დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ შიმშილობს ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი?
2011/12/12 11:26:06

ქართული მართლმსაჯულება არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი და არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ - არასამთავრობო სექტორის მხრიდანაც. მოკლედ რომ ვთქვათ, სასამართლო  სისტემა  ჯერ  კიდევ „ქართული დემოკრატიის“ აქილევსის ქუსლია. ყველაზე მეტი პრეტენზიები კი სასამართლოს მისამართით ადვოკატებისაგან ისმის - ადამიანებისგან, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვთ ამ სისტემის მუშაობასთან.

 

როგორც ადვოკატები ამბობენ ხოლმე, ყველაზე რთული სისხლის სამართლის სფეროში საქმიანობაა, რადგან ამ სფეროში უფრო მეტია სახელმწიფო პოლიტიკის წნეხი. გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ გთავაზობთ ინტერვიუს ადვოკატ ზურაბ როსტიაშვილთან, რომელმაც გასულ კვირას, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა.

- ბატონო ზურაბ, რატომ მიმართეთ პროტესტის ასეთ რადიკალურ ფორმას? რატომ მიხვედით ასეთ რადიკალურ პროტესტის ფორმამდე, მით უმეტეს - ადვოკატი, ადამიანი, რომელმაც კარგად იცის ყველა იურიდიული ნიუანსი და იცის, როგორ იბრძოლოს სასამართლო ინსტანციებში. სხვა გზით უკვე შეუძლებელია ბრძოლა? 

- დიახ, ადვოკატმა უნდა იბრძოლოს სხვადასხვა ინსტანციაში და ეს ზურაბ როსტიაშვილს არ ეშლება, თუმცა, უკვე დიდი ხანია - „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ - დაიწყო მართლმსაჯულების უკუსვლა. მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა „ნულოვანი ტოლერანტობა,“ დაიწყო ეს პროცესები. ძალიან ბევრი უკანონო განაჩენი დაგროვდა. ასპროცენტიანი გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს და  დგება გამამტყუნებელი განაჩენი. სიმონ გაბრიელაშვილის საქმე, დავით დემეტრაშვილის საქმე, ცეზარ ოჩიაურის საქმე, ნიკოლოზ გელაშვილის საქმე, რობიზონ კალაძის საქმე და გიორგი ცოფურაშვილის საქმე (ეს ის ცოფურაშვილია, რომელიც პირველ ინსტანციაში მაია ორკოდაშვილმა გაამართლა, მაგრამ აპელაციაში გამამართლებელი განაჩენი გააუქმეს) - აი ეს ექვსი საქმე, რომელზეც ასპროცენტიანი გამამართლებელი განაჩენი უნდა დამდგარიყო. ამ ბოლო დროს ხშირად მიფიქრია, იყოს რინგი-მეთქი; რინგზე მოწინააღმდეგემ შეიძლება აკრძალულ ადგილებში დაგარტყას და მას შემდეგ ან მოხსნიან, ან რაღაც... ნუ, შეიძლება ცოტა იყოს გადახვევა წესებიდან - 5%, აქ არის 100%-იანი არაობიექტურობა - ერთი ასეთი შემთხვევა, ორი, სამი და უკვე, რომ იტყვიან ხოლმე, სული ყელში ამოვიდა. ამდენი უსამართლო განაჩენის მოსმენის შემდეგ, გადავწყვიტე პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მივმართო - საქმეს ბოლომდე მივყვები;  პროცესუალურად, იურიდიულად, არგუმენტებით საქმეს ვიგებ, მაგრამ განაჩენი დგება გამამტყუნებელი. აი, ამან მიმიყვანა აქამდე.

- თქვენი შეფასებით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რა გახდა მთავარი პრობლემა სასამართლოსთვის - სუსტი მოსამართლეები, თუ გაძლიერდა პროკურატურის მხრიდან ზეწოლა?

- პროკურატურის ბრალი ეს არ არის. პროკურატურის ზეწოლას თუ სახელმწიფო ხელს არ უწყობს, პროკურატურა ვერავითარ ზეწოლას ვერ მოახდენს. ძალიან ბევრი ღირსეული მოსამართლე იყო და გაუშვეს სახლში. ახლა, ავიღოთ ტესტირებით მოსამართლის დანიშვნა. ტესტირება არაფერი არ არის; იმ ტესტს დაიზეპირებ და მერე ერთ კვირაში გავიწყდება. თუმცა, მთლად მაგასაც ვერ ვიტყვი, რომ მოსამართლეები ცუდები არიან და ვერ ერკვევიან. ერკვევიან, მაგრამ არ აკეთებენ. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა. მოსამართლეებს კიდე ეშინიათ თანამდებობის და შესაბამისად, ხელფასის დაკარგვის.

- სხვა კუთხიდან რომ შევხედოთ ამ საქმეს, ხომ არ შეიძლება, რომ ყველა საქმეში  პოლიტიკური ინტერესი იყოს...

- არა, ყველა საქმეში პოლიტიკური ინტერესი ნამდვილად ვერ იქნება, მაგრამ როგორც ჩანს, სახელმწიფო პოლიტიკაა ასეთი, რომ მაქსიმალურად უნდა გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. „ნულოვანი ტოლერანტობის“  გაგრძელებაა, როგორც ჩანს... პირველი კურსის სტუდენტები ესწრებოდნენ  სიმონ გაბრიელაშვილის პროცესს აპელაციაში, გაგიჟდნენ, რა, სახლი რომ იყიდა, ამიტომ დაიჭირესო?! პირველი კურსის სტუდენტები კი არა, ქუჩიდან რომ სკოლის მოსწავლე შემოიყვანო, დაუდო ეს გაბრიელაშვილის, დემეტრაშვილის და სხვების საქმე, იკითხავენ, რატომაა დაჭერილიო; ამას პროფესიონალიზმი არც უნდა... კაი, პრეზიდენტმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა, შენ, მოსამართლე, რატომ ასრულებ. შენ ხომ უნდა დაუფიქრდე, ხომ იცი, „ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა, შვილიშვილს მოჭრა კბილიო“.

- საპროცესო შეთანხმებების შესახებაც ვისაუბროთ. პროკურატურა ამ ინსტიტუტს საკმაოდ აქტიურად იყენებს და უმრავლეს შემთხვევაში საპროცესო გარიგებას აფორმებს.  როგორ შეაფასებდით ამ ინსტიტუტს?

- უცხოელი ექსპერტებიც კი ამბობენ, რომ საპროცესო გარიგებებს საქართველოში უხეშად იყენებენო. ნორმალურად დადებული გარიგება, სადაც არ ატყავებ მოქალაქეს, არ არის ცუდი  და  რამდენიმე საქმეზე  ნორმალური გარიგებები დადო კიდეც პროკურატურამ. თუმცა, პროკურატურასაც ვინ ეკითხება - ამ საქმეს მართავს რამდენიმე კაცი. იმ პროკურორსაც ვინ ეკითხება, ვიცი რომ თვითონ იმ პროკურორებსაც არ უნდათ ხალხის ასეთი გატყავება, მაგრამ საშუალებას ვინ აძლევს. მე ვიტყოდი, რომ საპროცესო შეთანხმება ბევრ შემთხვევაში სახელმწიფო რეკეტია - ეს არის ხალხის ძარცვა. მაგალითს მოგიყვანთ: სამმა პიროვნებამ ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული, ჰქონდათ, მაგალითად, ნარკოტიკი მოხმარების მიზნით.  ერთს და ორს აქვს და იხდის 100 ათას ლარს, მესამე ვერ იხდის. იმ მესამეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯი, აქ რომელ სამართალზეა საუბარი. აქ საუბარია, თუ ფული გაქვს - თავისუფალი ხარ. ეს იწვევს კანონისადმი უპატივცემულობას საზოგადოებაში.  მეორე ვარიანტიც არის აქ - ერთი და იგივე საქმეზე ერთს  10 ათასს ახდევინებ, მეორეს - 100 ათასს. ხომ გახსოვთ, ტელეფონის ქურდების საქმეზე,  276 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს პირს. ის ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაბრუნდებოდა, მერე საპროცესო უნდა გადაეხადა ამ თანხით. ასე არასწორია. როგორც აღნიშნული არის სისხლის სამართლის კოდექსში, განსაზღვრული, მაგალითად, თავისუფლების აღკვეთა 5-დან 7 წლამდე, ასე განსაზღვრონ ბატონო, მაგალითად, ნარკოტიკულ დანაშაულზე, 5000-დან 10000 ლარამდე, რაღაც ზღვარი გაავლონ. ამას მიყავს ხალხი იქამდე, რომ, ფაქტობრივად, უკვე რწმუნდება, რომ თუ ფული გაქვს, შეგიძლია ჩაიდინო დანაშაული ბატონო, ხვალ-ზეგ გამოხვალ.

- ვარდების რევოლუციის მერე ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა სისხლის სამართლის სფეროში, თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი ცვლილება,  რაც ადვოკატებს აბრკოლებთ დაცვის უფლების განხორციელებაში?

- პირველი არის - გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობა;“ მეორე - საპროცესო შეთანხმების  შემოტანა, მესამე -  სახაზინო ადვოკატები შექმნეს. სახაზინო ადვოკატურას დღეში 10 საქმე აქვს. რატომ?! კლიენტი იხდის 50 ათას ლარს საპროცესო გარიგებაში და სახაზინო ადვოკატს უნიშნავენ, როგორც არასმქონეს. ასევე,  კიდევ ერთი არის, ძალიან ცუდი, რაც „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ შემოიღეს და რაც არის არარელიგიური, არაადამიანური, რაც არავითარ ჩარჩოში არ ჯდება - ეს არის „ჩაშვების“ ინსტიტუტი, რომელიც შედეგს გამოიტანს 5-10 წელიწადში - იმდენი ანგარიშსწორება მოხდება, რომ ვერ დაითვლი!

- იქნებ განმარტოთ,  რას გულისხმობთ  „ჩაშვების“ ინსტიტუტში?

- მაგალითად, ვიღაც დააკავეს, ვთქვათ წიქარიშვილი და მას ემუქრება  20 წლიანი მუხლი. წიქარიშვილს ეუბნებიან - რომელიმე თანამდებობის პირზე მომაწოდე ინფორმაცია და კი ბატონო, შენ გაგიშვებთ, პირობით სასჯელს მოგცემთ. ეს წიქარიშვილი  გაგონილი ჭორიდან დაასახელებს, რომ ის ნარკოტიკს ყიდის. მე ასეთი ბევრ საქმეში მქონდა - აზერბაიჯანელი ბიჭი იყო, ბაქოში იმუშავა სამი თვე. გადმოვიდა საზღვარზე და მისმა ამხანაგმა ჩაუშვა, თითქოს ერთად ნარკოტიკს ყიდდნენ, იმას მისცეს 6 წელი დაახლოებით, ეს კიდე დაიჭირეს, ჩაუდეს ნარკოტიკი  და 24 წელი აჰკიდეს. იმან ტყუილად დაადო ხელი - ოპერატიული ინფორმაცია იყოო, თითქოს სისტემატიურად ყიდდა ნარკოტიკებს, მაშინ, როდესაც ეს ბიჭი წელიწადზე მეტხანს რუსეთში მუშაობდა, ჩამოვიდა საქართველოში და დარჩა ერთი თვე. ერთ თვეში როგორ სისტემატიურად უნდა გაეყიდა. პოლიციის თანამშრომელს დავუსვი კითხვა, რამდენჯერ გაყიდა თქო - ორასჯერ, ორასორმოცდაათჯერო... რეალიზაციაზე კი არ დაიჭირა თან, რომ გადმოდიოდა საზღვარზე მაშინ. შე დალოცვილო, თუ ორასჯერ და ორასორმოცდაათჯერ გაყიდა მეთქი, მაშინ ან იქამდე რატომ არ დაიჭირე, ან ორასორმოცდამეთერთმეტეჯერ, გაყიდვის დროს რატომ არ დაიჭირე. 100 ათას ლარს თხოვდნენ. უარი თქვა, რაში უნდა გადავიხადო, ვიჯდები ტყუილადო.

- ასეთი პრობლემები იყო წლების განმავლობაში - ბევრ საქმეში ერთი და იგივე მოწმე ფიგურირებდა...

- კი ბატონო, პირველად მაგ სიის შეგროვება მე დავიწყე. რამდენიმე საქმეში აღმოჩნდა ერთი და იგივე გვარები - ესენი ერთ დღეს მონაწილეობდნენ წყნეთშიც, გლდანშიც და ისან-სამგორში. ახლა საერთოდ ამოიღეს დამსწრის ინსტიტუტი. როგორ შეიძლება, ჩვენს პოლიციას ანდო ჩხრეკის ჩატარება?! თვითონ უდებს, თვითონვე გამოდის მოწმედ და თვითონვე ჩხრეკს... კი ბატონო, მიხარია, კარგია, გზები გაკეთდა, აღმაშენებელი გააკეთეს, ბევრი რამ შენდება. მე რა მინდა იცი? მე ვიცავ ადამიანს, კაცო, თავს ვაკლავ, რომ იტყვიან, დღე და ღამეს ვასწორებ, საქმე ასპროცენტიანი მოსაგებია და მაინც უკანონო განაჩენია... მინდა ადამიანი არ დაიჩაგროს; არ მინდა, ჩემსკენ ნუ გადმოიხრება ნული პროცენტითაც კი, უბრალოდ, იყოს სამართალი! ამიტომ მივმართე პროტესტის ამ ფორმას - სანამ შემიძლია, ვიშიმშილებ...


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2671
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია