დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ ხდები ნემსის მონა...
2012/07/16 13:23:56

ინტერვიუ ნარკოტიკის მომხმარებელ ქალბატონთან

 

ნარკომანია პრობლემაა, რომელსაც ყველა ქვეყანა თავისებურად ებრძვის, თუმცა არსებობენ ქვეყნები, რომლებმაც მის ზოგიერთ სახეობას მწვანე შუქი აუნთეს.  

ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ, ნარკომანი მიიჩნიონ დაავადებულ ადამიანად თუ დამნაშავედ. ოფიციალური მონაცემებით, კაცები ქალებს ამ საქმეში დიდი პროცენტით სჯაბნიან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური თვალსაზრისით, შესაძლოა, ნარკომანი ქალების რაოდენობა უფრო მეტი იყოს.

მარი ახლა 35 წლისაა (რესპონდენტის სახელი შეცვლილია მისი უსაფრთხოების მიზნით) და ამ ნარკოტიკების მოხმარება 25 წლის  ასაკში დაიწყო.

საყვარელი ადამიანის გადარჩენის მიზნით დაიწყო „დემონთან დამეგობრება“.- ... სანამ გავთხოვდებოდი, არ ვიცოდი, ნარკომანი თუ იყო, მერე გავიგე, საერთოდ არ მყავდა ნარკომანი ნანახი, ფიზიკურად არც ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო. ძალიან მიყვარდა, ახლაც მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა წინააღმდეგია ამ სიყვარულის, მე მაინც მიყვარს.

ურთიერთობებში ძალიან თბილი იყო. აგრესია არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ, დავუშვათ, თუ რამეს დაიჭერდა შეცდომას, ერთი კვირის მერე გაგიხსენებდა, ეს შენ რომ გააკეთეო და მერე იწყებოდა დილამდე თავის ტკივილი, ახსნა ერთი და იგივესი... როგორც ასეთი, ცემა ან შეურაცხყოფა არასოდეს ყოფილა.

აუტანელი იყო, უბრალოდ, ის მომენტი, რომ ამდენი ბიჭი მოდიოდა, მერე დილამდე ლაპარაკობდნენ და, ფაქტობრივად, ვერ ვიძინებდი. ფსიქიკურად დავაადდებოდი, მეც რომ არ დამეწყო... ან საგიჟეთში მოვხვდებოდი, ანდა - სარეაბილიტაციო ცენტრში. უბრალოდ, ვეღარ ვუძლებდი.

იცი, რა? მე იქ სრულიად მარტო ვიყავი. ჩემი ქმრის გარდა, არავინ მყავდა. ალბათ, ამ სიმარტოვემ დამღუპა. დედაჩემი რომ ყოფილიყო, ან ვინმე, ვინც რჩევას მომცემდა, ან ახლობელი, ვისაც გავუზიარებდი იმ გულისტკივილს, რომ ის მოდიოდა „კაიფში“, მე რომ გული მტკიოდა, ვერავისთან ვანთხევდი ამ ბოღმას და ამიტომ - მეთქი, ჯანდაბას, მოდი, მეც ამით გავძლებ... ვეღარ ვუძლებდი, გესმით? ძალიან ცუდი იყო ეს ყველაფერი... 

ყველაფერი ერთმანეთს დაემატა... უფრო მეტად საიდან დაიწყო, იცით? ჩემი ქმარი ორჯერ გაიპარა წამალში (ასე ჰქვია), მის მერე დამეწყო შიშები, ვერ ვიძინებდი, მეღვიძებოდა და ვყვიროდი მის სახელს და მეშინოდა, არ წასულიყო.

თავდაპირველად ვუშლიდი არ გაეკეთებინა. შიშებზე ერთი წვეთის გაკეთება დავიწყეთ - მოგიხსნისო, მითხრა, მერე მეორე წვეთი მოჰყვა, მერე - მესამე, გავიხედე ერთ დღეს და დილით მტეხავს, რაღაც, ვერ ვიყავი, მერე მე თვითონ მოვპარე. ამაზე მითხრა, რატო აკეთებ მაგასო. ცუდად ვარ-მეთქი და კარგიო. მერე, იცით, რა ხდება? როგორც სიგარეტზე ფიქრობ, დღეს არა და ხვალ დავანებებ თავსო, ეგეთი სიტუაციაა. შენ გაქვს იმის რწმენა, რომ ერთ დღეს ყველაფერი კარგად იქნება, ერთ დღეს შენ მორჩები. ამის რწმენა რომ არ ჰქონდეს, მაშინ ყველა ნარკომანი უბედური იქნება, ნარკომანს არ ჰგონია, რომ ის უბედურია, ის იმ წუთებში, ასე რომ ვთქვათ, ბედნიერია. როცა გამოდიხარ, მერე ხდები უბედური, რომ ყველაფერს უკვე სხვანაირად უყურებ.

ღმერთმა დაიფაროს ყველა ისეთი ცხოვრებისგან, როგორც მე ვცხოვრობდი. წარმოიდგინეთ, სიცივეში, როგორ მახსოვს, სადარბაზოში ვიდექი, იმის მოლოდინში რომ ხუთ-ათ წუთში გავთბები, ერთ საათში დამირეკავენ, ერთ საათში იქნება!.. დილიდან საღამომდე ხანდახან ისე გამიტარებია სადარბაზოში, ყინვაში, რომ სიცივე არ მიგრძვნია, იმის ფიქრით - მოვა და გავთბები.

ეს ყველაფერი ორი წელი გაგრძელდა, მაგრამ ჩემთვის იყო კარგი სიახლე, მისთვის - უკვე მობეზრებული.

ბევრი რამე ჩემი ბრალიც იყო. მე შევუშალე ბევრ რამეში ხელი. სულ სხვანაირად შემეძლო, გამეკეთებინა ყველაფერი. ბევრჯერ მიშოვია მისთვის ფული... თითქოს ერთფეროვანი ცხოვრება არ მინდოდა რომ ყოფილიყო. ვცადეთ გასვლა სხვა ქალაქში, მაგრამ აგვიყვანეს აეროპორტში. მე მოვასწარი წამოსვლა, ჩემი ქმარი დაიჭირეს და მერე დააღწია რაღაცნაირად თავი. მერე ვეღარ წავედით, ალბათ, ესეც ბედის ირონია იყო. U

უბრალოდ, იმ ქალაქს, იმ საძმაკაცოს და საახლობლოს მინდოდა მოვცილებოდით, მინდოდა, უცნობებთან გვეცხოვრა, სადაც ვერ ვიშოვიდით ვერაფერს. ეს ერთადერთი ვარიანტი იყო, მეტი გზა არ ჩანდა, სიკვდილის გარდა, სიკვდილს ვუყურებდით თვალებში. ორჯერ უკვე ჩავხედე სიკვდილს მის თვალებში. „პერედოზიროვკა“ დაემართა. მე სულ თვითონ მიკეთებდა და ყოველთვის ზომავდა, თავისთვის კი ვერ ზომავდა...

 

 

რა მოხდა საქართველოში დაბრუნების შემდეგ?

საქართველოში რომ დავბრუნდით, მაშინვე ამიყვანეს. ერთი თვე ციხეში გავატარე. ის წავიდა საზღვარგარეთ... წავიდა და წავიდა...

გამოვედი და დავიწყე ცხოვრება, დავამთავრე უნივერსიტეტი.

ამ პერიოდში არ ვაგრძელებდი მოხმარებას. ხანდახან, წელიწადში,  სამ-ოთხჯერ მეტი არა. არ ვეძებდი არასდროს. თუ ჩავარდებოდა მომენტი, მხოლოდ მაშინ, როცა დამპატიჟებდა ვინმე,  ესეც იშვიათად ხდებოდა, თორემ ვინ დაგპატიჟებს დღეს. არასოდეს ფული არ მიძებნია ამისთვის.  ძალიან ბევრი გადავიხადე, ციხიდან რომ გამოვსულიყავი და მაგის თავი აღარ მქონდა. აღარ მინდოდა, ჩემი ოჯახი გამემწარებინა. მეშინოდა, სულ მეშინოდა... ახლაც მეშინია.

დღეს აღარ ვარ ნარკომანი. როცა მარტო რჩები, მერე გიჭირს შოვნაც და ყველაფერი, უბრალოდ, რაღაც აღარ მინდა, გესმით?

ახლა, რომ ვცხოვრობ, ეგ მახარებს მხოლოდ. მაშინ უფრო სხვაგვარად მიხაროდა ყველაფერი, ახლა - არა. ცხოვრება გრძელდება უბრალოდ. ბავშვი რომ მყავდეს, კიდევ მესმის... ბავშვი არ მინდოდა, რადგან ვიცოდი, ჯანმრთელი არ იქნებოდა.

 

რა ხდება ახლა?

ახლა მშვიდად ველოდები დროის მიმდინარეობას. უბრალოდ, ჩემი ქმარი მენატრება და, რა ვიცი, ვნახავ ოდესმე?..

ჩემები  მეუბნებიან,  უნდა  გათხოვდეო,  მაგრამ  რაღაცნაირად  ვარ,   იცით? ვერავის ვუგებ... ალბათ, მე ვერ მიგებენ, თორემ მე შემიძლია, ყველას გავუგო. თან აქ, როცა გაიგებენ, უკვე სხვაგვარად გიწყებენ ყურებას და იმას კი აღარ ფიქრობენ, შენ როგორი ხარ და როგორ აზროვნებ. ამათთვის თითქოს მთავარი არის, როგორი ვიყავი და არა - ახლა როგორი ვარ. წარსული მთავარი არასოდეს არის, მთავარია,  როგორია  აწმყო  და  მომავალი. წარსულიც გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ყელაფერზე, მაგრამ მაინც...

ახლა მიხარია, დღე რომ თენდება და მზე რომ ამოდის. ციხეში ვიგრძენი ეგეთი მომენტი - ყველა ტკივილისგან გავთავისუფლდი, ავდექი ამდენი უძილო ღამეების მერე, გავახილე თვალები და... კარგად რომ ვიყავი, ასე მეგონა, მეორედ დავიბადე. იმ დღის მერე სულ იმ მომენტს განვიცდი. ახლაც, როცა გავიღვიძებ, რომ არ მტკივა არაფერი, ამით ვარ ბედნიერი... რაღაცის მონა აღარ ვარ და რაღაც პატარა ნემსის გამო რისკზე არ მივდივარ. ის ნემსი თითქოს ბატონობს შენზე და იმის გარეშე არ შეგიძლია. წარმოიდგინეთ, დაპატიჟებული რომ ხარ დაბადების დღეზე და ვერ მიდიხარ; საზოგადოებას სწყდები იმიტომ, რომ ცუდად ხარ, ჯერ უნდა გაიკეთო და მერე უნდა მოაგვარო ყველაფერი. შენ რომ იმაზე ხარ დამოკიდებული, ყველაფერს წყდები აბსოლუტურად. მონა ხდები და მონობა როდის იყო კარგი? უკვე სამი წელია, რაც აღარ ვარ მასეთი.

არ ვარ დაზღვეული, შეიძლება, კიდევ განმეორდეს... არ მეგონა, ოდესმე თუ დავიწყებდი  ამას   და,   სადაც    ეს    დავიწყე,   იქ  უკვე,  ოდესმე  შეიძლება  მოხდეს ისე, რომ ისევ გავიკეთო. შეიძლება, აღარ გავიკეთო; შეიძლება, იმ ჭკუაზე დავდგე, რომ სიკვდილი მინდოდეს და მაშინ გავიკეთო... მე არ ვიცი, რა იქნება, მომავალს არასოდეს ვგეგმავ. უბრალოდ, ფიქრებით ვიაზრებ, სად უნდა წავიდე და რა უნდა გავაკეთო.

 

მარი და საზოგადოება...

ჩემთან არავინ ამბობს, მაგრამ ზურგს უკან ვხვდები, რომ საზოგადოება მაინც გრიყავს...

როცა ამბობენ, საზოგადოებისთვის ისევ ისეთი ხარო, არა! მე ხომ ვგრძნობ ამას: ახლობლები ჩვეულებრივად, თბილად და ძალიან კარგად მექცევიან, მაგრამ ზურგს უკან მაინც...

კედელი აღიმართება, შენ მიბრუნებული ხარ და ამ კედელთან ზურგით დგახარ; შენ ვერ ხედავ, მაგრამ ყველაფერს გრძნობ, უბრალოდ, შეიძლება, შენნაირმა და ოჯახის წევრებმა გაგიგონ, ისინი არასოდეს გაგწირავენ. ვეღარ ვენდობი, ჩემი ოჯახის წევრების გარდა, ვეღარავის ვენდობი.

ჩემნაირ ადამიანებთან ვიმსუბუქებ სულიერ მდგომარეობას, გულს ვიოხებ, საუბარი მინდა მათთან. დავუშვათ, წამალი კი არ გავიკეთო, წამალზე მინდა ვილაპარაკო და   მით  ტვინი  დავაკმაყოფილო...  ამით თითქოს ვანაყრებ ჩემს თავს, სადღაც, მსიამოვნებს მაგაზე ლაპარაკიც.

მინდა, დავეხმარო ჩემნაირ ადამიანებს. სხვათა შორის, სტატიას ვწერ და, ალბათ, კარგი გამოვა, ფსიქოლოგიურად მინდა, რაღაც გამომივიდეს. უნივერსიტეტში ლექცია მინდოდა წამეკითხა, მაგრამ ხელი შემიშალეს: გავიშიფრებოდი. ახლა შემიძლია, ეს ქუთაისში გავაკეთო, იმიტომ, რომ აქ უკვე იციან და არც მრცხვენია, ამით ხომ მე პროპაგანდას არ ვუწევ, პირიქით - ანტი არის ყველაფერი.

მონასტერშიც ვიყავი... როგორი მომენტია, იცით? შენ თვითონ უნდა იყო ძლიერი, სხვა ვერ გაგაძლიერებს. აი, ეს ვიგრძენი გესმით? ვერანაირი მოძღვარი გიშველის, შენ თვითონ თუ არ ხარ ძლიერი. ეს სიძლიერე მე არ აღმომაჩნდა.

როცა ღმერთთან დგახარ და ხატზე ლოცულობ, იქ სხვა რამეზე არ უნდა იფიქრო, მომიტევოს უფალმა და მე ვფიქრობდი, ფიქრები გამირბოდა, ოღონდ - ცუდზე არა.

ჯამრთელ ცხოვრებას არაფერი ჯობია. ეს მაშინ ვიგრძენი, პირველად ტკივილი რომ მოვიხსენი და მზეს შევხედე. ღმერთმა ქნას, ეს ტკივილი არავის გამოაცდევინოს. ძალიან ძლიერი ტკივილია, მით უმეტეს - მშობლისთვის.

ღმერთმა ქნას, რომ არავინ გამოსცადოს ეს საშინელება. თუ გამოსცდის, მაშინ უნდა მოკვდეს ადამიანი, მე ასე ვთვლი. იმიტომ, რომ მერე ბედნიერი ვერასოდეს  იქნები.  ნეტა  მოვმკვდარიყავი, მაგრამ ჩემები მეცოდებოდნენ, ციხეშიც რამდენჯერ მიფიქრია ამაზე... მაგათთვის ხომ მაინც მკვდარი ვიყავი, როცა ვიკეთებდი, არა? მოსიარულე გვამი ვიყავი იმ წუთში, მეტი არაფერი... თუ გაიკეთებს ადამიანი და მოეწონება, ჯობია, მოკვდეს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2070
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია