დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი პარტიის განსხვავებული გზა
2010/10/25 16:16:30

ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია გამოჩნდა - ქართული პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაერთიანება ახალია, მისი დამფუძნებლები ქართული პოლიტიკის დებიუტანტები ნამდვილად არ არიან. ერთ-ერთი დამფუძნებელი ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარია, რომელმაც პოლიტიკური მოღვაწეობა სხვა პოლიტიკური გაერთიანებიდან დაიწყო, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარტიიდან წამოვიდა. დღეს სოზარ სუბარი, ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას ქმნიან, რასაც, ალბათ, ცოტა ხნის წინ ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა.

თუ რამდენად მნიშვნელოვანი ძალა იქნება გამოცდილი ოპოზიციონერების ახალი პოლიტიკური გაერთიანება, ამ თემაზე პოლიტიკური პროგნოზების გაკეთება ჯერ, ალბათ, ნაადრევია. ამიტომ, გაზეთი „P.S.“  (პოსტსკრიპტუმი) მკითხველს,  უბრალოდ, სთავაზობს  ინტერვიუს ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ბატონ სოზარ სუბართან.

 

- ბატონო სოზარ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მალე ახალი პოლიტიკური გაერთიანება შეემატება, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თქვენ ბრძანდებით. მაინც, რით იქნება განსხვავებული ეს ახალი პოლიტიკური პარტია სხვა ოპოზიციური პარტიებისაგან? რა არის თქვენი მიზანი?

- რეჟიმთან უკომპრომისო ბევრი პარტიაა, ბევრიც ისეთ კომპრომისებზე მიდის, კაცი ფიქრობს, ნეტა ეს ოპოზიციური პარტიაა, თუ ოპოზიციად დანიშნული პარტია. უკომპრომისოებისაგან ჩვენ რითი განვსხვავდებით?! ალბათ, იმით, რომ ეს იქნება პარტია, რომელსაც ექნება ძალა. უკომპრომისობა თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ მას ძალა არ უმაგრებს. სწორედ ასეთი ძალის შექმნა არის ჩვენი მიზანი და ეს დაწყებულია.

რაც შეეხება მიზანს, ნებისმიერი პარტიის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა, რათა თავისი ხედვები განახორციელოს. სწორედ აქ იწყება მთავარი - რა არის ეს ხედვები. ორ რამეზე უნდა შევთანხმდეთ: პირველი - მართლაც კატასტროფის წინაშე დგას ეს ქვეყანა, ყოველ შემთხვევაში, ეს უფსკრული არ მთავრდება, მივექანებით დაბლა და დაბლა; ამას განაპირობებს ერთი არაადეკვატური კაცის მმართველობა და ის გუნდი, რომელიც მისი ყურმოჭრილი მონაა და მისი ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი. აი, ცოტა ხნის წინ რა განცხადებებიც გაკეთდა, ჯერ პრეზიდენტის და შემდეგ უმრავლესობის მხრიდან, რომ ჩრდილოკავკასია უნდა გავათავისუფლოთ თურმე! ამაზე მეტი არაადეკვატურობა წარმოუდგენელია. ეს არის პირდაპირ საქართველოს ჩაბმა ახალ კონფლიქტში რუსეთთან. დათვთან რომ მიხვალ და შიშველი ხელებით უჩიჩხინებ ჯოხს, ასეთ მდგომარეობაში ვართ. საქართველოს, გარდა დიპლომატიისა, რა შანსი აქვს, მე ძნელად წარმომიდგენია. ეს ადამიანი თავისი არაადეკვატურობით, უკვე მეორედ ცდილობს, რომ ჩაითრიოს საქართველო რაღაც კონფლიქტში. ეს არის შესაჩერებელი. თუმცა, მარტო შეჩერება არ კმარა, ამის შემდეგ  უნდა გქონდეს მიზანი - რა გვინდა, რა ტიპის ქვეყანა გვინდა.

ჩვენი მიზნები გაცხადებულია ჩვენს სლოგანში - ეს არის თვითმყოფადობა, უსაფრთხოება, პროგრესი. თითოეული მათგანის გარეშე ქვეყნის განვითარება არის წარმოუდგენელი, მაგრამ რისთვის გვინდა ეს ყველაფერი? ეს არის სწორედ მეოთხე შემადგენელი - კეთილდღეობა. შეუძლებელია, კეთილდღეობა მიღწეულ იქნეს ქვეყანაში, სადაც არ არის თავისუფალი ბიზნესი. თავის მხრივ, შეუძლებელია, ბიზნესი განვითარდეს ქვეყანაში, სადაც არის კორუმპირებული ან პოლიტიკურად ანგაჟირებული სასამართლო. ამიტომ როდესაც ვამბობ, თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო, ეს ორი აუცილებელი კომპონენტია. მარტო თავისუფლება საკმარისი არ არის. ვთქვათ, შევარდნაძის დროს სასამართლო თავისუფალი იყო, მაგრამ იყო უაღრესად კორუმპირებული და შესაბამისად, უსამართლო. ასეთივე მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, იმიტომ რომ საზოგადოების ხელში ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღი, როგორ აკონტროლოს ხელისუფლება; ასევე - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომ ხალხმა თვითონ გააკეთოს არჩევნები და არა ვინმე ჩინოვნიკმა ან  კუდმა ან სოდმა, ხალხის ნაცვლად.

ხელისუფლება უნდა იყოს ადეკვატური, ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს პირველ რიგში. მაგალითად, მე ვერავინ დამწამებს, რომ ნატოს წინააღმდეგი ვარ, მაგრამ თუკი ხედავ, რომ ამ ეტაპზე ეს ამოცანა არ არის მიღწევადი და „ნატო! ნატო!“-ს ყვირილით საფრთხეს კიდებ საქართველოს თავზე, იმის ნაცვლად, რომ ნატომ უსაფრთხოება უზრუნველყოს, მაშინ ცოტა ხანი თავი უნდა შეიკავო ყვირილისგან და აკეთო ის, რაც ნატოში წევრობისთის არის საჭირო: თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო, სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი არჩევნები და, როცა მოემზადები, შემდეგ უნდა შეხედო და გადაწყვიტო: დღეს ვარ მზად? და იქნება ჩემი უსაფრთხოებისთვის კარგი თუ არა, ამის მიხედვით გადაწყვიტო. ფინეთი ყველანაირად მზად არის ნატოსთვის, დემოკრატიის სტანდარტებით, შეერთებულ შტატებზე უფრო მაღალი სტანდარტია იქ, მაგრამ არ არის ნატოს წევრი. რატომ? იმიტომ რომ რუსეთი არის მისი მეზობელი და მან ჩათვალა,  რომ ამ ეტაპზე მისი უსაფრთხოებისთვის ჯობია, არ იყოს ნატოს წევრი... და ეს ეტაპი გრძელდება ნატოს შექმნის დღიდან დღემდე და შეიძლება, მან ხვალ სხვაგვარად გადაწყვიტოს. ჩვენც ასე უნდა ვიყოთ, ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვდიოდეთ და არა - რაღაც  სხვა ინტერესებიდან.

- თქვენი პოსტულატები მისაღებია და ყველა პარტია, ალბათ, იმავეს იტყოდა, რომ უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო, ბიზნესი უნდა განთავისუფლდეს პოლიტიკური მარწუხებისგან და ა.შ. მაგრამ ეს არ არის ახალი საზოგადოებისთვის, თქვენ როგორ აპირებთ ამის მიღწევას, ანუ როგორ მოხვალთ ხელისუფლებაში, რომ ამ ხედვების რეალიზაცია მოახდინოთ? ეს იქნება საინტერესო - რა ტიპის ბრძოლას შესთავაზებთ საზოგადოებას?

- იქამდე მისვლას როგორ ვაპირებთ, სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება დანარჩენი პარტიებისგან. მე აღვნიშნე ჩემს საპროგრამო სიტყვაში, რომ მართლაც ძალიან განსხვავებული ადამიანები შევიყარეთ, მაგრამ რომ ვთქვა,  რომ ამ ჩვენი განსხვავებების გადალახვა მომიხდა, ასე არ იყო, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გასიგრძეგანებული, რომ ერთობის გარეშე წარმოუდგენელია შედეგის მიღწევა. მართლა განსხვავებული ტემპერამენტის, თუ განსხვავებული შეხედულებების თუ განსხვავებული წარსულის ადამიანები დავდექით ერთად და ეს საზოგადოებისათვისაც, მე მგონი, კარგი სიგნალია. ალბათ, ცოტა ძნელი წარმოსადგენი იყო ერთი წლის წინ მე და ირაკლი ოქრუაშვილი ერთად ან ოქრუაშვილსა და ეროსი კიწმარიშვილს ერთად, არანაკლები განსხვავებული აზრები ჰქონდათ...  გადავლახეთ ეს, იმიტომ რომ ვხედავთ, სხვანაირად შეუძლებელია, და ჩვენი ერთად ყოფნა ძალიან ბევრმა აღიქვა ძალიან კარგ სიგნალად. უიმედობას თუ გადავლახავთ, მაშინ ეს ყველაფერი მარტივად მოგვარდება. ეს ხელისუფლება დგას უიმედობაზე. ამ უიმედობას როგორ თესავს, ორი იარაღი აქვს ამისთვის: პირველი, პროპაგანდა -     „რუსთავი2“, „იმედი“, პირველი არხი - გაშმაგებული რომ თესავენ რაღაც სიცრუეების და სიბინძურეების ნაკადს და მეორე, ძალადობრივი მეთოდები - კუდი, სოდი და ა.შ. ყოვლად დეგრადირებული ნაწილი ქართული სამართალდამცავი სისტემისა. მაგრამ ეს ორივე არის ადვილად გაქარწყლებადი, თუ ხალხში იმედს დავთესავთ და ეს იმედის დათესვა დაიწყო, პირველ რიგში, ჩვენი ერთად დადგომით და მომავალში შემდგომი ნაბიჯებით უნდა განმტკიცდეს.

- ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით ჩნდება ყველაზე მეტი კითხვები. მან შექმნა ერთი პოლიტიკური პარტია, მიატოვა, ახლა კიდევ სხვა პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს... ამ შემთხვევაში, რამდენად ხანგრძლივი შეიძლება იყოს ეს პოლიტიკური კავშირი, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი სრულიად განსხვავებული პერსონაჟია... თქვენ კი თქვით, რომ არ მოგიხდათ ამ განსხვავებების გადალახვა, მაგრამ როგორ იქნება ხვალ?

- ჩვენ ამ შემთხვევაში გვაერთიანებს მიზანი. შეიძლება განსხვავებულად ვუყურებდით რამდენიმე წლის წინ გარკვეულ მოვლენებს და დღეს ჩვენი ხედვები  ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ პარტიის ძალიან გრძელვადიან მშენებლობაზე მივდივართ - არა მარტო ძალაუფლების ხელში აღებამდე, არამედ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგაც. გვინდა ჩამოვყალიბდეთ ნორმალურ, არამონსტრ პარტიად, რომელშიც ყველა ერთიანდება როცა ხელისუფლებაშია და ყველა ტოვებს, როდესაც ხელისუფლებას კარგავს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი სადღაც მიებმები და მარადიულად სადღაც უნდა იყო. შეიძლება, ხვალ რომელიმე ჩვენგანმა გადაწყვიტოს მონასტერში წასვლა და არ უნდოდეს პარტიაში ყოფნა. ამას წინასწარ ვერ გათვლი.

- გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი იმ რეჟიმის ერთ-ერთი მტკიცე საყრდენი იყო თავის დროზე, რომელსაც თქვენ უნდა დაუპირისპირდეთ

- ერთ-ერთი საყრდენი იყო და ერთ-ერთი პირველი, რომელმაც შეარყია და ძალიან მაგრად შეარყია რეჟიმი - იმ დონეზე, რომ მაშინ, პრაქტიკულად, სააკაშვილი გადადგა და ისევ გაყალბება რომ არ ყოფილიყო და ასევე - დასავლური სახელმწიფოების გულგრილობა, სააკაშვილი დამარცხებული იყო. ის ვერ ხდებოდა პრეზიდენტი პირველ ტურში, ხოლო მეორე ტურში რომ მისი წაგება გარდაუვალი იყო, ამაზე, მე მგონი, ორი აზრი არ არსებობს, რადგან მთელი ოპოზიციური ძალისხმევა გაერთიანდებოდა სწორედ მის წინააღმდეგ. ეს იმპულსი წამოვიდა სწორედ ირაკლი ოქრუაშვილისაგან.

- დღეს რა ტიპის ბრძოლას აპირებთ?

- ადეკვატურ ბრძოლას... არაფერი კონკრეტიკა ამას არ სჭირდება სხვა, ყველაფერზე უნდა გვქონდეს ადეკვატური პასუხი. მიტინგი არის ადამიანის კონსტიტუციური უფლება და ჩხუბი და ცემა არ არის კონსტიტუციური უფლება და კანონით ისჯება, მაგრამ როცა მიტინგზე მოდის გადაცმული „კუდელი“ და გირტყამს, უფლება გაქვს, უპასუხო. თუ ქვას გირტყამს, უფლება გაქვს, იგივე იარაღი გამოიყენო. თავდაცვის უფლება გვაქვს ყველა მოქალაქეს, ეს კანონით არის გათვალისწინებული, ამას ვგულისხმობ ადეკვატურობაში და არა იმას, რომ დავყაროთ ფარ-ხმალი და იმის შიშით, რომ ვინმემ რადიკალური არ გვიწოდოს, თავდაცვაზე უარი ვთქვათ. მიტინგი იქნება, მანიფესტაცია იქნება - ეს ყველაფერი არის კონსტიტუციური ნაბიჯები და ერთნაირად კონსტრუქციულია, უბრალოდ, უადგილო ადგილას უადგილო ქმედება არ უნდა ჩაიდინო.

- სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას თუ გეგმავთ?

- დღეს დიალოგი ბევრთან არის დაწყებული, ბევრი გამოთქვამს მზადყოფნას, ზოგიერთი თავს იკავებს. ვინც თავს იკავებს, თუ მართლა უნდათ ხელისუფლების შეცვლა, მაინც მოგვიწევს აუცილებლად თანამშრომლობა, ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, რომ მას აქვს დამოუკიდებლად ხელისუფლების შეცვლის ძალა, ჰა, ბურთი, ჰა, მოედანი, ჰა, თვითონ, ჰა, მიხეილ სააკაშვილი და მე ვიქნები მათი ძალიან სერიოზული გულშემატკივარი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1863
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია