საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პაატა ზაქარეიშვილი: „მე ამ ხელისუფლების ზეწოლაზე უკვე აცრილი ვარ!“
2010/05/10 12:21:13

დაკარგული ტერიტორიები და დაუცველი სასაზღვრო ზოლი აქტიური და დღემდე მოუგვარებელი თემაა. 2008 წლის აგვისტოს ომმა აფხაზებისა და ოსების უკან მდგომი რუსული ძალა გამოააშკარავა, თუმცა ეს ქართულ მხარეს ოსებთან კიდევ მეტად გაუცხოების ფასად დაუჯდა. საერთაშორისო მასშტაბების მოლაპარაკებების ძირითადი თემა სწორედ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგება და დარეგულირებაა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ის ადამიანია, რომელმაც აგვისტოს ომის შემდეგ კოკოითთან პირისპირ საუბარი შესძლო. ის საქართველოს საზღვრის პირას არსებულ კონფლიქტებსა და ცხინვალში მისი ვიზიტის შესახებ საუბარზე დაგვთანხმდა.

 

- ბატონო პაატა, დავიწყოთ კონფლიქტების დაწყების პირველი ეტაპიდან. რა გახდა ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების დაწყების მიზეზი?

- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს არ უნდოდა, დაეკარგა ტერიტორიები და მაქსიმალურად სურდა პოსტსაბჭოთა სივრცე შეენარჩუნებინა. ამიტომ, სადაც კი შეეძლო, ვითარება გაერთულებინა, გაართულა კიდეც. მან იპოვა ნაპრალი და ეს ნაპრალი გააფართოვა. არსებობდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური გაუცხოება და არა - დაძაბულობა, რაც მშვენივრად გამოიყენა რუსეთმა. რუსეთი ასევე ცდილობდა არარსებული ნაპრალების შექმნას აჭარასა და სამეგრელოში. აჭარაში აბაშიძე ცდილობდა, რომ სეპარატიზმის ლიდერი ყოფილიყო, მაგრამ მან პოლიტიკური სეპარატიზმის გარდა ვერაფერს მიაღწია. რუსეთს ამ შემთხვევაში არ გაუმართლა, მაგრამ აფხაზეთის და ოსეთის შემთხვევაში კი მიზანს მიაღწია. სხვა საქმეა, არის თუ არა ამ მიზნის მიღწევაში ჩვენი ბრალეულობა. სამწუხაროდ, ამ ნაპრალების გაფართოებაში ჩვენ ხელი შევუწყვეთ. ჩვენი აგრესიული ტონი და  მათი  მოთხოვნების   უგულებელ-ყოფა   რუსეთმა  მშვენივრად  გამოიყენა, დაუდგა უსაფრთხოების გარანტად და შესაბამისად მიიღო თავისი გავლენა ამ ტერიტორიებზე. ამით მან დაიმორჩილა და მიითვისა აფხაზეთისა და ოსეთის მოსახლეობა. აფხაზეთის, ასევე ოსეთის მოსახლეობას არ ჰქონდა არჩევანი - ქართული სახელმწიფო ეშენებინათ ქართველებთან ერთად, თუ მათ გარეშე. მათ უნდოდათ, ქართული სახელმწიფო ქართველებთან ერთად ეშენებინათ. ქართული ნაციონალიზმი კარგად გამოიყენა რუსულმა იმპერიალიზმმა და თავისი იმპერიალიზმის მშენებლობა განახორციელა. ქართული ნაციონალიზმის მეშვეობით მან დაინახა, თუ როგორ ჩაერთო ოსი და აფხაზი ხალხის ინტერესები თავის ინტერესებში.

- და ოსური კონფლიქტი 2008 წელს სხვა მიმართულებით განვითარდა. შეიძლებოდა, ეს ომი აგვეცილებინა?

- 2008 წლის ომის შემთხვევაში მიზეზი იყო ის, რომ მსოფლიოს არ უნდოდა დაეჯერებინა, რუსეთი რომ იყო დამნაშავე ამ კონფლიქტებში. ჩვენი დასავლელი მეგობრები მოითხოვდნენ ჩვენი ბრალეულობის აღიარებასაც, რადგან შენი ბრალეულობის აღიარების შემდეგ, შესაბამისად, უფრო იოლია გამოსავლის პოვნა. ამ არაღიარების შეფარვას ჯიუტად ვცდილობდით და გვინდოდა, მსოფლიოსთვის გვენახებინა რეალური სახე. ანუ ჩვენ ისეთ ნაბიჯებს ვდგამდით, რომ რუსეთის აგრესია უფრო მკაფიო ყოფილიყო რუსეთის თვალში. ჩვენს აგრესიას კი რუსებიც ასეთივე ფორმით პასუხობდნენ. ამით ჩვენ მივაღწიეთ, რომ მსოფლიოსთვის რუსეთის აგრესიული სახე გვეჩვენებინა. მიუხედავად ამისა, დღეს ყველა მიხვდა, რომ ამ კონფლიქტებში ბრალი მხოლოდ რუსებს არ მიუძღვით. ტალიავინის კომისია ამბობს, რომ რუსეთის აგრესია იყო ცალსახად მკაფიო, მაგრამ ამის პროვოცირება გამოიწვია საქართველოს ხელისუფლებამ. არანაირი საფუძველი იმისა, რომ 7 აგვისტოს ომი დაწყებულიყო, ტალიავინის კომისიამ ვერ დაადასტურა. 3 ივლისიდან მოყოლებული მოვლენების ესკალაცია დაიწყო, ეს ის დღე იყო, როდესაც სანაკოევზე ტერაქტი მოხდა. ქართულმა მხარემ არ გამოიძია ეს ფაქტი, ისე დააბრალა ოსურ მხარეს. ამით მან დაარღვია კოკოითის და ჟვანიას შეთანხმება და დაიკავა სარაბუკის მთა, რომელიც ჯავის თავზეა. ამან გამოიწვია ოსური მხრიდან ქართული სოფლების მუდმივი დაბომბვები. 9 აგვისტოს კი გამოდის პრეზიდენტის ბრძანებულება საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც ბუნებრივი იყო. დადგენილება საღამოს 5 საათზე გამოვიდა და პრეზიდენტმა სიტყვაც არ თქვა, რომ 7 აგვისტოს რუსები უკვე შემოსულები იყვნენ ქართულ ტერიტორიებზე. ის ტანკები, რომლებიც 7 აგვისტოს შემოვიდნენ, იმავე რაოდენობით 2 და 4 აგვისტოსაც შემოდიოდა. 31 ივლისს მე ვამბობდი, რომ გაივსო ცხინვალი და ჯავა რუსული ტანკებით. ეს ინფორმაცია უშიშროების სამსახურსაც ჰქონდა, მაგრამ რათა გაემართლებინათ 7 აგვისტოს ავანტიურაში ჩართვა, ამიტომ დატვირთვა ამ დღეზე გადმოიტანეს. აშკარაა, რომ ჩვენ რუსებმა ჩაგვითრიეს. ჩვენ კი დიდი ხალისით ჩავერთეთ ამ პროვოკაციაში.

- არა მარტო ჩვენ, არამედ აფხაზებიც და ოსებიც...

- არა, მათ უკვე არჩევანი არ ჰქონდათ.

- თუმცა მათ შეეძლოთ, თავისი პოზიცია ჩვენს სასარგებლოდ დაეფიქსირებინათ...

- რატომ? ჩვენ რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ მათ ეს გაეკეთებინათ? ჩვენ არაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მათ ჩვენი მხარე დაეცვათ, რადგან პროვოკაციები ჩვენი მხრიდან მოდიოდა. კოდორში შესვლა არ იყო აუცილებელი, რადგან არსებობდა ორმხრივი შეთანხმება. მაგრამ 2006 წლის აგვისტოში ჩვენ კოდორში ჯარები შევიყვანეთ, ამით გავაუცხოეთ აფხაზები. ჩვენი ამ ქმედების მერე აფხაზებმა დაინახეს, რომ ჩვენ შეთანხმება დავარღვიეთ. აფხაზებს და ოსებს ორ ბოროტებას შორის ჰქონდათ არჩევანი. მათ აირჩიეს ძლიერი რუსული ბოროტება და არა - სუსტი ქართული ბოროტება, რომელიც, აშკარა იყო, რუსეთს ვერ შეეწინააღმდეგებოდა.

- და რა განსხვავებაა ამ ორ კონფლიქტს შორის?

- ამ ორ კონფლიქტს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, მაგრამ საზოგადოება არ არის მზად, ეს განსხვავება დაინახოს. აფხაზები თავის შიდა რწმენაში, რომ შეუძლიათ დამოუკიდებლად შექმნან სახელმწიფო, უფრო დარწმუნებულები არიან. რადგან ახლოს არიან რუსეთთან და შორს - თბილისთან. ამიტომ რუსული ინტეგრაცია მათთვის უფრო მისაღებია, რადგან მათთან ახლოსაა სოჭი, როგორც განვითარებული მხარე. ცხინვალის მხარე კი ყოველთვის იყო ღრმა პროვინცია. ერთადერთი ნუგეში მათთვის იყო გორი და თბილისი, რადგან მისასვლელადაც იოლი იყო. ოსების ინტეგრაცია უფრო ეფექტურად ხდებოდა. ჩვენი სწორი პოლიტიკით შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება. 1992 წელს ოსებთან ომს საშინელი შედეგები ჰქონდა, სადაც არც ერთი მხარე მართალი არ იყო. ოსებმა ჩვენ ეს გვაპატიეს. უპრეცედენტო დინამიკა აჩვენა ქართულ-ოსურმა კონფლიქტმა მსოფლიოში. 1992 წელს ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას და 1999 წელს ოსები მზად არიან, შემოუერთდნენ საქართველოს. ამ დროს მზადდება ეგრეთ წოდებული ბადენის დოკუმენტი, რომელიც 2000 წელს მზად იყო. ოსები ამ დოკუმენტს იმ პირობით აწერდნენ ხელს, თუ ოსების იმდროინდელი პრეზიდენტი ჩიბიროვი არჩევნებში კვლავ გაიმარჯვებდა. მაგრამ ქართულმა სოფლებმა ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს და კოკოითმა გაიმარჯვა. ურთიერთობის გაფუჭება კოკოითმა ვერ შეძლო, რადგან უკვე ქართული სოფლების ქართველებით შევსება დინამიურად მიმდინარეობდა. თუმცა ცხინვალი ჯერ კიდევ ქართველებისთვის მიუწვდომელი იყო. ცხინვალში ლარი გახლდათ ვალუტა და სოციალურ-ეკონომიურად ჩვენზე იყვნენ დამოკიდებულები. 2004 წელს სააკაშვილი ამ საკითხის მოგვარებაში ჩაერია და ყველაფერი გააფუჭა. თუმცა აფხაზებიც და ოსებიც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლით აღტაცებულები იყვნენ, თუნდაც იმიტომ, რომ სისხლში არ ჰქონდა ხელი გასვრილი. მასში ბევრი მოლოდინები ჩადეს.  2004 წელს ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებზე ჯერ კიდევ ქართული დროშები ფრიალებდა. საჭირო იყო ორი-სამი წელიწადი, რათა ქართულ ხელისუფლებას დაერწმუნებინა ოსები და პოლიტიკურ შეთანხმებაზე წამოეყვანა. ანუ განსხვავება ამ ორ კონფლიქტს შორის ის არის, რომ ოსები მეტად იყვნენ ინტეგრირებულები ქართველებთან. ისინი ვერ ხედავდნენ თავის თავს გორის და თბილისის გარეშე. აფხაზები კი ზემოდან გვიყურებდენ, რადგან სოჭისკენ იმზირებიან.

- მიუხედავად იმისა, რომ ერგნეთის ბაზრობაზე კორუფცია იყო, დახურვისთანავე გამოითქვა აზრი, რომ ეს ბაზრობა ხელისუფლებას არ უნდა დაეხურა, რადგან ეს ის ადგილი იყო, სადაც ქართველები და ოსები ერთმანეთს ხვდებოდნენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ღირდა კორუფციასთან ბრძოლა ტერიტორიების სანაცვლოდ?

- ერგნეთის ბაზრობა რომ არ გქონოდა, უნდა მოგეგონებინა, მაგრამ ეს ბუნებრივად შეიქმნა შევარდნაძის და ჩიბიროვის მეგობრობით. რა თქმა უნდა, იქ იყო კრიმინალი და კორუფცია, მაგრამ არ შეიძლება ნაბან წყალს ბავშვი გადააყოლო. ეს შეიძლებოდა, ნელა-ნელა გექცია ცივილიზებულ ბაზრობად. თუ ნარკოდილერების მოსპობა უნდოდათ, დაეჭირათ ნარკომოვაჭრეები და შაქრის გამყიდველს ეცოდინებოდა, რომ ნარკომოვაჭრეს ებრძვიან და არა მას. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ხელისუფლება ნელ-ნელა უნდა  მომზადებულიყო თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესაქმნელად. ეს იყო ბაზრობა, სადაც მთელი კავკასია ვაჭრობდა და საჭირო იყო მისი დაკანონება, კანონის ჩარჩოში მოქცევა. ოსებს ამ პერიოდში რუსულ მანეთს ლარი ერჩიათ და ფულსაც ქართულ ვალუტაში ინახავდნენ.

- ფაქტობრივად, მოწესრიგებული სასაზღვრო ზოლი არც სომხებთან და აზერბაიჯანთან გვაქვს. რა ხდება ამ ორ სახელმწიფოსა და ჩვენს სასაზღვრო ზოლზე, შეიძლება, ეს პატარა კონფლიქტები სერიოზულ პრობლემად გვექცეს?

- ეჭვი მეპარება, რომ ეს დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს, მაგრამ კარგად გამართული რეგიონული პოლიტიკა რომ ჰქონდეს საქართველოს, ეს დროულად გადაწყდებოდა. ჩვენი ქვეყანა ამორტიზებულია და ამას ჩვენი მეზობლები იყენებენ. როცა ქვეყანა სუსტია, ბუნებრივია, სასაზღვრო მეზობელს ამბიციები უჩნდება. თურქეთთან კი ყარსის ხელშეკრულებით კარგად გამოკვეთილი სასაზღვრო ზოლი გვაქვს. თურქეთი ყველა ქართულ ხელისუფლებასთან აფორმებს ხელშეკრულებას, რითაც ყარსის ხელშეკრულებას ამყარებს. ეს იმიტომ, რომ მას შინაგანი დისკომფორტი აქვს. აზერბაიჯანთან და სომხეთთან საზღვრის დემარკაცია ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გაკეთებული. მოლაპარაკებები აუცილებელია, რათა მუდმივი დაძაბულობა არ იყოს, მაგრამ ეს მოლაპარაკებები ძალიან ნელა მიმდინარეობს.

- თქვენ, როგორც კონფლიქტოლოგს, თუ გთხოვთ ხელისუფლება კონსულტაციებს?

- იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა მიგვიწვია სამუშაო შეხვედრაზე. მიმაჩნია, რომ ეს მათ გააკეთეს, თუმცა ამას გარკვეული პოლიტიკური ხასიათიც ჰქონდა. სხვა საკითხია, რამდენად გაითვალისწინეს ჩვენი რჩევები. მათ უმნიშვნელო შეთავაზებები გაითვალისწინეს, მაგრამ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი შენიშვნები - არა! თუმცა დოკუმენტი ამ შენიშვნებით გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

- თქვენ ერთ-ერთი იყავით, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ცხინვალი ნახეთ. კოკოითთან შეხვედრა მართლაც თქვენი ინიციატივა იყო?

- მე იქ კოკოითთან შესახვედრად არ ჩავსულვარ. მე იქ ჩავედი იმ მშობლებთან შესახვედრად, რომელთა შვილები გარდაცვლილები არიან და, მათი მონაცემებით, თითქოს ქართულ მხარეს ჰყავს. ამ მშობლებმა მოახდინეს ზეგავლენა კოკოითზე და არ გვაძლევდნენ იმ ორ ქართველ ბავშვს, რომელიც ოსურ მხარეს ტყვეობაში ჰყავდა. ჩემი ამოცანა იყო, რომ ამ მშობლებს შევხვედროდი და მათთან მართლაც სამსაათიანი შეხვედრა გვქონდა. იქ მოგვეცა საშუალება, შევხვედროდით კოკოითს და ეს შანსი დიდი სიამოვნებით გამოვიყენე.

- და შეხვედრის ინიციატივა ვისგან მოდიოდა?

- ინიციატივა ოსური მხარიდან მოდიოდა. მაგრამ მე იქ უნდა მეთქვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომ კოკოითისთვის ჩემი მოსაზრებები გადაეცათ. ამიტომაც მე მასთან შეხვედრაზე უარი არ ვთქვი, რადგან მომეცა საშუალება, ჩემი მოსაზრება უშუალოდ გამეზიარებინა მისთვის. შეხვედრა ძალიან კორექტული იყო და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამას არ ჰქონია. მას არ უცდია, რომ პოლიტიკური განცხადებებით შემოეტია. მან თქვა, რომ ამ ბავშვების დატყვევება მის ინტერესებში არ შედის, მაგრამ გათავისუფლების  შემთხვევაში პრობლება ის მშობლებია, რომლებიც თავიანთ შვილებს ომის შემდეგ ეძებენ. მან გვითხრა, რომ თუ დაელაპარაკებით მშობლებს, ჩემში პრობლემა არ არისო.

- კოკოითთან საუბარი პირისპირ გქონდათ?

- არა, შეხვედრას მე, ვახო კომახიძე, მანანა მებუკე და ოსური მხრიდან კოკოითი და ჩოჩიევი ესწრებოდნენ. ასევე იყვნენ ჟურნალისტები.    

- სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ ვახო კომახიძემ დატოვა საქართველო...

- დიახ, და ეს უცნაურია.

- მისი განცხადებით, მასზე იყო ზეწოლა და ხელისუფლებას თქვენი დაშინებაც ხომ არ უცდია?

- ჩემზე ზეწოლა მოდის 2007 წლიდან. არის რეკვები და დაშინებები. მე, ამ ხელისუფლების ზეწოლაზე უკვე აცრილი ვარ და როცა მირეკავენ და მემუქრებიან, მე მათ დავცინი. მე არ ვიცი, როგორი ზეწოლა იყო ვახო კომახიძეზე, ის ჟურნალისტია და ფილმებს იღებს, ამიტომ ჩვენი საქმიანობა განსხვავებულია და მე არაფრის თქმა არ შემიძლია. მე ვიცი, რომ მას ფილმის გაკეთება უნდოდა და ის ამ მიზნით მეორე დღესაც დარჩა ცხინვალში. არ ვიცი, მან რა გადაიღო, თუმცა იქიდან დაბრუნებული, ჩემთან მოვიდა და ოსების კონფლიქტზე ვრცელი ინტერვიუ აიღო. ფაქტია, რომ ხელისუფლებას მისი უფრო შეეშინდა, ვიდრე ჩემი.

- და ბოლოს, როგორ შეიძლება ამ კონფლიქტების მოგვარება? არის იარაღი ის, რითაც ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ?

- ამ პრობლემის მოგვარება იარაღით არ შეიძლება. ჩვენ უნდა შევქმნათ დემოკრატიული სახელმწიფო და მკაფიოდ დავანახოთ ოსებს და აფხაზებს ავტორიტეტულ რუსეთსა და დემოკრატიულ საქართველოს შორის განსხვავება. ამით ჩვენ მათ უნდა ვუჩვენოთ, რომ საქართველო მათთვის უსაფრთხო სახელმწიფოა. დღეს კი აფხაზები მიისწრაფვიან რუსული პასპორტების აღებისთვის, რადგან მასში მშვიდობას და უსაფრთხოებას ხედავენ.         

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1233
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია