დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პაატა ზაქარეიშვილი: „ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ აფხაზებს და ოსებს“
2012/02/13 12:06:11

„ჩვენ დავკარგეთ საქართველოს უდიდესი ტერიტორიები, აფხაზეთი და სამაჩაბლო. ჩვენ არ ვართ კომპიუტერული თამაშების გმირები, რომ ომით მოვაგვაროთ პრობლემა. ჩვენ უნდა დავიწყოთ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობის მშენებლობა,“ - ჩვენთან ინტერვიუში ამბობს „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ თანამშრომელი პროფესორი პაატა ზაქარეიშვილი. ინტერვიუ ამ დღეებში ქუთაისში ჩავწერეთ.

- ბატონო პაატა, მოდით, დავიწყოთ თავიდან: წლების წინ რამ გამოიწვია ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის გაუცხოება. რასაც საომარი კონფლიქტი მოჰყვა. დღეს ეს ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული. 

- სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ,  ქართველმა ხალხმა ბოლომდე ვერ გაიაზრა აფხაზი და ოსი ხალხის ინტერესები. ვერ ჩართო ისინი სახელმწიფო მშენებლობაში და ამან გამოიწვია მოძმე ერებს შორის გაუცხოება. რუსეთმა, პრაქტიკულად, მოახერხა აფხაზი და ოსი ხალხების ინტერესების მეტად გაზიარება და მათი დაკმაყოფილებისათვის გადადგა ნაბიჯები, რომლის შემდეგ, საქართველოს მხრიდან დაიწყო საომარი მოქმედებები აფხაზეთში. ეს იყო 1991-1993 წლები. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვა აფხაზეთიდან ქართველების გამოძევება. დევნილების დიდი ნაწილი საქართველოში დაფუძნდა, გარკვეულმა ნაწილმა დატოვა საქართველოს ტერიტორია და გახდნენ სხვა სახელმწიფოებში ლტოლვილები, განსაკუთრებით - რუსეთში.

- გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყო კონფლიქტის დათბობა. ერგნეთის ბაზრობაზე ქართველებსა და ოსებს შორის ვაჭრობა მიმდინარეობდა, აფხაზი პოლიტიკოსები, პრაქტიკულად, დიალოგზე მოდიოდნენ... შემდეგ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ახალი ხელისუფლების მოსვლით რატომ გაუარესდა კონფლიქტი?

- თამამად შეიძლება ვთქვა, რომ ისეთი დადებითი დინამიკა, რაც ქართულ და ოსურ კონფლიქტს ჰქონდა, დედამიწის ზურგზე არცერთ კონფლიქტს  არ   ჰქონია. პრაქტიკულად, ცხრა წელიწადში ყველა პრობლემა მოისპო, გარდა პოლიტიკისა. უკვე პოლიტიკოსებიც მოდიოდნენ დიალოგზე, პრაქტიკულად, დაბრუნდა ყველა დევნილი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ტერიტორიაზე. მეტიც, უფრო შეიცვალა ვითარება, გზები გაკეთდა, ინფრასტრუქტურა განვითარდა და ამიტომ ის ქართველებიც დაბრუნდნენ, რომლებიც მიზეზთა-მიზეზის გამო ომამდე წამოსულები იყვნენ. ასე რომ, უაღრესად დადებითი მდგომარეობა იყო 1992 წლიდან მოყოლებული, თუ არ ვცდები, 2001 წლამდე. 2001 წელს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად კოკოითი აირჩიეს. ეს ჩვენი ბრალიცაა, ჩვენ ხელი არ შევუწყვეთ, კონკრეტულად ჩიბიროვის დარჩენას. მაგრამ პროცესი მაინც მიმდინარეობდა ნორმალურად 2004 წლამდე. 2004 წელს სააკაშვილი-ოქრუაშვილის ავანტიურა იყო. რატომღაც, ჩათვალეს, რომ თუ აჭარაში მოაგვარეს პრობლემა უმტკივნეულოდ, სამხრეთ ოსეთშიც ამას გააკეთებდნენ. მაგრამ ჩაუვარდათ პროექტი და, ფაქტიურად, გამოიწვია უფრო დიდი გაუცხოება ოსებსა და ქართველებს შორის. იმის მაგივრად, ქართული მხარე ჩართულიყო ოსი მხარის ინტერესების დაცვაზე, მან უარესი გააკეთა: შექმნა ოსურ-ქართული დაპირისპირება, დიმიტრი სანაკოევის სახით. ამ პროექტით ოსეთში ორი ცენტრი შეიქმნა, რაც იყო სრული გაუცხოება ოსებისა საქართველოს მხრიდან. უკვე გაწყდა ყოველგვარი დინამიკა, ყოველგვარი დიალოგი. ეს 2006 წლის ნოემბერში ხდება.

- ხშირად ამბობენ, სააკაშვილისა და პუტინის არადიპლომატიურმა ურთიერთობამ განაპირობა საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტების გაუარესებაო. ეთანხმებით ამ აზრს?

- მე მგონია, რომ სააკაშვილსა და პუტინს შორის დაპირისპირება სწორედ 2004 წელს სამხრეთ ოსეთში ესკალაციამ გამოიწვია. მართლაც ხშირად ამბობენ, თითქოს სააკაშვილსა და პუტინს შორის ურთიერთობის გაფუჭების გამო გაფუჭდა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაო. პირიქითაა, გაფუჭდა ის პირობები, რა პირობებითაც მიდიოდა კონფლიქტზე ზემოქმედება სამხრეთ ოსეთში. მაქვს საუბარი, 2004 წლის ესკალაციაზე, რაც იყო სააკაშვილისა და ოქრუაშვილის ავანტიურა. რუსეთი არ ელოდა ამას. არადა, შეიძლება ვიღაცამ იკითხოს, რომ ვინ ეკითხებოდა რუსეთსო. ჩვენი ტერიტორია იყოო. მართალია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქეთ მხარეს არის ჩრდილოეთ ოსეთი. ჩრდილო ოსები გენეტიკურად ნათესავები არიან სამხრეთელი ოსებისა. პუტინი ვალდებული იყო, თავისი მოსახლეობისთვის ანგარიში გაეწია. იმიტომ, რომ  ოსები ერთადერთი ქრისტიანი ერია. რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში, თავისთავად, ცალკე პრობლემები აქვს. პუტინს რომ არ დაეცვა სამხრეთ ოსები, ფაქტობრივად, მათი გაუცხოება მოყვებოდა და, იმის მაგივრად, რომ ოსები გამოეყენებინა სტაბილიზაციისათვის ჩრდილოეთ კავკასიაში, ოსები გახდებოდნენ რუსეთისათვის დამატებითი მტრები, როგორც დღეს ჩეჩნები არიან. ამიტომ პუტინი იძულებული იყო და ვალდებულიც - თავისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩაბმულიყო საქართველოს საქმეებში. ეს არის ცინიკური, ეს არის აბსოლუტურად იმპერიული ქცევა. სააკაშვილს ხომ უნდა ცოდნოდა, რომ რუსეთი ამის გამკეთებელი იყო. რატომ ჰქონდათ იმედი იმისა, რომ რუსეთი მოიქცეოდა ცივილიზებულად. ან, მსოფლიოს რომელიღაც ქვეყანა თითს დაუქნევდა რუსეთს? ასეთი რაღაცები არ ხდება.   

- 2008 წელს კონფლიქტმა პიკს მიაღწია, რასაც მოჰყვა აგვისტოში ხუთდღიანი ომი. გამოიყენა თუ არა რუსეთმა სისხლიანი აგვისტოს ხუთი დღე სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სრული ოკუპაციისათვის?

- 2008 წელს რუსეთმა მიაღწია იმას, რომ საქართველო წამოეგო მის პროვოკაციაზე. ჩვენ პირველებმა შევიყვანეთ სამხედრო ტექნიკა ცხინვალში. ამით რუსეთმა თავის თავს მისცა უფლება, შემოსულიყო და დაეპყრო საქართველოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი. ძირითადად არსებობდა, ქართულ ოსური და ქართულ-აფხაზური დიალოგი. რუსეთი ვერ ერეოდა, იმიტომ, რომ დიალოგი მიმდინარეობდა. აი, უშუალოდ ჟენევის ფორმატი - მუდმივად მიდიოდა დიალოგი იმ საკითხების მოგვარებაზე, რაც დღეს პრობლემატურია. იყო საკითხი დევნილების დაბრუნებაზე. გალში დაბრუნდა 50.000 კაცი. ეს იყო ამ მოლაპარაკების შედეგი. გალში დღეს დევნილების დიდი რაოდენობა ცხოვრობს. ეს არის სწორედაც ის, რომ აფხაზებმა ჩათვალეს საჭიროდ - გალის რაიონით დაწყებულიყო დევნილების დაბრუნება. ასეთი რამ არსად მომხდარა, ამდენი რაოდენობის ქართველი აფხაზეთის ტერიტორიაზე! ესენი ხომ მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქეებია, რომელსაც ისინი ვერ იტანენ, მიუხედავად ამისა, ისინი დააბრუნეს. აი, ასეთი შედეგი იყო. როდესაც დადგა 2006 წელი, კოდორში შევიჭერით. მორჩა, აქ გაჩერდა ყოველგვარი დაბრუნების, არამარტო პროცესი, არამედ - ლაპარაკიც კი. ეს არის არასახარბიელო ნაბიჯი, კოდორში შეჭრამ გამოიწვია სრული გაუცხოება აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის. დღეს, სამწუხაროდ, არც კოდორი გვაქვს.

სამხრეთ ოსეთში დაძაბულობა გამოიწვია 2006 წლის ნოემბერში სანაკოევის არჩევამ. კიდევ ერთხელ გეტყვით, ორი ოსური ცენტრი შეიქმნა. ჩვენ სანაკოევთან კი არ გვაქვს პრობლემა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სანაკოევი რუსეთის პროექტი ყოფილა, იგივე ფეესბეს ავანტიურა. ვლადიმერ სანაკოევი იყო კაცი, რომელიც ჩამოვიდა და შექმნა საქართველოში ორი სამხრეთ ოსეთი. დღეს სად არის სანაკოევი? რა თქმა უნდა, რუსეთში გაიქცა. რუსეთს სჭირდებოდა დაძაბულობის შექმნა ქართველებსა და ოსებს შორის, ფაქტობრივად, ომის დაწყება. თუ ტანკების გადაადგილებაზე ვილაპარაკებთ, მართლაც, ქართულმა მხარემ შეიყვანა პირველად მძიმე ტექნიკა ცხინვალში. ამით რუსეთმა თავისთავს მისცა უფლება, შემოსულიყო და დაეპყრო საქართველოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი. 2008 წელი, რა თქმა უნდა, იყო გვირგვინი რუსეთის ინტერესების რეალიზაციისა საქართველოში. არ უნდა წამოვგებოდით იმ პროვოკაციას, რასაც რუსული მხარე აკეთებდა ჩვენს ქვეყანაში. გარდა იმისა, რომ რუსეთმა დააწყებინა საქართველოს შეიარაღებული მძიმე ტექნიკის შეყვანა ცხინვალში, რუსეთმა ასევე მოადუნა ქართველების ყურადღება. დააჯერა, რომ მას ცხინვალი არ აინტერესებდა. ჯერ კიდევ 2007 წლის დეკემბერში, 8 თვით ადრე, სააკაშვილი სიტყვით გამოდის უნივერსიტეტში და ამბობს, რომ რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებს, რუსეთს მასთან ეს წამოსცდა, თუმცა, სად წამოსცდა, არ აზუსტებს. მე, მთავარი კითხვა მაქვს სააკაშვილთან. სად და როდის წამოსცდა რუსეთს, რომ მას ცხინვალი არ აინტერესებდა? 2008 წლის აგვისტომ დაამტკიცა, რომ ძალიან აინტერესებდა რუსეთს ცხინვალი. ანუ, შეიძინა სახელი მსოფლიოში, როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ. იმიტომ, რომ სჭირდებოდა მას თურმე ცხინვალი. არადა, ქართული პოლიტიკა გაჟღენთილი იყო პოზიციებით, რომ რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებდა. ამის დადასტურება შემიძლია. მაქვს ინფორმაცია, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და საქართველოში ამერიკის ელჩის ჯონ ტეფტის საუბარია დაფიქსირებული. ტეფტი ვაშინგტონიდან დეპეშას აგზავნის, სადაც წერია, რომ არსებობს საფრთხე ცხინვალში საომარი მოქმედებისა. მერაბიშვილი პასუხობს: ნუ გეშინია, საფრთხე არ არსებობს, ჩვენ რუსეთისგან ვიცით, რომ მას ცხინვალი არ აინტერესებსო. ანუ, რუსეთი ეფექტურად მუშაობდა, რათა გაემყარებინა პროვოკაციის საფუძვლები. ამას საქართველო წამოეკიდა, ქართული ჯარი შევიდა თამამად ცხინვალში. იქ, თურმე, გველოდა დიდი ხაფანგი. რუსეთმა ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენა.

- რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას ვაშინგტონში შეხვდა. შეხვედრისას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე საერთოდ არ იყო საუბარი. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს?

- ამ ქმედებით ამერიკამ თქვა, ხელები დამიბანიაო. მან გამოაცხადა საქართველოს ტერიტორია რუსეთის მხრიდან ოკუპირებულად. ის უკვე ვეღარ იქნება შუამავალი. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს უდიდესი ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია. თუმცა, ობამას არ უხსენებია სიტყვა „ოკუპაცია“. ამერიკა რაღაცით გვეხმარება, მაგრამ არ ერევა კონფლიქტში. როგორც წესი, სააკაშვილი ყველგან ლაპარაკობს ოკუპაციაზე და რუსეთის აგრესიაზე. როდესაც ობამას პირისპირ იჯდა, ერთი სიტყვა არ უთქვამს ოკუპაციაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ესე იგი, ობამას არ აწყობდა. უბრალოდ, მან სთხოვა, ჩემთან ნუ ახსენებ რუსეთსო. მე არ მინდა რუსეთთან მქონდეს პრობლემებიო.

- ბატონო პაატა, თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ, რომ დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ?

- ჩვენ დავკარგეთ საქართველოს უდიდესი ტერიტორია, ჩვენ არ ვართ კომპიუტერული თამაშების გმირები, რომ ომით მოვაგვაროთ პრობლემა. ჩვენ უნდა დავიწყოთ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობის მშენებლობა. ამისათვის დაგვჭირდება, დაახლოებით, შვიდი-რვა წელიწადი. აფხაზებთან და ოსებთან უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები. მოდით, დაველაპარაკოთ ამ ადამიანებს. მე მაქვს აფხაზებთან და ოსებთან კონტაქტი. თემები არის მილიონი, რომლითაც, ჩვენ თუ სწორი ნაბიჯები გადავდგით, ორ-სამ წელიწადში მთელი საქართველო დაინახავს ახალ დინამიკას. თუ დავადექი ქუთაისის გზას და მცხეთა გავიარე. ესე იგი, სწორი გზით მივდივარ. თუმცა, ქუთაისამდე დიდი დროა და შეიძლება რიკოთზე გაიჭედო, მაგრამ მაინც სწორ გზას მივუყვებით. ამ გზით თუ არ ვიარეთ, ქუთაისში ვერასოდეს ჩავალთ, ხომ? ჩვენ ჯერ არ ვადგავართ სწორ გზას, სულ სხვა გზით მივდივართ. სწორი გზა იქნება ის, რომ დავიწყოთ ლაპარაკი ოსებთან და აფხაზებთან. პირველი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, უამრავი მაგალითია: აფხაზები და ოსები თავისი პასპორტებით შემოვიდნენ აქ, ხელი შევუწყოთ მათ მკურნალობას, განათლებას. მათი დოკუმენტებით, მანქანის ნომრებით შემოვიდნენ ჩვენთან და ივაჭრონ. თუ სწორი გზით ვიარეთ, აუცილებლად შედეგსაც მივიღებთ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია