საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ბუნკერში“ გატარებული საახალწლო დღეები
2011/01/20 14:14:05

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის ბოლო დღეები თბილისის მთავრობის სახლის სასადილოში, ე.წ. „ბუნკერში“ გახლდათ მისი მოწამეობრივი ცხოვრების კიდევ ერთი დასტური. იმ „საახალწლო“ დღეების შესახებ მოგონებები შემოინახა გამსახურდიას თანაგუნდელის მეხსიერებამ.

 

ათეული წლის დუმილის შემდეგ შეგვიძლია მოვუსმინოთ - ფირუზ დიაკონიძეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ ლექტორს, ორგანიზაცია „აი-ძლევაის“ დამფუძნებელს.

„ახალი წლის წინა დღეებში, როცა ზვიადისტებმა მთავრობის სახლის წინ ააფეთქეს კიტოვანის სამხედრო მანქანა, იქიდან გადმოცვივდნენ რუსის ჯარისკაცები, რომლებიც ჩვენ ტყვედ ავიყვანეთ. მაშინ უზენაესი საბჭოს წევრი ვიყავი და როცა გამოცხადდა საგანგებო სიტუაცია (21 დეკემბერს), მე გადავფრინდი ქუთაისიდან თბილისში. იმ საღამოს მთავრობის სახლის წინ ჩამწკრივებულიყვნენ რეგიონებიდან ჩამოსული, ხალხით სავსე ავტობუსები. იმ საღამოს ჩემს გვერდით იდგა ქუთაისელი ქალბატონი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლია კაცაძე.

22 დეკემბრის სისხამ დილით გაგვაღვიძა კიტოვანის გვარდიის ერთ-ერთმა მეთაურმა ვიტალი ჯაშმა, რომელიც რუპორით გვაფრთხილებდა იმის თაობაზე, რომ თუ არ გავათავისუფლებდით რუსთაველის პროსპექტის ტერიტორიას, მთავრობის სახლში, შესაძლოა, დიდი უბედურება დატრიალებულიყო. ამის შესახებ მე სასწრაფოდ მოვახსენე მთავრობის სახლში მყოფ ჯონი ფირცხალაიშვილს -  თავდაცვის მინისტრს (ოღონდ სამწუხაროდ, როგორც აღმოვაჩინეთ, ჩვენ თავდაცვის მინისტრი გვყოლია და ჯარისკაცი - არა).

გაწვევა ახალ ქართულ ჯარში ჯერ არ იყო დაწყებული. თუმცა ჯონი ფირცხალაიშვილმა გამონახა რამდენიმე შეიარაღებული პიროვნება და გამოუშვა ისინი ქუჩაში წესრიგის დასამყარებლად. იმ დროს, როცა გვარდიელები გამოვიდნენ მთავრობის სახლიდან, ჩვენებმა ჰაერში გაისროლეს და მიცვივდნენ კიტოვანის გამოგზავნილ ხალხს დასაპატიმრებლად.

სასტუმრო „თბილისიდან წამოვიდა ტყვიები ჩვენი მიმართულებით. ამ უკონტროლო სროლაში მოჰყვნენ უბრალო მოქალაქეები, ეს გახლდათ პირველი უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლი. დაჭრილები შეიყვანეს მთავრობის სახლში და, როცა ყველანი შევედით შენობაში, სამხედრო თვალსაზრისით კარგად მომზადებულმა მოწინააღმდეგემ შენობას ქვემეხი ესროლა და ის კედლებიანად დააზანზარა. ყველანი იძულებით ჩავედით სარდაფში, სადაც მოწყობილი გახლდათ სასადილო და იქ განვთავსდით. როგორც ყველა სასადილოში, აქაც ბლომად იდგა სკამები და ღამით ხალხს მასზე ეძინა. ამ ე.წ. „ბუნკერში“, რა თქმა უნდა, არ გვქონდა საწოლები: ორი კვირის მანძილზე ერთად ვათევდით ღამეს მებრძოლები, დეპუტატები, ჩვეულებრივი გულშემატკივრები, რომლებიც თავისუფლად შემოდიოდნენ ჩვენთან, მათ ერეოდნენ შემოგზავნილებიც. ჩვენ დავიჭირეთ ერთი პიროვნება, ეროვნებით რუსი, რომელსაც, როგორც გავარკვიეთ, ზვიადის მოკვლა ჰქონდა დავალებული.

პირველ საღამოს მნიშვნელოვანი ფაქტი ის გახლდათ, რომ ჩვენგან გააგზავნეს ბესო ქუთათელაძე სიგუასთან მოსალაპარაკებლად. დაბრუნებულმა ყველას გვამცნო სიგუას შემოთვლილი ულტიმატუმი: ის ითხოვდა ზვიადის ნებაყოფლობით გადადგომას, იძლეოდა პირობას, რომ მას უსაფრთხოდ გადააცილებდნენ ბათუმში, ხოლო დეპუტატებისაგან ითხოვდნენ თეთრი დროშებით გამოსვლას შენობიდან და დანებებას. თანხმობის შესახებ გამსახურდიასაგან ითხოვდა სატელეფონო დასტურს, რაზედაც დეპუტატებმა სასტიკი უარი განვაცხადეთ.

ამის შემდგომ ზვიადი მარტო შევიდა ოთახში და ტელეფონით ესაუბრა სიგუას, რომელიც შემდგომ, როგორც სატელევიზიო გადაცემამ დაადასტურა, უშვერი სიტყვებით აყენებდა შეურაცხყოფას ბატონ ზვიადს. ის, რომ სიგუა და კიტოვანი ემორჩილებოდნენ რუსეთის აგენტების მითითებებს, ჩვენთვის ნათელი გახდა იმით, რომ რადიოთი ვიჭერდით კიტოვანისა და ამიერკავკასიის სარდლის რაციით საუბარს. რამდენიმეჯერ მოვისმინეთ, თუ როგორ იძლეოდნენ ისინი ბრძანებებს - 25 დეკემბრამდე აუცილებლად დაეპატიმრებინათ გამსახურდია, იმიტომ, რომ ამ დღისათვის ამერიკას გადაწყვეტილი ჰქონდა, ეღიარებინა საქართველოს დამოუკიდებლობა. ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა შევარდნაძესაც და მას სურდა, ეს ფაქტი საქართველოში მის ჩამოსვლას დაკავშირებოდა, მაგრამ 25 დეკემბერს მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ქართველ ხალხს მეგაფონით ეუწყა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტის შესახებ.

„ბუნკერში“ ჩასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ სიტუაცია შიგნით ძალიან დაიძაბა. ერთ ოთახში დამწყვდეულ ხალხზე ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებდა გაურკვევლობა, ოთახის დაბალი სინათლე და ქვემეხების გრიალის ხმა, შენობის კედლებზე ყუმბარების დარტყმის ძალა აზანზარებდა კედლებს. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ისტერიული განწყობილება დაეუფლათ. ზვიადის მეგობრები მურმან ომანიძეს საჯაროდ ედავებოდნენ თვითმფრინავების შესასყიდი თანხების გაფლანგვაში. ზვიადს გვერდიდან არ სცილდებოდნენ ტარიელ გელანტია და გურამ აბსანძე. მძიმე ფსიქოლოგიურ განწყობას და სტრესს ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა თბილისელი ჟურნალისტის - ია მუხრანელის ვაჟიშვილმა.

ჩვენთან, ბუნკერში, დაჭრილებიც შემოჰყავდათ, რომელთაც პირველად დახმარებას უწევდნენ დეპუტატებად არჩეული პროფესიონალი ექიმები. ბუნკერში სახელდახელოდ მოეწყო მცირე ჰოსპიტალი, გარედან შემოყვანილი დაჭრილებიდან ერთი ათიოდე კაცი გარდაიცვალა კიდეც. მათ შორის ამოვიცანით ერთი ქუთაისელი ჯარისკაციც.

ამ ომის დროს ლია კაცაძე გავიდა ბუნკერიდან, წავიდა ქუთაისში და მალევე დაბრუნდა უკან, მასთან ერთად ჩვენთან მოვიდა ათიოდე ქუთაისელი, რომელთა შორის იყვნენ: ომარ კერესელიძე, გოგი შავგულიძე, რამაზ იაშვილი და სხვები. იმის გამო, რომ 23 დეკემბერს გარედან გადაჭრეს ყველა ტელეფონის ხაზი, ჩვენ ვერ ვახერხებდით ინფორმაციების მიღებას, სამაგიეროდ, გარედან შემოსულებს მოჰქონდათ ახალი ამბები გარე სამყაროსთან, მათი საშუალებით ვამყარებდით კონტაქტებს ჩვენთვის ახლობელ ადამიანებთან.

საახალწლოდ „ბუნკერში“ მყოფთა შორის ნოსტალგიამ და გულგატეხილობამ დაისადგურა, იმიტომ, რომ ბესო ქუთათელაძემ, რომელსაც ტელევიზიის ანძის დაცვა ევალებოდა, იგი უპრობლემოდ ჩააბარა კიტოვანს. საახალწლოდ მრგვალი მაგიდის პრესსპიკერი ირინა სარიშვილი და თენგიზ სიგუა გამოვიდნენ ტელევიზიით და ზვიადი მოიხსენიეს, როგორც ყოფილი პრეზიდენტი. ირინა სარიშვილმა მაშინ თავი გაამხილა და ხალხის წინაშე წარსდგა, როგორც „კაგებეს“ მსტოვარი.

ია მუხრანელის ვაჟის თვითმკვლელობამ მძიმედ იმოქმედა ზვიადის გარშემო შეკრებილი თანამოაზრეების ფსიქიკაზე და პრეზიდენტმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება „ამ ადამიანების უაზროდ გაწყვეტას, სჯობს, გავეცალოთ აქაურობასო“. ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა ბუნკერი და წამოვსულიყავით ქუთაისისკენ. ჩვენთან ერთად „ბუნკერში“ ისხდნენ ახალგაწვეული ეროვნული ჯარის ბიჭები გურიიდან. ჩვენ ყველანი გამოვედით მთავრობის სახლის სასადილოს ოთახიდან სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ჩანს, ზვიადი მიხვდა, რომ მას არ გაუშვებდნენ ქუთაისისკენ და პირი აღმოსავლეთისაკენ ქნა, ჩვენ კი დასავლეთისაკენ წამოვედით.

6 იანვარს დილით მეტეხის ხიდთან მიახლოებულ, ჩვენი თანამოაზრეების „იკარუსს“ კიტოვანის თანარაზმელებმა ცეცხლი გაუხსნეს და დაახლოებით 50 კაცი იქვე, მანქანაში ჩახოცეს, ხოლო მეორე ნაკადი, უკვე აღაიანთან მისული, ხელში ჩაუვარდა ისევე კიტოვანის რაზმელებს და ისინიც დაუნდობლად  დაცხრილეს, მათ შორის დაიღუპნენ ის ახალგაწვეული გურული ბიჭებიც.

მე თავად იმ ავტობუსში აღმოვჩნდი, რომელიც მეტეხის ხიდთან დაცხრილეს. იმის გამო, რომ ავტობუსში სულ ბოლოს მომიწია ასვლამ, კარს ვიყავი ზურგით აკრული. ჩემს წინ თავისი მონოლითური სხეულით იდგა გურამ აბსნაძე და, როცა  ავტობუსის მოპირდაპირე მხრიდან ტყვიები დაგვიშინეს, ექვსი ტყვია მოხვდა აბსნაძეს, მე კი მისი ზურგს ვეფარებოდი და არცერთი ტყვია არ მომხვედრია. როცა „იკარუსის“ კარი გაიღო, მე უპრობლემოდ შევძელი ავტობუსის დატოვება და იქვე, ახლოს, ნათესავის სახლს შევაფარე თავი.

6 იანვარს იმ ავბედით დილას საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა მოახერხეს მხოლოდ იმათ, რომლებიც ვერ ჩაეტივნენ საგანგებოდ მოყვანილ „იკარუსის“ ავტობუსებში და ფეხით გაეშურნენ სახლებისაკენ, ხოლო ნემო ბურჭულაძე და ქუთაისელი მერაბ კიკნაძე ტყვედ აიყვანეს კიტოვანის გვარდიელებმა მეტეხის ხიდთან, რის შესახებაც იმ დღესვე ამცნეს სრულიად საქართველოს.

...12 იანვარს მე დავტოვე ქუთაისი და გავემგზავრე ქალაქ სენაკში, სადაც უკვე მყავდა გადახიზნული ცოლ-შვილი. იმ დროისათვის საქართველო გაიხლიჩა ორ ნაწილად: საქართველოს ხელისუფლება მოქმედებდა გუბისწყლიდან ფსოუმდე, ხოლო პუტჩისტები განაგებდნენ აღმოსავლეთ საქართველოს გუბისწყლიდან წითელ ხიდამდე. ამან ქვეყანა სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა.

 

ესაუბრა ლელა ფხაკაძე - ზარანდია

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3745
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია