საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ამბერკი დვალიშვილი ბიზნესში ბრუნდება
2012/10/15 12:21:30

„ქუთაისის „აია“ ყველა ლუდზე კაია“ - დღემდე ახსოვთ ქუთათურებს ეს ფრთიანი ფრაზა, რომელიც ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია „აია“-ს რეკლამა იყო. ეს ის დროა, როცა „აია“-ს რეკლამებით მოფენილი იყო ქალაქის ქუჩები და ადგილობრივი მედიასაშუალებები. ჩვენს გაზეთში ჩანართსაც აკეთებდნენ, რომელშიც ლუდისა და ლიმონათის შესახებ საინტერესო ისტორიები იბეჭდებოდა, იყო ვიქტორინები და ლუდის სადღეგრძელოების კონკურსიც კი, პრიზად - „აია“-ს ლუდი და ლიმონათი. მაშინ მთელი ქუთაისი და იმერეთი სვამდა „აია“-ს ნატურალურ პროდუქციას. შესაბამისად, ბაზარზეც უპირობო ლიდერები იყვნენ. ქარხნის მახლობლად მცხოვრებნი კი სეზონზე ხილს თითქმის არ ყიდულობდნენ, რადგანაც ქარხანაში ხილის გადამუშავება ხდებოდა, ხილის ნაყენისთვის მხოლოდ კანი სჭირდებოდათ, ხოლო გულებს მეზობლებს ურიგებდნენ საჩუქრად, ქალაქში ხუმრობდნენ კიდეც, მთელი ნიკეა დვალიშვილებს ეხმარება ხილის თლაშიო.

 

მერე კი თანდათან ყველაფერი გაქრა, აღარც სარეკლამო ბანერები ჩანდა ქუჩებში, აღარც სატელევიზიო და საგაზეთო რეკლამები, სამწუხაროდ, პროდუქციაც კანტი-კუნტად შემორჩა ბაზარს. ბოლოს კი საერთოდ გაქრა.

რა დაემართა „აია“-ს? ამ კითხვაზე პასუხს დიდხანს თავს არიდებდა კომპანიის დამფუძნებელი ამბერგი დვალიშვილი. ეტყობა, ამისი დრო არ იყო. ახლა კი დადგა დაგროვილი შეკითხვების პასუხის დრო.- სად გაქრა „აია“, ბატონო ამბერკი?

- კი არ გაქრა, გააქრეს. დიდხანს ვერიდებოდი, ღიად მესაუბრა ყველა იმ პრობლემაზე, რომელმაც გამოიწვია „აია“-ს გამიზნული ჩაძირვა, მაგრამ თავს ვიკავებდი, არა იმიტომ, რომ ვინმესი მეშინოდა, უბრალოდ, აზრი არ ჰქონდა რამის თქმას. დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი რეზონანსი არ მოჰყვებოდა ჩემს ნათქვამს. როცა კაცმა იცი, რომ უშედეგოდ აკეთებ რამეს, თუ კაცობა გაქვს, თავი არ უნდა დაიმცირო. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ვიყავი გაჩერებული ამ დრომდე. მოთმინებით ველოდი ჩემი სიმართლის დადგომის დროს.

- თქვენი სიმართლე რა არის?

- ჩემი სიმართლე ის არის, რომ ბინძური  ბრძოლები   წამოიწყეს „აია“-ს წინააღმდეგ. ბრძოლები და არა - კონკურენცია. კონკურენტულ გარემოში როცა ხარ, კი არ ინგრევა წარმოება, პირიქით, უფრო მეტად ვითარდება. ჯანსაღი კონკურენცია სტიმულია, ჩვენს ქვეყანაში კი ჩაძირვას ჰქვია კონკურენცია. „აია“-სთან ბრძოლა სარეკლამო ბანერების დასვრით დაიწყეს, საღებავს ასხამდნენ, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა და ყოველ ჯერზე ვცვლიდით. ეს რომ არ გაუვიდათ, პირდაპირ მოგვთხოვეს, თქვენი ბანერები ქალაქის იერსახეს ამახინჯებსო, არადა თავის დროზე ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვით, იჯარით გვქონდა აღებული, მოსაკრებელსაც ვიხდიდით, რაღა თქმა უნდა.

სხვა გზა არ იყო, დავმორჩილდით და რამდენიმე ადგილზე ავიღეთ. გზაგამტარ ხიდთან ვიღაცამ ღამით მოიპარა დიდი ბანერი თავის ბოძებიანად. ერთ-ერთი ბანერის გამოცვლა მომთხოვეს, ეგონათ, რომ ვერ გამოვცვლიდი, საღამოს კი, მეტი მიზეზი რომ ვერ მოიფიქრეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ მოსწონსო, ისე გავბრაზდი, ჩემივე ხელით ჩამოვხიე.

- მედიასაშუალებებში განთავსებულ რეკლამაზეც იყო ზეწოლა?

- არა, ცოდვას ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ ბინძური ბრძოლის გამო საერთოდ ჩავიქნიე ხელი რეკლამაზე. ამას მოჰყვა ის, რომ სავაჭრო ქსელიც დავკარგეთ. ის მარკეტები, რომლებიც ადრე ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობდნენ, უარით ისტუმრებდნენ ჩვენს დისტრიბუტორებს. მიზეზად მაღალ ფასს უსახელებდნენ. საქართველოში მსხვილი სუპერმარკეტების ქსელის დირექციასთან საერთოდ არ შეუშვეს ჩვენი წარმომადგენელი, კარებშივე მიახალეს - „ქუთაისური პროდუქცია არ გვაინტერესებსო.“

- ასე იოლად დამორჩილდით ბედს?

- ეს ის პერიოდია, როცა ბაზარზე შემოვიდა კომპანიები, რომლებსაც ისეთი ლობისტები ჰყავდათ, რომ მათი ძალა აღმართს ხნავდა. ჩვენს წინააღმდეგ წამოიწყეს ბინძური კომპანია, გინებების, შეურაცყოფების.  საკუთარ ქალაქში დამიწყეს პიროვნული შეურაცხყოფა. მაღაზიებს აშინებდნენ, თუ არ მიიღებთ ჩვენს პროდუქციას მოგაკითხავს საფინანსო და საგადასახადოო. ერთ-ერთ ჩემს ობიექტშიც შევიდნენ (არ იცოდნენ, რომ ჩემი ობიექტი იყო) მათაც დაემუქრნენ. ქუთაისში არაფერი იმალება, ჩემთვის ყველაფერი ცნობილია, მაგრამ...

- ბატონო ამბერკ, ჩვენს ბაზარზე, ბრენდირებული უალკოჰოლო სასმელების გარდა, მრავლადაა იაფფასიანი ლიმონათიც, ე.წ. კუსტარული საამქროების პროდუქცია. მათ როგორ გადაირჩინეს თავი?

- იაფი პროდუქცია უფრო მოგებული გამოვიდა, დაბალი სოციალური დონის შემთხვევაში მათ არც გაუჭირდებათ. აბა, მითხარით, როგორ შეიძლება, 33 თეთრად მიყიდო ქსელს ლიტრიანი ლიმონათი, ეს ხომ მარტო ბოთლის და საცობის ფასია, ლიმონათი 80% წყალს შეიცავს, მაგრამ ამას გარდა - ის 20% ხომ არის ინგრედიენტები?! ნატურალური ხილის ნაყენი ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია; შაქრის შემცვლელი, არომატიზატორი, რომელსაც ისინი იყენებენ, პლუს მუშა ხელი, გადასახადები - 33 თეთრი ეყოფა ამ ხარჯს?

- თუ მოგება არ რჩებათ, მაშინ რატომ უშვებენ პროდუქციას?

- მე არ ვამბობ, რომ არ რჩებათ, რჩებათ იმიტომ, რომ იყენებენ მეორად ბოთლებს, შიგ რაც ასხია, ისე შორს არის ლიმონათისაგან, როგორც მე და მაო ძე დუნი, მაგრამ არანაირი კონტროლი არ არსებობს. შხამი რომ ჩაასხა ბოთლებში, ისე კარგად გაყიდი, წარბსაც არ შეგიხრის ვინმე. მყიდველიც არ კითხულობს რას ყიდულობს. ჩვენს ქვეყანაში რაც ლიმონათი იწარმოება ქართულ ხილზე რომ მზადდებოდეს, საქართველოში ქართული ხილის დეფიციტი იქნებოდა.

- სურსათის უვნებლობის სამსახური ხომ არსებობს ქვეყანაში?

- როგორ არ არსებობს, მე სურსათის უვნებლობის სამსახურთან წლების მანძილზე ვთანამშრომლობდი. 2008 წელს წარმოების ხაზი მთლიანად მათი რეკომენდაციებით გავაახლე. მაგრამ ორგანიზაციას ჩამოართვეს ფუნქციები. რაც შეეხება ფასებს, ამის კონტროლი საფინანსო სამსახურების საქმეა. ქვეყანაში კონტროლი რომ არ ყოფილიყო მოშლილი, „აია“ გადარჩებოდა, პარადოქსულ მდგომარეობაში კი არ ვიქნებოდით. სად უნდა გაამხილო კაცმა, ნატურალური ხილის ნაყენზე ვამზადებ ლიმონათს და ვერ ვყიდიო. ეს მხოლოდ ქართული რეალობაა. ერთი ფიქრით, ფასის დაწევა ვიფიქრე, მაგრამ ეს მთლად გაანადგურებდა წარმოებას. 2010 წელს გადავწყვიტე, გამეყიდა ყველაფერი და წავსულიყავი ბიზნესიდან კი არა, საერთოდ, ქვეყნიდანაც. ჩემი ოჯახი წავიდა წინააღმდეგი. თანამშრომლებიც შემეცოდნენ, გაჭირვებაში უანგაროდ მედგნენ გვერდით. მე წავედი ბიზნესიდან, მაგრამ წარმოება იჯარით ჩემს თანამშრომლებს მივეცი. ისინი „კოლხეთის“ მარკით უშვებდნენ პროდუქციას. მაგრამ, ზარალის მეტი, მართლაც ვერაფერი ნახეს.

- ბიზნესიდან თქვენი წასვლა პირველად მესმის...

- მართალია, წასვლა არ განმიცხადებია, მაგრამ უახლოეს დღეებში ვაპირებ, საჯაროდ განვაცხადო ბიზნესში დაბრუნებაზე.

- ახალი ხელისუფლების მოსვლამ ხომ   არ   იმოქმედა   თქვენს    გადაწყვეტილებაზე?

- ნამდვილად ასე იყო, 1 ოქტომბერს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს დღე იყო ჩემი ცხოვრების მთავარი დღე. ან უნდა დასრულებულიყო ყველაფერი, ან გაგრძელებულიყო. დიდება უფალს, გადავრჩი მეც და ჩემი ქვეყანაც. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ, იმთავითვე, იმედი ჩამისახა.

- ბიძინა ივანიშვილის სურათმა ვისი სურათი შეცვალა?

- ინტრიგნული შეკითხვაა, მამაჩემს ერთადერთი კაცის, დოდო აბაშიძის სურათი ეკიდა კაბინეტში, მისთვის ის უფროსი მეგობარი და კაცობის ეტალონი იყო. ბიძინა ივანიშილვი კი მაგონებს ერთ ჩემთვის ძვირფას კაცს, რომელიც გაჭირვებიდან წამოსული იყო, თავისი შრომით მიაღწია შედეგს. გამჭირვებულზე ხელის გამმართავი და ქველმოქმედი კაცი იყო. რაც შეეხება ივანიშვილის სურათს, შვილებმა მაჩუქეს.

- რადგანაც გადაწყვიტეთ ბიზნესში დაბრუნება, აპირებთ თუ არა აქტიურად ითანამშრომლოთ ახალ ხელისუფლებასთან?

- მზად ვარ ჩემი ცოდნა, შესაძლებლობები, გამოცდილება მაქსიმალურად მოვახმარო ჩემი ქვეყნისა და ჩემი ქალაქის განვითარებას.

ამიტომაც მინდა, აქტიურად ვითანამშრომლო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რადგანაც ვთვლი, რომ სოფელი თუ არ აღორძინდა, ქვეყანა დაიღუპება. ჩვენს ქვეყანას კი ამ კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. მჯერა, რომ დაღმართს აღმართი აუცილებლად მოჰყვება.

 

ლელა თოლორდავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2210
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია