დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ავანგარდული მედია
2010/05/24 12:24:05

მსოფლიო დღეს ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების ახალ ტექნოლოგიებზე გადადის, რადგან ფაქტია, რომ საზოგადოება და რიგითი მოქალაქეები გაცილებით მეტ საინტერესო ინფორმაციას ფლობენ, ვიდრე ჟურნალისტიკაში მოღვაწე ადამიანები. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა ქართულ რეალობას მოარგო მსოფლიოში უკვე აპრობირებული მეთოდი, რაც ინფორმაციის გავრცელებაში მოქალაქეების ჩართულობას ითვალისწინებს. ახალ ინოვაციაზე ჟურნალისტი ია ანთაძე გვესაუბრება. 

 

- ქალბატონო ია, რატომ გახდა საჭირო ინფორმაციის გავრცელების ახალი გზის პოვნა?

- ჩვენ, სამი წელია, რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებთან ერთად ვმუშაობთ, მაგრამ მივხვდით რომ მათი ძალისხმევა ინფორმაციის მოპოვების მხრივ მრავალფეროვანი მაინც არ იყო. ინფორმაცია რომ ხარისხიანი და საინტერესო იყოს, აუცილებელია მის მოპოვებასა და გავრცელებაში მოქალაქეებიც ჩავრთოთ. რიგითმა ადამიანებმა ყოველთვის იციან ისეთი რაღაც, რაც ჩვენ, ჟურნალისტებმა, არ ვიცით. მთელ მსოფლიოში ახლა ავანგარდული მედიის ახალი მიმართულება შემოდის - სოციალური მედია და სამოქალაქო ჟურნალისტიკა. ამიტომ ჩვენც გვინდა, რომ საქართველოში ავამუშაოთ ეს სისტემა, რადგან ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ხარისხიანი ინფორმაცია რეალურად ცოტაა. დაწყებული იმით, რომ ძნელია რეგიონებში საჯარო ინფორმაციის მოპოვება და დამთავრებული იმით, რომ გაზეთებს ყოველთვის აქვთ დაფინანსების პრობლემა, გადავწყვიტეთ, რომ ინფორმაციის ხარისხის გაზრდაში ჩავრთოთ ბევრი მოქალაქე.

- როგორ უნდა მოახერხოს მოქალაქემ ინფორმაციის თქვენამდე მოწოდება?

- მოქალაქეებს ინფორმაციის მოწოდების სამი გზა შეგვიძლია შევთავაზოთ - მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნა ჩვენს ტელეფონზე; დაგვირეკონ ამ ნომერზე და შეუძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე გამოგვიგზავნონ წერილი, სადაც მოკლედ იქნება ინფორმაცია გადმოცემული.

- რამდენად დაცული იქნება მოქალაქის ანონიმურობა?

- მოქალაქის ანონიმურობა მაქსიმალურად დაცული იქნება. ჩვენ გვაინტერესებს, რა ხდება და სად ხდება, ხოლო ვინ გვაწვდის ამ ინფორმაციას მისი ვინაობა ჩვენთვის საინტერესო არ არის. ამ ინფორმაციის მომწოდებლის ანონიმურობის დაცვის გარანტი ვართ ჩვენ - სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო. და თუ მაინც აღმოჩნდება, რომ ვიღაცამ გაიგო ინფორმაციის მომწოდებლის ვინაობა, გეტყვით, რომ ეს იქნება არაკანონიერი გზით მოპოვებული. ვფიქრობთ, რომ ეს არ უნდა იყოს დაბრკოლება, მიუხედავდ იმისა, რომ კარგად გვესმის, ქვეყანაში არის შიშის ფაქტორი. სწორედ ეს შიში ერთად უნდა დავძლიოთ. რაც უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, მით უფრო დაცული ვიქნებით.

- რა მოხდება ინფორმაციის მოწოდების შემდეგ?

- უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ამ ინფორმაციას პროფესიონალი ჟურნალისტების დახმარებით გადავამოწმებთ. მათი სურვილის შემთხვევაში გამოქვეყნდება სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ. პრაქტიკულად ჩვენი ვებ-გვერდი იქნება ის ადგილი, სადაც პროფესიონალი და მოქალაქე ჟურნალისტები ერთმანეთს შეხვდებიან. ეს იქნება კარგი ნედლი მასალა, რომელსაც თქვენ, ჟურნალისტები, გადაამუშავებთ და შემდეგ მოქალაქე ჟურნალისტებს ანახებთ.

- რამდენად აქტიური არიან დღეს მოქალაქე ჟურნალისტები?  

- უკვე ათი დღეა, რაც ამ ვებ-გვერდის შესახებ ინტენსიურად ვავრცელებთ ინფორმაციას და 166 მნახველი გვყავდა საშუალოდ დღეში. ასევე არის ძალიან მარტივი საძიებო სისტემა. მოქალაქეებს შეუძლიათ თავის მოწოდებულ ინფორმაციაზე ის წერილი წაიკითხონ და სიუჟეტი ნახონ, რაც გადამოწმების შემდეგ ჟურნალისტმა გააკეთა. ეს საინტერესოა იმ კუთხით, ინფორმაციის მრავალფეროვნებით რომელი გაზეთი, ტელევიზია თუ რადიოსადგური გამოირჩევა. ეს მისცემს ამ მედიასაშუალებებს იმის შესაძლებლობას, რომ მოქალაქეების ერთგულება მოიპოვონ. ეს არის საზოგადოებრივი სამოქალაქო სააგენტო, რადგან ეს არის ორიენტირებული საზოგადოებასა და მოქალაქეებზე.

- თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, მოწოდებული ინფორმაციის კონკრეტულად რა პროცენტი დადასტურდა და რა არა?

- მოწოდებული ინფორმაციის უმეტესობა დასტურდება. თუმცა იყო შემთხვევა, როცა ჩვენი გადამოწმების შემდეგ არ დადასტურდა, მაგრამ ვებ-გვერდზე მაინც დევს. ეს არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია ტყუილია, მაგრამ აქვს წარწერა, რომ ჩვენი გადამოწმებით არ დადასტურდა. არის ინფორმაცია, რომელიც გადამოწმებას არ ექვემდებარება და ვებ-გვერდზე დევს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია ყალბია.

- ინფორმაციის მოწოდების კუთხით, რომელი რეგიონია აქტიური?

- დღეს აქტიური მაინც დედაქალაქია. თუმცა გურიაში არ გვქონია არც ერთი შეხვედრა და იქიდანაც მოვიდა ერთი ინფორმაცია. რამდენიმე შეხვედრა გვქონდა გორში, საიდანაც, სამწუხაროდ, გამოხმაურება არ არის, თუმცა შიდა ქართლში ექვსი შეხვედრა გვქონდა და 1 000 საინფორმაციო ბარათი დავარიგეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავჩერდეთ, პირიქით, უფრო უნდა გავაქტიურდეთ. ვფიქრობ, ეს ახალი მეთოდი ჟურნალისტებს და საზოგადოებას უფრო დააახლოებს და ჟურნალისტებს კარგი თემები ექნებათ გასაშუქებლად.

ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც საინტერესო ინფორმაცია გექნებათ და ჩათვლით, რომ საჭიროა ამ ფაქტის, მოვლენის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, შეგიძლიათ ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაცია ამ მისამართზე გააგზავნით info@.cdi.org.ge, დარეკოთ  ან მოკლე ტექსტური შეტყობინება  გააგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 890 88 99 00. თქვენი ინფორმაცია დაიდება ამ ვებგვერდზე - www.cdi.org.ge. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ 8 (231) 4 45 46.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1950
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია