დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კავკასიელთა სახლი რუსული ჩექმის პირისპირ
2011/12/12 12:14:46

„ზვიადს რომ ეთქვა, დახმარება მინდაო, საქართველოს პოლიტიკური ატლასი ისეთი აღარ იქნებოდა, როგორც დღეს არის“

ქისტი მათე ციხესაშვილი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეა - სწორედ ის ადამიანი, ვინც ერთმანეთს გააცნო ზვიად გამსახურდია და ჯოხარ დუდაევი. მან არაერთხელ შეასრულა საქართველოს პირველი პრეზიდენტის სპეციალური დავალებები კავკასიის რეგიონში. 

მოკლე დოსიე: დაიბადა ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში. 1982 წელს დაამთავრა თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი, 1988 წელს - ასპირანტურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  გამოქვეყნებული აქვს 22-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 1988-90 წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1990 წელს დაინიშნა ახმეტის პრეფექტის პირველ მოადგილედ. 1991-97 წლებში იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პარლამენტის დეპუტატი, 1997-98 წლებში - ჩეჩნეთის წარმომადგენელი შვეიცარიის კონფედერაციაში. 1998 წელს დაინიშნა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის საერთაშორისო-სამთავრობო დეპარტამენტის თავმჯდომარედ.

ინტერვიუ, რომელიც ქართველებისა და ჩრდილო კავკასიელების ურთიერთობის მრავალ საინტერესო ასპექტს შეეხება, ალბათ, გამოიწვევს აზრთა სხვადასხვაობას...- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდით: „ზვიად გამსახურდია 1988 წლიდან მიცნობდა და მენდობოდა, ამიტომაც კავკასიის რეგიონში ძალიან ხშირად მისი დავალებით დავდიოდი. დავალებები შეეხებოდა კავკასიის კონფედერაციის საკითხს, კავკასიის ხალხებთან საუბარს; გვაინტერესებდა მათი აზრის გაგება და ა.შ. ჩემი საშუალებით კეთდებოდა ეს მაშინ.“ ხომ ვერ გაიხსენებდით განსაკუთრებულ ფაქტებს და მომენტებს იმ პერიოდიდან?

- როცა ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მოვიდა, სსრკ ისევ არსებობდა, ასევე - საბჭოთა რუბლი. არც ამიერკავკასიის და არც ჩრდილო კავკასიის მასშტაბით, მაშინ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები ხელისუფლებაში მოსულები არ იყვნენ. ყველას ახსოვს მაშინდელი პერიოდი: მიტინგები საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ეროვნულ-პატრიოტული ლოზუნგები - „დალოი კრემლ“ და ა. შ. გამონაკლისები არც აფხაზები იყვნენ, დღეს და მაშინ, განსაკუთრებით, ყველა ამაყობდა თავისი ეროვნულობით. ზვიადის დიდი პოლიტიკოსობა იმაში მდგომარეობდა, რომ მან იმ დროს (დრო არის ფილოსოფიის კატეგორია და აქვს ძაან დიდი მნიშვნელობა) დააყენა საკითხი კავკასიელთა, და არა - კავკასიის, გაერთიანების შესახებ. ახლა გამოდიან ვაი-პოლიტიკოსები და იძახიან, კავკასიის გაერთიანების იდეა ზვიადისა ჩანასახშივე განწირული იყოო. იმ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებს, ვინც მაშინ თბილისში ჩამოდიოდნენ, ზვიადი საუბარში სულ ეუბნებოდა: ჩვენ, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში შემავალი ხალხები, უნდა გავერთიანდეთ, კრემლი ისე არ გვიშვებს, უნდა დავდგეთ ერთად, ჩვენი მუშაობის გეგმა უნდა იყოს ერთიანი და ა.შ.

ერთხელ მთხოვა, ჩადი სოხუმში და კონფედერაციის ხალხი შეახვედრე უზენაესი საბჭოს დეპუტატს ნუგზარ მგალობლიშვილსო (დეპუტატი სოხუმიდან). ჩავედი, ჩემი მეგობრის - ვახტანგ ჭანიას ოჯახში მოხდა შეხვედრა. კონფედერაციის პრეზიდენტი იყო მუსა შანიბოვი. ის იმ დროს არ იმყოფებოდა სოხუმში, დანარჩენი ყველა ლიდერი ადგილზე იყო. მოლაპარაკების შედეგები ნუგზარს უნდა მოეხსენებინა ზვიადისთვის.

მეორედ მითხრა, ჩადი სოხუმში, სთხოვე, მინდა შეხვედრაო. ჩავედი სოხუმში, ვთხოვე - უნდა ჩამოსულიყვნენ თბილისში. ერთი კვირა ელოდნენ მუსა შანიბოვს, რომ მასთან ერთად ჩამოსულიყვნენ. მუსა მაშინ კითხულობდა ლექციებს ნალჩიკის უნივერსიტეტში, მას არ მოუხერხდა ჩამოსვლა, სხვები - სასლამბეკოვი, ხონკაროვი, უსმანოვი, გუმბა ჩამოვიდნენ თბილისში.

- მაინც, როგორ იღებდნენ ჩრდილოკავკასიელები ზვიად გამსახურდიას იდეას იბერიულ-კავკასიური ერთიანი ოჯახის შექმნის შესახებ; რითი შეიძლებოდა მათი დაინტერესება?

- ჩრდილოკავკასიელები არაერთგზის გენოციდგამოვლილი ხალხია - რუსეთის იმპერიის მხრიდან და ეს გაერთიანების საკითხი კავკასიელთა, მათ აიტაცეს. იმ დროს (თუნდაც დღეს) რესპუბლიკების სტატუსს ჰქონდა მნიშვნელობა. საბჭოთა კავშირი დაიშალა, მოკავშირე რესპუბლიკები გახდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკები იყო РСФР, შემდეგ გახდა რუსეთის ფედერაცია. ჩეჩნეთში მაშინ იყო ძლიერი პარტია ВДП - ვაინახსკაია დემოკრატიჩესკაია პარტია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცხონებული ზელიმხან იანდარბიევი, (შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი). ამ პარტიის ყრილობაზე სეიდ-ხასან აბუმუსლიმოვმა დააყენა საკითხი: საქართველო გახდა დამოუკიდებელი, ჩვენ უნდა შევიტანოთ წინადადება საქართველოს შემადგენლობაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის შესვლის შესახებ, ამით დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიები გაფართოვდება, უნდა ვთხოვოთ ზვიადს საქართველოს შემადგენლობაში ჩეჩნეთის მიღებაო. წინადადება უნდა    შესულიყო  ჩეჩნეთ-ინგუშეთის  აბკომში  (მაშინ ეს ორი რესპუბლიკა იწოდებოდა, როგორც ჩეჩენო-ინგუშსკაია ასსრ).

ჯოხარი ხელისუფლებაში მოვიდა, როცა ეგრეთწოდებულმა ქართველებმა საქართველოს მთავრობის  სახლს ჰაუბიცები დაუშინეს. მაშინ ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკების ყველა ლიდერი იყო ზვიადთან, რომ მითითება მიეღოთ და ზემოქმედება მოეხდინათ ადგილობრივ ხელისუფლებაზე.

- თქვენი აზრით, კონფედერაციის იდეას რატომ ჰყავდა ამდენი მოწინააღმდეგე საქართველოში?

- კონფედერაცია ანუ მთიელ ხალხთა ასამბლეა - შექმნილი იყო კავკასიელ მთიელთა ინტერესების დასაცავად. შემდეგ კრემლმა მოინდომა მისი გამოყენება ზვიადის წინააღმდეგ. ამ გაერთიანებაში შევიდა კრემლის აგენტურა, დასხდნენ აფხაზეთის ტელევიზიაში და დაიწყეს მიმართვების გაკეთება, რომ არ დაუშვებდნენ საქართველოს მხრიდან აფხაზების ანექსიას. ეს იდეა ააგორა ანდრეი სახაროვმა: საქართველო არის პატარა იმპერია, ხედავთ, რას უშვრებიან აფხაზებს ქართველებიო.

აი, ამიტომ იყო წინააღმდეგობა კონფედერაციის მიმართ.

- ისტორიამ ქართველი და ჩეჩენი ხალხების ურთიერთობების არაერთი დადებითი მაგალითი შემოგვინახა. ამ ფონზე ქართველებისათვის ძალზე გულსატკენი და სამწუხარო აღმოჩნდა აფხაზეთის ომში ჩეჩნების მონაწილეობა. ზოგი ვერსიით - 500-მდე ბოევიკი იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ, თქვენი ვერსიით - მხოლოდ 83 დაქირავებული მებრძოლი. თუ ჩეჩნებში დღესაც ძლიერია ადათობრივი სამართალი, მაშინ, წესით, ხელი არ უნდა აღემართათ ტრადიციულ მოძმეებზე - ქართველებზე. ასე არაა?

- საქართველოსა და ჩვენი ხალხების ურთიერთობა საუკუნეების სიღრმიდან იღებს სათავეს და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ იბერიელები ვართ, ერთი ძირის, ერთი წარმოშობის ხალხი. ფარნავაზი, ქართლის მეფე, ქორწინდება დურძუკთა (ასე იწოდებოდნენ ჩეჩნები და ინგუშები ქართულ წყაროებში უძველეს დროს) მეფის ასულზე. დაქორწინება სამეფო კარზე ადვილად როდი ხდებოდა, მეფეები თავიანთი შვილებისთვის სხვა სამეფო კარზე ეძებდნენ ღირსეულ სარძლოებს. ქართლის სამეფო კარმა, ამ შემთხვევაში, ეს არჩევანი ჩეჩენ გოგონაზე შეაჩერა. როცა საურმაგს ადგილობრივი ფეოდალები აუმხედრდნენ და დაამხეს, წამოვიდა დედულეთს და დედულეთის დახმარებით დაიბრუნა სამეფო კარი. ქართლის ცხოვრება გვაძლევს ამ ცნობებს.

ზვიადს რამდენჯერ უთხრა ჯოხარმა - ცოცხალ ძალას დაგახმარო.

მე თქვენი მესმის - ზვიადი ჩეჩნეთში იყო, ჩეჩნები კი აფხაზეთში იბრძოდნენო...

ომს აქვს თავისი სპეციფიკა. როდესაც მოხალისე მიდის ომში, ის აღირიცხება სამხედრო შტაბში და იქიდან ანაწილებენ. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით:  აფხაზეთის ომში 83 ჩეჩენი მონაწილეობდა ქართველების წინააღმდეგ. 83 კაცი დაამარცხებდა საქართველოს? იგივე შამილ ბასაევი რას იძახდა: ჩვენ ქართველებს არ ვებრძვით, ჩვენ ვებრძვით შევარდნაძის კრიმინალურ ხუნტასო (ამას არეშიძე წერს, რომელიც პირადად ელაპარაკა ბასაევს). მე ეს ყველაფერი დეტალურად მაქვს აღწერილი საქართველოს საინფორმაციო საშუალებებში და, ამდენად, აღარ გავიმეორებ.

- მაინც გთხოვთ განმეორებას... ისიც ვიცი, რომ ომის პერიოდში, როცა ჩეჩნეთის სახელმწიფო დელეგაციაში იყავით, თქვენ სოხუმში არაერთი ქართველი გადაარჩინეთ...

- საერთოდ, აფხაზეთის თემა არის ძალიან მტკივნეული საქართველოსთვის. კაციშვილი არ სვამს კითხვას, ვინ დაიწყო და რა მიზანს ემსახურებოდა აფხაზეთში შესვლა. სოფელ დრანდის მოსახლეობას, სიჭინავებს, დავუყენე კითხვა: რატომ გაატარეთ, რატომ არ გადაკეტეთ გზა, ომი რას გამოიწვევდა, არ იცოდით-მეთქი?

ქეთო სიჭინავამ (მე მას ქეთო დეიდას ვეძახდი) მითხრა: „ეეე, შვილო, როგორ არ გამოვედითო, მწოლიარე ავადმყოფები საწოლებიანად გამოვიყვანეთ, დიდი, პატარა, ქალი, კაცი - ყველა დავდექით გზაზე; ვუთხარით, ჩვენ ამ ხალხთან, აფხაზებთან, კარგად ვცხოვრობთ, თქვენ თბილისში სკამისთვის იბრძვით, ხვალ და ზეგ ჩვენ აქ აღარ გვეცხოვრება და არ გაგატარებთო. ღამის 4 საათზე კიტოვანმა გვიბრძანა: მე ბრძანება მივიღე, საბჭოთა ხელისუფლება დავამხო აფხაზეთში, თუ არ გადადგებით, გადაგივლითო. ახლა ხომ ხედავთ, რა დღეში ვართო.“

სიჭინავების რამდენიმე ოჯახიც გავიყვანე სოჭში. სოჭის ვაგზალში ქეთო დეიდა ტიროდა, თან მკოცნიდა: შვილს ხომ მომიძებნი, ხომ გამოიყვანო. ვერ მოვუძებნე - ცოცხალი არ იყო. ბევრმა უკმაყოფილება გამოთქვა ჩემს მიმართ - შვილი ვერ გადამირჩინაო. მე ძალიან ახლოს ვიყავი ლევან თედიაშვილთან, მასაც ეთქვა უკმაყოფილება ჩემს მიმართ, მე ასე გადმომცეს. სად და რომელი ერთისთვის მიმეხედა? ასეთ დროს ძნელია  მისვლა-მოსვლა:  გაგანია  ომია,  „ტყვია ბრმა არისო“, თანაც გვარი და სახელი ქართული მაქვს, ვინ გენდობა! კონსტანტინე ოზგანთან ვცხოვრობდი, სადმე, შეხვედრაზე, ასე გააკეთებდა ჩემს წარდგენას - გაიცანით ქართველების აგენტი, ჩვენს წინააღმდეგ შემოგზავნილიო.  მეორეც, მე არ მქონდა საშუალება, ჩემს ნებაზე მევლო იქით და აქეთ, ჩვენ ვიყავით სახელმწიფო დელეგაცია და ჩვენი გადაადგილების გრაფიკი იყო გაანგარიშებული.

შევარდნაძე იძახის, რკინიგზას ვერ ვაკონტროლებდითო, სომხებს ტვირთი ვერ შეჰქონდათო. პორტი, მე მგონი, ფოთშია და არა სოხუმში, თანაც იმ დროს სოხუმიდან რა ტვირთი უნდა შესულიყო?

იცი, რა არის საინტერესო? მსოფლიოში ასეა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი ერის წინაშე, ყველას გაასამართლებენ. საქართველოში რა ხდება, არ მესმის. მე მინდა მივმართო ქართველ ხალხს: თქვენ რა მოგივიდათ, რა დაგემართათ! გაასამართლეთ კრწანისის ლომი, ხვალ იქნება გვიან.

როგორ მოხდა აფხაზეთში ხალხის გაგზავნა? მაშინ აფხაზებმა გააკეთეს მიმართვა ჩრდილოკავკასიელებისადმი: ძმებო, დაგვეხმარეთო. ამან გამოიწვია კავკასიელების მასობრივი შესვლა და დახმარება.

ადათიდან გამომდინარე, ყველაფერი კეთდებოდა საქართველოს გადასარჩენად. ზვიადს რომ ეთქვა, დახმარება მინდაო, საქართველოს პოლიტიკური ატლასი, როგორც დღეს არის, არ იქნებოდა.

ჯოხარმა რამდენჯერმე გააკეთა მოწოდება ტელევიზიით, რომ აფხაზეთის ომში იჩქერიის მთავრობა არ აგზავნის მებრძოლებს და დააბრუნეთ თქვენი შვილებიო. მაგრამ მოხალისეებს ვერც ერთი მთავრობა ვერ აკონტროლებს.

- ომის წლებიდანვე მოდის ერთი შემაძრწუნებელი და პირადად ჩემთვის - ერთობ დაუჯერებელი ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს ჩეჩენმა ბოევიკებმა ქართველი ბიჭების მოჭრილი თავებით ფეხბურთი ითამაშეს გაგრის მოედანზე...

- ქალბატონო ნანული, ვითომდა ჩეჩნებმა ქართველების თავებით ფეხბურთი რომ ითამაშეს, მაშინ ყველას პირზე ეკერა, რომ ლესელიძის სტადიონზე მოხდაო ასეთი ფაქტი. სპეციალურად ჩავედი იმ სტადიონზე, ქართველი ჟურნალისტებიც მახლდნენ. შევხვდი იქვე მცხოვრებ ხალხს და გამოვკითხეთ, თუ გსმენიათ მსგავსი რამო. ყველამ იუარა. ისიც კი შევთავაზე, გავთხაროთ მიწა და შევამოწმოთ, მართლაც მოხდა მსგავსი რამ თუ არა-მეთქი. ჩვენ მაშინ ქართველ ხალხს დავუმტკიცეთ, რომ ასეთი რამ არ ყოფილა და ეს სპეციალურად ააგორა შევარდნაძემ! ახლა ვთხოვ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მაშინ ლესელიძის სტადიონზე იყვნენ, სთქვან სიმართლე. რა იყო და როგორ იყო. „გაგრის სტადიონი“ მერე შემოიტანეს, თქვენამდე მე ეს ინფორმაციაც მაქვს მიღებული. რაკი ლესელიძის სტადიონი არ იყო, - არა, გაგრის სტადიონზე მოხდა ასეთი რამ, ჩეჩნები იყვნენ, თუ არა , ამის თქმა ჩვენ არ შეგვიძლიაო.

2008 წლის ცხინვალის ომის დროს პუტინმაც კი განაცხადა რუსეთის ტელევიზიით - ქართველებმა 8 თუ 10 ოსი ცოცხლები დაწვეს, მერე ტანკი ზედ ატარესო. მე მაშინ ციმბირში, საავადმყოფოში ვიწექი. გვარი ჩემი ქართულია და ექიმები იძახდნენ: „კაკ მოჟნა ტაკოი ვანდალიზმ, ნეუჟელი ტაკოი უროვნი აპუსტილის გრუზინი.“ რა თქმა უნდა, არ მომხდარა ასეთი რამ! მაშინაც ასე ხდებოდა, გამსახურდია რაკი გროზნოში იყო, შევარდნაძეს თავისი სირცხვილი ვიღაცისთვის ხომ უნდა გადაებრალებინა!

- თუ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ომში რომელიმე ჩეჩენი მაინც იბრძოდა ქართველთა მხარეზე?

- ასეთი ინფორმაცია არ მქონია. გაგონილი მქონდა პანკისელი ქისტის შესახებ, ხან იყო თითქოს ერთი, ხან სამი ბიჭი - ქართველების მხარეზე იბრძვიანო. სოხუმში მე ისინი არ მინახავს. თუ სადმე იყვნენ, ვერ გეტყვით.

- დადგა ის დღეც, როცა საქართველოს მაშინდელმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში შეიფარა ჩეჩენი მოსახლეობის ნაწილი. იმავე პერიოდიდან დაიწყო ქართულ მედიაშიც იმაზე საუბარი, რომ პანკისის ხეობა გახდა ნარკომანთა, ადამიანთა გამტაცებელთა, იარაღით მოვაჭრეთა  და, განსაკუთრებით, საეჭვო აღმსარებლობის მქონეთა - ვაჰაბისტთა თავშესაფარი. თქვენი ინფორმაციით, რა ხდებოდა?

- რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებისთანავე, ჩეჩნეთის სახელმწიფო სტრუქტურებმა მუშაობა შეაჩერეს. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე დავაყენეთ საკითხი, თუ რა მოგვეხერხებინა მშვიდობიანი მოსახლეობისათვის. მაშინ პუტინი იყო რუსეთის პრემიერ-მინისტრი და გაიძახოდა: ანი გრაჟდანინი რასიი ი ნახოდიტსია ნა ტერიტორიი რასიი“. ასეთი ლაპარაკი რომ არ ყოფილიყო რუსეთის მხრიდან, ლტოლვილები უნდა შესულიყვნენ ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოში, რომ მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეხედათ მათთვის. ყველაზე ნაკლებად ლტოლვილები შევიდნენ საქართველოში. რუსეთის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებმა მაშინვე დაიწყეს პანკისის ხეობაზე ლაპარაკი. რუსეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, ბენ ლადენი პანკისის ხეობაში იმყოფება, თუ არა, მაშ, სად; არიქათ, არ გავუშვათ! საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო დღევანდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელმაც განაცხადა: ბოევიკებმა პანკისის ხეობაში შექმნეს ბაქტეროლოგიური და ქიმიური იარაღი და ევროპაზე თავდასხმას აპირებენო. რუსეთის საინფორმაციო საშუალებები სისტემატურად გადასცემდნენ: პანკისის ხეობაში ბოევიკების ბუდეა, იქიდან მარაგდებიან, რუსი მძევლებიც ჰყავთო. მანამდე კიტოვანიც იმუქრებოდა: ზვიად გამსახურდიას თუ არ გადმომცემენ ჩეჩნები, შევალ პანკისში და ყველას ავიყვან მძევლადო. ამათ ყველას ავიწყდებოდა ერთი რამ: პანკისის ხეობაში ცხოვრობს საქართველოს ერთგული ხალხი, რომელთაც ქისტები ჰქვიათ.

პანკისის ხეობა ნარკოტიკების ბუდედ, ხალხის (განსაკუთრებით უცხოელი კორესპონდენტების) გატაცების, იარაღით ვაჭრობის კერად გადააქცია შევარდნაძემ და მისმა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა თარგამაძემ, ახლა მოსკოვში რომ გდია და თავი მამა აბრამის ბატკნად მოაქვს. თარგამაძის დავალებით ხდებოდა თბილისის აეროპორტიდანვე უცხოელი კორესპონდენტების გადაცემა ვითომდა ბოევიკებზე და შემდეგ გამოსასყიდის მიღება. რეალური დოლარები თბილისში რჩებოდა. ყალბი ფული მიდიოდა პანკისში. მერე დაიწყეს წერა ე.წ. პოლიტიკოს-ექსპერტებმა, პანკისში ვაჰაბიზმის ბუდეა, ბანდიტიზმია, ყაჩაღობაა და ა.შ. ალასანია ხომ ამბობს: პანკისის ხეობა საქართველოს იურისდიქციაში რომ დაგვებრუნებინა, ინგლისის და ამერიკის სპეცსამსახურები გამოვიყენეთო. შევარდნაძე „ასავალ-დასავალში“ წერს: „ბუშმა მადლობა გადამიხადა, სისხლი რომ არ დავღვარე და გადავდექი, ასევე - პანკისში ჩატარებული ოპერაციის გამოო.“ ხედავთ სახელმწიფოს უსუსურობას - პანკისის ხუთ სოფელს ვერ ერევიან და ინგლისელ და ამერიკელ სპეცსამსახურების წარმომადგენლებს იშველიებენ.

საქართველოში რაც შეიძლება მალე უნდა აღვადგინოთ კანონიერება, რომ აფხაზეთის, ოსეთის, პანკისის საკითხებს მივხედოთ. გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ ხალხმა, ვის რა დანაშაული მიუძღვის.

- მაინც, რა არის ვაჰაბიზმი? რატომ ხართ დარწმუნებული (როგორც ერთ-ერთ თქვენს საგაზეთო მასალაში ამოვიკითხე), რომ ვაჰაბიზმს ქისტები თავიანთ დაუწერელ კანონს - ადათობრივ სამართალს დაუპირისპირებენ, რასაც, თქვენი თქმით, ვერც ვაჰაბისტი გადაურჩება და ვერც ტერორისტი.

- ვაჰაბიზმი არის იგივე მიმდინარეობა და სექტა, როგორც მართლმადიდებლობაში - იეღოველობა. რას იძახიან იეღოველები - ჩვენ ვმოქმედებთ და ვაკეთებთ ყველაფერს ისე, როგორც გვეუბნება ბიბლია და იეღოვაო. იეღოვა არის ღმერთის სახელი და ა.შ. ზუსტად იმასვე იძახიან ვაჰაბისტები: ჩვენ ვმოქმედებთ და ვაკეთებთ ყველაფერს ისე, როგორც გვეუბნება ყურანიო. ადათობრივი სამართალი კი არის ის დაუწერელი კანონი, რისი საშუალებითაც აღიკვეთება ყველა ის დანაშაული (მკვლელობა, დაჭრა ადამიანის, ქურდობა, ჩხუბი...), რაც ხდება ქისტებში. ასეთივე წესი იყო საქართველოს მთიელებში, თუშებში, ხევსურებში, ფშავში. სახელმწიფო კანონი, მართალია, თავისას ითხოვს დამნაშავის მიმართ, მაგრამ, თუ მავანს დაიჭერენ და ის კანონით მისჯილ ვადას მოიხდის, მაინც არ თავისუფლდება დანაშაულისაგან, სანამ ქისტური სამართალი არ განიხილავს მის საქმეს, თუნდაც 20 წელი გაატაროს ციხეში. თუ დამნაშავეს რამე შეემთხვა ციხეში, დაიღუპა, მისი ოჯახი ვერ თავისუფლდება, საქმე გადადის დამნაშავის ძმაზე. ამას ეძახიან „მეხქ ყეალ.“ ეს იცის ყველა ვაჰაბისტმაც და არავაჰაბისტმაც. სანამ დაზარალებული სამაგიეროს არ გადაუხდის დამნაშავეს, არ მოისვენებს. თუ ვერ გადაუხადა სამაგიერო, ხალხში ხმას ვერ ამოიღებს, დააყვედრიან: თუ ასეთი ვაჟკაცი ხარ, მიდი და შენი სისხლი აიღეო. მე ისევ ვიმეორებ: რასაც წერენ ეგრეთწოდებული ექსპერტები, ქისტებში ადათობრივი სამართალი იკარგებაო, არაა მართალი. თუ დაიკარგება, მაშინ ქისტებიც აღარ იქნებიან.

- ყველა პოლიტიკური გამოსვლისას ცდილობთ, დაამტკიცოთ, რომ ჩრდილოკავკასიელები არ არიან არც ტერორისტები და არც მეამბოხეები; ეს ხალხები არიან თავისუფლებისათვის მებრძოლები, რომლებიც მუდმივად ნადგურდებოდნენ რუსეთის იმპერიისაგან. მებრძოლები თავს წირავენ პირადი ღირსებისათვის, სამშობლოსათვის, ოჯახისათვის და სიკვდილის შემდეგ მიდიან ღმერთთან. დღეს, როცა  სიტუაციას   „გარედან“  აკვირდებით, როგორ გგონიათ, ევროპამ, ბოლოს და ბოლოს, დაინახა, რისთვის იბრძვიან კავკასიელები?

- ვინც თვალს ადევნებს დღეს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს, ყველა მიხვდება, როგორ შეიცვალა რუსეთის დამოკიდებულება კავკასიელების და განსაკუთრებით - ჩეჩნების მიმართ. როგორც რუსეთს, ასევე ევროპის ქვეყნების ტელეკომპანიებს, ჩვენ ყველა სინფორმაციო ომი მოვუგეთ. ისმის კითხვა: რა მოხდა? გუშინ ლაპარაკობდნენ - ტერორისტები, ყაჩაღები, ბანდიტები, კაცის მკვლელები არიანო, დღეს უკვე დაიწყეს ლაპარაკი, რომ ყველაფერში დამნაშავე რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, ლეში ელცინი ყოფილა. მე არ ვიცი, საქართველოში უჩვენებენ თუ არა რუსულ საინფორმაციო საშუალებებს: რაგოზინი, დუგინი, სალავიოვი, დარეკო... ჩვენ მათთან ლაპარაკს არც კი ვკადრულობთ. მათ ყველაფერი ზედმიწევნით იცოდნენ, რაც ხდებოდა ჩეჩნეთში, მაშინ ლაპარაკობდნენ საწინააღმდეგოს. ახლა კვანძი გაიხსნა და, რომ დაიწყეს სხვებმა სიმართლის ლაპარაკი, თავიანთი პოლიტიკური იმიჯის გაკეთებას ცდილობენ ჩეჩნეთის მაგალითზე. რასაც ლაპარაკობდნენ რუსები, პუტინის ჩათვლით, მაგას იმეორებდნენ საქართველოში: ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, ჭიპაშვილი, ბარამიძე და ძმანი მათნი.

ბესლანის ტრაგედია სანამ დაიწყებოდა, ჩვენ მივედით შტაბში. ყველა სპორტსმენი, როგორც ჩეჩენი, ასე ინგუში, იყო ბესლანში. ვეუბნებოდით მეგობრებს: „ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც იტყვით“. ისიც კი ვუთხარით, „საჭიროა ცოცხალი კორიდორის გაკეთება გარედან, რომ არ მოხდეს შტურმი, მათთან ენის გამონახვა და ბავშვების გამოყვანა არ იქნება პრობლემა.“ არა, რუსები შტურმს არ გააკეთებენ, აქ პატარა ბავშვები არიანო. ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი შევიდა სკოლაში, გამოატანეს 26 ბავშვი; უთხრეს, რამდენჯერაც შემოხვალ, იმდენჯერ ბავშვებს მოგცემთო. რუსებმა არ შეუშვეს. აუსევი იძახდა, მე მაგათი სულ არ მეშინია, საშიში რუსი სნაიპერები არიან, ბოევიკებს რომ დააბრალონ, ისინი მესვრიან, იყავით ყურადღებითო.

ჰკითხეთ ბესლანის ბავშვთა კომიტეტის დედებს, ვინ დახოცა მათი ბავშვები, მაშინვე გეტყვიან - პუტინმაო. ცხინვალის ომის დროს ვლადიკავკაზში იყო ჩასული პუტინი, უნდა მისულიყო ბავშვების საფლავზე. დედები ეძებდნენ, გამოიქცა ვლადიკავკაზიდან. ასეთივე სიტუაცია იყო ნორდ ოსტშიც. ჩეჩენი სპორტსმენები მივიდნენ შტაბში და განუცხადეს: „ჩვენ შევალთ, ისინი ჩვენ არ გვესვრიან, მათი მოთხოვნები მთელმა მსოფლიომ იცის, თქვენ თქვით თქვენი მოთხოვნებიო“. არ შეუშვეს, ჩახოცეს ხალხი! ჰკითხეთ ნორდ ოსტის კომიტეტის წევრებს, ვინ დახოცა ხალხი. გეტყვიან - პუტინმაო.

ბესლანის ტრაგედიის შემდეგ ერთი თვეც არ იყო გასული, საერთაშორისო წითელმა ჯვარმა, შვეიცარიის ქალაქ შპიზში ჩაატარა სპეციალური კონფერენცია ბესლანის ამბებთან დაკავშირებით. პირდაპირ დაადეს პუტინს ხელი. მათ აღნიშნეს: „რა ქნან მაგ ბიჭებმა, ისინი იძახიან, ამ მეთოდებით გვინდა გაგაგებინოთ ჩვენი მდგომარეობა, ან ომი შეაჩერეთ, ან გვითხარით, რა გავაკეთოთო“. ამას ევროპელები იძახდნენ! ევრო-პარლამენტის დეპუტატი, შვეიცარიელი დიკ მარტინი, რომელიც კურირებს ჩრდილო კავკასიას, ჩავიდა ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანში და პასეზე განაცხადა, მიდის რუსეთის მხრიდან კავკასიელების გენოციდი, პუტინი რომ გავაჩეროთ, ან შევაჩეროთ, ჩვენ ამის მექანიზმი არ გაგვაჩნიაო. ევროპელები ძალიან კარგად აცნობიერებენ კავკასიის მოვლენებს. რუსი დიპლომატი, თუ დეპუტატი რომ გამოდის ტრიბუნაზე, კაციშვილი არ უსმენს, ამას თვითონ რუსებიც ხვდებიან.

- მაინც, რისთვის დაიწყო რუსეთმა ომი ჩეჩნეთში და რისი მიღწევა სურდა ამით?

- ძალიან ძნელი კითხვაა, იმიტომაც, რომ ვერ მოვახერხეთ იმის დადგენა, ამით რა უნდოდა რუსეთს. დიდი ჯოხარი სულ გაიძახოდა, რუსეთის სამხედრო მანქანა ამუშავებულია ჩვენს წინააღმდეგ, მისი შეჩერება შეუძლებელია, თუ არ დავამსხვრიეთო. თუ იდგა საკითხი, რომ რუსეთი ჩეჩნეთის გასვლით იშლებოდა, ჩვენ მათ შევთავაზეთ, ეკონომიკურ ზონაში თქვენთან შემოვდივართ, საჰაერო ზონაშიც, საბაჟო ერთად გვექნებაო. რუსეთმა თათრეთს შესთავაზა განსაკუთრებული სტატუსი. ჩვენც ვუთხარით, მოგვეცით თქვენი წინადადებები, გავეცნობით და პასუხს მოგცემთო. ჯოხარმა ყველა ღონე იხმარა, ომი რომ აეცილებინა. ვერ მოხერხდა. რუსებმა ვარშავის მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ ევროპაში ნაქონი სამხედრო არსენალი გაყიდეს და ფულის ჩამოწერა უნდოდათ; მათ იარაღს არ ყიდულობს არავინ, აფრიკის ქვეყნების გარდა. რუსლან აუშევმა რუსეთის ტელევიზიით განაცხადა: „ჯოხარმა მოსკოვში ყოფნის დროს დამირეკა და მითხრა, თუ შეგიძლია,  20 წუთით  შეხვედრა  მომიწყო ელცინთან - ყველა პრობლემა, რაც არსებობს რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის, მოიხსნებოდაო. მე შევხვდი ელცინის დაცვის უფროსს კარჟაკოვს; მითხრა, პასუხი ხვალ იქნებაო, მეორე დღეს მეუბნება, ბანდიტებთან სალაპარაკო არაფერი მაქვსო.“ ელცინი დღე და ღამე ეგდო მთვრალი და იმ წლებში ვინ მართავდა რუსეთს, რომ გაგეგო, შეუძლებელი იყო. მერე თავის წიგნში დაწერა: „ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მე დავუშვი ჩემი პრეზიდენტობის დროს, იყო ჩეჩნეთში ომის დაწყებაო. გამოიტანეთ დასკვნა, რომელი ვარიანტია უფრო მეტად ხელწასავლები.

- მიღებული გაქვთ რამდენიმე ომის მკაცრი გაკვეთილი: ინგუშეთ-ოსეთში, აფხაზეთში, ჩეჩნეთის ორ ომში... რა დასკვნა გამოიტანეთ, რა ელის კავკასიას?

- მე-18 საუკუნის ბოლო წლებიდან მოყოლებული, როგორც კი დაიდგა რუსული ჩექმა კავკასიაში, კავკასიელებს ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ რუსეთთან პრობლემა - პოლიტიკაში (ხაზს ვუსვამ). უბრალო ხალხთა ურთიერთობები, გათხოვება-დაქორწინების ინსტიტუტები მაშინაც იყო და არის დღესაც. კავკასიელები წინათ ებრძოდნენ ცარიზმის არასწორ პოლიტიკას, დღეს ებრძვიან კრემლის არასწორ პოლიტიკას. თუ ვიტყვით, ვერ ხვდებიან ამას კავკასიელებიო, არაა მართალი. არ ესმითო, რომ ვთქვათ, არც ესაა მართალი. ტერიტორიული პრეტენზიები და რუსების გარეშე ჩვენ ამას ვერ მოვახერხებთო - არაა გამართლება. მონური ფსიქოლოგია რუსის მიმართ? - ესეც არაა. მაშინ ისმის კითხვა: რა გვაკლია? გვაკლია გაერთიანება, კავკასიელთა სახლის შექმნა, რაზედაც ოცნებობდნენ ზვიადი და ჯოხარი. ილია ჭავჭავაძისა არ იყოს: „ჩვენი თავი ჩვენადვე რომ გვეყუდნოდეს“. ეს ინიციატივა საქართველომ უნდა აიღოს თავის თავზე, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ.

- არაერთხელ გაილაშქრეთ მკაცრად ქართველი პოლიტიკური ექსპერტების წინააღმდეგ. რას უწუნებთ განსაკუთრებით?

- თქვენს კითხვას მე ვუპასუხებდი კითხვითვე: ვინ იძახის, რომ ისინი არიან პოლიტიკური ექსპერტები? თუ ეს ხალხი ჰყავს საქართველოს ექსპერტებად, კარგად ყოფილა საქმე! მაქსიმ გორკი, პეშკოვი, რუსი მწერალი, იძახდა, „ვიდრე წერას დავიწყებდე, სამ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს: რა დავწერო, როგორ დავწერო და ვისთვის დავწერო.“ წაიკითხეთ მათი წერილები, ინტერვიუები და გამოიტანეთ დასკვნა: რას წერენ, როგორ წერენ, ვისთვის წერენ. კავკასიელების, ჩეჩნების, ამ გაუბედურებული ხალხის ლანძღვის მეტს არ აკეთებენ არაფერს, მკვდარ ზვიადს დღესაც რომ ვერ ერევიან, ესეც ვერ მოუნელებიათ. ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე მსოფლიოს ეუბნება: „საქართველო მზადაა, დაეხმაროს რუსეთს კავკასიის, კერძოდ, კავკასიის იმირატის წინააღმდეგ ბრძოლაშიო.“ ხედავთ, ორბელიანები არ ილევიან საქართველოში.

- თქვენ ორი ქვეყნის შვილი ხართ: საქართველოსა და ჩეჩნეთის. მოდით, გულწრფელად გვითხარით, როგორ გესახებათ საქართველოს ადგილი კავკასიის პოლიტიკურ რუკაზე?

- დიდ ჯოხარს ჰქონდა ასეთი გამოთქმა „ჩვენ არც ევროპელები ვართ, არც აზიელები, ჩვენ ვართ კავკასიელებიო“ - ამით ყველაფერი ითქვა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია