დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქვის ხანის“ ქუთაისიდან - დავით ბერძენიშვილთან ერთად
2010/04/26 17:19:16

თუ გნებავთ, „ქვის ხანის“ ქუთაისი მოინახულოთ და კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ ჩვენი ქალაქის უნიკალურობაში, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს, კერძოდ, სასამართლოს შენობაში განთავსებულ არქეოლოგიის ფონდს უნდა ეწვიოთ. მეც ამ მისამართით დავადექი გზას ბატონ დავით ბერძენიშვილთან შესახვედრად, რომელიც ამ ფონდის პალეონტოლოგიისა და არქეოლოგიის კოლექციის კურატორია.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, უძველესი მასალის დათვალიერების შემდეგ, კურატორს თავის არქეოლოგიურ საქმიანობასა და უნიკალური ნივთების მნიშვნელობაზე ვესაუბრე.

 

- ბატონო დავით, როდის დაიწყეთ არქეოლოგიური საქმიანობა?

- ისტორიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ არქეოლოგიაში მუშაობა მინდოდა, მაგრამ ამის საშუალება არ იყო და ერთხანს გელათის მონასტერში, გიდად ვმუშაობდი. ასევე, საქართველოს ისტორიის წრეს ვხელმძღვანელობდი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. როცა ქუთაისის მუზეუმში ადგილი გამოჩნდა, დირექციასთან შეთანხმებით, აქ დავიწყე მუშაობა. ეს იყო, დაახლოებით, 1980-81 წლები, მაშინ, ფაქტობრივად, ქუთაისის არქეოლოგიური ექსპედიცია არ ფუნქციონირებდა და თბილისის არქეოლოგიურ ექსპედიციებს ვუერთდებოდი, რომელიც ქუთაისსა და მის შემოგარენში სადაზვერვო არქეოლოგიურ გათხრებს ატარებდა. სისტემატური არქეოლოგიური გათხრები ქუთაისის ტერიტორიაზე 1984 წლიდან, პროფესორ ომარ ლანჩავას თაოსნობით  და  დიდი   ძალისხმევით   დაიწყო. 1984 წლიდან დაწყებული 1991 წლის ჩათვლით, ქუთაისის არქეოლოგიურ ექსპედიციაში ვმონაწილეობდი. იგი ფაქტობრივად, მუდმივმოქმედ ექსპედიციად გადაიქცა და თითქმის ყოველწლიურად ტარდებოდა. ჩვენ, გათხრების შედეგად, უამრავი მატერიალური ძეგლი გამოვავლინეთ. აღმოჩენილ იქნა ეგრის-ლაზიკის სამეფო სასახლე, აფხაზთა სამეფო სასახლე, ბაგრატიონთა სამეფო სასახლის ნაშთი, იმერეთის მეფეთა სასახლე...

აფხაზთა მეფის სასახლე და ამავე პერიოდის ეკლესია ქუთაისის არქეოლოგიური ექსპედიციის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენიაა, რაც ადასტურებს, რომ მე-8 საუკუნეში აფხაზთა მეფეს ლეონს ანაკოფიიდან სატახტო ქალაქი ქუთაისში გადმოუტანია. სწორედ  ლეონმა  ჩაუყარა საფუძველი ერთიანი საქართველოს მშენებლობას და ქართულ ნაციონალურ პოლიტიკას, რაც შემდეგ ბრწყინვალედ დააგვირგვინა ბაგრატ III-მ.

90-იან წლებში შევწყვიტეთ მუშაობა,  მაგრამ  2003  წლიდან  კვლავ განვაახლეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი თანადგომით. 

- როგორ იგეგმება არქეოლოგიური ექსპედიციები?

- ამ ეტაპზე ექსპედიციების დაფინანსება ხდება რეაბილიტაციასთან ერთად. მაგალითად, როცა ბაგრატის, გელათის, მოწამეთის სამონასტრო კომპლექსების რეაბილიტაცია  დაიწყო, პარალელურად საჭირო გახდა არქეოლოგიური გათხრებიც. თუმცა, თუ რამე საინტერესო იქნა, ჩვენ საკუთარი ძალებითაც ვცდილობთ, რომ არ დაიკარგოს. ბუნებრივია, მიწაში ბევრია ისეთი მატერიალური მასალა, რომელიც დღემდე უცნობია. მასალას მარტო სამეცნიერო მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ეს უნდა იყოს განკუთვნილი ფართო მნახველისთვის, არამარტო ქართველის, არამედ - უცხოელისთვისაც. იმიტომ, რომ თითოეული ნაგებობის, თითოეული ნივთის უკან დგას იმ ეპოქის სოციალ-პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული      მდგომარეობა.     მოწყვეტით   არ   უნდა   იყოს   ნივთი,   მას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ მატერიალური მნიშვნელობა... არქეოლოგია ეძებს არა მარტო ნივთებს, არამედ - ნივთების მკეთებელ ხალხს.

- არქეოლოგიური გათხრების შემდეგ როგორ მიმდინარეობს გამოკვლევები?

- მარტო აღმოჩენა ხომ არაა მთავარი, შემდეგ მიმდინარეობს მისი კამერალური დამუშავება. ხდება ფოტოფიქსაცია, ჩახაზვა, ჩახატვა, შესწავლა, პარალელების მონახვა და სამეცნიერო წრეებისა და მასობრივი მნახველისთვის გაცნობა. დიდი აღმოჩენების დროს არქეოლოგებთან ერთად ჯგუფში შედიან: არქიტექტორები, პალეობოტანიკოსები, პალეოზოოლოგები, ანთროპოლოგები, რადგან ყველაფერი ეს კომპლექსურად ხდება: არქიტექტორი ჩაიხაზავს, მხატვარი ჩაიხატავს... შემდეგ უნდა მოხდეს მისი პოპულარიზაცია, რომ მასობრივმა მნახველმა იცოდეს, თუ რას წარმოადგენდა ეს რეგიონი, რას წარმოადგენდა საქართველო. ამას აქვს მნიშვნელობა არამარტო ყოფაცხოვრებისთვის, ხელოვნებისთვის, ისტორიისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ განისაზღვროს, თუ რა ადგილი ეჭირა მსოფლიოში მაშინდელ საქართველოს.

- მაგალითად, რა მნიშვნელობისაა ქუთაისში შარშან აღმოჩენილი ქალის სამარხი?

- ყველასათვის ცნობილია, გასულ წელს თუ რა დიდ აღმოჩენასთან გვქონდა საქმე, როდესაც გაითხარა ერთ-ერთი უმდიდრესი სამარხი! საქართველოს ტერიტორიაზე, ქრისტიანულ ხანაში, ასეთი მდიდარი სამარხი ჯერ არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს წარმართული ხანის მდიდრული სამარხები, მაგრამ ქრისტიანული ხანისა მართლაც პირველი შემთხვევა იყო. მიმდინარეობს ამ სამარხის შესწავლა, ბატონი ომარ ლანჩავა სწავლობს მას და დასკვნა მალე დაიდება.

მომავალშიც, დარწმუნებული ვარ, თუ ფართო ინტენსივობით კვლავ წარიმართება არქეოლოგიური საქმიანობა, საკმაოდ დიდი აღმოჩენებთან გვექნება საქმე.

- დაგვისახელეთ ყველაზე უნიკალური ნივთი, რაც ქუთაისის მუზეუმში არის დაცული.

- რომელი ერთი დავასახელოთ. მართლაც ფასდაუდებელი, უძვირფასესია ხატები გელათიდან, მოწამეთიდან... ასევე კოლხური უნიკუმი, ბრინჯაოს გრიფონი, ბრინჯაოს რიტონი, გრავირებული კოლხური ცულები, უძვირფასესი ხელნაწერები და ნაბეჭდი წიგნები...

ჩვენთან მრავლადაა ისეთი მატერიალური მასალები, ნებისმიერ პირველხარისხოვან მუზეუმს რომ დაამშვენებს და დიდ შთაბეჭდილებას შეუქმნის როგორც სპეციალისტებს, ასევე - მასობრივ მნახველებს იმის შესახებ, თუ რა იყო ძველად ქუთაისში. სხვათა შორის, იშვიათია ქალაქი მსოფლიო მასშტაბით, რომ, დაწყებული ქვის ხანიდან - ქვედა პალეოლითიდან - დღემდე განაგრძობდეს თავის ცხოვრებას.

ქუთაისში აისახება საქართველოს ისტორია მთლიანად.

- თუმცა აღმოჩენილი ექსპონატები რამდენიმე ადგილზეა გაფანტული და არ არის ერთად თავმოყრილი...

- დიახ. ამჟამად ფონდში ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ნივთია, მაგრამ, სამწუხაროდ, ადგილის სიმცირის გამო, ვერ ხერხდება მთლიანად წარმოდგენა. მართლაც ბრწყინვალე ნივთებია! იძულებული ვართ, ნაწილი აქ - სასამართლოს შენობაში მოვათავსოთ, ნაწილი - სხვაგან, მთავარი მუზეუმი ცენტრალურ მოედანზეა... მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მომავალში, როცა მუზეუმის ახალი შენობა აშენდება, ამასაც დაადგება საშველი.

ბევრი უცხოელი ტურისტი მიდის ბაგრატზე, გელათში... მუზეუმში კი მრავლად გვაქვს, როგორც ბაგრატის ტაძრის მასალა, ასევე - გელათისა. როცა პირველად ამას შეიცნობ, გაგიჩნდება მეტის გაცნობის სურვილი და შემდეგ უნდა წახვიდე გელათში, ბაგრატზე.

მნახველები კი ჰყავს მუზეუმს, მაგრამ უფრო მეტია საჭირო და მომავალში, ალბათ, ასეც იქნება.

- რა მიგაჩნიათ ქართული არქეოლოგიის ყველაზე უნიკალურ აღმოჩენად?

- ასეთი აღმოჩენები ძალიან ბევრია... ვანის საგანძური, მაგალითად! ეს სასწაულია! ყუმბარის გასროლას ჰგავდა არქეოლოგიურ მეცნიერებაში დმანისური აღმოჩენაც, რადგან ყველას მიერ მიღებული იყო, რომ პირველი ევროპელები ფრანგები იყვნენ. ახლა თვით ფრანგებმა და ყველამ აღიარა, რომ უძველესი ჰომონიდი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფილა.

არქეოლოგიურ გათხრებს საქართველოს ისტორიის შესასწავლად ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გათხრების შედეგად ჩვენ ბევრი რამ გავიგეთ ქართველური ტომების შესახებ. თუნდაც არ გვეცოდინებოდა მტკვარ-არაქსის კულტურა, თრიალეთის კულტურა, კოლხური კულტურა და სხვა.

- იგეგმება ახლო მომავალში ქუთაისის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიცია?

- გეგმაში გვქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ გეგუთის ციხე-დარბაზის შესწავლა. ჩვენ ბრწყინვალე საეკლესიო არქიტექტურა გვაქვს, უამრავი საეკლესიო ძეგლი, მაგრამ საერო დანიშნულების ძეგლები თითზე ჩამოსათვლელია. აქედან გამოირჩევა გეგუთის ციხე-დარბაზი. აქ ქართველთა ლაშქარი იკრიბებოდა და ხშირად ჩვენი მეფეები აქედან წარმართავდნენ თავიანთ პოლიტიკურ საქმიანობას. ფაქტობრივად, გეგუთი შესწავლილი არ არის, XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს არის ჩატარებული მცირე სადაზვერვო გათხრები. მომავალში, დარწმუნებული ვარ, ამ უნიკალურ საერო დანიშნულების ნაგებობასაც მიექცევა ჯეროვანი ყურადღება და იქ მართლაც დიდი აღმოჩენები მოხდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2461
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია