დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ ვებრძოლოთ ოჯახში ძალადობას
2010/06/28 12:51:21

ადრე ამ თემაზე არ საუბრობდნენ, ეს მხოლოდ ოჯახის შიგნით მოსაგვარებელი პრობლემა იყო. დღეს ეს ტაბუირებული თემა აღარაა და ოჯახურ ძალადობაზე რამდენიმე ორგანიზაციამ დაიწყო მუშაობა. ამ პრობლემის და მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლის მიზნით, 2003 წლის ოქტომბერში ოჯახური ძალადობის პრევენციის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისთვის ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი შეიქმნა. თუმცა ჯერ კიდევ 2001 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო აქტიური ქმედებები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად.

მოძრაობის გაძლიერებასა და განვითარებას საწყის ეტაპზე მხარი დაუჭირეს ფონდღია საზოგადოება-საქართველოს ქალთა პროგრამამ და ეუთო- დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გენდერულმა       განყოფილებამ. დღეს კი ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი აერთიანებს 11 კრიზისულ-სარეაბილიტაციო ცენტრს (თბილისი, ქუთაისი, გურჯაანი, ზუგდიდი, ოზურგეთი, მცხეთა, გორი, ამბროლაური, მესტია, ახალციხე, ბათუმი და მარნეული), რეგიონუ და რაიონულ კომიტეტებს საქართველოს ყველა რეგიონში.   ქვეყნის მასშტაბით ქსელში 400-მდე წევრია. ორგანიზაციის მიზანი კი - მოქალაქეთა მიმართ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება და მსხვერპლთა დაცვაზე ზრუნვაა.

საქართველოში ძალადობის კუთხით დღეს არსებულ ვითარებაზე ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე გვესაუბრება.

- ქალბატონო ნატო, რამდენად ხშირად მოგმართავენ ოჯახური ძალადობის პრობლემებით?

- ოჯახური ძალადობა ყოველთვის იყო და იქნება კიდეც. მინდა გითხრათ, რომ ამ პრობლემაზე ღიად საუბარს არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის ერთობლივმა მუშაობამ ნამდვილად შეუწყო ხელი. ჩვენ ამ პრობლემაზე მუშაობა საქართველოში ამ კუთხით კანონის მიღებამდე დავიწყეთ. ამ მუშაობამ დაგვანახა, რომ ეს პრობლემა საქართველოში ნამდვილად არსებობს და სჭირდებოდა ყურადღების მიქცევა. ჩვენ ვთანამშრომლობდით სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა ერთობლივად დაგვენახა პრობლემის რაობა. ამ კამპანიამ ძალადობის მსხვერპლს დაანახა, რომ მასავით ბევრია დაჩაგრული და ეს პრობლემა მხოლოდ მას არ ეხება. ამის შემდეგ დაიწყო მომართვები ჩვენს ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა, ანონიმურად დახმარებას ითხოვდნენ.

- თქვენ გინდათ თქვათ, ოჯახურ ძალადობაზე საუბარი მსხვერპლს აღარ უჭირს?

- ტაბუ ამ თემას არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს რიგ ქვეყნებში დღესაც ადევს. ავსტრიის მაგალითზე მინდა გითხრათ, რაც იქაურმა კოლეგებმა გვიამბეს. ისინი ამ პრობლემაზე უკვე 14 წელია მუშაობენ და, როგორც მათ გვითხრეს მხოლოდ ახლა მოიმატა მომართვიანობამ. მაგრამ ეს მატება იმან კი არ განაპირობა, რომ ოჯახურმა ძალადობებმა იმატა, არამედ იმან, რომ იქ საზოგადოებამ უკვე იცის ამ ორგანიზაციების შესახებ და იციან, ვის უნდა მიმართონ. დარწმუნებული ვარ, როცა სახელმწიფო ასეთ ადამიანებზე იზრუნებს და გახსნის კრიზისულ ცენტრებს, მომართვიანობა მოიმატებს. ასეთი კრიზისული ცენტრების გახსნა უკვე იგეგმება თბილისში და მალე, ალბათ, რეგიონებშიც გაიხსნება, სადაც თავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლები შეაფარებენ.

- რამდენად აქტიურად მოგმართავენ ამ პრობლემით რეგიონებში?

- რეგიონებში, რა თქმა უნდა, უფრო უჭირთ ამ პრობლემაზე საუბარი, ვიდრე თბილისში. რეგიონებში, სანამ უკიდურეს ზღვრამდე არ მივა მსხვერპლთა მდგომარეობა და სანამ საფრთხე მათ სიცოცხლეს არ დაემუქრება, მანამდე ამ საკითხზე საუბარი ოჯახის წევრებს არ სურთ და უჭირთ ჩვენამდე მოსვლა. ისინი პოლიციაში არ რეკავენ, რადგან რცხვენიათ. რეგიონში ამ ინფორმაციას ოჯახის წევრები მალავენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია მეზობლებს აქვს. 

- მოძალადის ასაკი თუ არის გამოკვეთილი?

- ჩვენ თითქმის ყველა ასაკის მოძალადე გვყავს. მაგრამ მომართვის კუთხით გამოკვეთილია 25-დან 40 წლამდე ასაკის ქალები. თუმცა არის კატეგორია, რომლებიც შეჩვეულებიც არიან და ძალა და ენერგია აღარ შესწევთ მოძალადისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მაგალითად, გვქონია ასეთი შემთხვევა, რომ დედა ამჯობინებს მამასთან ყოფნას, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი ცოლზე ძალადობს. თუმცა არის დადგენილი, რომ მსხვერპლს მოძალადის მიმართ გარკვეული მიზიდულობა გააჩნია. ასეთ დროს, უკვე უმცროს დედმამიშვილებზე ზრუნვას უფროსი და ან ძმა იწყებს. 

- პირველი ქმედება, რაც უნდა გააკეთოს ძალადობის მსხვერპლმა...

- მსხვერპლმა წინააღმდეგობა უნდა უჩვენოს და, მინიმუმ, ახსნა მოსთხოვოს თავის საქციელზე. მსხვერპლმა მოძალადეს უნდა დაანახოს, რომ არასდროს მიეჩვევა მისგან ასეთ მოპყრობას. პოტენციურმა მსხვერპლმა მოძალადეს თავი ძლიერად უნდა მოაჩვენოს. თუმცა ამ პრობლემის მოგვარებაში მსხვერპლს შეუძლია, ვინმეს ჩარევა სთხოვოს. მაგრამ ეს მოძალადისთვის აუცილებლად ავტორიტეტული პიროვნება უნდა იყოს, რომლის მითითებასაც ის გაითვალისწინებს. თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა მსხვერპლი თავს იდანაშაულებს და მოძალადის მიზანიც ეს არის, რომ თვითშეგნება დაუმდაბლოს. ამით ის მოიპოვებს ძალაუფლებას მსხვერპლზე.

- ძალადობა ძირითადად ცემით გამოიხატება?

- როცა აქამდე მიდის საქმე, უკვე ძალადობა მჟღავნდება. თუმცა იწყება სხვადასხვა სახით, მათ შორის ფსიქოლოგიურით. ფიზიკური ძალადობა ეს უკვე ბოლო ფაზაა. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა მსხვერპლს მივმართავ, რომ ნუ ექნებათ იმის ილუზია, მოძალადე გამოსწორდება. ძალადობა თუკი დაიწყება, ყოველთვის განმეორდება, თუმცა შეიძლება შუალედები იყოს. ზოგადად აგრესიის შემდგომ მოდის ეგრეთ წოდებული „თაფლობის“ პერიოდი. ეს ხდება მაშინ, როცა ჩხუბი კულმინაციას აღწევს. ეს პერიოდი შეიძლება იყოს ხანგრძლივიც.

- როცა თქვენთან მოდიან, მომსახურების რა სახეს სთავაზობთ?

- ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია გულისხმობს უფასო სოციალურ, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ კონსულტაციებს, ასევე გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. ჩვენთან მოსულებს თითქმის ყველას სჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება. მათ ვაძლევთ კონსულტაციებს და ჯგუფში ჩართვაში ვეხმარებით. ასევე გვყავს იურისტი, რომელიც აძლევს კონსულტაციებს და, თუ საჭიროა, ეხმარება სასამართლო წარმოებაში. სოციალური მუშაკი კი ცდილობს მათ სოციალურ მოწყობას, რადგან ხშირ შემთხვევაში მოძალადე საბუთებსაც ხევს.

- რამდენად ხშირად აღწევს სასამართლომდე საქმეები?

- ყველას არ შესწევს ამის ძალა, რომ სასამართლოში დამცავი ორდერი მოითხოვოს. ამას ის ფაქტორიც განაპირობებს, როცა დედა, რომელიც მოძალადეა, ამბობს, მე მამის წინააღმდეგ სარჩელი რომ შევიტანო, შვილი შემიძულებსო. ამ ნაბიჯს ბევრი ვერ დგამს.

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრები სხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ ოჯახური ძალადობის აღკვეთისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის შემუშავებაში. კანონი პარლამენტმა 2006 წლის 25 მაისს მიიღო. შემდეგ მომზადდა კანონში შესატანი ცვლილებები და ეროვნული სამოქმედო გეგმა. დაარსების დღიდან (2003-2009 წლები) ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავშესაფარს 122-მდე დაზარალებულმა მიაკითხა (ქალებმა და ბავშვებმა). ამავე პერიოდში ფსიქოლოგთან თუ იურისტთან კონსულტაციაზე იყო 3000-მდე ადამიანი. თუმცა მსურველი გაცილებით მეტია, მაგრამ თავშესაფრის შესაძლებლობებია შეზღუდული. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2720
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია