მოვთხოვ მამაკაცს იმის გამო, რომ მნახოს. ჩემი რჩეული  დასაქმებული უნდა უყოს, რეალიზებული  ყველა წამოწყებაში- ეს იქნება ჰობი, სამსახურებრივი მოვალეობა თუ, უბრალოდ, რაღაც ინტერესი. ვეცდები, გვერდში დავუდგე, გავიგო მისი გატაცება და ხელი შევუწყო, მაგრამ თუ ეს ჩემს ხარჯზე ხდება, მაშინ აუცილებლად მექნება პრეტენზია. 

-თუ მამაკაცი ამ ყველაფერს ავლენს მხოლოდ სიყვარულის პერიოდში, მაგრამ მოგიყვანათ ცოლად და მოგთხოვთ პროფესიაზე უარის თქმას, რას იზამთ?

-არა მგონია ასეთი რამ მოხდეს... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც ძალიან ადვილად გადადგამს ამ ნაბიჯს. ფაქტია, რომ 28 წლის ვარ და ჯერ ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი.არ გავყვები ალბათ ცოლად ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობ. მამაკაცი, რომელმაც შეიძლება მეუღლეს სთხოვოს, საქმიანობას შეეშვას იმის გამო, რომ ეს უბრალოდ მის პრინციპებში არ ჯდება, უფრო ადრეულ ეტაპზეც გამოავლენდა თავს, რომ ის ასეთია. კი, შეიძლება შეყვარებულობის დროს ბევრს რამეს ვერ ამჩნევ, მაგრამ ხომ მიხვდები, როგორი ტიპია ეს ადამიანი, როგორი მენტალიტეტი აქვს. მენტალიტეტს, როგორც წესი, მე ორ წინადადებაში ვხვდები ხოლმე და ის, რომ კაცისთვის რაღაც მიუღებელია, ძალიან ბევრ რამეში ეტყობა. თავისუფალი, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები მიყვარს.

- უცხოელს თუ გაყვებით ცოლად?

-არაფერს გამოვრიცხავ. მთავარია ის მამაკაცი შემიყვარდეს და მასაც შევუყვარდე. მნიშვნელობა არ აქვს, რა ეროვნების წარმომადგენელი იქნება.

-რა არის ამ ეტაპზე თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

-ადრე ვამბობდი, ჩემთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ადამიანი გავხდე-მეთქი. მე  ამას მივაღწიე. უკვე წლებია, აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვცხოვრობ. მართალია, ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად, მაგრამ მატერიალურად აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვარ. უკვე ასაკიც მიწყობს ხელს, რომ დამოუკიდებლად მივიღო ყველა გადაწყვეტილება ცხოვრებაში. და ასეც ხდება, თუმცა, ამას უფრო ადრეულ ასაკშიც ვახერხებდი. შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბებული პიროვნება ვარ, რომელსაც საკუთარი  სახე აქვს და რომელიც აღარ შეიცვლება. ამ ეპატზე, ალბათ, უკვე მზად ვარ იმისთვის, რომ შევქმნა ოჯახი, რა თქმა უნდა, თუ გამოჩნდება ჩემი მოსაწონი პიროვნება. და ალბათ დედობისთვისაც მზად ვარ. ნამდვილად მაქვს ის ასაკი, როდესაც შეიძლება ამაზე სარიოზულად ვიფიქრო. ძალიან ნეგატიურად ვუყურებ, როდესაც ამ ნაბიჯს დაუფიქრებლად დგამენ. ეს და კიდევ ის, რომ მინდა მუდამ ჩემ საყვარელ საქმეს ვემსახურო.

-ხომ არ გამოჩნდა ვინმე თქვენი მოსაწონი მამაკაცი? სულ ამბობთ, რომ შეყვარებული არ ხართ, მაგრამ მაინც...

-ამ ეტაპზე მართლა არავინ არ არის. კი, ცოტა ხნის წინ იყო ერთი ადამიანი, რომლის მიმართაც რაღაც სიმპათიები გამაჩნდა, ისიც ძალიან დაინტერესებული იყო ჩემით, მაგრამ იმის გამო, რომ რაღაცეები არ მომეწონა ამ ადამიანში, არ გაამართლა ჩემი იმედები. ასე ვთქვათ, ეს უთიერთობა არ გავასერიოზულე. მსუბუქი გატაცებები არაერთხელ მქონია ცხოვრებაში, ყოფილან მამაკაცები, რომელთაც მიუქცევიათ ჩემი ყურადღება და რაღაც  სიმპათიებიც მქონია, მაგრამ სერიოზული სიყვარული, სერიოზული რომანი არ მქონია.

-რომელ უცხოელ მსახიობ მამაკაცთან ისურვებდით პარტნიორობას?

-საქართველოშიც გვყავს ძალიან ბევრი კარგი მსახიობი. არ შემიძლია თავი შევიკავო და კომპლიმნეტი არ ვუთხრა ლევან ყოჩიაშვილს, ჩემს პარტნიორს, რომელთანაც ამ ეტაპზე ვმუშაობ,რომ ის არაჩვეულებრივი, ძალიან კომფორტულ პარტნიორია. იმდენად კომფორტული, რომ თავისუფლად ვარ ყველაფერში. ამავდროულად, არის ძალიან ნიჭიერი  მსახიობი. დეტალურად, პატარა წვრილმანებში ხვდება, რა სჭირდება  სცენას და რა გჭირდება შენ. მე უზომოდ კმაყოფილი ვარ, რომ ამ ადამიანებთან მომიწია მუშაობა. მოკლედ, ნიჭიერი მსახიობები ძალიან ბევრნი არიან როგორც საქართველოშიც, ისე საზღვარგარეთ. მაგრამ  როგორია პარტნიორი,  ვერასოდეს მიხვდები, ვიდრე რეალურად არ მოგიწევს მასთან მუშაობა.

ზოგადად რომ ვთქვა, ვგიჟდები რობერტ დაუნი-უმცროსზე, მაგრამ როგორი პარტნიორი იქნება, ნამდვილად არ ვიცი ...

-თქვენი ოცნება?

-რაღაც ”დავმიწდი” ამ ბოლო  პერიოდში... ღრუბლებში აღარ დავფრინავ და ოცნებებიც  რაღაც უფრო რეალისტური გამიხდა...მინდა კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიო. საბედნიეროდ, ეს ის სფეროა, სადაც არ არსებობს წერტილი. ანუ ყოველთვის შეიძლება გქონდეს მიზნად რომ უფრო წინ იარო... ისე, სიმართლე გითხრათ, ისეთი ოცნება, რომელიც ვერაფრით ავიხდინე, და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე ავიხდენ, არის მოგზაურობა. ალბათ, ვინმე ოდესმე ამიხდენს ამ ოცნებას, ან მე მექნება საშუალება, რომ ავიხდინო. მინდა, მსოფლიოს ყველა კუთხე მოვიარო...განსაკუთრებით ძველი ევროპა.. იტალია მაინტერესებს ძალიან... რა დონეზეც ვიცნობ ამ ქვეყანას, ყველაფერი მიზიდავს, თუმცა, აზიის ქვეყნებიც ძალიან მაინტერესებს. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეს ვნახავდი, სიამოვნებით, გავეცნობოდი მათ კულტურას...კიდევ იცით, რას ვისურვებდი?კინო რომ განვითარდეს საქართველოში და  მომეცეს საშუალება, ყოველთვის აქტიურად ვიყო  ჩაბმული კინოხელოვნებაში. მადლობა ღმერთს, უკვე რაღაც სერიოზული ნაბიჯები იდგმება ქართულ კინოში. მინდა ეს სფერო სწორად განვითარდეს, საქართველოს თავისი სპეციფიკა  ჰქონდეს. ჯერჯერობით, ყველაფერი ხდება ვიღაცის მიმბაძველობით, ბაძავენ ან ევროპას, ან ჰოლივუდს, სულ ვხედავ რაღაცის გამეორებას ფილებში და მინდა, რომ ქართულ კინოსაც გაუჩნდეს თავისი ძალიან კარგი ნიშა, რომლითაც მომხიბმველი გახდება მთელი მსოფლიოსთვის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია