დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოს მუზეუმების დედა-დიასახლისი
2010/04/19 13:19:37

წყალტუბოში ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდებით. მათ შორის ქალბატონი ციალა ღვინიანიძე გამორჩეული პიროვნებაა. იგი სოფელ ოფშკვითში დაიბადა, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის, ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა. სტუდენტობის შემდეგ აქტიურ საზოგადოებრივ-კვლევით საქმიანობაში ჩაება. მისი თაოსნობითაა შექმნილი წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ჩუნეშში - მწერალ ნიკო ლორთქიფანიძისა და დერჩში - აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახლ-მუზეუმები. მრავალი წიგნისა და საგაზეთო სტატიის ავტორია. 

- ქალბატონო ციალა, თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით მშობლიური კუთხის წარსულის კვლევაში. გვიამბეთ, როგორ და რის საფუძველზე შეიქმნა წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი?

- დავიწყებ იქიდან, რომ ვმუშაობდი ბროწეულას სკოლა-ინტერნატში. მაშინ გამიჩნდა იდეა, შემექმნა სასკოლო მუზეუმი და პირველი მუზეუმიც სწორედ იქ შევქმენი. ყველაფერი ასე დაიწყო: ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი, ვაწყობდი ლაშქრობებს: ბროწეულა, ბაღდათი, საირმე, აბასთუმანი, ახალციხე, ვარძია, ტყიბული, შაორი, ნიკორწმინდა, ამბროლაური, ხვამლი... და ასე შემდეგ. ბავშვებთან ერთად გადავედი მამისონის უღელტეხილიდან სამხრეთ ოსეთში, ვნახეთ გერგეთის სამებაც. მაშინ მზია ერისთავი გახლდათ საექსკურსიო-სამოგზაურო სადგურის დირექტორი. სწორედ ქალბატონმა მზიამ შემაყვარა მხარეთმცოდნეობითი მუშაობა. აი, ამ მოგზაურობებმა კი ძალიან ბევრი მასალა შემძინა და ამის საფუძველზე გავხსენი სასკოლო მუზეუმი, რომელიც რესპუბლიკაში ცნობილი იყო.

მერე რაიკომის მდივანმა წამომიყვანა ბროწეულადან და დამნიშნა წყალტუბოს მუზეუმის დირექტორად 1969 წლის 1 თებერვალს. ჩვენ მაშინ არ გვქონდა არც შენობა და არც ექსპონატები, ყველაფერი შემდეგ მოვიძიეთ. არც თანამშრომლები გვყავდა. 1976 წლის ნოემბერში გავხსენით პირველი გამოფენა, რომელსაც, შინაარსობრივად, „საბჭოთა პერიოდი“ ერქვა. 1978 წელს გაიხსნა მეორე ექსპოზიციაც. და ასე დაიწყო...

- ტურიზმის განვითარების პერსპექტივა წყალტუბოს რაიონს უდავოდ აქვს. გარდა უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრეებისა, მატერიალური კულტურის თვალსაზრისით, რა შეიძლება შევთავაზოთ უცხოელ სტუმრებს?

- უამრავი რამ. მაგალითად, ჩვენ გვაქვს სოფლებში უძველესი ეკლესიები: ტყაჩირში აღდგენილია წმინდა კვირიკეს ეკლესია, ასევე ზარათში - XIII საუკუნის ეკლესია, დერჩში გვაქვს XIII საუკუნის დიდებული ეკლესია, ამასთან იქვეა აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმი... შესანიშნავი კერა არის დასათვალიერებლად. კიდევ შეგვიძლია, ბევრი საინტერესო რამ ჩამოვთვალოთ.

- თქვენს საქმიანობაში, ცხადია, აღმოჩენის ბევრი სიხარულიც გექნებოდათ. გვესაუბრეთ ამასთან დაკავშირებით.

- რა თქმა უნდა, შიშველ ველზე დავიწყეთ მუშაობა, არაფერი გაგვაჩნდა. მოგეხსენებათ, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა ძალიან ადრე, ოციან წლებში და ყველაფერი, რაც წყალტუბოს რაიონის ტერიტორიაზე იყო მოძიებული, იქ ჰქონდათ წაღებული. მე მახსოვს, როცა ექსპოზიციის გეგმა დასამტკიცებლად წარვადგინე კულტურის სამინისტროში, მაშინ იქ მყოფმა მეცნიერებმა, აკადემიკოსებმა მითხრეს: თქვენ დაკმაყოფილდით მარტო კურორტის ისტორიით, რადგან წყალტუბოს ისეთნაირი ისტორია არაფერი აქვსო.

მაგრამ შემდეგ არქეოლოგიური ექსპედიციები დაიწყო, რამაც ძალიან ბევრი მასალა მოგვცა. ეს ექსპონატები დღეს ამშვენებს ჩვენს მუზეუმს. ძალიან გამახარა იმან, რომ ჩვენთან დაიდო მდიდარი არქეოლოგიური მასალები იმის შესახებ, რომ პირველყოფილ ადამიანს უცხოვრია თურმე ჩვენი რაიონის ტერიტორიაზე და მისი ბრძოლისა თუ შრომის იარაღები დღეს ამ მუზეუმში დაცულია. შეუძლებელი შევძელით. ახლა ჩვენს ექსპოზიციას ვინც ნახულობს, ყველას ძალიან მოსწონს. პირველი დარბაზი გახლავთ არქეოლოგიისა, მეორე - ეთნოგრაფიის და მესამე იყო საბჭოთა პერიოდის...

- წყალტუბოს მუზეუმს გამოშვებული აქვს სამეცნიერო შრომების კრებულები. მოკლედ გვიამბეთ ამ კრებულებში განთავსებულ მასალებზე, რითი შეიძლება იყოს ეს კრებულები საინტერესო მეცნიერ-მკვლევარებისთვის?

- დიახ, წყალტუბოს მუზეუმმა გამოსცა სამეცნიერო შრომების სამი კრებული, ახლა მეოთხე სამეცნიერო კრებულია ჩაშვებული და იბეჭდება. ძალიან საინტერესო მასალები გვაქვს შეტანილი: ბრძოლისა და შრომის იარაღები, ინფორმაციები ჩვენი გამოჩენილი მეცნიერების შესახებ და ა.შ.

- საინტერესოა, როგორ დაარსდა გიორგი ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, თუ გქონდათ თავად გამოჩენილ მენციერთან, მის ოჯახთან ურთიერთობა?

- როცა მუზეუმის დირექტორად დავინიშნე, გადავწყვიტე, კარდაკარ შემომევლო გამოჩენილი ადამიანების ოჯახები. გახლდით აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის ოჯახში, გიორგი ახვლედიანის ოჯახში, კიდევ სხვებთან.

1970 წელს, როცა შალვა ნუცუბიძის ოჯახში მივედი, კარი გამიღო შალვას მეუღლემ, ქალბატონმა ქეთევანმა. ძალიან კარგად მიმიღო, შემპირდა, მასალებს დაგიგროვებო და თან მომცა მოსაწვევი ბარათი: შალვა იყო ერთი წლის გარდაცვლილი, ტარდებოდა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია. მეც მივედი ამ კონფერენციაზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. იქ, პრეზიდიუმში, ისხდნენ ჩვენი გამოჩენილი მეცნიერები: აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი და კიდევ ბევრი. ილია ვეკუა გახლდათ მაშინ რექტორი. როცა სხდომა დამთავრდა, მინდოდა, გიორგი ახვლედიანი მენახა და გამოსასვლელში დაველოდე, როცა გამოვიდა, შემოესივნენ გარშემო მისი სტუდენტები, მეგობრები და მე ცოტა მოშორებით დავდექი. რომ დამინახა, მომიახლოვდა და მითხრა: თქვენ, შვილო, ჩემი სტუდენტი იყავით?

- არა, ბატონო გიორგი მე წყალტუბოდან ვარ, მუზეუმიდან. და თქვენი ნახვა მინდა, თუ შეიძლება, რომ მოვიდე თქვენს სანახავად-მეთქი. ბატონმა გიორგიმ მეორე დღისათვის დამიბარა. როდესაც მივედი, კარი მისმა შვილმა გამიღო...

კარგა ხანს ველოდე ბატონ გიორგის სასტუმრო ოთახში. არავინ რომ არ გამოვიდა, თავად ავდექი, კარი ღიად იყო და შევედი იმ ოთახში, სადაც ბატონი გიორგი ბრძანდებოდა. თავზე, კარგად მახსოვს, ბერეტი ეხურა. ძალიან გაუხარდა, რომ დამინახა, როცა ვლაპარაკობდით, მკითხა, მამას რა ჰქვიაო? ვუპასუხე, გიორგი ჰქვია-მეთქი. მოდი, აბა, მე ვიქნები შენი მამაო, გულთბილად მითხრა. კი, ბატონო გიორგი-მეთქი, დავეთანხმე უმალ. გიორგიმ მითხრა: აქ რასაც ხედავ, ყველაფერი წყალტუბოს მუზეუმის იქნება. აქ ტომრებით იყვნენ ჩამოსული ცაგერის მუზეუმიდანო - ასეთი სიტყვებით მითხრა ზუსტად, - მოგვეცი ექსპონატებიო და მე არაფერი გავატანეო. შემდეგ წამოდგა, აიღო თავისი წიგნი, გაუკეთა წარწერა და მომაწოდა. მერე მეორე წიგნიც მოგვცა - შალვა ნუცუბიძისა, რომელიც ნაჩუქარი ჰქონია გიორგისთვის და ზედ გაუკეთა ასეთი წარწერა: „დავთმე წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმისათვის.“ ამის შემდეგ ბატონ გიორგისთან ჩემი კავშირი არ გაწყვეტილა. ერთმანეთს ვუგზავნიდით წერილებს, მაგრამ სამი წლის შემდეგ იგი გარდაიცვალა. მე ნათქვამი მქონდა ბატონი გიორგისთვის, რომ გავაკეთებდი მის მუზეუმს დერჩში. ასეც მოხდა, თუმცა ამას თავად ვეღარ მოესწრო.

- ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის დაარსებასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

- ნიკო ლორთქიფანიძის მუზეუმის დაფუძნებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ადრე დასვეს საკითხი ბატონებმა პოლიკარპე ჯაჯანიძემ და გიორგი სამხარაძემ, , მაგრამ ეს იდეა მაშინ არ განხორციელდა. შემდეგ დაიწყო სახლ-მუზეუმის გახსნის სამუშაოები. ნოდარ დუმბაძე გახლდათ საიუბილეო კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ იგი გარდაიცვალა. ძალიან დიდ შრომა დაგვჭირდა, ბევრი ექსპონატი განადგურდა იმ არეულობის პერიოდში... მწერლის 100 წლის საიუბილეოდ გავხსენით ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი ჩვენი შრომით და დიდი წვალებით.

- ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეთ ფართო მკითხველს თქვენი წიგნების მეშვეობითაც. გვიამბეთ ამ წიგნების შესახებ:
- მე მქონდა საშუალება, მემოგზაურა მეორე მსოფლიო ომის ადგილებში. ვიყავი ჩრდილოეთ კავკასიაში, მინდოდა ყველაფერი გადამეტანა ფურცლებზე. ჩემი პირველი წიგნი გახლდათ: „წყალტუბოს რაიონის მშრომელები დიდ სამამულო ომში“ წიგნი პირველი და წიგნი მეორე. ამას მოჰყვა წიგნები: „საყულია“, „პატრიკეთი“, „ტყაჩირი“,  „გეგუთი“, „ყუმისთავი“, ცხუნკური“, „მაღლაკი“,     „ფარცხანაყანები“, „ოფშკვითი“ (წიგნი I და II), დამუშავების პროცესშია წიგნები „ზარათი“ და „რიონი“.

- ამჟამად დირექტორის პოსტზე არ იმყოფებით, მაგრამ, ალბათ, თქვენს გამოცდილებას უზიარებთ ახალგაზრდა კოლეგებს...

- რა თქმა უნდა, ახალგაზრდები არიან. ახლა მუზეუმის დირექტორი ჩემი გაზრდილი ია კუხალაშვილია, რომელიც, მინდოდა დამეტოვებინა მუზეუმის დირექტორად და ასეც მოხდა.

 

*** 

მშვიდი, გაწონასწორებული და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ციალა ღვინიანიძე წყალტუბოს აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი გახლდათ წლების მანძილზე. დღეს, ღირსების ორდენის კავალერი 78 წლის ქალბატონი , მუზეუმის კონსულტანტია სამეცნიერო დარგში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2195
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია