დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„პიარი მაშინ არის ყველაზე იდეალური, როცა საქმე კეთდება“
2010/11/01 14:49:50

სულ ცოტა ხნის წინათ, იმერეთის მხარის ადმინისტრაციის თაოსნობით გამართულ „მედია-ფართზე“, ბატონი ლაშა მაქაცარია დაგვპირდა, რომ ექსკლუზიურ ინტერვიუს მოგვცემდა ჩვენთვის სასურველ ნებისმიერ თემაზე და მან ეს სიტყვა 25 ოქტომბერს შეასრულა კიდეც.  

გუბერნატორის კაბინეტში ჩვენი შეხვედრა იმით დაიწყო, რომ მან გაზეთის იუბილე მოგვილოცა:

- მე ვულოცავ თქვენს გაზეთს 15 წლის იუბილეს! გისურვებთ წარმატებებს, და ყველაზე მთავარს - თავისუფლებას; გაუმჯობესებას იმ სტანდარტებისას, რაც დამკვიდრებული გაქვთ მთელ ქუთაისში; და პლუს ამას, ამ მართლაც რომ მაღალი სტანდარტების, პირველ რიგში, შენარჩუნებას და შემდგომ - განვითარებას, ფინანსურად გაძლიერებას და ყველა მიმართულებით წინსვლას!

„ახალი სისხლი“

 

- ბატონო ლაშა, დავიწყოთ 2009 წლის 29 დეკემბრით, ანუ იმ დღით, როცა საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანა, „იმერეთში ახალი სისხლია საჭიროო“ და ამ თანამდებობაზე თქვენ დაგნიშნათ. მაინც, რა მემკვიდრეობა მიიღეთ წინამორბედებისგან და რა სურათია ამჟამად, თითქმის ერთი წლის თავზე, იმერეთში?

- იქიდან გამომდინარე, რომ მე დაბადებული კი ვარ ქუთაისში, მაგრამ აქ არა ვარ გაზრდილი, ყოველ შემთხვევაში, ჩემი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა არ უკავშირდებოდა ამ ქალაქს, ამ რეგიონს ზოგადად, გადაწყვეტილება მართლაც იყო ძალიან მოულოდნელი. თუმცა, მოულოდნელობა შემდეგ მართლაც არაფერში მდგომარეობს, იმიტომ, რომ ჩვენ ვემსახურებით ამ ქვეყანას, ყველა რეგიონში უნდა ცდილობდე, იგი უსწრაფესად გახადო შენი და, შესაბამისად, შეუდგე ყველა იმ პირობის შესრულებას, რომელსაც გისახავს ამ მხარის მოსახლეობა.

რაც შეეხება მემკვიდრეობას, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს საუკეთესო მემკვიდრეობა იყო. თუმცა იყო გარკვეულ საკითხებში წინსვლა და წარმატებებიც ამ ქალაქში, ეს არ არის ხელაღებით უარსაყოფი.

ცენტრად ქცევის პროცესი არ შეჩერებულა. ეს შეეხება იგივე ქალაქის რეაბილიტაციას და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ამ მიმართულებით დღეს უფრო მეტი კეთდება, პირიქით - გაორმაგდა, გასამმაგდა მუშაობა, ერთი წუთითაც არ შეჩერებულა, თუმცა თავის დროზე იყო რაღაც ხარვეზები.

ჩვენ მოსახლეობისაგან რამდენიმე თვის წინათ დასტური მივიღეთ, რომ მხარს უჭერს ამ გუნდს, მხარს უჭერს ამ კურსს - ჩვენ 65% მივიღეთ ქუთაისში (არჩევნებმა ეს ყველაფერი ნათლად დაადასტურა!). აქედან გამომდინარე, შეიძლება ერთი რამის თქმა: რომ ჩვენ ერთი წუთითაც არ უნდა მოვდუნდეთ და ყველა ის პირობა, რომელიც ხალხს მივეცით, აუცილებლად უნდა შევასრულოთ.

არის ძალიან ბევრი ინიციატივა არა მარტო ამ ქალაქში, არამედ - მთლიანად რეგიონში. არ არსებობს ჩვენთან რაიონი, სადაც ერთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტი არ ხორციელდებოდეს. არაფერს ვამბობ სოციალურ პროექტებზე, სოფლის პროგრამებზე, სკოლების რეაბილიტაციაზე, საავადმყოფოების მშენებლობებზე და ასე შემდეგ. ძალიან ბევრმა რაიონმა დიდი ფუნქცია შეიძინა ამ აღმშენებლობის პროცესში. მრავალი მაგალითის დასახელება შეგვიძლია, ავიღოთ თუნდაც ის - საირმის რეაბილიტაცია რომ მიდის. სხვა რაიონებშიც იგივე ხდება და, აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის ნათელი: იმერეთში განვითარების ტემპი მაღალია. შეიძლებოდა, უფრო მაღალიც ყოფილიყო, მაგრამ, დღეს არსებული რეალობებიდან გამომდინარე, ეს არის, ჩემი აზრით, შესაძლებლობის მაქსიმუმი. შესაბამისად, ყურადღებასთან დაკავშირებით: ალბათ, ვერავინ მეტყვის მე, რომ იმერეთს როდესმე ჰქონდა ისეთი დიდი ყურადღება, როგორიც დღეს ექცევა ცენტრალური ხელისუფლებისა და ყველასგან, ვისაც კი შეუძლია, გადაწყვეტილების პროცესში დაეხმაროს გუბერნატორს, მერს, ადგილობრივ ხელისუფლებას.

... ნამდვილად, ის, რაც ამ რეგიონს ეკუთვნის, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ ჩვენ და შემდეგ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ.

 

პრობლემები

 

- რა პრობლემები დაგხვდათ იმერეთში?

- რამდენიმე ნაწილად შეიძლება დაიყოს.

დავიწყოთ ქუთაისით, რომელიც ისტორიულად და თავისი ტრადიციებით წარმოადგენს საქართველოს მეორე ქალაქს და რომელსაც ჰქონდა თავისი დედაქალაქობა. მას შეუძლია, ქვეყნის განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, ჯერ ერთი, იმით, რომ დიდი ქალაქია და პლუს კიდევ - თავისი სამოქალაქო სექტორით, ეკონომიკური პოტენციალით, ტრადიციებით. იგი არის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მოთამაშე ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, პირველი და აუცილებელი საკითხი ის იყო, რომ ამ ქალაქს და მთელ რეგიონს დაებრუნებინა სახელი, რომელიც, ჩემი აზრით, უკანასკნელ პერიოდში ნაკლებად ჰქონდა.

და ჩვენ დღეს ამას ყოველნაირად ვცდილობთ.

პლუს, ამ სახელის აღდგენასთან ერთად, რა თქმა უნდა, თავს იჩენს სხვადასხვა პრობლემაც, რომლებიც მოგვარდა, რომლებიც გვაქვს ახლა და რომლებიც მომავალშია მოსაგვარებელი.

- მომავალში მოსაგვარებელში, კონკრეტულად, რა იგულისხმება?

- ქუთაისთან მიმართებაში დავასახელებდი, მაგალითად, იმას, რომ ძალიან რთული სიტუაციაა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. თუ ამას ავიღებთ, როგორც პრობლემას, ვიტყვით, რომ შეიძლება, ეს, ერთი შეხედვით, არც იყოს პრობლემა, რადგან ბევრი წელიწადია, თაობები ისე გაიზარდნენ, არც კი ახსოვთ, წყალი ოდესმე თუ ყოფილა ქუთაისში. თუმცა, ეს პრობლემაა დღესაც. დღეს ჩვენ ვთქვით, რომ ეს პრობლემა ქუთაისს უნდა მოუგვარდეს აუცილებლად. და ეს არ გვითქვამს მხოლოდ სიტყვით, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული: ფინანსები არის გამოყოფილი, იხარჯება ეს ფული, თუმცა, ხალხი რომ იძახის, წყალი რატომ არ არის, პირდაპირ ვეუბნები, რომ არ უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, ეს ერთ დღეში გადაწყდეს, ამას სჭირდება წლები, მინიმუმ სამი წელი მაინც, რომ ქუთაისში მივიღოთ ნორმალური წყალმომარაგება.  შესაძლებელია, ბევრ რაიონში და, შესაძლებელია, მთელ ქუთაისში წყალი იყოს 24 საათის განმავლობაში, თუმცა, ამას ძალიან ბევრი პრობლემა ახლავს თან (კომუნიკაციები და ა.შ.). მაგრამ ერთი ვიცი ნამდვილად: 2013 - ეს ის წელი იქნება, როცა ხალხს წყლის პრობლემა აღარ ექნება და ქუთაისი ავზების ქალაქიდან ნორმალური წყალმომარაგების ქალაქად გადაიქცევა. ადამიანებს ექნებათ ცხოვრების ელემენტარული პირობები.

არის ძალიან ბევრი პრობლემა რაიონებშიც. არ შეიძლება, ცალკე არ გამოვყოთ დასაქმების პრობლემა, რადგან ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ადამიანი გამოხატავს თავის წუხილს.

- და თუ დაინტერესებულხართ სტატისტიკით: მასობრივი მიგრაციის ფონზე, რამდენი ადამიანია იმერეთში დარჩენილი და როგორია დაუსაქმებელთა პროცენტული მაჩვენებელი ჩვენს რეგიონში?

- რა თქმა უნდა, დაუსაქმებელთა მაჩვენებლით დავინტერესებულვარ. ეს არის საშუალო მაჩვენებელი იმისა, რაც არის ქვეყანაში, არც მეტი - არც ნაკლები. პირიქით, უფრო ნაკლებია. არის სხვა რეგიონები, სადაც უფრო მეტი რაოდენობაა.

მე, როგორც ვიცი, საერთოდ შემოსავლის გარეშე დარჩენილთა რიცხვი, დაახლოებით, ასე, 15 პროცენტიდანაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც ოჯახში ლუკმაპურის გარეშე არის დარჩენილი: სოფელში შეიძლება იყოს, დავუშვათ, სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

- რა უნდა გაკეთდეს უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად?

- სახელმწიფო, პირდაპირ რომ ვთქვათ, ვერ უზრუნველყოფს ამ ხალხის დასაქმების ბაზარს ვერანაირად! იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს შეზღუდული რესურსი და ეს რესურსი რომ გავზარდოთ, ჩათვალეთ, რომ აღმოვჩნდებით იმავე სიტუაციაში, რაც იყო წლების წინათ: არაეფექტური მმართველობა, გაბერილი შტატები, უხელფასოდ დარჩენილი მუშახელი და ა.შ. ამიტომ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ ბიზნესის, კერძო სექტორის განვითარებას.

აი, რამდენიმე დღის წინ ჩამოსული იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელთან ერთადაც ძალიან სერიოზული, კარგი ღონისძიებებია დაგეგმილი იმერეთში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები და რამდენიმე საწარმო გავხსენით სხვადასხვა რაიონში, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ყოველნაირად ვუწყობთ ხელს მათ ზრდას. ქუთაისში დიდი საწარმოები გაიხსნა. ამას რაც არ უნდა სკეპტიკურად შეხედოს ადამიანმა, ხომ ფაქტია. აი, რატომ არ არის, ვთქვათ, მეტალურგიული წარმოება დასაქმების ბაზარი? 500 კაცი მუშაობს! ვინმე გვეტყვის, რომ ეს არ არის კონკრეტული შედეგი? ან ესა თუ ის ქარხანა, მათ შორის - ხე-ტყის წარმოების ქარხანა, ან დავუშვათ, „აისის“ ქარხანა - ან, როცა ლაპარაკი მიდის ეგვიპტელების ინვესტიციაზე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე...

- სწორედ ეგვიპტელებზე გკითხავთ: რამდენად რეალურია ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა?

- რაც შეეხება რეალურობას, როცა ინვესტორი მოდის, ინტერესდება, ფულს იხდის, ყიდულობს რაღაც ტერიტორიას, ქარხანას აგებს და დანახარჯს აკეთებს, ე.ი. ეს ყველაფერი რეალურობასთანაა დაკავშირებული. რეალურია თუ არარეალური, ეს უნდა გამოჩნდეს საქმიდან გამომდინარე. პირველ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი რეალურად ჩანს. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სადღაც, რამდენიმე წელიწადში, ეტაპობრივად, ის 12-ვე ქარხანა ჩამოვა. ახლა 2 თუ 3 ქარხანა უკვე ჩამოსულია. იქ უკვე მიმდინარეობს საწარმოო პროცესი, ხალხი დასაქმებულია, ოღონდ ეს ჯერ არ არის ის რაოდენობა, რა რაოდენობასაც ისინი გვპირდებიან.

- ვიცი, რომ ჩვენს მკითხველს ეს განსაკუთრებით აინტერესებს: რამდენად იყენებენ ეგვიპტელი ბიზნესმენები ადგილობრივ მუშახელს?

- აი, ესეც ისეთი თემა არის, რომელსაც სკეპტიკოსები უნდობლად უყურებენ, ისე განიხილავენ ამ საკითხს, ურწმუნო თომას როლში გამოდიან. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი თვალით ნახოს და ყურით მოუსმინოს, რამდენი ადგილობრივი კადრია იქ დასაქმებული. იგივე მეტალურგიულზე რომ ვსაუბრობთ, იქ დასაქმებულთა 80 პროცენტი ხომ ადგილობრივი კადრია. რაც შეეხება დანარჩენ 20 პროცენტს, ინდურ-ქართული საწარმოა, სადაც, ცხადია, ინდოელებიც არიან დასაქმებული, იმიტომ, რომ, კი, მართალია, ინდუსტრიული ქალაქი იყო თავის დროზე ქუთაისი, გვყავს სპეციალისტები, მაგრამ ძალიან გაჭირდა ახალი ტექნოლოგიების მცოდნე ხალხის მოზიდვა, ამიტომაც ეს 20 პროცენტი სწორედ ის უცხოელებია, რომელთაც იციან ტექნოლოგია.

ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნა კომპანიების მიმართ ისაა, რომ ტენდერებში, რომელთაც მერი აცხადებს (ამ შემთხვევაში ქუთაისი მაქვს მხედველობაში), ყველგან ვალდებულების სახით იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის დასაქმება.

ის, თუ რამდენი ადამიანი შემორჩა მერე ამა თუ იმ მშენებლობას, ან ის, რომ ეს მშენებლობა არის დროებითი და ა.შ., სხვა საკითხია. მაგრამ მეორეცაა - მაგალითად, ძალიან ბევრი ადამიანი წამოვიდა 24 საათიანი სამუშაო რეჟიმის გამო პარლამენტის მშენებლობიდან. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ასეთი. კონკრეტული გვარები და სახელები არსებობს... ეს ის ხალხი იყო, რომელიც დღე და ღამე ითხოვდა სამსახურებს.

- შრომის დაცვის რაღაც მექანიზმი რომ არ არსებობს სახელმწიფოში და დამსაქმებლისაგან შევიწროებულ დასაქმებულს, მის უფლებებს რომ არაფერი იცავს, ხომ ფაქტია?

- მართლა ისე არ გამომივიდეს, რომ 24 საათი მუშაობდნენ. მე ვამბობ, რომ ეს თავისი შინაარსით იმდენად რთული სამუშაოა, კვალიფიციურ კადრებს მოითხოვს. იქ უნდა მუშაობდეს საშუალოზე უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი, ამიტომ ბევრი პრობლემა გვაქვს ჩვენც საკუთარ თავში და ეს პრობლემა უნდა გადავლახოთ. თუმცა ადგილობრივი კადრების დასაქმების თვალსაზრისით რომ ვილაპარაკოთ, არსად, არც ერთ მშენებლობაზე, სხვა ქვეყნებიდან და ქალაქებიდან ჩამოყვანილი კადრები არ მუშაობენ. უმეტესობა ადგილობრივია. თუმცა, ეს მაინც არ არის ის, რაც დასაქმების პრობლემას გადაგვიწყვეტდა ამ ქალაქშიც და რაიონებშიც.

ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს საწარმოები და პლუს ამას სოფლის მეურნეობის განვითარებაც, სადაც სამი ძირითადი მიმართულება გვაქვს აღებული: მეცხოველეობა, სასათბურე მეურნეობა და მესიმინდეობა. აი, გუშინ ჩვენ ძალიან საინტერესო ინიციატივები  შევთავაზეთ მოსახლეობას: კერძოდ, სიმინდის ტრადიციული თესლის ჩანაცვლება უფრო გვალვაგამძლე, უხვმოსავლიანი, კალორიული და გაცილებით უკეთესი ჯიშის თესლით. ამასთან დაკავშირებით, დავალება მიეცათ ყველა სოფლის რწმუნებულს, გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს და, დარწმუნებული ვარ, მოკლე ხანში მოგვარდება პროცესი, რასაც ჰქვია სიმინდის ახალი კულტურის მოყვანა რეგიონში.

სიმინდზე მოთხოვნა ძალიან დიდია სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენი ადგილობრივი ბაზრის დიდი ნაწილიც აუთვისებელია და, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გზა არის სწორი და შედეგის მომტანი - 2 წელიწადში.

- პრობლემებზე საუბრისას, არ შემიძლია, არ შევეხო სასოფლო და სარაიონთაშორისო გზებს. მაგალითად, მახსოვს ის მძიმე შთაბეჭდილება, როცა ენციკლოპედია „იმერეთზე“ მუშაობის დროს რაიონებში დავდიოდით და ვხედავდით: ხარაგაულის ზედა ზონის სოფლების მოსახლეობა, რაკი ცუდ გზებზე ტრანსპორტი ვერ მუშაობდა, 15-20 კილომეტრის და მეტი მანძილის დაშორებით, ხელით ეზიდებოდა ტომრებსა თუ კალათებს, რათა რკინიგზაზე ჩაეტანათ პროდუქტი. ასევე ძალიან ცუდია ე.წ. „რაჭის გზა“ - წყალტუბოს რაიონს დაქვემდებარებული სოფლების გზები... ეს მცირე ჩამონათვალია.

- სტატისტიკურად რომ ავიღოთ, დღეს იმაზე გაცილებით მეტი გზა გვაქვს გაკეთებული, ვიდრე მთელი იმ წლების განმავლობაში. ევროპაშიც რომ ჩავიდეთ, სოფლის გზები შეიძლება ყველგან მოასფალტებული არ იყოს.

ჩვენ ახლა გავხსენით ვანში, ტობანიერში, გზა, რომელიც 7 სოფელს აკავშირებს ცენტრთან და ასეთი არის ძალიან ბევრი, ჩვენს მიერ გაკეთებული გზა ამ რეგიონში. ეს პროცესი რომ იყოს გაჩერებული, მე ვიტყოდი, ამას არასოდეს დასასრული არ ექნება-მეთქი, მაგრამ ეს პროცესი მიდის! იგივე ხარაგაულში, სადაც ასეთი მდგომარეობაა გზებთან დაკავშირებით, წყალტუბოს რაიონშიც და ასე შემდეგ, ეს იქნება გადაჭრილი. ჩვენ მომავალ წელსაც ვაფინანსებთ ასეთი სახის პროგრამებს, ფინანსდება სოფლის პროგრამებიც. შეიძლება, გაკეთდეს გზა, რომელიც ასფალტირებული არ იყოს, მაგრამ მასზე ტრანსპორტმა თავისუფლად იმოძრაოს - მოხრეშილი და სხვა სახის. პლუს მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას ვთავაზობთ ტექნიკის სახითაც.

ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ გზებთან დაკავშირებით იმერეთს საწუწუნო ნამდვილად არაფერი ექნება. იმიტომ, რომ ყველაზე მეტი გზა ამ რეგიონში გაკეთდება და ამ კუთხით ყველაზე მეტად მიექცევა რეგიონს ყურადღება.

ასე რომ, გზა, კომუნიკაციები, წყალი და ასე შემდეგ - ეს არის ჩვენთვის მთავარი საზრუნავი და ამას, კიდევ ვიძახი, არ ეყოფა ერთი წელი და ეს არის პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს მაშინ, როცა დასრულდება.

 

ქუთაისის ცენტრი

 

- ისევ ქუთაისს დავუბრუნდები. 2009 წლის 29 დეკემბერს, როცა პრეზიდენტმა ამ თანამდებობაზე წარგადგინათ, ისიც აღნიშნა, რომ ქალაქის რეაბილიტაციის პროექტები კიდევ უფრო უკეთესად გაკეთდება და საქმეს ბოლომდე მივიყვანთო. მაგრამ ახლა რომ ვუყურებთ ჩვენს ცენტრს, - რიგითი ქუთაისელის თვალით მოგახსენებთ, ბატონო ლაშა, - ზოგან ულამაზესი ფასადებია მხოლოდ, შიგნით შენობა კი არ არის დასრულებული... როდის დაიწყება რეაბილიტაციის მეორე ეტაპი?

- ეტაპებად რატომ ყოფთ? არავითარი ეტაპები აქ არ არსებობს!

- ასე ითქვა ოფიციალურად...

- ის ეტაპი, რომელიც დაიწყო, არანაირად არ შეჩერებულა, გრძელდება. პირიქით, დღეს გაცილებით მეტი თანხა იხარჯება, ორჯერ და სამჯერ მეტი, ვიდრე წინათ იყო.

შეიძლება, დავუშვათ, ფასადის რეაბილიტაცია მოხდეს და შეიძლება - მთლიანად შენობისა - ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განისაზღვრება ბიუჯეტის ამა თუ იმ მუხლში და პრიორიტეტად რას მიიჩნევს ადგილობრივი ხელისუფლება.

თავის დროზე, როცა ფასადები კეთდებოდა და ახლაც ვაკეთებთ ჩვენ ფასადებს, მთავარი მიმართულება - ეს უნდა იყოს აუცილებლად ცენტრალური ნაწილის მოწესრიგება, იმ ნაწილისა, რომელიც შემავსებელია მთლიანად რეაბილიტირებული ქუთაისისა. იცით, რომ ოპერა კეთდება - არამარტო ფასადი, არამედ - მთლიანად ოპერის შენობა, ნოემბრის ბოლოს გაიხსნება და მთლიანად დასრულდება წლის ბოლოსთვის. პარკი კეთდება... სასტუმრო „ქუთაისს“ ეშველოს იქნებ... ახლა მიდის მოლაპარაკება, რომ მესხიშვილის თეატრი თავიდან ბოლომდე გავაკეთოთ, ვნახოთ, როგორ წარიმართება, არ მინდა, წინასწარ ვილაპარაკო - მომავალ წელს დავიწყებთ რეაბილიტაციას და ეს იქნება ქუთაისისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი...

ასე რომ, რა ეტაპიც უნდა დავარქვათ, ეს პროცესი მიდის და არ ჩერდება.

- სიჩქარეში ზოგჯერ ხარისხი რომ უარესდება, მაგალითად, ეს ქვაფენილები ხელახლა დასაგებია?!

- შეიძლება, ვიღაცას სიჩქარედ მოეჩვენოს. ჩვენ სწრაფად კი არ ვაშენებთ, ჩვენ ვაშენებთ დროში.

საქმეც სწორედ მაგაშია. ზოგიერთი დაიწყებდა და წლების განმავლობაში უნდებოდა იმას, რაც ჩვენ, შეიძლება, 5 თვეში გავაკეთოთ. ეს მაშინდელი მმართველობის სტილი იყო, რომ, რაღაცნაირად, მშენებლობის პროცესი გაეჭიანურებინათ და ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ, აი, როგორი რთულია მშენებლობა, რამდენი ფულია საჭირო და ასე შემდეგ. ჩვენ ამას მოკლე დროში კი არა, იმ დროში ვაკეთებთ, რაც საქმეს რეალურად სჭირდება. როგორ შეიძლება, მაგალითად, დავაჩქაროთ ოპერის თეატრის მშენებლობა, რომელიც სპეციფიკურია ძალიან? ეს გამორიცხულია. ამიტომ უნდა გაკეთდეს დროში. თუ ესა თუ ის სამშენებლო კომპანია ერთ ცვლაში ამუშავებს მუშებს, რა თქმა უნდა, პროცესი 10 თვე გაგრძელდება, მაგრამ თუ ორ ცვლაში გადაიყვანეს, მაშინ მშენებლობა იქნება 5 თვიანი, ასე რომ, ნაჩქარევი არ არის და ხელოვნურ ჩარევას ადგილი არ აქვს.

ეს რაც არის აცვენილი და რასაც თქვენ იძახით, ნორმალურია: ხდება, რა თქმა უნდა, შეცდომა, შეიძლება - მშენებლის, ან სამშენებლო კომპანიის მუშაობის ხარვეზებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ჩვენ არა გვყავს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც შეუცდომლად იმუშავებენ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ გამოსწორდება, თვითონვე გამოასწორებენ მალევე. რა ვქნათ - რამდენი კაცი, რამდენი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი დავიჭირეთ, - რას შველის  საქმეს, მთავარია, ეს პრობლემა ისევ გამოსწორდეს.

ანუ რეაბილიტაციის პროგრამა მიმდინარეობს და მიმდინარეობს წარმატებით. და, რაც გითხარით ახლა, მე მგონი, თავისი მასშტაბებით არის უაღრესად შთამბეჭდავი, აი, რაც კი უცხოური დელეგაციები ჩამოდიან ქალაქში, ყველანი ერთხმად გაოცებას და აღფრთოვანებას გამოხატავენ იმის გამო, რაც აქ ხდება.

 

„პიარი...“

 

- თქვენი გუბერნატორობის პირველი დღე სამტრედიაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სახლის გახსნით დაიწყეთ. იმის შემდეგ, ალბათ, რეგიონში ძალიან ბევრი პრეზენტაცია გქონდათ... საშუალოდ რამდენი გიწევთ კვირაში?

- კვირაში რამდენი პრეზენტაცია მიწევს, ეს არ არის დამოკიდებული ჩემზე.

რამდენიმე სახელმწიფო სამსახურში მიმუშავია და ყოველთვის როდი შუქდებოდა ესა თუ ის მომენტი, მაგრამ დღეს ეს აუცილებელია ერთადერთი რაღაცის გამო: ყველა პრეზენტაცია, ყველა ასეთი გახსნილი ობიექტი, ყველა ასეთი დასრულებული პროექტი - მხოლოდ და მხოლოდ წაადგება იმერეთის პოპულარიზაციას. არამარტო ჩვენს ქვეყანაში, სხვაგანაც. უფრო ბევრი ჟურნალისტი ესწრება პრეზენტაციას მაშინ, როცა გუბერნატორი მიდის შეხვედრაზე და არა სხვა, უფრო დაბალი თანამდებობის პირი. ამიტომ მე მივდივარ. როცა იმერეთის მკვიდრი ნახავს ტელესიუჟეტს, იმას კი არ იტყვის, რომ გუბერნატორიაო, არამედ - რა კარგია, იმერეთი წარმოჩნდაო.

ეს არის, მეტი კი არაფერი.

- გაოცებული ვარ, რა შესანიშნავად ამოხსენით ჩემი კითხვის ქვეტექსტი: პიარის ოსტატია ახლანდელი ხელისუფლებაო, რომ ამბობენ...

- პიარს რაც შეეხება, პიარი არის ყველაზე იდეალური მაშინ, როცა კეთდება საქმე. თუ ვინმე მეტყვის მე, რომ რაღაც ისეთი პიარი გაკეთდა, რომელიც რეალურობასთან ახლოს არ არის, ამ შენიშვნას მივიღებ, მაგრამ ასეთი რამ ბუნებაში არ არის! მაგალითად, პარლამენტი რომ ქუთაისში გადმოდის, ამასთან დაკავშირებით რატომაც არ უნდა ილაპარაკოს გუბერნატორმა, როცა ეს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მშენებლობა მისი გუბერნატორობის პერიოდში მიმდინარეობს?

- დიახ. მაგრამ ჟურნალისტებს რატომ არ გვაძლევენ ღია ინფორმაციას: პარლამენტის შენობას როგორი პროექტი აქვს, რა ბიუჯეტიანი... ამბობენ, შესასვლელი წყალტუბოს მხარეს ექნება, ქუთაისიდან ზურგშექცევით...

- არა, არა, არაფერი ისეთი არ არის, ქუთაისიდან კეთდება შესასვლელი. რაც შეეხება მთლიან პროექტს, ეს არ არის ისეთი პროექტი, რომელიც არის მზა და რომელიც ასევე ჩამოვა. ახლა, რამდენიმე დღეში, ძირითადი, შიგა ნაწილი დამთავრებულია და ჩამოგვივა. ტელევიზორში, ერთ-ერთ არხზე იყო ამ პროექტის განხილვა. რაც გვაქვს, ყველაფერს ვაჩვენებთ, რაც არ გვაქვს, იმ ნაწილს როგორ ნახავთ? თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს, იქ თქვენ ვერაფერს გაარკვევთ, იმ ნახაზებში არქიტექტორის გარდა ვინ მიხვდება, სად რა არის? მიახლოებით, ეგერაა, ფასადზე გამოკრული: ეს არის ნიჟარის ტიპის, თანამედროვე კონსტრუქცია, ულამაზესი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და პლუს ამას, საქართველოში ასეთი შენობა არ არის, ჩათვალეთ! იქნება უმაღლესი დონის, უმაღლესი სტანდარტებით აგებული შენობა. მე მარტივად გეტყვით ერთ რამეს: იქ ისეთი ქარიანი ადგილია, 1200 ხიმინჯი კეთდება მარტო იმისთვის, რომ ეს შენობა მყარად იდგეს. ეს არის ძალიან მსუბუქი კონსტრუქცია. თუმცა, ქვემოთ არის მეორე იმდენი, რაც უნდა იყოს ზემოთ. ეს იქნება, თავისი სტანდარტებით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შენობა.

ჩვენ ცოტა ხანში გვექნება რაღაც ინიციატივებიც: აუცილებლად მთავრობის წარმომადგენლობა უნდა გვყავდეს ქუთაისში, კონტროლის პალატა გადმოსულია, გზების დეპარტამენტი... სხვადასხვა სტრუქტურები გვჭირდება. ასე რომ, ქუთაისში რაც კარგი და პოზიტიურია, ამაზე ყველამ უნდა ვილაპარაკოთ. თქვენც უნდა ილაპარაკოთ!

რაც შეეხება ინფორმაციის გამჭვირვალობას, ჩვენ ისეთი გახსნილები ვართ, როგორც არასოდეს, ყველა სახის ინფორმაცია პარლამენტთან დაკავშირებით ღიაა. რაც შეეხება ფინანსებს - რა ვიცით ჩვენ, რამდენი დაჯდება! რამდენიც დასჭირდება ამ შენობის აშენებას, იმდენი დაჯდება. და როცა დასრულდება ეს შენობა, ყველა გაიგებს, რა თანხაც დაიხარჯა.

ყოველ საკრებულოს სხდომაზე გადის ფინანსური ანგარიში - რამდენი ირიცხება ამ ეტაპობრივი სამუშაოების დროს პარლამენტის მშენებლობაზე. რა, დახურულია საკრებულოს სხდომები? ყველას შეუძლია, დაესწროს და გამოითხოვოს ინფორმაცია. ეს პრობლემა არ არის. სამუშაოები მიმდინარეობს ეტაპობრივად . 2012 წლის გაზაფხულზე, არჩევნების წინ, ეს შენობა იქნება დამთავრებული. ასე რომ, 2012 წლის პარლამენტი იქნება ქუთაისში.

- თქვენც ხომ არ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ პარლამენტის წევრი გახდეთ და ასეთ კარგ შენობაში იმუშაოთ?

- მე ერთადერთი სურვილი მაქვს, ჯერჯერობით, რომ ეს ყველა მშენებლობა მივიყვანო ბოლომდე და რასაც დავპირდი ხალხს, შევასრულო.

ჩავარდნა არც ერთ პროექტში არა გვაქვს, ყველა პროექტი მიდის გეგმაზომიერად: სათაფლია დამთავრდება სულ რამდენიმე კვირაში, მომავალი წლისათვის   „პრომეთეს მღვიმე“ გვექნება ყუმისთავში, ასევე ერთ-ერთი საოცრება! მასთან შედარებით ახალი ათონი არაფერი იქნება! და ბევრი სხვა პროექტი. თუნდაც საირმე! არაფერს ვამბობ, რა კეთდება სპორტის თვალსაზრისით, კულტურასთან დაკავშირებით.  „ტორპედო“ რამდენი წელიწადია, მივიწყებული იყო, სამ თვეში აღდგა გუნდი, დღეს პატრონიც ჰყავს, სტადიონიც აქვს, ინფრასტრუქტურაც და საქართველოში ყველაზე წელში გამართული გუნდებია  „ტორპედო“ და ზესტაფონის გუნდი.

 

ტურიზმი იმერეთში

 

- როგორია ტურიზმის განვითარების პერსპექტივა იმერეთში?

- ნაწილობრივ ხომ ვისაუბრეთ. საირმე - ეს ტურიზმი არ არის? პლუს, მღვიმეებზე რომ ვისაუბრე- ეს არ არის ტურიზმი?

რა თქმა უნდა, გვინდა წყალტუბოში რაღაცეების გაკეთება.

ჯერჯერობით, რასაც ამ წუთას ვაკეთებთ, ამას სჭირდება დიდი ფული, ამას სჭირდება დიდი ენერგია, სანამ ეტაპობრივად სხვა რაიმეზე გადავიდოდეთ. ამიტომ - ეგერ დაიწყება საირმე, ეგერ დამთავრდება სათაფლია, ეგერ არის მღვიმე... პლუს ქუთაისშიც ბევრი რამ კეთდება, ბევრი ტურისტი დადის. მოწამეთის რეაბილიტაციაც დასრულდება.

- მუზეუმიც გვაქვს - უძვირფასესი, უნიკალური ექსპონატებით სავსე!

- ჰო, მუზეუმთან დაკავშირებითაც, ალბათ, მოვიცლით... კი არა, აუცილებლად უნდა მოვიცალოთ. სხვა გამოსავალი არ არის.

ეგერ არის მოწამეთა, რომელიც აუცილებლად დამთავრდება წლის ბოლოს და ნახეთ, როგორი გაკეთდება! ეგერ იქნება ბაგრატი, გელათი!..

ბევრია გასაკეთებელი, თავისთავად, მაგრამ პირველი ეტაპისთვის ამდენი რამ, ჩემი აზრით, არც ერთ რეგიონში და არც არსად, რამდენი წელიწადია, არ მომხდარა. ჩვენ ამით უნდა ვიამაყოთ, ეს ობიექტები სავიზიტო ბარათი იქნება როგორც აქ, ისე - ქვეყნის გარეთ!

ჩვენ ახლა ვაკეთებთ ახალ პროექტს - პარლამენტის ინფობოქსი იქნება იქ და პლუს ტურისტული ცენტრი. ტურისტებისთვის ყველა პირობა შეიქმნება, რომ ნებისმიერი ინფორმაცია მიიღონ.

მეტი რა გითხრათ. ტურიზმი ასე მარტივად არ ვითარდება. სახელმწიფო ხელს შეუწყობს და მომავალში ტურიზმის კუთხით კერძო ინვესტიციებსაც ველოდებით. არის რამდენიმე მსხვილი კერძო ინვესტიცია, მაგრამ ეს არაა საკმარისი.

 

„პოლიტიკურად დალაგებული რეგიონი“

 

- ბატონო  ლაშა,  რითაც  დავიწ-ყე, იმ თემით დავამთავრებ: „სისხლის გადასხმით“. ჩვენს ქვეყანაში კადრების ისეთი უსწრაფესი ცვლა ხდება, პრეზიდენტმა რომ ისურვოს და სხვა საქმისთვის ინებოს თქვენი „სისხლი“, უკან მოხედვისას რას გაიხსენებდით განსაკუთრებულად, ყველაზე მნიშვნელოვანს?

- ზოგადი განწყობიდან და ზოგადი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ეს ის შემთხვევა იქნება, სადაც, ალბათ, აქცენტი აუცილებლად გაკეთდება არა ხშირ შეცვლაზე, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაზე, იმაზე, რაც ამ რეგიონისთვის იქნება აუცილებელი.

რაც შეეხება „სისხლს“, ჩვენ ძალიან ბევრი გადავასხით: შევცვალეთ ბევრი გამგებელი, ბევრი საკრებულოს თავმჯდომარე. დავიწყეთ ძალიან სერიოზული ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ჯერ დამთავრებული არ არის.

- აქტიურად ერევით ხოლმე საკადრო ცვლილებებში?

- ვერევი?! რა თქმა უნდა, ვერევი, ძალიანაც ვერევი, იმიტომ, რომ ასე არის აუცილებელი და, არათუ ვერევი, არამედ - ბევრ შემთხვევაში ვარ ინიციატორი, რომ თუ ჩემი თანამშრომელი მოვალეობას ისე არ შეასრულებს, როგორც მინდა, დაისაჯოს კანონის მიხედვით. ეს არავის უნდა ეპატიებოდეს - ჩემით დაწყებული, რიგითი თანამშრომლით დამთავრებული.

ასე რომ, მე თვითონ ვაძლევ ამის მაგალითს.

რაც შეეხება რეორგანიზაციებს, ბევრი რეორგანიზაცია გაკეთდა. და შემიძლია ვთქვა, რომ დღეს რეგიონს მართავს შეკრული გუნდი. არანაირი პოლიტიკური პრობლემა რეგიონში არ არსებობს. ეს არის პოლიტიკურად დალაგებული რეგიონი, სადაც, ჩამოყალიბებულია გუნდი, რომელსაც შეუძლია იმ გამოწვევების შესრულება, ჩვენ რომ მივიღეთ.

რა თქმა უნდა, მეტი გვინდა: უფრო ეფექტური ხედვა და მუშაობა, თუმცა, რაც არის, ეს არის.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე თვის წინ მოსახლეობამ თვით იმერეთის მასშტაბით 66 პროცენტი მოგვცა მხარდაჭერის. ჩვენ ეს არ უნდა დავივიწყოთ, უნდა გვახსოვდეს! - არა ციფრები, არამედ, საქმე, რომელიც გასაკეთებელია.

- ძალიან დიდი მადლობა. ხომ არ გნებავთ, რაიმე დაამატოთ, რაზეც ჩვენ არ გვისაუბრია?

- კიდევ ერთხელ მოგილოცავთ 15 წლის იუბილეს. ყოველთვის გახსნილი ვართ ჩემი ადმინისტრაცია და პირადად მე ჟურნალისტებისთვის. არ არსებობს რეგიონში ინფორმაციის მოპოვების პრობლემა. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, ამიტომ, შესაბამისად, ამ მიმართულებით კრიტიკა იქნება თუ შენიშვნა, - ნამდვილად ვერ მივიღებ.

- საერთოდ, კრიტიკისადმი როგორი დამოკიდე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2116
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია