დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეს ჰაერივით საჭირო დემოკრატია...
2011/02/07 13:40:42

ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით თუ ვიფიქრებთ, დემოკრატია ჰაერივით სჭირდება, როგორც პიროვნულ, ისე ეროვნულ კეთილდღეობას. თუმც სრულფასოვანი დემოკრატიის ჩამოყალიბებას, გარკვეულწილად ალბათ, ისიც, აფერხებს, რომ პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა, ხელოვნების შექმნა კი ყველას არ შეუძლია.

სწორედ დემოკრატიის განვითარების საშუალებები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი იყო ჩვენი საუბრის თემა პოლიტოლოგ გია ნოდიასთან.

 

დემოკრატიული ნაბიჯები

დღეს როგორ უნდა გავხდეთ დემოკრატიული სახელმწიფო, ამ  თვალსაზრისით კონსენსუსის მიღწევა ძალიან რთულია, თუმც ექსპერტების უმრავლესობა აღიარებს, რომ დემოკრატიის განვითარების კუთხით საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული ბოლო 20 წლის განმავლობაში და საქართველო, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს თუ შევადარებთ (უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა), შეიძლება ითქვას, რეგიონში მოწინავე ადგილზეა. მეორე მხრივ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ნუგეში არ არის, ამავე დროს რჩება სერიოზული პრობლემები, ანუ ჩვენ სრულფასოვან დემოკრატიულ ქვეყნად არ ვითვლებით. პრობლემები, ჩემი აზრით, ძირითადად იქიდან გამომდინარეა, ადამიანებს არ აქვთ რწმენა იმისა, რომ საქართველოში არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. კიდევ ერთი მიზეზი: არ არის განვითარებული საზოგადოება და დემოკრატიის შუალედური სისტემა, პოლიტიკური პარტიები ძალიან დაბალგანვითარებულია, მედია საკმაოდ სუსტია, თუმც შედარებით უფრო ძლიერი ინსტიტუტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასოციაციები ასევე ძალიან არაეფექტური. საზოგადოების შიგნით პლურალიზმი, რაც არის დემოკრატიის სული, არ არის ინსტიტუციონალიზებული და განვითარებული. ისიც აღსანიშნავია, რომ, ასე თუ ისე, პოლიტიკური პარტიები არსებობს, პოლიტიკაში შეჯიბრი არსებობს, მაგრამ ამან ვერ მიიღო საკმაოდ მოწესრიგებული სახე. წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ არსებობს ხელისუფლება და ოპოზიცია, არსებობს მედია, შეიძლება არ მოგვწონდეს, რომ რომელიმე არხი არის ზედმეტად სახელისუფლებო, მაგრამ საზოგადოება შეეჩვია იმას, რომ ხელისუფლების კრიტიკა  ჩვეულებრივი ამბავია, ადამიანებს აქვთ არჩევანის უფლება; პოზიტიურია ისიც, რომ მყარი იმპერატივი გვაქვს დემოკრატიისა. საქართველოში მოსახლეობის  უმრავლესობა - ხელისუფლებიდან მოყოლებული, რიგითი მოქალაქეებით - თვლის, რომ უნდა იყოს დემოკრატია. ძალიან ცოტაა რიცხვი იმ ადამიანებისა, ვინც მიიჩნევს, რომ ეს არ არის აუცილებელი. ყველა აღიარებს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით პროგრესი უნდა გვქონდეს.

 

მასმედია

ჩემი აზრით, პრობლემა არის არა ის, რომ მედია არ არის დამოუკიდებელი (იმიტომ, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია ნამდვილად არსებობს), არამედ მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობს პოლიტიკურად დამოუკიდებელი მედია, ანუ ძირითადად არის პოლიტიკურად ანგაჟირებული: ან სახელისუფლებო, ან ანტისახელისუფლებო. როგორც წესი, ამის მიზეზი არის ეკონომიკური მდგომარეობა. როცა მედია არ არის ბიზნესი, მას სჭირდება პატრონი, რომ დაცული იყოს. პოლიტიკური მოთამაშეები განიხილავენ მასმედიას, პირველ რიგში, როგორც იარაღს: როცა შენი უნდა იყოს, ან შენი მოწინააღმდეგის, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა არ არის საკმაოდ ინსტიტუციონალიზებული და თავის თავში ძლიერი, რომ შეინახოს მედია, როგორც თავისი თავის ინფორმირების საშუალება და არა როგორც სხვადასხვა პოლიტიკური ძალის პროპაგანდის წყარო. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ამ ეტაპზე სწრაფად ვერ მოგვარდება. პროგრამა მინიმუმი არის - შევინარჩუნოთ მედიაპლურალიზმი, რაც არის მიღწევა ჩვენი დემოკრატიის; რომ არსებობს პრესა და საშუალებები, რომელიც ცდილობს, არავისი არ იყოს. მეორე, ეს არის ჟურნალისტების საკითხი, უნდა გვყავდეს პროფესიონალი ჟურნალისტები. მედია უნდა განვითარდეს და უნდა ჰქონდეს შემუშავებული თვითრეგულირების მექანიზმები. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯები უკვე იდგმება.

 

ეკონომიკა

მე რამდენადაც ვიცი, სამ მიმართულებაზეა საუბარი, რითაც უნდა ამოიქაჩოს საქართველოს ეკონომიკა, რომელიც, რა თქმა უნდა ძალიან სუსტია. ერთია ტურიზმი, მეორე - სოფლის მეურნეობა, რომელიც ასევე ძალიან სუსტია, ჩამორჩენილი და მესამე - ენერგეტიკა. ჩვენ გვაქვს სერიოზული პოტენციალი, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებაში გაბატონებულია ის აზრი, რომ ამ მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ, რაც, თავისთავად, ირაციონალურია. საქართველოს აქვს ეკონომიკის პოტენციალი, ის უნდა განვითარდეს. ყოველთვის ცუდია, როცა ქვეყანა ერთ რამეზეა დამოკიდებული, ამიტომ მარტო ტურიზმი არ არის საკმარისი, დანარჩენი ორი მიმართულებითაც სერიოზული ძვრებია საჭირო. მაგრამ ტურიზმი არის, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს.

 

სოციალური თემა

მე ვიტყოდი, რომ ქვეყანაში არის სიღარიბე. სიღარიბე უნდა დაიძლიოს და ამის ორი ძირითადი მეთოდია: ერთი - ეს არის ეკონომიკის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა, მეორე - ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამები. ორივე აუცილებელია, მაგრამ პირველ რიგში ეკონომიკის განვითარებას უნდა მიექცეს ყურადღება. თუ ეკონომიკა არ განვითარდება, ხელისუფლებას დასარიგებელი არაფერი ექნება.

 

სოფლის მეურნეობა

სოფლის დახმარების პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, იყო სპონტანური და გაუაზრებელი. პრობლემა ჩვენი სოფლის მეურნეობისა არის ის, რომ, აუცილებელია სოფლის მეურნეობა გახდეს თანამედროვე, რომელიც არ გადაიჭრება იმით, რომ ვიღაცას საჩუქრები ან ფული მისცე. ის უნდა იყოს მწარმოებლური. როდესაც ვჩივით, რომ თურქეთიდან შემოდის საქონელი, რომელიც უფრო იაფია, ამის მიზეზი იქ განვითარებული თანამედროვე სოფლის მეურნეობაა. შესაბამისად, უფრო მწარმოებლურიც. იმისათვის, რომ რეფორმა გახდეს ეფექტური, უნდა მოხდეს მიწების გასხვისება, ფერმერული მეურნეობის განვითარება, უნდა დასაქმდეს მეტი ხალხი, რაც ნიშნავს მეტი ინვესტიციის ჩადებას, როგორც ქართულის, ისე უცხოურის. საქართველოში ბურების ჩამოყვანამ, შეიძლება გაამართლოს და შეიძლება არა, მაგრამ მთავარი არის თანამედროვე ნოუჰაუს შემოტანა. პრობლემა ის არის, რომ თავად საქართველოში არ გამოჩნდა ისეთი ჯგუფები, რომლებიც სოფლის მეურნეობის თანამედროვე რელსებზე გდაყვანას მოახერხებდა. ბურები ყოველ შემთხვევაში არიან ერთ-ერთი აგენტები ცვლილებებისა. თანამედროვე, მაღალი დონისა და პროგრესული სოფლის მეურნეობის მატარებლები. გარდა ამისა, ისინი შევიწროებული არიან იქ, სადაც არიან და შეიძლება,  მოტივაციაც უფრო მეტი ჰქონდეთ, რომ აქ ჩამოვიდნენ და გამოიყვანონ საქართველოს სოფლის მეურნეობა შუა საუკუნეებიდან.

 

რეფორმები განათლებაში:

ხშირად თვითონ პრეზიდენტი აკრიტიკებს განათლების სისტემაში ნაბიჯებს. პრეზიდენტს უნდა ძალიან სწრაფი შედეგები, მაგრამ განათლების სისტემაში სწრაფი შედეგი ვერ იქნება. სკოლებში ბევრი პრობლემაა და ძნელი სათქმელია; საიდან უნდა დაიწყოს რეფორმები. ჩემი აზრით, სახელმწიფომ გაცილებით მეტი უნდა ჩადოს განათლების სისტემაში, ვიდრე ახლა ხარჯავს.

ინგლისურიზაციის რეფორმის მიზანი და მიზეზი ჩემთვის გასაგებია - რომ ჩვენ გვჭირდება ინგლისური ენის გაუმჯობესება და ეს რაღაც არის საშუალება იმ თანამედროვე ოცნებებისა და იდეების განსახორციელებლად, თანამედროვე საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის რომ გვჭირდება. ქართველი მშობლის ქცევას თუ დავაკვირდებით, როცა ფული აქვს, პირველ რიგში ინგლისურის პედაგოგს ქირაობს. შესაბამისად, საკმაოდ ლოგიკურია,  თუ მშობლები ასე ფიქრობენ, სახელმწიფომ რატომ არ უნდა იფიქროს მსგავსად? მეორე ამბავია, რამდენად ეფექტური გზაა არჩეული ამის გადასაჭრელად. მე რომ ვიყავი განათლების მინისტრი, მაშინაც ვფიქრობდით, რა იქნებოდა ეფექტური გზა და ამ ინიციატივაზეც ვმუშაობდით.  საქართველოში ბევრი ინგლისურის მასწავლებელია, რომლებსაც მხოლოდ გაქცეული ინგლისელის მობრუნება თუ შეუძლია. უცხოელი პედაგოგების ჩამოყვანის პრაქტიკას ბევრი ქვეყანა იყენებს, მაგალითად - სამხრეთ კორეა. სწრაფი შედეგი თუ გვინდა, ეს აზრიანი გადაწყვეტილებაა.

რაც შეეხება მანდატურების ინსტიტუტს, ეს არის პასუხი კრიტიკაზე, რომელიც ხშირად მესმოდა საზოგადოების მხრიდან, რომ სკოლებში სწავლა არ არის და დისციპლინა. რა თქმა უნდა, მანდატურის ტიპის თანამშრომლები დასავლეთის სკოლებში ძალიან ბევრია, უბრალოდ, ჩვენი თავისებურება ისაა, რომ ისინი ექვემდებარებიან არა დირექტორს, არამედ - სამინისტროს და სკოლებში მათ უყურებენ,  როგორც აგენტებს. მე ვისურვებდი, რომ მომავალში მანდატური გახდეს სკოლის თანამშრომელი.

კიდევ ერთი, მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ხელფასები. ამ ხელფასებზე ძალიან ძნელია მაღალკვალიფიციური პედაგოგის მიწვევა. სკოლას უნდა ჰყავდეს კვალიფიციური პედაგოგები. ტესტირება ყველამ უნდა გაიაროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის კარგი პედაგოგია. შესაძლოა, ტესტირებაში მაღალი ქულები მიიღოს, მაგრამ მას არ ჰქონდეს მასალის გადმოცემის უნარი. ამ შემთხვევაში დირექტორის ფუნქცია უნდა გაიზარდოს და მას შეეძლოს მასწავლებლის გათავისუფლება. კიდევ ერთი, სკოლებს შორის უნდა გაიზარდოს კონკურენცია და, შესაბამისად, ყველა სკოლა იზრუნებს საუკეთესო სწავლებაზე, რადგანაც მშობლებიც არჩევანს სწორედ ამის მიხედვით გააკეთებენ. ტესტირება არის აუცილებელი, მაგრამ არ არის პანაცეა. კიდევ ერთი ფაქტი: ბოლო დროს ხშირადაა საუბარი განათლების სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე, რაც ძალიან ცუდია.

 

პრეზიდენტის გამოსვლა

პირადად მე პრეზიდენტს ვურჩევდი, ამ ფორმით არ მიმართოს ხალხს, მაგრამ, მეორე მხრივ, ტრაგედიასაც ვერ ვხედავ, რომ ამ ფორმით ისაუბროს. სჯობს პრეზიდენტის ხალხთან ურთიერთობა სხვადასხვა პრესკონფერენციებისა და ჟურნალისტების გავლით. ჟურნალისტები, თუკი ისინი კარგი ჟურნალისტები არიან, შეუძლიათ, მოკრიბონ ის შეკითხვები, რომლებიც ხალხს აწუხებს და უფრო პროფესიონალურად დაუსვან პრეზიდენტს.

 

ევროპა და საქართველო

ევროპასთან ინტეგრაციაში თუ იგულისხმება ევროკავშირის წევრად მიღება, ძალიან ცუდი მომენტია ამ წუთში. უბრალოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ არიან იმ ხასიათზე, რომ ვინმე ახალი მიიღონ. მაგრამ ჩვენ გვჭირდება ბევრი რამ. ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი არ უნდა იყოს ევროკავშირის წევრობა და ამაზე ვერც ვიფიქრებთ, რადგანაც ეს არარეალისტურია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, ევროპასთან კარგი ურთიერთობა და, მეორეს მხრივ, ევროპისგან ვისწავლოთ, რაც არის სასწავლი. არ ვთვლი, რომ  ევროპისგან, ავტომატურად, ყველაფერი, რასაც გვეუბნებიან, გადმოვიღოთ. შესაძლოა, ევროპაზე ყველას ერთნაირი წარმოდგენა არ ჰქონდეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საუკეთესოს გადმოღება და შეთვისება მნიშვნელოვანია.

ევროპელობა ჩემთვის, პირველ რიგში, ნიშნავს პიროვნების თავისუფლებას, სამწუხაროდ - ჰომოსექსუალიზმთან ერთად. ის ნიშნავს კანონის უზენაესობასა და კანონმორჩილებას მოქალაქისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც, ეს არის შესაბამისი წესრიგი, განსხვავებული აზრის პატივისცემა და განსხვავებული აზრის ურთიერთთავსებადობა, შრომის ეთიკა და პროფესიონალიზმის დაფასება. ეს არის ის ღირებულებები, რომელიც ჩემთვის ასოცირდება ევროპასთან, რაც, ჩემი აზრით, საქართველოსთვის კარგია და ამ მიმართულებით წინ უნდა წავიდეთ. ეს ევროპისკენ სვლაც იქნება, მაგრამ ასევე - ჩვენი განვითარებაც.

 

ამერიკა და საქართველო

ამერიკას მაინცდამაინც არ ვჭირდებით, თუმცა ამერიკაში გარკვეული სიმპათია არის საქართველოს, როგორც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოყვარე ქვეყნის მიმართ, რაღაცნაირად, ასეთი რეპუტაცია შევიქმენით. ეს სახელმწიფო ჩვენ გვჭირდება უშუალოდ უსაფრთხოებისათვის. ამერიკა და ევროპა რომ არ ყოფილიყო, 2008 წლის ომი დიდი ალბათობით დამთავრდებოდა, როგორც 1921 წლის ომი. შეიძლება ჩვენ უფრო დიდი მხარდაჭერა გვინდა, ვიდრე გვაქვს, მაგრამ ამ მხარდაჭერის გარეშეც ვერ ვიარსებებთ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

 

ნატო და საქართველო

ნატოში მისაღებად, რომ ვთქვათ, პოლიტიკური ნება არ არის იმის გამო, რომ დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს, - ეს შეიძლება რეალური პრობლემა იყოს, მაგრამ არა - მთავარი. ახლა რეალური პრობლემაა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ერთიანი პოლიტიკური შეთანხმება არ არსებობს ჩვენი მასში გაწევრიანებისა. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფორმალურად მას უკან არ დაუხევია, განსაკუთრებით - 2008 წლის ომის შემდეგ და ფორმალურად მაინც ნატოს კარი ღიაა. ჩვენ არ გვაქვს, როგორც ადრე გვქონდა, ბუქარესტის სამიტამდე, ნატოში სწრაფად მიღების იმედი, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ნატოსთან სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნება და ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, როგორც კი შეიქმნება მათი პოლიტიკური ნება ჩვენი გაწევრიანებისა, გვქონდეს საშინაო დავალება გამზადებული.

 

რუსეთთან ურთიერთობა

რუსეთთან ურთიერთობა ვერ მოგვარდება ამ ეტაპზე, სანამ რუსეთში არის არა მარტო პუტინი პიროვნულად, არამედ, საერთოდ, ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას დღეს მართავს და რომელიც ჯერჯერობით ვერ შეეგუა საქართველოს რეალურ დამოუკიდებლობას, თორემ ფორმალურ დამოუკიდებლობას უკვე შეეგუენ. ცხადია, მანამდე, სანამ საქართველოში არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთზე, კარგი ურთიერთობა გამორიცხულია. სამწუხაროდ, ჩვენთვის ამ ეტაპზე იდეალურია, რომ ცივი ომის მდგომარეობა იყოს სტაბილური.

 

სასამართლო

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, როგორც მინიმუმ, გაააქტიურებს ჩვენს მოქალაქეებს და ჩაუნერგავს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობას. ის აამაღლებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს, რამდენადაც უფრო ხარისხიანი იქნება მართლმსაჯულება და ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი, დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. წინასწარმეტყველება ძალიან რთულია, მაგრამ, ჩემი აზრით, შეიძლება საზოგადოების აზრი შეიცვალოს დროთა განმავლობაში ამ რეფორმის წინააღმდეგ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი სასამართლო და ეს ყველაზე დემოკრატიულ ნაბიჯად მიმაჩნია.

 

სამოქალაქო თვითშეგნება

სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება მოხდება, პირველ რიგში, განათლებით, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია იყოს გამოცდილი სამოქალაქო საზოგადოება. ამერიკელები ამბობენ, რომ დემოკრატიის სწავლა ჰგავს დაახლოებით ცურვის სწავლას: უნდა ჩახტე წყალში და გაცურო, როგორც შეძლებ. გამოცდილებით იქმნება სამოქალაქო თვითშეგნება.

 

ნათია ადეიშვილი

ნოდარ ჯოჯუა

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2049
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია