დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამტრედიის გამგებელი კობა კანდელაკი:
2011/06/27 12:21:19

„პირობას გაძლევთ, რომ აწი ინფორმაციის მოპოვებისათვის პრობლემა აღარ შეგექმნებათ“

 

გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ რამდენიმე კვირა ცდილობდა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, კობა კანდელაკთან რაიონში მიმდინარე სიახლეებთან დაკავშირებით გასაუბრებას. თუმცა, იმის გამო, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, პირადად მისმა ხელმძღვანელმა ვალერი თევზაძემ ჩვენთან ურთიერთობა „არ ისურვა“, ვერ მოხერხდა მასთან შეხვედრა... ამის შემდეგ, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ზეინაბ ხაჩიძეს მივმართეთ, რომლის დახმარებითაც გამგებელთან. ბოლოს და ბოლოს, ინტერვიუ შედგა...

 

- ბატონო კობა, რამდენიმე კვირაა, თქვენთან შეხვედრას ვითხოვთ, თუმცა თქვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჩვენთან ურთიერთობას თავს ყოველნაირად არიდებს და ხელს გვიშლის ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

- პირობას გაძლევთ, რომ აწი პრობლემა აღარ შეგექმნებათ და ვალერი თევზაძეც გააგრძელებს თქვენთან ურთიერთობას.

- რამდენიმე კვირის წინ გამგეობის თათბირს არ დაგვასწრეს და გვითხრეს, რომ დახურული იყო. საკრებულოს სხდომას კი საერთოდ არ გვასწრებენ...

- დიახ, ზოგჯერ დახურულია, ზოგჯერ - ღია. როცა ღიაა, ყოველთვის შეგიძლიათ დაესწროთ. რაც შეეხება საკრებულოს, ვიცი, რომ კონკრეტულად მართლა არ იციან, თუ როდის ჩატარდება - ყველაფერი თემებზეა დამოკიდებული. გამგეობის თათბირს ყოველთვის შეგიძლიათ დაესწროთ, როცა ღიაა.

- ბატონო კობა, დღეს ორშაბათია. ვიცით, რომ გამგეობის თათბირი უნდა გამართულიყო. გვაინტერესებს, თუ გაიმართა და რა საკითხები განიხილეთ?

- დღეს მიზეზების გამო თათბირი გადაიდო, თუმცა მოგიყვებით, რა საკითხებზე უნდა ყოფილიყო მსჯელობა. პირველ რიგში ქალაქის კეთილმოწყობას და მიტოვებული ტერიტორიების განხილვას ვაპირებდით. რაც შეეხება მიტოვებული ტერიტორიიდან ნარჩენების გატანას, ეს წლების განმავლობაში არის კერძო პირების მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც განსაკუთრებულად ცენტრალურ ნაწილებშია გადასაჭრელი. თავისთავად, არ ვერევით მათ კომპეტენციაში, ისინი ხარჯავენ პრობლემის მოსაგვარებლად ფულს და არა - სახელმწიფო. მათ მიეცათ დავალება, რომ გარკვეულ ვადებში მოხდეს ნარჩენებისგან ტერიტორიების გასუფთავება. მინდა გითხრათ, რომ სულ მალე დაიწყება ქალაქ სამტრედიის რეაბილიტაცია. პარკების, სკვერების, ტროტუარების კეთილმოწყობა თვის ბოლოს იგეგმება. ეს სამუშაოები, დაახლოებით, 280.000 ლარი დაჯდება. ტენდერში თბილისურმა კომპანიამ გაიმარჯვა. იმედია, ძალიან კარგად და ხარისხიანად შეასრულებენ დავალებას.

- როგორი ვითარებაა დასაქმების მხრივ რაიონში?

- დასაქმების მხრივ სრულიად საქართველოს მასშტაბითაა პრობლემები, ჩვენს ქვეყანაში უამრავი ინსტიტუტი მუშაობს იმისთვის, რომ მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას და მოსახლეობა დასაქმდეს. თუმცა სამტრედია, სხვა რაიონებთან შედარებით, გარკვეულწილად, დასაქმების მხრივ მაღალი პროცენტით გამოირჩევა. მაგრამ ძალიან ჭირს პროფესიონალი კადრების მოძებნა. გარკვეულ სფეროში სპეციალობის მხრივ პრობლემები გვაქვს, მაგალითად გვჭირდება ფილების დამგები, მემანქანეები, რომელთაც შეუძლიათ უმაღლეს დონეზე შეასრულონ საქმე. მე მაქვს ხარისხზე საუბარი, თორემ ამ მხრივ საქმის გაკეთება ყველას შეუძლია. ტენდერში ინვესტორები რომ შემოდიან რაიონში, ცდილობენ, ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმონ, იგივეა სოფლის პროგრამასთან დაკავშირებით.

- სოფლის დახმარების პროგრამა ახსენეთ.  გვაინტერესებს, როდის  დაიწყო სამუშაოები და გაიზარდა თუ არა დაფინანსება?

- ჩვენთან ერთ თვეზე მეტია, სამუშაოთა წარმოება რომ დაიწყო. შემიძლია ვთქვა, სამუშაოს პირველი ნახევარი დასრულებულია, ხოლო მეორე ნახევარი მიმდინარეობს. ამ დროისათვის მისასვლელი გზების მოხრეშვა შეჩერებულია, იმიტომ, რომ წვიმიან ამინდში ატალახდება და არ არის ახლა მუშაობა  მიზანშეწონილი. ალბათ, დაახლოებით, ივლისის დასაწყისიდან განვაახლებთ საქმიანობას. თანხები, რაც იყო, იგივე დარჩა. იყო პრობლემები ტექნიკასთან დაკავშირებით. სამხარეო ადმინისტრაციის დახმარებით, ახალი გრეიდერები გამოგვიყვეს. ამან, თავისთავად, ხარჯი შეგვიმცირა. ძირითადად, პრიორიტეტები არის სკოლების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, სკვერების კეთილმოწყობა. ზოგმა საბავშვო ბაღის შეძენა და შეკეთება მოითხოვა. პრაქტიკულად, საქმის წარმოება მოქალაქეების შერჩევით ხდება, მივდივართ ადგილზე, ოქმი ივსება, მიმდინარეობს სოფლის თავკაცების კრება, ჩვენი წარმომადგენელი მხოლოდ პროცესს ესწრება და მათ კონსულტაციას უწევს. ჩვენ პროექტის შესახებ ვუხსნით და შესაბამისად, მოსახლეობა საქმიანობაში ერთვება.

- რა მდგომარეობაშია ჰიბრიდული სიმინდის თესვა.

- დასრულდა, დასრულდა იმ გაგებით, რაც ჩვენ გეგმით გვქონდა განაცხადი შეტანილი, 525 ჰექტარზე, შესრულებულია.

- ბატონო კობა, 1000 ჰექტარზე რომ იყო საუბარი? აკი ადრე ასე გვითხარით?

- 1000-ზე არ იყო... ანუ გაორება მოხდა ისე, რომ ჩვენთან როდესაც დარეგისტრირდნენ, მათ კიდევ ცალკე სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადი ჰქონდათ შეტანილი. დიახ, ასე მოხდა გაორება, თუმცა გეგმას საკმაოდ გადავაჭარბეთ. მსურველი იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. ეს იმას ნიშნავს, რომ 525 ჰექტრის მაგივრად, ამ წუთის მონაცემებით, 600 ჰექტარს გადასცილდა. სავარაუდოდ, 650-მდე გაიზრდება, ჩემი აზრით, ძალიან კარგი მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, ტექნიკის კუთხით პრობლემები იყო, მაგრამ, ასე თუ ისე, ეტაპობრივად გადაწყდა. რამ განაპირობა ტექნიკის პრობლემა, თქვენ იცით, რომ მიწის დამუშავების დროს წვიმები წამოვიდა. უმეტესობას მიწა დახნული არ ჰქონდა და, როდესაც გამოვიდა ამინდი, პრაქტიკულად, ყველას ერთდროულად შეექმნა დასახნავ-დასათესი. ეს ფიზიკურად შეუძლებელია, მაშინ უნდა გყავდეს სამჯერ მეტი ტრაქტორი, ვიდრე განკუთვნილი არის ამა თუ იმ რაოდენობის ფართობზე. გარდა ჰიბრიდული სიმინდისა, სერიოზულად გაიზარდა მოთხოვნილება სასათბურე კიტრზე, პომიდორზე, ხახვზე, წიწაკაზე, ბულგარულზე და ა. შ. ამ კუთხით გამგეობაში სპეციალური შტაბი მაქვს შექმნილი და ყოველ საღამოს ვამუშავებ ინფორმაციას, სად რა დაითესა. ბოლო მონაცემებით საზამთროს ბიზნესი მომგებიანია და, შესაბამისად, მეტი გლეხი აწარმოებს.

- გადავიდეთ ქალაქის აქტუალურ საკითხზე. სამტრედიის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე, მისივე სახელობის სკვერში მიმდინარეობს პოლიციის შენობის მშენებლობა. გვაინტერესებს, როდის დაიგეგმა მშენებლობა და რამდენად საქმის კურსში იყო მოსახლეობა?

- ეს დაიგეგმა ამ ზაფხულზე, იყო მშენებლობის გადაწყვეტილება სხვა ადგილზე, მაგრამ, გეოლოგების დასკვნით, პრაქტიკულად, იქ შეუძლებელი გახდა, იმიტომ, რომ რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიიდან ხეების გამო იქნა გადმოტანილი სკვერში პოლიციის შენობა. რა თქმა უნდა, მოსახლეობა საქმის კურსში იყო. გეოლოგებმა რამდენიმეჯერ შეამოწმეს სკვერი და ყოველგვარი გართულებების გარეშე მშენებლობა გადაწყდა.

- სამტრედიელები პოლიციის შენობას აპროტესტებენ და ადგილობრივ მთავრობას სკვერის განადგურებაში გადანაშაულებენ. ასევე აღნიშნავენ, რომ იქვე, რამდენიმე მეტრში, წმინდა დავით აღმაშენებლის ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს. რას იტყვით პროტესტზე?

- არანაირად ხელს არ უშლის პოლიციის შენობა ტაძარს, ის არის მეორე მხარეს. სკვერს რაც შეეხება, თუ გაინტერესებთ, როდესაც მშენებლობა დასრულდება, დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ. რაც სამტრედიას არ ჰქონია, ის სილამაზე ექნება ქალაქს. სკვერების, გაზონების მოპირკეთებას პირადად ვხელმძღვანელობ და თქვენ ამა წლის სამ ნოემბერს ისეთ რაღაცას იხილავთ, რომელიც სამტრედიას ჯერ არ ღირსებია. ტაძრის მშენებლობას, მეუფესთან ერთად, მეც ვხელმძღვანელობ და მშენებლობის დასრულებაში გუბერნატორი ლაშა მაქაცარია აქტიურად არის ჩართული. ბატონმა ლაშამ 100.000 ლარი გადმოგვირიცხა, პლუს, ამას გარდა, გამგეობის თანამშრომლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ხელფასიდან გარკვეული პროცენტი ტაძრის მშენებლობას მოხმარდეს. აი, ზუსტად პოლიციის გაყოლებაზე და ფოთის ქუჩაზე, ეკლესიის დასავლეთის მხრიდან, სადაც კარიბჭე იგება, კიდევ კეთდება დამატებითი სკვერი. ასე რომ, პოლიციის შენობის ირგვლივ, რაზეც თქვენ გაქვთ გამახვილებული ყურადღება, იქნება გარკვეული სკვერი, დამონტაჟდება შადრევანი, უბრალოდ, ამის გაკეთებას წელს ვერ მოვასწრებთ, მაგრამ გაისისთვის აუცილებლად დასრულდება. მომავალ 2012 წელს სრულიად გალამაზდება სამტრედია, „მომავლის პარკში“ ახალი ატრაქციონები დამონტაჟდება და, რა თქმა უნდა, პოლიციის მიმდებარე ტერიტორია მოპირკეთდება.

- რამდენად ხშირად მოდიან გამგეობაში სოციალურად დაუცველი ადამიანები და მათთვის რა სახის დახმარება არსებობს?

- ხშირად მოდიან გაჭირვებული ადამიანები გამგეობაში, ზოგი ფულად დახმარებას, სამედიცინოს და მედიკამენტებს ითხოვს. იყო შემთხვევა, აქ მოსული ქალბატონი თავისი ოჯახის პრობლემას მომიყვა და არაფერი მოითხოვა. ნუ, მართალია, მათთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მწირი არის, მაგრამ სოციალურად დაუცველებს შეძლებისდაგვარად ვეხმარებით.

- რაც შეეხება გაზიფიცირებას...

- ქალაქის 90% გაზიფიცირებულია, ანუ სოფლები არის დარჩენილი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოხდეს სრული გაზიფიცირება. სამუშაოთა წარმოებას კომპანია „იტერა“ ახორციელებს. განსაკუთრებულად მიმდინარეობს რაიონის გამოღმა ზონის გაზიფიცირება, რადგან, ფაქტობრივად, ტყე არ არსებობს და ჩვენ, ხელისუფლება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოსახლეობა დავაკმაყოფილოთ ბუნებრივი აირით.

- რამდენიმე კვირის წინ იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია დიდ ჯიხაიშში იმყოფებოდა. იქნებ გაგვიმხილოთ, რასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა?

- დაახლოებით 150 კაციან აუდიტორიას შევხვდით, იყო სოფლის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით საუბარი. რა ვიცი, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, არაჩვეულებვრივი დამოკიდებულება გვაქვს მოსახლეობასთან. დიდ ჯიხაიშში, პროფესიული კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცდელ-სასათბურე მეურნეობის მოწყობა იგეგმება. ეს არის მთავრობის ინიციატივა და ბატონი ლაშას დიდი დამსახურება, ჩვენ ფეხითაც კი შემოვიარეთ ტერიტორია. ახლა 20 ჰექტარზე სიმინდია დათესილი, როდესაც ინვესტორი მოსავალს დააბინავებს, აუცილებლად დავიწყებთ სათბურის მშენებლობას.

 

ნანა კუკულავა

ნოდარ ჯოჯუა

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2353
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია