საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„მე ჩემს ქუთაისში ვარ“
2011/07/04 12:33:12

მანანა არონაშვილი - ქალი, რომელიც 2008 წელს დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს საკუთარი შვილებივით უვლიდა ისრაელში

ივნისის ბოლო დღეებში მანანა არონაშვილმა   დიდი   სიურპრიზი   მოუწყო თავის სამეგობროს: სრულიად მოულოდნელად, ქუთაისში გაჩნდა! 

მშობლიური ქალაქი მოინახულა ქალბატონმა, ისრაელიდან გამოგზავნილ ყოველ სიტყვას, ფეისბუკსა თუ   „ოდნოკლასნიკში“ დადებულ თითოეულ კომენტარს უდიდეს მონატრებას, ცრემლსა და ტკივილს რომ ატანდა, ჩამოსვლას კი ფიზიკური მდგომარეობის გამო ვერა და ვერ ახერხებდა.

მანანა ქუთაისში დაიბადა. დედამისი, რუთი თავდიდიშვილი, თოჯინების თეატრის მსახიობთა პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. მანანაც ბავშვობიდან ამ თეატრში იზრდებოდა. რად არ იმუშავა: სცენის მუშად, მოკარნახედ, რეკვიზიტორად, ბოლოს - რეჟისორის თანაშემწედ (70-ზე მეტ სპექტაკლში). აქტიურად თანამშრომლობდა პრესასთან. მან, ფაქტობრივად, თოჯინების თეატრის საინტერესო ისტორია შექმნა - 80-90-იანი და შემდგომი წლების ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი თავისი კორესპონდენციებით, ინტერვიუებით, რეცენზიებით, მსახიობთა შემოქმედებითი პორტრეტებით... ხალისიანი, ენერგიული მანანა არონაშვილი უყვარდა ქუთაისის საზოგადოებას, ამიტომაც ყველას ძლიერ დასწყდა გული, როცა ისრაელში გაემგზავრა ქმარ-შვილთან ერთად.

და, აი, მანანა, რომელსაც 29 ივნისს იუბილე ჰქონდა, მშობლიურ ქალაქში ჩამოვიდა და თავისი გულის სითბო, მაცხოვრის საფლავიდან წამოღებულ სანთლებთან ერთად, ალალად უწილადა მონატრებულ მეგობრებს.

 

მანანა: ძალიან, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში, მონატრებული მეგობრების გვერდით, აღმენიშნა ეს დღე - 50 წლის შესრულება...

იცი, რის ფასად მივიღე ეს ბედნიერება? ყოველ კვირაში ვიკეთებ გადასხმას... ექიმს დავუჩოქე, რომ ნება მოეცა, ეს ერთი კვირა როგორმე „ამოეგდო“ და ჩემთვის თავისუფლება ეჩუქებინა.

ფიზიკურად არ ვიყავი კარგად... ღამით იყო დანიშნული რეისი და დღის 4 საათზე ჯერ კიდევ არ მქონდა გადაწყვეტილი, გამოვფრინდებოდი თუ არა. ბილეთი დაჯავშნული მქონდა. ჩემმა ძველმა ნაცნობმა თენგომ, რომელიც „აირზენას“ წარმომადგენელია, ორჯერ დამირეკა - მოდიხარო? მე თვითონ არ ვიცი, საიდან მოვიკრიფე ეს ძალა და ნებისყოფა - გამოვფრინდი...

- მანანა, ქუთაისში ძალიან აქტიურ ადამიანად გიცნობდნენ. იქ, ისრაელში, რას საქმიანობ?

- ფაქტობრივად, ახლა არაფერს ვაკეთებ. მე მაქვს 100 პროცენტიანი ინვალიდობის სტატუსი, ამიტომ ოფიციალურად არ მეძლევა მუშაობის უფლება. სახლშიც რა გამაჩერებს, ჩავდივარ ხოლმე მეუღლესთან, ჩვენს დაქირავებულ პატარა მინი-მარკეტში და ცოტას ვეხმარები.

ჩვენთან, ხაიფაში, ქალთა კარგი ორგანიზაციაა, რომელსაც მწერალი იზოლდა მოშიაშვილი ხელმძღვანელობს. ძალიან სასიამოვნო ადამიანია, დიდი ხნის წასული გახლავთ საქართველოდან. აი, იქ ხშირად იკრიბებით სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და ინტერესების ქალბატონები, ვაწყობთ შეხვედრებს, საინტერესო ღონისძიებებს.

- საერთოდ, როგორ ცხოვრობენ და საქმიანობენ იქაური ქალები?

- რა ვიცი, რა გითხრა. მიგრაციაა ქვეყანაში ძალიან მაღალი. საერთოდ, შეიცვალა ეკონომიკური მდგომარეობა ყოველნაირად. იმატა უმუშევრობამ, ახალგაზრდობას არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია. საოცრად ძვირია სწავლა. დაამთავრებენ და ვერ საქმდებიან, ან ისეთი მიზერული ხელფასებია, სწავლაში დანახარჯის ამოღებას ვერ ახერხებენ. გამოსავალს იმაში ძებნიან, რომ ქვეყნიდან გარბიან.

- ჩვენთანაც იგივე ხდება...

- იქ უარესია. სწავლა არის მეტისმეტად ძვირი. მადლობა ღმერთს, რომ მე და ჩემი მეუღლე წლების მანძილზე ყოველთვიურად გადავინახავდით ხოლმე დანაზოგს. ბავშვების სამომავლო სწავლის ქირისათვის, თორემ რა შესწვდებოდა ახლა! იქ პირველ ეტაპზე სწავლის გადასახადი 10 ათასი დოლარიდან იწყება და უნივერსიტეტსაც გააჩნია, ფაკულტეტსაც, ყველას თავისი ტარიფი აქვს...

- შვილები სწავლობენ?

- უფროსი ქალიშვილი, ნანუჩია, ამ წუთში გადის ალტერნატიულ სამსახურს, რომ ჯარში არ წავიდეს. სკოლაში ეხმარება საქმეთა მმართველს, თუ ჩამორჩენილი ბავშვები არიან, ხელს წაუკრავს ხოლმე სწავლაში... თან ნახევარ განაკვეთზე მუშაობს მაღაზიაში გამყიდვლად. ფიქრობს, გაისად ჩააბაროს - ფრანგულები, საერთაშორისო ჟურნალისტიკა და სამართალი აინტერესებს. ევროპისკენ აქვს გეზი (მოკლედ, ძალიან შორს წავედით)...

უმცროსი გოგონა ხაიფაში, რუბინის სახელობის ბავშვთა კონსერვატორიაში ეუფლება ვოკალს. მის ხელმძღვანელია ცნობილი პედაგოგი მარი კლერი, რომლის კლასში მოხვედრა დიდი ბედნიერებაა. ჩემს მარის ამ მხრივ ძალიან გაუმართლა. სხვათაშორის, მარი, მარიამი ისრაელში იწოდება როგორც მირი, მირიამი. „მე არა ვარ მირი, - მარი ვარ, გაჩეჩილაძეო!“ - დაჟინებით გაიძახოდა მარი და იმას მიაღწია, რომ დღეს მთელ სკოლაში მას ყველა იცნობს, როგორც მარი გაჩეჩილაძეს.

- ჩვენ ვიცით, როგორ პატივს სცემ შენი ქართველი, მართლმადიდებელი ქმარ-შვილის რწმენას, როგორ უვლი სახლში მათ სალოცავ კუთხეს. ალბათ, ქართველთა და ებრაელთა მეგობრობისა და სიყვარულის საზომად, თქვენი ოჯახის მაგალითიც გამოდგება.

- !.. (თავდახრილი იღიმება)

- მანანა, შენ არ გიყვარს საკუთარ ქველმოქმედებასა და სიკეთეზე ხმამაღლა ლაპარაკი. და მაინც, ძალიან მინდა გთხოვო, გვიამბო, როგორ უვლიდით და პატრონობდით დები არონაშვილები დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს ისრაელში.

- 2008 წლის აგვისტოში ომი აქ რომ დამთავრდა, იქ, ჩვენთვის - არა! 5 თვე კიდევ გაგრძელდა! ბევრი დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი იყო ჩამოყვანილი ისრაელში და ჩვენ გავხდით, ასე ვთქვათ, მათი დედობილები: ვუვლიდით, საჭმელს ვუკეთებდით, სარეცხს ვურეცხავდით, ვამხნევებდით. ისრაელში ჩამოსული იყო გორის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული განყოფილების უფროსი გოჩა კინწურაშვილი, რომლის პირად მძღოლად და თარჯიმნად დაინიშნა ჩემი და, მარინა. როგორც ექთანი და როგორც ივრითიდან ქართულად მთარგმნელი, მარინა ემსახურებოდა მას. ქალაქიდან ქალაქში, საავადმყოფოდან საავადმყოფოში დავდიოდით, სად არ იყვნენ ქართველი ბიჭები: ხაიფაში -       „რამბამის“ საავადმყოფოში, იერუსალიმში- „ჰადასას“, თელ-ავივში -  „ტელ-ჰა-შომერის“,   ბერშევაში   -     „სოროკას“ საავადმყოფოებში... ისეთებიც იყვნენ მათ შორის, რუსულიც კი არ იცოდნენ და ძალიან უჭირდათ მედპერსონალთან ურთიერთობა, ჩვენ ვეხმარებოდით. როგორც საკუთარ ოჯახის წევრებთან, ისე მიგვქონდა დაჭრილი ბიჭებისათვის ხაიფაში ცხელ-ცხელი ღომი, ხაჭაპური, საცივი... ფაქტობრივად, ბევრ მათგანს საავადმყოფოს კერძი არც გაუსინჯავს. ჩვენი ქალთა ორგანიზაციის ქალებიც დადიოდნენ და ბიჭებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ერთ-ერთი ჯარისკაცის, გურამის დედას, გულთბილი სამადლობელი წერილი გამოუქვეყნებია გაზეთ „მენორაში“, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ნომერი ვერ მოვიპოვეთ. თუმცა, ჯარისკაცის დედის მადლიერებამ ძალიან გაგვახარა.

- როცა დაჭრილ ქართველ ბიჭებს ისე უანგაროდ, საკუთარი სურვილით უვლიდი, განსაკუთრებული მიზეზიც გქონდა?

- წარმოვიდგინე ჩემი შვილები (სხვათაშორის, აგვისტოს ომის დღეებში ჩემი გოგონები საქართველოში იყვნენ, ჩვენმა ოჯახმაც დიდი შიში და მღელვარება გადაიტანა მაშინ)...

არ შემეძლო, განსაკუთრებული სიყვარულით არ მომევლო ამ ბიჭებისათვის იმის გამოც, რომ ისინი ქართველები იყვნენ. ეს ჩვენი ომიც იყო. და ყველა ქართველი ებრაელი ძლიერ მტკივნეულად განიცდიდია საქართველოს ბედს.

არამარტო ისინი! მე შევხვდი ცნობილ ებრაელ ჟურნალისტს ცადოკი იესხიკიელს, რომელიც გორთან დაიჭრა. მას პირველი ოპერაცია საქართველოში გაუკეთეს და, ფაქტობრივად, სიკვდილს გადაარჩინეს. იმდენად დიდი პერსონაა, მის გადასაყვანად საგანგებო თვითმფრინავი გაიგზავნა ისრაელიდან. მერე თვეების მანძილზე გრძელდებოდა იესხიკიელის რეაბილიტაციის პროცესი ისრაელში. ისე უყვარს ამ ადამიანს საქართველო და ისეთი დიდი შთაბეჭდილებებითაა სავსე, რომ, ამდენი განცდილ-გადატანილის მიუხედავად, ინტერვიუში მითხრა: მე ისევ წავალ საქართველოშიო. ზუსტად ასეთი სათაური მქონდა მიცემული ჩვენი ინტერვიუსთვისაც. ეს მასალა ჟურნალ „დიდი კავშირებისათვის“ მოვამზადე. ეს ჟურნალი, რომლის რედაქტორი გახლავთ თბილისელი ჟურნალისტი, ქალბატონი ლამარა გიგოლაშვილი, მსოფლიოს 22 ქვეყანაში ვრცელდებოდა 2008-2009 წლებში. მე მისი კორესპონდენტი ვიყავი ისრაელიდან. 6 ნომერი გავაკეთეთ, მერე ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ გამოვიდა. არადა, ძალიან კარგი ჟურნალი იყო, მკითხველს მოსწონდა.

- ვიცი, რომ ისრაელში საგასტროლოდ თუ სხვადასხვა მიზნით ჩასული არაერთი ცნობილი ქართველი ხელოვანის, საზოგადო მოღვაწის უპირველესი მასპინძელი ხარ, ხაიფადან შორეულ ქალაქშიც კი ჩადიხარ მათ სანახავად...

- ყველაფერი, რაც საქართველოსთან მაკავშირებს, განუზომლად ძვირფასია. ნებისმიერი ქართველის დანახვა ისრაელში ჩემთვის ზეიმია.

- მანანა, აი, აგისრულდა ნატვრა და ქუთაისში ხარ. რას გრძნობ?

- ჩემთვის თითქოს გაჩერდა დრო. ის მონაკვეთი, რაც იქ, ისრაელში, გავატარე, თითქოს ამოვარდა და კვლავ „იმ“ ქუთაისში ვარ. თუმცა, მეორე მხრივ, გული მწყდება, რომ ბევრ ნაცნობ სახეს ვეღარ ვხედავ ბაღისკიდეზე, ქალაქის ცენტრში, საყვარელ ქუჩებში, სადაც მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე.

მე როგორ უნდა დავივიწყო ის სითბო და საოცარი ერთგულება, აქ რომ მიგრძვნია და განმიცდია? როგორ დავივიწყებ, მაგალითად, ლია ხარაბაძეს, თავისი უკანასკნელი 40 თეთრი ჩემთვის რომ მოუცია: მანანა, ბავშვს პური უყიდეო და თვითონ, შუაღამით, პრესის სახლიდან ავტოქარხანამდე, ფეხით წასულა სახლში, რადგან გზის ფული აღარ ჰქონდა. ამის დავიწყება როგორ შემიძლია.

იცი, ამ დილით დედაჩემის საფლავი მოვინახულე. იქაურობის გაწმენდა-გასუფთავება მინდოდა და მომვლელი მოვიკითხე. იქვე მცხოვრებმა ქალმა ჩემს თვალწინ დარეკა: „მოი, ვინცხა იბრაილია მოსულიო“, ანუ - ფულის შოვნის შანსი არ დაკარგოო. საოცრად დამწყვიტა გული ამ სიტყვებმა: „ვინცხა იბრაილი“ როგორ გავხდი ჩემი ქუთაისისათვის! მერე მოვიდა ის ქალბატონიც და 70 ლარი მოითხოვა! ფულზე კი არაა საქმე, ამ ადამიანების უტაქტობამ და სიხარბემ შემაძრწუნა. ეს არ იყო ჩემი ქუთაისი, სადღაც, სხვაგან მოვხვდი...

ქუთაისი ჩემთვის ყველაფერია, აქ რომ ურთიერთობებია, აქ რომ სიყვარულია, ისეთი იქ არ არის. მე სულ ეს ქუთაისი მენატრება ისრაელში, მახსოვს, მიყვარს და ფიქრებით ვეფერები.

 

***

საღამოს, მუხნარის ტყეში, რესტორანში, მანანა არონაშვილმა უახლოესი მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა თავისი დაბადების 50 წელი.

თბილისიდან საგანგებოდ ჩამოსულმა, ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა გოჩა ლორიამ ჯერ „საქართველოს მანანებო“ უმღერა, მერე კი - თავისი ცნობილი  „დრო სათაყვანო“.

მეზობელი მაგიდებიდან სრულიად უცნობი ქუთათურები კი რესტორნის მუსიკოსებს მანანას პატივსაცემად წამდაუწუმ უკვეთავდნენ სიმღერებს ქართულ-ებრაულ მეგობრობაზე, ასევე „ჰავა ნაგილას“ და სხვა მელოდიებს.

მეგობრებმა  წრის  შუაგულში   ჩაიყენეს თვალცრემლიანი იუბილარი და აიძულეს, თავადაც ეცეკვა, გამხიარულებულიყო.

დარბაზში ნაირფერი შუქის რკალი სევდიანი სიხარულით ელიცლიცებოდა ქართულ-ებრაულ სამეგობროს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1855
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია