დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი და სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტი გაერთიანდა
2011/01/24 12:51:14

„უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ მეცამეტე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის დადგენილება), განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი  - სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით. გაზეთი „P.S“. დაინტერესდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმებით და უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, პროფესორ გიორგი ღავთაძესა და სხვა პასუხისმგებელ პირებს ესაუბრა.

 

 - ბატონო გიორგი, როდის მოხდა  საჯარო სამართლის ორი იურიდიული პირის გაერთიანება და, თქვენი აზრით, რით იყო ეს  გამოწვეული?

- ბოლო წლებში ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და, შესაბამისად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში აქტიურად მიმდინარეობს რეფორმები. ამასთან, საქართველო არის აღნიშნული რეფორმის შედეგების არა პასიურად მიმღები მხარე, არამედ აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. სწორედ აღნიშნული იწვევს იმას, რომ ცვლილებები როგორც სასწავლო პროცესის წარმართვის, ისე მისი რესურსული (აკადემიური, თუ მატერიალური) მხარდაჭერის კუთხით საკმაოდ ხშირია. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, ჩართულია აღნიშნულ პროცესში. რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის ფარგლებში, ჯერ კიდევ 2006 წლის თებერვალში გაერთიანდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო და ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტები, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამჟამად განხორციელდა სუბტ როპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით. ორივე უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობის ერთობლივი მუშაობის შედეგად პროცესები მაქსიმალურად უმტკივნეულოდ წარიმართა. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კონცეფციის ჭრილში (ქუთაისი - მეორე დედაქალაქი), მისასალმებელია ქალაქის რეგიონულ საუნივერსიტეტო ცენტრად გარდაქმნის ხელშემწყობი ამ ტიპის რეფორმები. ცვლილებების მიზანიც პრაქტიკულად ეს გახლავთ: ჩვენს ქალაქში ჩამოყალიბდეს ძლიერი, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი და სათანადო აკადემიური პერსონალით დაკომპლექტებული უნივერსიტეტი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

- რა არის უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმების დადებითი თუ უარყოფითი მხარეები?

- ორი დამოუკიდებელი სუბიექტის გაერთიანებით, იქმნება ახალი, უფრო მძლავრი სუბიექტი, ანუ ერთგვარი სინერგიულ ეფექტი, როდესაც ორი დამოუკიდებელი სუბიექტის გაერთიანებით ვიღებთ ახალ უფრო მძლავრ სუბიექტს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება სწავლების უკეთესი ხარისხის მიღება. გაერთიანებული ძალებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეძლებს, უფრო ადეკვატურად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს და იმოქმედოს განათლების სისტემის წინაშე არსებული დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისად. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში (და არა მარტო საქართველოში), ერთ-ერთი ყველაზე მრავალპროფილიანი უმაღლესი სასწავლებელია. ამჟამად მას აგრარული ფაკულტეტი დაემატა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს უნივერსიტეტს აბიტურიენტებისათვის. დადებითი მხარეა ისიც, რომ ყოფილი სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის ქვეშ უკვე შეუძლია აგრარულ ფაკულტეტზე განავითაროს სადოქტორო პროგრამები, მოამზადოს მაღალკვალიფიციური კადრი და მიანიჭოს დოქტორის აკადემიური წოდება.

- პროცესი, რომელიც 2010 წლის 27 დეკემბერს დაიწყო (სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტის შეერთების პროცესს ვგულისხმობ), დასრულდა, თუ  კიდევ არის რაღაც ეტაპები გასავლელი?

- აღნიშნული პროცესი თითქმის დასრულებულია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე ჩაირიცხა ყოფილი სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი შესაბამის ფაკულტეტსა და სპეციალობაზე. ამ სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ სწავლის საფასურის ძველი ოდენობა - 1500 ლარი, რაც ძალაში დარჩება მომდევნო წელსაც აგრარულ ფაკულტეტზე. დაწერილია შესაბამისი ბრძანებები თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმების თაობაზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა მხარის ინტერესები.

- ქალაქში არის მითქმა-მოთქმა, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეიძლება შეუერთდეს ქუთაისში არსებული სხვა კერძო ინსტიტუტები. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი და უნდა ველოდოთ თუ არა ამ ტიპის ცვლილებებს?

- იმერეთის რეგიონში არსებულ რამდენიმე კერძო ინსტიტუტს, მართლაც, შეუჩერდათ აკრედიტაცია, მათ შორის - სამედიცინო ინსტიტუტ „ქუთაისს“, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდებიან. მართალია, სტუდენტებს უფლება აქვთ ისარგებლონ მობილობით და გადმოვიდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში), მაგრამ აკრედიტაციაშეჩერებული სასწავლებლების პროფესურა ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლები როდი გახდებიან. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მობილობის მსურველ სტუდენტებს არ შეექმნებათ არანაირი ხელოვნური ბარიერი და მათ ამასთან დაკავშირებით არანაირი თანხა არ ექნებათ გადასახდელი (უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში განსხვავებული კრედიტების ათვისებასთან დაკავშირებული გადასახდელების გარდა, რაც უნივერსიტეტის შესაბამისი ბრძანებით არის დადგენილი).

 

***

უნდა ითქვას ისიც, რომ ზემოაღნიშნული მოვლენების გამო, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს საკმაოდ რთულ სიტუაციაში უწევს ისეთი სერიოზული და მნიშვნელოვანი პროცესების გავლა, როგორიცაა ავტორიზაცია და აკრედიტაცია, რომელიც 2011 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. თუმცა, როგორც უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ღავთაძემ  აღნიშნა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, მისი  სტრუქტურული ერთეულები მზად არან აღნიშნული პროცესების განსახორციელებლად და უნივერსიტეტი კვლავ შესთავაზებს ყველა მსურველს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, მაღალაკადემიურ დონეზე მომზადებულ სასწავლო პროგრამებს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკრედიტაციაშეჩერებული ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მობილობის წესით და არსებული ვაკანტური ადგილების შესაბამისად ჩაირიცხებიან. როგორც უნივერსიტეტის სასწავლო რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა დავით ლეკვეიშვილმა აგვიხსნა, ელექტრონული რეგისტრაცია (www.nea.ge) 2011 წლის 24 იანვარს დაიწყება და 6 თებერვლამდე გაგრძელდება. 7 თებერვალს ამავე პორტალზე გამოქვეყნდება იმ სტუდენტთა სია, რომლებმაც მოიპოვეს მობილობის უფლება.

მობილობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს და 7 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით საბუთები უნდა წარმოადგინონ სასწავლო პროცესების მართვის განყოფილებაში.

 

ლანა ღიბრაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2042
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია