საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნინო გუგეშაშვილი: „მოკლედ, ჩემი სიყვარულები ბუკეტად შევკარი“
2012/01/16 13:01:23

პოეტი და მუსიკოსი ნინო გუგეშაშვილი ორ მუზას ერთდროულად ემსახურება. მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა და, ბუნებრივია, მის პროფესიაზე ამან ზეგავლენა მოახდინა. ამბობს რომ მამა, ბორის გუგეშაშვილი, დისიდენტი პოეტი და მუსიკოსი იყო, საზოგადოებრივი აზრისა და რეჟიმებისგან სრულიად მოუთვინიერებელი კაცი, უამრავი გატაცებით და საქმიანობით. ჩვენ გადავწყვიტეთ, ნინოს შემოქმედებითი გზა უფრო ახლოდან დაგვენახა და ინტერვიუ ვთხოვეთ.

 

 

- პირველ რიგში თქვენს ოჯახზე გვიამბეთ, მამაზე. 

- 60-იანი წლების ბოლოს, როცა ყველა სოფლიდან ქალაქს მიდიოდა საცხოვრებლად, მამამ მიატოვა ქალაქში საკმაოდ პერსპექტიული ცხოვრება, წავიდა და დასახლდა რაჭის მაღალმთიან სოფელ მაჟიეთში, თავისი მამის ნასახლარზე. იქ საკაურას ხეობის სოფლების ცხოვრებაში დიდი გამოცოცხლება და ხალისი შეიტანა: სკოლაშიც მუშაობდა და კლუბშიც, ბავშვები და ახალგაზრდები შემოიკრიბა და ჩამოაყალიბა წრეები სიმღერის, ცეკვის, ფეხბურთის, ტენისის, ჭადრაკის... დაჰყავდა ბავშვები შეჯიბრებებზე და, როგორც წესი, პრიზიორთა შორის ერთი ადგილი მათი იყო, უფრო ხშირად - პირველი. ამას ყველაფერს მოხალისედ, უსასყიდლოდ აკეთებდა. თვითონ ხარობდა ძალიან ურთიერთობით, ბავშვების და ხალხის სიხარულით. უნდოდა, რომ სოფელში ბავშვებს სრულფასოვანი განათლება მიეღოთ, ფილმებს და წიგნებს აცნობდა, აკითხებდა, სახლშიც მოდიოდნენ ჩვენთან ახალგაზრდები - ზოგი გიტარაზე დაკვრას სწავლობდა მისგან, ზოგს წიგნები მიჰქონდა, ზოგი, უბრალოდ, უსმენდა, ან ჭადრაკს ეთამაშებოდა. მასთან ურთიერთობა ერთი სიხარული იყო. ზღვა ენერგია, აზარტული და მხიარული ხასიათი ჰქონდა. უამრავი საჭადრაკო და მათემატიკური ამოცანა იცოდა ზეპირად. უცებ, აბა, ამას თუ ამოხსნითო და... გააწყობდა ჭადრაკის დაფას, ან ამოცანას გვეტყოდა და ყველა ეს ამოცანა იხსნებოდა ძალიან ლამაზად, მოულოდნელად, კომბინაციურად. ეს არ იყო მოსაწყენი, აბეზარი მეცნიერება, ან თავის მტვრევა, მის სიახლოვეს სულ შემოქმედება და აზარტი იყო. შარადა, ანეკდოტი და გამოცანა ხომ არ ელეოდა, გზადაგზა იგონებდა.

ერთხელაც, სკოლებს და კლუბებს მომღერალთა გუნდების მომზადება დაავალეს ოლიმპიადისთვის. სოფლის საბჭო ეძებდა გუნდის ხელმძღვანელს და ვერ პოულობდა. მე მოვამზადებო, მამაჩემმა შესთავაზა. შეგიძლიაო? - გაიოცეს.  ისევ   მოხალისედ   დაიწყო   გუნდის  მომზადება.  მოკლედ,  მას შემდეგ სულ ლაურეატები ვიყავით. როცა რაიონული ფესტივალიდან უკვე რესპუბლიკურზე და მერე საკავშიროზე გაგვაგზავნეს, მაშინ გადაწყვიტა, იქაც უნდა გავიმარჯვოთო და დაწერა სიმღერები - საავტორო რეპერტუარით გავედით, გავიმარჯვეთ! საოცრება იყო, სოფლის კლუბი - საკავშირო ფესტივალის ლაურეატი!... და მაყურებლის აღტაცებული რეაქცია იყო ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი, რაზეც ჩვენ ყური შეჩვეული გვქონდა, ის მაყურებლისთვის სრული სიახლე აღმოჩნდა - რაჭული გამოთქმები, იუმორი და უზადო, სხარტი ლექსი სიმღერის ტექსტად. იმ დროის გუნდების რეპერტუარი, ძირითადად, ლენინზე და კომპარტიაზე, ან შრომის და ბრძოლის გმირებზე სიმღერებისგან შედგებოდა. ჩვენ კი ვმღეროდით ხალხისთვის ძალიან ახლობელ და გასაგებ ყოველდღიურობაზე, პრობლემებზე იუმორით, და რადგან ეს ყოველდღიურობა (სოციალისტური სპეციფიკის გათვალისწინებით) იყო, რბილად რომ ვთქვათ, კურიოზული, ჩვენი რეპერტუარიც, თავისთავად, სატირული, ხშირად ძალიან მწვავე ხდებოდა. მერე დედაენის დაცვასთან დაკავშირებული ცნობილი მოვლენები და მალევე ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილის საღამოები დაიწყო... ჩვენ ამ საღამოების და ბევრი სხვა ღონისძიების ეპიცენტრში ვიყავით, ღამით კი ვხედავდი, როგორ ენთო მეზობელ ოთახში შუქი, მამაჩემი იჯდა და წერდა, წერდა უამრავს. დავიძინებდით, გავიღვიძებდით - ის ისევ იჯდა და წერდა, ან გასული იყო და მაგიდაზე საფერფლე და ფურცლები გვხვდებოდა.

- რა გავლენა მოახდინა ოჯახმა თქვენს შემოქმედებაზე?

- დედა, ლია ხიდეშელი, ინახავდა და აგროვებდა ამ ფურცლებს. ძალიან წესრიგიანი, სუფთა, კეთილი, ხალისიანი, „ხიდეშლურად“ ენაკვიმატი და გონებაკვიმატი ქალი, ყველასთან სათნო და მიმტევებელი, მე და სოფოს არავითარ შეღავათს არ გვაძლევდა - საქმეში ზედმიწევნით აკურატულობას და სერიოზულობას მოითხოვდა ჩვენგან, გვწვრთნიდა. ბიბლიოთეკაში მუშაობდა და, როგორც კი თვალში რომელიმე მკითხველს მოისაკლისებდა, დიდი ხანია, წიგნი არ წაუღიაო, შინ მიადგებოდა წიგნებით, შეურჩევდა, დააინტერესებდა და წიგნს დაუტოვებდა. დედას და მამას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ლამაზები იყვნენ, მხიარულები, უანგაროები. ჩვენი სახლი მაჟიეთში ქალაქური ტიპის სახლია კომუნიკაციებით, ბიბლიოთეკით, მუსიკალური ოთახით. ბაბუას კეთილი სახლი მეზობელ სოფელში - ხიდეშლებში, მთელი უბნის თავშესაყარი საღამოობით, ძალიან კოლორიტული, დიდი ბუხრით და საჯალაბოთი, რაჭული ხასიათების გალერეას და ეთნოგრაფიის გაცოცხლებულ მუზეუმს ჰგავდა თავისი ამოქმედებული პერსონაჟებით. ამ გარემოში გავიზარდეთ: წიგნები, სიმღერა, სპორტი, წვრთნა გონებრივი და ფიზიკური, ფიქრი, შრომა, მხიარულება, ურთიერთობა. ძილის წინ მამა ჩამოგვიჯდებოდა საწოლზე და „გრაფ მონტე-კრისტოს“,  „რობინ ჰუდს“, „განძის კუნძულს“ ან რამე მძაფრსიუჟეტიანს და სათავგადასავლოს წამოგვიწყებდა და მეორე დღეს უკვე იმ წიგნს ვკითხულობდით. ხან გიტარას აიღებდა და როკ-ნ-როლით გვაძინებდა, მერე მთელი ღამე თავგადასავლებში და მუსიკაში ვიყავი, რა დამაძინებდა! დედა ხალხურ ზღაპრებს და წინაპრების, სოფლის ისტორიის შესახებ გადმოცემებს გვაცნობდა. მოსასმენად და მოსაყოლად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად ძალიან ძნელია იმ მთებიდან, ხეობებში მიკარგული პატარა სოფლიდან მოსწვდე თბილისს, ცენტრებს, იქ აკეთო საქმე იმდენად ეფექტურად, რომ აქ შეგამჩნიონ და სატელევიზიო გადაცემებში და ქვეყნის დიდ დარბაზებში მიგიწვიონ, ბავშვების საჭადრაკო გუნდი საქართველოს ჩემპიონატზე დაგყავდეს სათამაშოდ, ძალიან ბევრს შრომობდნენ ჩემი მშობლები, ამას ჩვეულებრივი სასოფლო საქმიანობა დაამატეთ... მაგრამ ყველაფერი დიდი ხალისით, უანგარობით და სიყვარულით კეთდებოდა.

- როგორ განვითარდა თქვენი შემოქმედებითი გზა?

- აღზრდიდან და გენეტიკიდან გამომდინარე, მეც ბევრი გატაცება მქონდა: მუსიკა, ლიტერატურა, ფერწერა, რეჟისურა, მსახიობობა. მამაჩემი იუმორისტულ პიესებს წერდა და სკოლის მოსწავლეების ძალებით კლუბის სცენაზე წარმოდგენებს ვმართავდით. დეკორაციასაც თვითონ ვაკეთებდით, მერე საკონცერტო პროგრამით მეზობელ კულტურის სახლებს და დიდ კლუბებს ვეწვეოდით ხოლმე. თან ჭადრაკს ვთამაშობდი კარგად, მიღწევებით. მამაჩემი მირჩევდა, რომ ჭადრაკს მივყოლოდი სერიოზულად. მოიგებ და ერთით ნოლია, ვერავინ შემოგედავებაო, მეუბნებოდა, ლიტერატურაში და მუსიკაში კი ასით ნოლიც სადავოაო. ვიცი, რომ ასეა. მაგრამ ხელოვნება, როგორც ჩანს, უფრო ძლიერად მექაჩებოდა. სულ რაღაცას ვწერდი და ვწერ   დღესაც.   როცა  მეკითხებიან: „ახალი  დაწერე  რამე?“   -   ვიბნევი   ცოტა. როგორ თუ რამე? სულ ვწერ, ან სიმღერას, ან მოთხრობას. ბავშვობაში დღიურებს და ჩანახატებს ვწერდი, სავსეა სახლი ჩემი რვეულებით და დიდ-პატარა ბლოკნოტებით. არ ვყრი ბავშვობის დღიურებს. როცა მოაზროვნე თინეიჯერის ხასიათის გახსენება მჭირდება, გადავშლი იმ დღიურებს და ეპიცენტრში ვარ. ხელოვნება, თვითგამოხატვის საშუალებები რაღაც კომპლექსურად წარმომიდგება, არაა საკმარისი ჩემთვის მარტო მუსიკა, ან მარტო ლექსი. ერთად მოდის როგორღაც. უმუსიკოდ ლექსი მგონი არც დამიწერია. მე თვითონ ვამონტაჟებ აუდიოს და ვიდეოს, ვაკეთებ სცენარს კლიპისთვის, ფილმისთვის, ვუკრავ, მოკლედ, ჩემი სიყვარულები ბუკეტად შევკარი და ასე უფრო მომწონს, უფრო სავსე ვარ. ამისთვის ბევრი სწავლა დამჭირდა, მაგრამ სწავლა მიყვარს, სულ რაღაცას ვსწავლობ. ჩემი როკ-ჯგუფის წევრებთან ერთად შიშველი ხელებით და მუსიკის სიყვარულით ვაკეთებთ, როგორც შეგვიძლია და რაც შეგვიძლია.

- შემოქმედებით მიღწევებზე და პუბლიკასთან თქვენს ამოკიდებულებაზე რას მეტყვით?

- მიღწევებში თუ შემოქმედებითი პროდუქტიულობა იგულისხმება, მაშინ ვიტყვი, რომ შემოქმედებით ძალებს არ ვუჩივი, ძალიან ბევრი მაქვს ნაწერი, სადღაც 400-ის ფარგლებში - მარტო სიმღერა. თუ გამოქვეყნების და რეალიზების საშუალებები იგულისხმება, ამ მხრივ მიღწევებზე ლაპარაკი ძნელია, როცა ქვეყანაში ფორმატებისგან თავისუფალი მუსიკალური გადაცემაც კი არ არსებობს, არამცთუ არხი. ამიტომ ჩემი მუსიკა, ძირითადად, სოციალურ ქსელებში ვრცელდება. მქონდა თბილისში რამდენიმე კონცერტი ჯგუფთან ერთადაც და საავტორო-აკუსტიკურიც.

ლიტერატურაში ცოტა უკეთაა საქმე თვითრეალიზების თვალსაზრისით, ლიტერატურა ავტორისგან ნაკლებ ტექნიკურ უზრუნველყოფას მოითხოვს, ვიდრე მუსიკა, რომელსაც ნიჭის და უნარის გარდა ინსტრუმენტი, სტუდია, აპარატურა, სცენა და საეთერო სივრცე სჭირდება.

ჩემი მოთხრობები პერიოდიკაშიც ქვეყნდება და სოციალურ ქსელშიც. ორჯერ გავხდი „პენმარათონის“ პრიზიორი. ერთჯერ, ისევ „პენმარათონის“ ფარგლებში, ზაზა დარასელის ფონდმა სპეციალური პრიზი გადმომცა. წელს ორი წიგნი გამოვიდა ჩემი.

პუბლიკასთან თავს შინაურულად, მშობლიურ გარემოში ვგრძნობ. პუბლიკა თანაზიარია შემოქმედებითი პროცესის, თანაავტორი. მის გარეშე, როგორც ამბობენ, წერე და იკითხე.

- ახლახან საინტერესო პრეზენტაცია გქონდათ თქვენი წიგნისა, როგორ ჩაიარა, რა გარემოში?

- ამ მოკლე ხანში ორი წიგნის პრეზენტაცია გვქონდა. „გვქონდა“-ს შეგნებულად ვამბობ - ყველას ერთად გვქონდა, ძალიან მიყვარს მკითხველი, მსმენელი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთად ვქმნით და ერთად უნდა წარმოვადგინოთ.  პირველი  წიგნი „ფეისკონტროლი“  გამომცემლობა  „დიოგენემ“ გამოსცა და წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ გავმართეთ პრეზენტაცია. იქ მცირე აკუსტიკური კონცერტიც გვქონდა. ყველა ჩართული იყო. სიმღერის ტექსტი დამავიწყდა და ცისი ზურგაშვილმა საკუთარი ვერსია წამღერებით შემომთავაზა დარბაზიდან. ეს ურთიერთობა მიყვარს, უშუალო, მეგობრული. ამ ურთიერთობის მონატრებით გავაკეთეთ მეორე წიგნის პრეზენტაცია, ქალბატონმა ირინა თურქიამ და კინოს სახლმა გვიმასპინძლეს. „ცაცია“ გამომცემლობა „მერიდიანმა“ გამოსცა. მართლა ცაცია პრეზენტაცია გამოგვივიდა თავისი კურიოზულობით და იმპროვიზებებით. ეს ცალკე დასაწერი ისტორიაა. ძალიან საინტერესო საღამო იყო - ახალი წლის გენერალური რეპეტიცია. დარწმუნებული ვარ, ყველას დაგვამახსოვრდება.

- ვის თვლით თქვენს მასწავლებლად მუსიკაში და ლიტერატურაში?

- გენეტიკას და ცხოვრებას. უგრძესი სია გამომივა, რომ ჩამოვთვალო. ერთი კონკრეტული მოვლენის ან ადამიანის გავლენის ქვეშ არ ვექცევი.

უპირველესი მასწავლებლები დედა და მამა იყვნენ, ძალიან განსხვავებული და ძალიან ერთიანი ორი მშობელი ჩემი. მერე ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობდი - ქალაქი, სოფელი, ფოლკლორი, ჯაზი, კლასიკური როკი და სიმფონიური მუსიკა, ფერწერა, მწერლობა, კინო, ბუნება უმდიდრესი, მოუხელთებელი ხმებით, ფერებით და ფორმებით. მშრომელი, პატიოსანი ადამიანები.

კითხვა როდის ვისწავლე, არ მახსოვს, დედას ემახსოვრებოდა. ასე მგონია, სულ ვიცოდი. კითხვა უცნაურად დავიწყე, სადიდო წიგნებით - შექსპირით, ბაირონით, შილერით, ვაჟა-ფშაველათი, ჰომეროსით, გალაკტიონით, დიკენსით, საბავშვო წიგნები უფრო მოზრდილმა წავიკითხე, საშუალო კლასებში. ოღონდაც ნაწერი მომწონებოდა და ვკითხულობდი, რაც ხელში ჩამივარდებოდა. არა მოდის ან ავტორიტეტების, არა ასაკობრივი რეკომენდაციების, არამედ - საკუთარი განწყობის და ინტერესის მიხედვით. წიგნი და აუდიოფირფიტა ჩვენი სათაყვანებლი და საკოლექციო საგნები იყო. ყველაფერი ეს და კიდევ ბევრი რამ, რასაც ერთ ინტერვიუში ვერ ჩავტევთ, გატარებული ჩემს საკუთარ ფილტრებში და პრიზმებში, ქმნის იმას, რაც ვარ დღეს და რაც გამომდის. ბევრი დიდი მწერალი და დიდი ხელოვანია, ხელოვნება სპორტი არაა, რომ მათ შორის საპრიზო ადგილები დავაწესოთ. სულიერ მიზიდულობას და სიყვარულს რაც შეეხება, დავასახელებ ვაჟა-ფშაველას, ივლინ ვოს, ფიროსმანს, ჯონ ლენონს, სკოტ ფიცჯერალდს, პუშკინს, ჯერომ სელინჯერს, ვან გოგს, ნოდარ დუმბაძეს, მგონი, მაინც გრძელი სია გამომდის.

- ახალ შემოქმედებით გეგმებზე რას გვეტყვით?

- ბორის გუგეშაშვილის დიდი არქივი დაგვრჩა, მოსავლელია. სიმღერები, ლექსები, რომანი, პიესები... არა ჩემი მამის, არამედ ერთი დიდი, გამორჩეული ქართველის და ჰუმანისტის შემოქმედებაა, რომელიც ამჟამად მე მაბარია და ჩემი მოვალეობაა, მოვუარო მას. სოციალისტურ რეჟიმის პირობებში მისი ლექსების და სიმღერების მხოლოდ უმნიშვნელო, ყველაზე „მშვიდობიანი“  და  იუმორიანი  ნაწილი „ახერხებდა“  მსმენელამდე მიღწევას, ან ერთჯერადად სცენიდან გახმაურებას. რეჟიმის წარმომადგენლებს მის სატირულ ლექსებში სულ თავიანთი თავი ელანდებოდათ და, პრინციპში, კიდეც უნდა მოლანდებოდათ. ერთჯერ ფარდაც დაუხურეს სცენაზე, იგავ-არაკის „დიპლომიანი ბატის“ წაკითხვის წინ. შემდგომი რეჟიმების ცენზორებსაც, დაახლოებით, იგივე მიდგომა ჰქონდათ, ან უარესი. ახლა მისი ლექსების კრებულის მომზადებაზე ვმუშაობ, პარალელურად ჩემს საწერს ვწერ. გეგმები ბევრია, მათი რეალიზება კი, როგორიცაა, მაგალითად დიდი და აპარატურულად კარგად გამართული კონცერტის ჩატარება, ან ალბომის გამოცემა, მთელ რიგ შემაფერხებლებთანაა დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, ჩემი საკეთებელი რაცაა, მე იმას ვაკეთებ, საქმე და მასალა ძალიან ბევრია და ეს მთავარია.

იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენს ქვეყანაში თვითრეალიზებისთვის არა მარტო მე, არამედ ყველა ადამიანს უფრო ჯანსაღი, უფრო ბუნებრივი გარემო ექნება. ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ეს გარემო შეიქმნას ზოგადად. მარტო ერთეულებისთვის, მარტო ჩემთვის არც მჭირდება. მე ყველას ვუსურვებ წარმატებას, საკუთარი ადგილის პოვნას საკუთარ ქვეყანაში. თქვენს გაზეთს და მის მკითხველებს ვულოცავ შობას და ახალ წელს. თქვენს სახლს ფეხბედნიერი მეკვლე და თქვენს კარს კეთილი მახარობლები!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2299
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია