დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ყველა ვარიანტში, ქუთაისი დარჩება საპარლამენტო ქალაქის სტატუსით“
2012/10/29 12:41:02

ინტერვიუ ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ გუბაზ სანიკიძესთან

მერვე მოწვევის პარლამენტში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი გუბაზ სანიკიძეა, რომელიც, ამავე დროს, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს.  

გაზეთი „P.S.“ დაინტერესდა, თუ როგორი პოზიცია აქვს ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტის ქუთაისში ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს, რომელიც ახალი პარლამენტის პირველ სამუშაო დღეებში არის ჩაწერილი. 

 

- ბატონო გუბაზ, თქვენ ბრძანდებით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი. თქვენი ამომრჩევლისათვის  საინტერესო იქნება, მოხდება თუ არა პარლამენტის გადატანა თბილისში და როგორია თქვენი, როგორც ქუთაისის მაჟორიტარის, პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით? 

- მარტო ასე - უბრალოდ გადატანა  არ იქნება. არის რამდენიმე მოსაზრება. ქუთაისი დარჩება საპარლამენტო ქალაქად, ოღონდ, შეიძლება, თბილისიც იყოს საპარლამენტო ქალაქი. თუმცა, ჯერჯერობით, ამ თემაზე არ არის სერიოზული მსჯელობა კოალიციაში, იმიტომ, რომ გაცილებით მეტი სამუშაოები გვაქვს უახლოესი თვეების განმავლობაში ჩასატარებელი, გადატანა-გადმოტანისთვის  დროს ვერ დავკარგავთ. ფორსირებულად უნდა ვიმუშაოთ. ალბათ, მოგვიანებით დადგება ეს საკითხი, ოღონდ ყველა ვარიანტში, ქუთაისი დარჩება საპარლამენტო ქალაქის სტატუსით.

- როგორ შეაფასებდით ახალი, მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველ სამუშაო დღეებს?

- სამუშაო ვითარებაა. მე ვფიქრობ, რომ სერიოზული პრობლემები არ უნდა ჰქონდეს ამ პარლამენტს  მუშაობის თვალსაზრისით, ორივე მხრიდან განწყობა არის სამუშაო. მომავალში როგორ იქნება, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მწვავე საკითხები წამოიწევა აუცილებლად, მაგრამ ახლა რაღაც-რაღაცების ბოიკოტირება არ იგეგმება არც ერთი და არც მეორე მხრიდან. დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ბატონი უსუფაშვილის პერსონასაც. ის უფრო მომრიგებელი  და კონფლიქტების ჩამქრობი არის თავისი ბუნებრივი ხასიათით, ვიდრე - კონფლიქტების გამწვავებელი. ამიფტომ, ჩემი აზრით,  ბატონი დავითის პერსონა სერიოზულ როლს ითამაშებს, რომ პარლამენტმა წარმატებით იმუშაოს.

- თქვენ ქუთაისის მაჟორიტარი ბრძანდებით და რას გეგმავთ, რა უნდა გააკეთოთ ქუთაისისათვის?

- რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემები საერთო ეროვნული იქნება, ამიტომ ქუთაისიც იქნება ამ სიკეთეებში. მაგრამ მე ქუთაისის მასშტაბით მაქვს მთავარი ოცნებაც და პირობაც - ერთი, ქუთაისში ძირითადი პრობლემა  არის  24 საათიანი წყალმომარაგება, საშვილთაშვილოდ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი - უწყლობა. 24-საათიანი წყალმომარაგება - ეს გულისხმობს სანიაღვრე და საკანალაზაციო სისტემების განახლებასაც. მეორე, ასევე უმთავრესი პროექტი, რომლის განხორციელებისთვის მზად არის ბიძინა ივანიშვილი, პირობაც აქვს მას დადებული - ეს არის ახალი უნივერსიტეტი, გრანდიოზული პროექტი, რომელიც რადიკალურად შეცვლის ქუთაისის სახეს უკეთესობისაკენ. ქუთაისი უნდა გახდეს ინტელექტუალური ცენტრი არა მარტო საქართველოში, არამედ - რეგიონში. ეს სავსებით შესაძლებელია.

- თქვენ ბრძანდებით დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ამ კუთხით რა გეგმები გაქვთ?

- სერიოზული კომიტეტია იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, კავკასია უშუალოდ ჩვენი უსაფრთხოების საკითხია, დიდი კავკასია რასაც ჰქვია - კავკასიური სახელმწიფოები არის რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ირანი და თურქეთი. ამას დაუმატეთ მეორე დიდი სეგმენტი - ჩრდილოეთ კავკასია. მეორეც, ყოველი მეოთხე ჩვენი თანამოქალაქე  არის ქვეყნის გარეთ.  საკმაოდ ძლიერი დიასპორები გვყავს ჩვენ ევროპაში, ამერიკაში, ტრადიციულად ძლიერი დიასპორა არის რუსეთში, შუა აზიაშიც არიან ქართველები. ასე რომ, ეს სტრატეგიული დანიშნულების მიმართულებაა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პრიორიტეტია,  ქვეყნის გარეთ გასული ქართველები დაბრუნდნენ სამშობლოში აუცილებლად! ისინი ძალიან სჭირდებიან ამ ქვეყანას.

- „ეროვნული ფორუმი“ თუ გეგმავს ცალკე ფრაქციის შექმნას?

- „ეროვნულ ფორუმს“ 6 წევრი გვყავს პარლამენტში და ჩვენ შეგვეძლო, შეგვექმნა ფრაქცია, არანაირი პრობლემა არ გვქონდა. ჩვენ უარი ვთქვით ფრაქციის შექმნაზე იმიტომ, რომ არ ჩავთვალეთ საჭიროდ.

- ასევე გკითხავთ, პრეზიდენტის სიტყვას პარლამენტში როგორ შეაფასებდით?

- პრეზიდენტის სიტყვაზე კომენტარებს ვერ ვაკეთებ, იმიტომ, რომ ეს არ არის ლოგიკური სიმწყობრით აწყობილი სიტყვა. რაღაცები გვითხრა და წავიდა. თუმცა, მე მგონი, თვითონაც არ იცოდა, რა ილაპარაკა. გველაპარაკა, ასევე,  ამ შენობის ისევ გადაკეთებაზე. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ, საერთოდ, რეალიზმის გრძნობა აქვს დაკარგული.

- პრეზიდენტის შემოსვლას სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ფეხზე ადგომით არ შეხვდა, ამ ჟესტს თქვენ როგორ შეაფასებდით?

- ესაა პროტესტი, მიღებული პოლიტიკური პროტესტი. არ ეკუთვნის ჩვენგან და არც არავისგან ფეხზე წამოდგომა მიხეილ სააკაშვილს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2179
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია