დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მე მგონია, ხალხი საერთო ენას მოძებნის“
2012/06/25 13:10:52

აფხაზეთიდან გადმოსული ქართველის ნაამბობი

19 წელია, აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა-გადმოსვლა გაძნელებულია. მიუხედავად ამისა, იქ მცხოვრები ქართველები (და არა მარტო ისინი) როგორღაც ახერხებენ, რამდენიმე დღით დატოვონ აფხაზეთი და სამედიცინო დახმარებისათვის თუ თავიანთი დიდი ხნის უნახავი შვილების სანახავად საზღვარი გადმოკვეთონ. ამას უშიშროების სამსახურების ნებართვისა და საშვის გარეშე ვერ შეძლებენ.  

სწორედ ასე ჩამოვიდა აფხაზეთში მცხოვრები ქართველი ცოლ-ქმარიც ოპერაციის გასაკეთებლად ქუთაისში.

როგორ შეგვეძლო იქაურ ყოფასა და გარემოზე არ გვეკითხა, ან იმ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, რომელსაც მავანნი შორიდან ასე ალმაცერად უყურებენ და მუქ ფერებში ხატავენ.

 

ისინი სოხუმიდან თხუთმეტიოდე წუთის სავალზე, სოფელში ცხოვრობენ. მათი ერთადერთი შემოსავალი  ასაკობრივი პენსია და ის მოსავალია, რომელიც მიწის პატარა ნაკვეთზე მოჰყავთ. არაჩვეულებრივი ქართულით, სრულყოფილად და ნათლად დაგვიხატეს ის სურათი, რაც იქ ხდება.

ქალბატონი ცირა (გვარს, რესპონდენტის თხოვნით, არ ვასახელებთ) გვიამბობს:

- საშვი, რომელსაც აფხაზეთის უშიშროება გასცემს, ერთგვარ ვიზასავითაა, თუმცა, ვიზა რომ იყოს, კიდევ უკეთესი იქნებოდა. ჩვენ ერთთვიანი საშვი მოგვცეს და ამ ერთ თვეში უნდა ჩავეტიოთ. თუ გადავაცილებთ ერთ-ორ დღეს, შეიძლება, არც არაფერი გვითხრან, მაგრამ მაინც დანიშნულ დროს გადავალთ.

სხვა სიტუაციაა, როცა უფრო შიგნით შედიხარ, აფხაზეთის სიღრმეში. იქ ამ საშვსაც არავის აძლევენ. მას შემდეგ, რაც რუსებმა აიღეს აფხაზეთი, ძალიან გაჭირდა გადაადგილება. ადრე თავისუფლად დავდიოდით, ომის შემდეგაც კი. მაგალითად, ომის დროს ბავშვები რომ გამოვუშვით, არ ვიცოდით, სად იყვნენ და სადღაც ერთი წლის შემდეგ გადმოვედით მათ სანახავად, ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტი რომ ჰყავდათ, არძინბა, მაშინაც კი იყო მიმოსვლა, ხალხი ვერ უძლებდა იქაურ ყოფას და ამას რომ ხედავდნენ, თავად აფხაზებსაც გადმოჰყავდათ მანქანებით. საზღვრამდე მოიყვანდნენ და მერე აქეთ ვინმე ნათესავი დახვდებოდა და ხიდზე გადმოდიოდნენ.

ომის შემდეგ, თავდაპირველად, ერთი წლის განმავლობაში, ძალიან რთული იყო ცხოვრება, სხვადასხვა ეროვნების ხალხი შემოდიოდა კავკასიიდან, თუ ციმბირიდან... კაზაკებიც ერია. უფრო მეტად კავკასიელები იყვნენ და მათ, უბრალოდ, ქართველი რომ გაეგონათ, მაშინვე დევნიდნენ.

ომის დროს ქალბატონი ცირას სამივე შვილი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა და აქ გააგრძელეს ცხოვრება - ნულიდან, არაფრის გარეშე. მისი დედა, რომელსაც მთელი ცხოვრება აფხაზეთში ჰქონდა გატარებული და უკვე მოხუცი იყო, კერას ვერ გააცივებდა და არც უფიქრია, დაეტოვებინა სახლ-კარი. ისიც კი უთქვამს, მე აქ მინდა დავიმარხო, ჩემს წინაპრებთან და თქვენ სადაც გინდათ, იქ წადით მერეო. იგი 86 წლისა გარდაცვლილა და უკანასკნელი სურვილი შეუსრულეს.

- ბავშვები 26 სექტემბერს გამოვუშვი, ჩემმა ძმამ გადმოიყვანა სვანეთიდან, კოდორის ხეობიდან. ჩვენ მეორე დღეს უნდა წამოვსულიყავით, მაგრამ სახლში გვყავდა ქალაქელი ნათესაობა, ჩვენთან იყვნენ შემოხიზნულნი. როცა ქალაქის დაბომბვა დაიწყეს, ჩვენი სოფლიდან ქალაქამდე 10-15 წუთის სავალია და ჩვენთან შეაფარეს თავი. მათ შორის მოხუცებიც იყვნენ და ვერ მივატოვებდი. ვფიქრობდი, მე რომ წავიდე და ეს ხალხი აქ ჩახოცონ, როგორ იქნება! და სანამ ყველას არ დავაბინავებ, ვერ წავალ-მეთქი. ბოლო დროს, როცა უკვე უნდა წამოვსულიყავით, ჩვენი სოფელი ალყაშემორტყმული იყო და ვეღარ გავბედეთ გადმოსვლა. ტყიდან კი შეიძლებოდა, მაგრამ იქ სადმე ჭურვები იქნება დაყრილიო, საშიშიაო და ვერ გავბედეთ, ჩავრჩით ასე...

ერთი წლის შემდეგ მაინც მოახერხეს და შვილები მოინახულეს. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შეძლეს გადმოსვლა, მაგრამ შვილებმა რომ მშობლიური სახლი მოინახულონ, ამას ვეღარ ახერხებენ. ის კი არა და, აქედან უკვე მობილური კავშირიც შეუწყვიტავთ. იქიდან თავისუფლადაა შესაძლებელი, დაურეკონ ნათესავს და მოიკითხონ. რაც შეეხება ფასებს, საკმაოდ მაღალია და ერთი წუთის ღირებულება ორ ლარს აღწევს.

ბოლო დროს აფხაზეთიდან, უმეტესად სამედიცინო დახმარებისათვის ჩამოდიან. ქალბატონი ცირა და მისი მეუღლეც აქ სწორედ ამის გამო იმყოფებიან. მეუღლეს თვალის ოპერაცია გაუკეთეს. როდესაც ვკითხე, რატომ მოდიან ასე ხშირად აფხაზები აქეთ-მეთქი, ქალბატონმა ცირამ მითხრა:

- ჩვენ კიდევ ვერ წამოვიდოდით, აქ შვილები რომ არ გვყოლოდა. იქ არის ისეთი ლაპარაკი, რომ თვითონ აფხაზებიც მოდიან აქეთ სამკურნალოდ - ძვირი გვიჯდება მკურნალობა მოსკოვში და კრასნოდარშიო. აქ ცოტა შეღავათია. მერე, რადგანაც ნახეს, რომ აქეთ შედარებით იაფია, ხელმომჭირნედ ვინცაა და ავად-მყოფი მძიმედ ჰყავს, ამბობენ: მე ვინც მიშველის, იმასთან მივალო. უფრო საერთო ენას მოვძებნიო. რამდენიმე  აფხაზი ვნახე, რომლებმაც გულის ოპერაცია გაიკეთეს აქ და კმაყოფილები იყვნენ: როგორ გვექცეოდნენ საქართველოშიო, ქართველებმა პატივი გვცესო! ჰოდა, მე ვუთხარი: მაშინ რომ იძახდით, ქართველები ასეთები ხართ და ისეთებიო? არა, თურმე სულ სხვანაირი ხალხი ყოფილაო.

იყო ასეთი ფაქტიც, 28 წლის ბიჭს ავარია მოუვიდა და მის მერე ჩავარდნილი იყო, ფეხზე ვერ დგებოდა. იმათ სანათესაო ჰყავთ აქეთ და ჩამოიყვანეს ახალი წლის შემდეგ. იმ ბიჭმა მოახერხა დაჯდომა. მამამისი იძახდა, რატომ მაშინვე არ წავიყვანე, როცა ეს შეემთხვაო. მანამდე ერიდებოდა: „მერე აქ დაიწყებენ: „ოო, იქ მიდიან, საქართველოშიო“...

ჩვენს სოფელში იყო ჰოსპიტალი. ქართველი ექიმებიც იყვნენ ომის დროს, დაჭრილები ყველა იქ მიჰ-ყავდათ. ახლა გააფართოვეს, გაარემონტეს, დანადგარებიც მოიტანეს, მაგრამ ქირურგები არ ჰყავთ. ომამდე ვინც მუშაობდა, ზოგი აღარ არის ცოცხალი. ახალგაზრდები კიდევ, ერთი-ორი თუ იქნება.

როგორც ქალბატონი ცირა იხსენებს, აფხაზეთსა და ქართველებს შორის, თავდაპირველად, ერთმანეთის უნდობლობა და შიში იყო. ერთმანეთთან მისვლისას ყველას ეჭვის თვალით უყურებდნენ.

- თუ ვინმე შემოვიდოდა სტუმრად, გარეთ იხედებოდნენ, ათვალიერებდნენ: ხომ არავინ გვითვალთვალებს, არავინ დაგვესხასო. არ გვენდობოდნენ. მერე თანდათან ძველი ფესვები გამოჩნდა და ცოტა დათბა ურთიერთობები.

დღეს მათ სოფელში თურმე სამი გვარის ხალხი ცხოვრობს. ომის შემდეგ ჩამოსახლებულა ოჩამჩირის რაიონიდან რამდენიმე ოჯახი, რომლებსაც სახლ-კარი მთლიანად გადაეწვათ. ცარიელ-ტარიელებმა, მეზობლების ხელის შემყურედ დაიწ-ყეს ცხოვრება. როგორც ქალბატონი ცირა გვიამბობს, ახალგაზრდები თითქმის აღარ ცხოვრობენ, რუსეთსა და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე არიან წასულ-წამოსულები, მოხუცები კიდევ - დაიღუპნენ და ასე ნელ-ნელა ცარიელდება ერთ დროს ხალხმრავალი სოფლები. ახსოვს, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდა აფხაზებთან, ერთმანეთის ქორწილებში, ნათლობებში დადიოდნენ.

მამამისი მეტყევე ყოფილა და ხშირად სხვადასხვა ადგილას ცხოვრება უხდებოდათ. აფხაზეთის სამი-ოთხი რაიონი მოვლილი აქვთ. ცხოვრობდნენ ოჩამჩირის რაიონში, ახალ ათონში, ერთ სოფელში აფხაზურ სკოლაშიც კი სწავლობდა. აფხაზური ენის უცოდინარობის გამო მეზობლის ბავშვები ეხმარებოდნენ და უთარგმნინდნენ. სკოლა მწერალ მიხეილ ლაკერბაის სახელს ატარებდა, მისი სახლმუზეუმიც ჰქონიათ გაკეთებული, სადაც უამრავი მწერალი იკრიბებოდა.

რამდენიმე საინტერესო ფაქტიც გვიამბო აფხაზეთთან ურთიერთობაზე.

- ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. საუბარი უფრო მეტად რუსულად და მეგრულად გვიხდება. არის ზოგი ისეთი აფხაზი, რომელიც მეგრულად საუბრობს. ერთმა აფხაზმა მითხრა -შენ მეგრელი ხარ თუ ქართველიო? მე ვუთხარი, ქართველი ვარ და მეგრელიც-მეთქი, პასპორტი მაჩვენე, ქართველი რატომ გიწერია მაშინო. დავუწყე ახსნა, რომ ეთნიკური ჯგუფები გვაქვს და ჩამოვუთვალე. მინდოდა მეთქვა - აფხაზებიც-მეთქი, მაგრამ გავჩერდი. მაგის გულისთვის იყო ბრძოლა-მეთქი, გავიფიქრე და გავჩერდი. ახლა კიდევ არის შერეული ოჯახებიც, შემოდიან, გვესაუბრებიან ჩვენს ენაზე - მეგრულად. ცუდი ამბავი და კარგი ამბავი ვიცით, პატივს გვცემენ. მიმოსვლა და მეზობლობა გვაქვს. ბევრი მეგრელ-აფხაზებიან, არიან აფხაზები, რომლებსაც მეგრული გვარები აქვთ, მაგრამ აფხაზობენ. აქედან, რომ გაცხრილო, იქნება 10-15 პროცენტი  სუფთა აფხაზი, „გვარის მიხედვით“.

მე მგონია, ხალხი საერთო ენას მოძებნის, ეს პოლიტიკა რომ არ უშლიდეს ხელს. მაგრამ პოლიტიკაში ჩვენ რას ჩავერევით.

თვითონ პოლიტიკოსები აქეზებენ ისევ ერთმანეთს. თავიდანვე რუსის ინტერესი იყო - ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ყოველთვის ცდილობდა, ხელში ჩაეგდო ეს ტერიტორია. ახლა ყველგან რუსის ჯარი დგას, გააკეთეს ქვეყნის „გარადოკები“ თავიანთი ოჯახებისთვის.

ხუთი ათასი მარტო გალის რაიონშია. აქვთ სანაოსნო და საავიაციო ბაზები. ოჩამჩირეში გემიც ჰყავთ და კატარღებიც. კოდორის ხეობაში ყველგან ისინი არიან. იქედან არ უშლიან ხელს, რომ საქართველოში იარონ. ერთხელ, გადმოსვლისას, ერთ სვანს ვკითხე, თქვენ გიშლიან ხელს-მეთქი? და „ო, შემიშლიან ხელს კი არა, აქეთ მყავს ყველა და არ წამოვიდეო?“

როგორც ჩვენი  რესპონდენტი  გვიყვება, ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ სწავლა გააგრძელონ, საქართველოს პასპორტით შეუძლიათ გავიდნენ ამერიკაში და ევროპაში, მაგრამ აფხაზეთის პასპორტით მხოლოდ რუსეთში გადასვლას ახერხებენ. თურმე აფხაზების დიდი სურვილიც არ ყოფილა, რომ მათ სწავლა სრულფასოვნად გაიღრმავონ. 

აფხაზეთის სასულიერო წრე განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამს იმას, რომ ჩვენი ეპარქიის დაქვემდებარების ქვეშ შედიან.

მათ ეპარქია არ აქვთ და ჩვენი პატრიარქი არის უფლებამოსილი მათზე. რუსეთში საერთო სინოდის დროს, როგორც ამბობენ, იმათი მთავარი ვინც იყო, ქართველების ჯგუფში ყოფილა და  მოწინააღმდეგეებს სურათი გადაუღიათ. ჩვენ ვართო დამოუკიდებელი მხარე და ამ მხრივაც დამოუკიდებლები უნდა ვიყოთო! დიდი სურვილი აქვთ, რომ გამოეყონ საქართველოს ეპარქიას, მაგრამ დღემდე ვერ ახერხებენ. იმიტომ, რომ რუსი არ აძლევს ნებას. არ შეიძლებაო და მათ შორის დავა მიდის. აწყობენ მიტინგებს, ჩვენს ენაზე გვინდა რომ იყოს წირვა-ლოცვაო. ამას რუსი ღვთის მსახურები ეწინააღმდეგებიან, რუსებიც არიან მსახურები. წირვა-ლოცვა რუსულად და აფხაზურად ტარდება, მაგრამ აფხაზები ამბობენ, რომ თავდაპირველად წირვა იყო მხოლოდ ჩვენს ენაზე და დაგვიბრუნეთო. ვინ გაიგებს ახლა იმ ლოცვებს აფხაზურ ენაზე, ჯერ ისეთი რთულია აფხაზური, რომ თავად აფხაზებმაც არ იციან ბევრი რამ. დედა თუ ჰყავს ვინმეს ქართველი, მან აფხაზური არც იცის კარგად.

არ შეგვეძლო, ქალბატონი ცირასათვის არ გვეკითხა იმის შესახებ, რაც სახლების გაყიდვა-გაპარტახებას ეხება.

- ქალაქში კარგი ბინები და კარგი ადგილები სადაც იყო, იქ შესახლებული არიან თვითონ აფხაზები. ვისაც ნათესავი ჰყავდა, იმის ბინას იცავენ და ინახავენ, და თუკი ენდომებათ, შეიძლება გაუყიდონ და ფული გაუგზავნონ, მასეც ხდება, მაგრამ, თუ უპატრონო და კარგი სახლია, თავად ცხოვრობენ. რუსები ამ საქმეში არ ერევიან. თვითონ აფხაზები რუსებს არაფერს არ უფორმებენ, სოფლებში უფრო მეტად რომ შემოვიდნენ, მაშინ გადაწვეს სახლები. რომლებიც უპატრონოა, იმას კი აწვიმს, ათოვს და უპატრონო სახლი კარგად როგორ იქნება!

დღევანდელ სიტუაციას ქალბატონი ცირა ასე აფასებს:

- დღევანდელ დღეს, რომ ვთქვათ, ცუდი არ არის მდგომარეობა, არც ისეა საქმე, რომ ვისმენ, შევიწროვებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობაო. თუმცა არის ასეთი შემთხვევებიც. გალში, მაგალითად, აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, რასაც უშლიან და აფხაზური მოქალაქეობა მიიღეთო, მოითხოვენ. ამ მხრივ გალი ორჭოფულ მდგომარეობაშია. როგორც ლტოლვილები, ისე არიან ისინი. და ორმაგად იღებენ დახმარებას.

ბევრს ჰყავს აქეთ ნათესავები, შეხვედრებს აწყობენ ხიდის თავზე. აქაური იქაურს ხვდება. იმათი შეხვედრა მაქვს ნანახი, როგორ არიან, როგორ ემშვიდობებიან ერთმანეთს. ერთხელ შევესწარი, მამა და შვილი რომ შეხვდნენ. ომის დროს დედას პატარა შვილი წამოუყვანია, მამა ომობდა. დედა ქართველი იყო და რამდენიმე წლის შემდეგ მოაწ-ყვეს შეხვედრა. ცოლ-შვილი აქედან თავისი ნათესაობით და ბიჭი იქიდან - ნათესაობით. რომ გადმოვიდნენ, ბავშვი ჩაეკრა დედას და არ უშვებდა ხელს. ბებიამ უთხრა, შვილო, შენი მამა ის არის, რომ მოდისო და, ბავშვი არაფრით არ მიეკარა, სამხედრო ფორმით იყო მამა. ძლივს მოგლიჯეს დედას ბავშვი და მამას წაუყვანეს. ჩაიხუტა, კოცნა შვილი, მერე ისე საცოდავად ჩაიკეცა და ტიროდა კაცი. არც ბავშვი მიეკარა, არც ცოლი გაჰყვა. ძალიან ცუდი სანახაობაა, როცა ასეთ ფაქტს ესწრები... და ამის მსგავსი უამრავი გვინახავს. ვისაც უნდა აქედან აფხაზეთში შესვლა, იქ ნათესავი ხვდება. ის ნათესავი უშიშროებას მოელაპარაკება და შეიძლება შეუშვან. თავისუფლად, შენს ნებაზე ვერ შეხვალ-გამოხვალ. იქაურსაც არ შეუძლია გადმოსვლა თავის ნებაზე.

 

***

ძველი და ემოციური ამბების გახსნების შემდეგ ქალბატონ ცირას აღელვება დაეტყო. იმის იმედით, რომ სხვა დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე შევხვდებოდით, ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია