საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ეს გიორგი ზანგურია - მითების პოეტი
2010/11/08 13:08:34

გრძელი, ტალღოვანი და მზისფერი თმა, ამავე ფერის წვერი, ჭრელი თვალები, მჟღერი, ბოხი ხმა და ბრგე აღნაგობა... ერთი თვალის შევლებითაც მიხვდებით, რომ განსხვავებულია, თითქოს არაამქვეყნიური, ძალიან ჰგავს შუა საუკუნეების რაინდს, პირადად ჩემში ჭიაბერის ასოციაციას იწვევს, იმ ჭიაბერისას, კონსტანტინე გამსახურდიამ რომ აღწერა  „დიდოსტატის მარჯვენაში“, ოღონდ ეს ასოციაცია მხოლოდ მათი ვიზუალური მსგავსების გამო გამიჩნდა. გიორგი ზანგურზე მოგახსენებთ, მითების პოეტზე, რომელიც სინამდვილეში მსახიობია და ხელოვნების ორივე დარგში ერთნაირად უშუალო, ბუნებრივი და დამაფიქრებელია.

 

- თავდაპირველად მინდა გკითხოთ, ცხენი თუ გაგიჭენებიათ? ან ხმლის მოქნევა თუ იცით?

- პროფესიიდან გამომდინარე, ორივე მათგანთან მქონია შეხება.

- და მთასთან რა დამოკიდებულება გაქვთ? თქვენი გვარის გამოც გეკითხებით...

- მე მთიელი ვარ, სოფელიც მაქვს, სოფელი გრუ, ქსნის ხეობაში, რომელიც სამაჩაბლოს ტერიტორიაზეა და ახლა იქ მისვლა შეუძლებელია. ასევე მაქვს სოფელი გუდამაყარშიც, საიდანაც არის ჩემი გვარი. მთაში ყოფნაც ძალიან მიყვარს.

- ამ კითხვებით იმიტომ დავიწყე, რომ შუა საუკუნეების რაინდს, უფრო სწორად კი დავით აღმაშენებლის საქართველოდან მოსულს ჰგავხართ, ალბთ, თქვენი კავკასიური იერის გამოც...

- რა გითხრათ, თანამედრვოე საქართველოდან ვარ. 1982 წლის 14 ოქტომბერს თბილისში დავიბადე, დავამთავრე 144-ე საშუალო სკოლა და შემდეგ თეატრალური ინსტიტუტი 2004 წელს. მას შემდეგ ვთმაშობ სხვადასხვა სპექტაკლებში, თუმანიშვილისა და მესხიშვილის თეატრების სცენებზე, ვთამაშობდი აგრეთვე „სამეფო უბნის თეატრშიც“, ვმონაწილეობდი სამ ტელესერიალსა და ორ ფილმში. გამოცემული მაქვს ასევე ლექსების ორი კრებული.

- არსებობს ადამიანი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა თქვენს სულიერ სამყაროზე?

- ასეთი ადამიანი ბაბუაჩემია, რომელსაც პატივს ვცემ და ვამაყობ, რომ მისი შვილიშვილი ვარ. ის არის პიროვნება, რომელმაც საქართველო შემაყვარა.

- რამდენი წლის იყავით, ლექსის წერა რომ დაიწყეთ?

- ზუსტი ასაკი არ მახსოვს, ალბათ, 18 წლის, თუმცა მანამდეც დამიწერია რამდენიმე ლექსი. თუმცა ჩემი პირველი ლექსი არ მახსოვს. მგონი, არც გამოქვეყნებულა.

- თქვენი ლექსებიდან ვყელაზე უკეთ რომელი შეგესაბამებათ?

- არ ვიცი, ერთ კონკრეტულს ვერ გამოვყოფ, ყველა მათგანი ჩემია, ყველაში არის ჩემი სული და რაღაც იმპულსი ჩემგან. ლექსით მე ჩემს სათქმელს ვამბობ, ვაფიქსირებ ჩემს აზრს ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. კარგია, როცა ვიღაც ჩემს ლექსში საკუთარ თავს აღმოაჩენს. ადამიანები, საერთოდ, სადღაც ერთმანეთს ვგავართ და მინდა, რომ ყველამ შეიგნოს ეს. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს და თუ ამას გავითავისებთ, იდეალურად ვიცხოვრებთ.

- თქვენს ლექსში, „შეშლილი მარშალი“, არის ასეთი ფრაზა: „მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება“... თქვენ აძლევთ სიყვარულს სიგიჟის უფლებას?

- რა თქმა უნდა. ყველა ადამიანი აძლევს საკუთარ ცხოვრებაში სიყვარულს სიგიჟის უფლებას.

- რომანტიკული ხართ?

- კი, ისე, როგორც ყველა.

- ყველა არ არის რომანტიკული.

- როგორ არა, ყველა ადამიანში არის რაღაც რომანტიკული მარცვალი, რომელსაც გაღვიძება სჭირდება.

- თქვენს პოეზიას მუდმივად შეყვარებული ადამიანის კვალი ეტყობა...

- მე არ მწამს იმ ადამიანის, რომელიც უსიყვარულოდ ცხოვრობს. სიყვარული განაპირობებს ჩვენში სიკეთისა და იმ სათნოებების არსებობას, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ადამიანობისთვის.

- სიყვარულის გამო იმედგაცრუებული ხშირად ყოფილხართ?

- ბუნებრივია, ბავშვობიდან მოყოლებული მუდმივად შეყვარებული ვიყავი და ამას იმედგაცრუებაც თან ახლდა.

- ხშირად ყოფილხართ დეპრესიაში?

- კი, ვყოფილვარ. ეს ბუნებრივი მომენტია. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ სულში არასდროს არაფერი სტკენია, მატყუარაა. ადამიანებად იმიტომ ვჩნდებით, რომ ერთნაირად გამოვცადოთ ცუდიც და კარგიც. თუ ცუდის აღქმა და მისგან რაიმეს სწავლა არ შეგიძლია, სულელი ხარ მაშინ. საკუთარი თავის მკურნალი ასეთ მომენტებში ადამიანი თავად უნდა იყოს.

- ერთ-ერთ ლექსში, რომელსაც „ქალის ეპოქა“ ჰქვია, არის ასეთი ეპითეტი: უშნოდ ლამაზი. როგორია ასეთი ქალი?

- ამ ეპითეტს ვიყენებ მაშინ, როცა რაღაც ძალიან მომწონს, იმდენად მომწონს, რომ ის უკვე უშნოა ჩემთვის. ეს ეპითეტი საპირისპიროა იმისა, რასაც მშვენიერება ჰქვია და, ალბათ, ყველაზე ლამაზ ქალს შეეფერება.

- როგორც ვიცი, დაქორწინებული არ ხართ.

- ვარ და შვილიც მყავს.

- მაპატიეთ, არ ვიცოდი, არ გახმაურებულა.

- ზოგადად, არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი. სჯობს, ადამიანის შემოქმედებით მხარეზე ვილაპარაკოთ, იმაზე, რითაც ის საზოგადოებისთვის საინტერესო უნდა გახდეს.

- ლექსის, „ნეიტრალური ხაზის“ გამო გკითხეთ...

- ეს ძველი ლექსია, დაქორწინებამდე დაწერილი.

- და როგორ აღწერეთ ერთმანეთის მიმართ გაციებული ცოლ-ქმრის ყოველდღიური ცხოვრება ას რეალურად?

- დაკვირვებისა და ფიქრის მეშვეობით. ამ ლექსით მე ჩემი თვალსაზრისი დავაფიქსირე რეალობის მიმართ. ოჯახური სურათი კი ხშირ შემთხვევაში ასეთია. საერთოდ, ადამიანის შემოქმედება არის ფიქრისა და განსჯის შედეგი.

- როგორ ფიქრობთ, საკუთარ თავს კარგად იცნობთ?

- საკმაოდ.

- აღმოგიჩენიათ საკუთარ თავში ისეთი რამ, რასაც გაუკვირვებიხართ?

- როგორ არ აღმომიჩენია. თუმცა, ძირითადად, წინასწარ ვფიქრობ, რაღაცის გაკეთებას შევძლებ, თუ არა. მიყვარს ჩემი ქმედებების წინასწარ განჭვრეტა.

- ყველაზე გამორჩეული თვისება რა გაქვთ?

- ერთადერთ რაიმეს ვერ ვიტან - სიზარმაცეს. მაქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი და ღირებული საქმე ვაკეთო, რომ ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო გავხადო.

- როგორ ფიქრობთ, ცხოვრება სევდაა?

- ცხოვრება თავგადასავალია, დიდი მოგზაურობა, და ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული, გააჩნია, როგორ იმოგზაურებს.

- და რა არის დრო?

- დრო ჩემთვის გაწელილი სამყაროა, რადგან ის მხოლოდ ადამიანებს გაგვაჩნია და მას ვემორჩილებით. თითოეული ჩვენგანის დრო დაუსრულებლად მიდის და შემდეგ სადღაც მთავრდება, ამიტომ არის ჩემთვის ის გაწელილი სამყარო.

- ისურვებდით, სხვა ეპოქაში  ან სხვა ქვეყანაში ცხოვრებას?

- არავითარ შემთხვევაში, სხვა ქვეყანაში ცხოვრებას მითუმეტეს. ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ მართლმადიდებელ, ქართველ ადამიანად დავიბადე.

- სულით მეამბოხე ხართ?

- რა თქმა უნდა, ვარ. გააჩნია სიტუაციას და, ამბოხის მიზანს. ბრძოლას მიზანი უნდა ჰქონდეს. თუკი, მიზეზი და მიზანი აქვს, მეამბოხე იქნება ნებისმიერი ქართველი მამაკაცი.

- ჩვენს რეალობაში ქარის წისქვილებთან ბრძოლა ღირს?

- თუ დონ კიხოტური რაინდობა არ არის მამაკაცში, ის საინტერესო ვერ იქნება ვერავისთვის.

- ამბიციური ხართ?

- გააჩნია, რას დავარქმევთ ამბიციას. ცხვირაწეული არ დავდივარ, არ მინდა ვინმე მე მცემდეს თაყვანს. მირჩევნია ადამიანები ჩემს შემოქმედებას სცემდნენ თაყვანს და არა ჩემს პიროვნებას.

- თქვენი აზრით, ადამიანური ბედნიერება რა არის?

- სიყვარული და საყვარელ ადამიანთან ყოფნა განაცდევინებს ადამიანს ჭეშმარიტ ბედნიერებას.

- თქვენს თავს ბედნიერად თვლით?

- რაღაც უკმარისობის გრძნობა მაქვს სხვადასხვა სიტუაციაში, თუმცა, საერთო ჯამში, ბედნიერი ვარ. ბედნიერება არ არის მარადიული, ის უფრო წამიერი განცდაა და თუ ამ წამს დაიჭერს ადამიანი, ის შეიძლება მთელი ცხოვრება გაჰყვეს. ჯერ არ მინახავს სულ, გამუდმებით ბედნიერი ადამიანი, ალბათ, ვერც ვნახავ.

- მაქსიმალისტი ხართ, თუ მინიმალისტი?

- მაქსიმალისტი ვარ და მიზანდასახული. ან ყველაფერი, ან არაფერი.

- ადამიანის სული და სხეული შესაძლებელია სხვადასხვა ასაკის იყოს?

- სავსებით დასაშვებია. მაგალითად, მოცარტის სული გაცილებით უფროსი იყო მის სხეულზე. თუკი ადამიანი საკუთარი გამოცდილებით აღწევს წარმატებას, ხშირ შემთხვევაში მისი სულისა და სხეულის ასაკი ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ, როცა პიროვნებას ეს გამოცდილება ზეციდან ეძლევა, მისი სულის ასაკი არ ემთხვევა მის რეალურ წლოვანებას.

- თქვენს შემთხვევაში როგორაა?

- ეს ძალიან პირადული თემაა და არ მინდა ამაზე პასუხის გაცემა.

- თქვენი ნებაა... და რისი გეშინიათ?

- ალბათ, ბოროტების, თუმცა ამას შიში არ ჰქვია. შიშით უფრო მეტად უფლის მეშინია ჩემივე ცოდვების გამო.

- ლოცულობთ?

- რა თქმა უნდა, მე ხომ მართლმადიდებელი, ქართველი ადამიანი ვარ.

- სამყაროს გაიდიალურება ადამიანს შეუძლია?

- შეუძლია. მხოლოდ სიყვარულით.

- რას აფასებთ ადამიანში?

- ერთგულებას, სიყვარულის უნარს, მეგობრობას, სიგიჟეს, შემოქმედებითობას. ყველაფერს, რაც მას საინტერესოს გახდის ჩემს მოგზაურობაში.

- ხშირად შეხვედრილხართ საინტერესო ადამიანებს?

- ჩემთვის ბევრი საინტერესო ადამიანი არ არსებობს, ბევრს არ ვიცნობ ასეთს.

- სიყვარულის გარდა, თქვენს ცხოვრებაში კიდევ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი?

- ჩემი საქართველო და რწმენა.

- ქუთაისთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ამ ქალაქის არ შეყვარება შეუძლებელია. თავს საკუთარ სახლში ვგრძნობ, როცა აქ ვარ. ამ ქალაქში მყავს მეგობრები, ვაკეთებ საყვარელ საქმეს და, უბრალოდ, აქ ყოფნა მიხარია.

 

ესაუბრა ნინო ბაქრაძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1400
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია