დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მასალა ფიქრისთვის
2010/04/12 12:52:10

გადაულახავი ზღვარის გადალახვის მცდელობა - ხელოვნება; ხელოვნების კიდევ სხვა, სულ სხვა ფორმა - ავანგარდული ხელოვნება და ზღვარის მოსინჯვის მცდელობა საკუთარი პოეზიით. თუმცა, თვლის, რომ იგი პოეტი არ არის, უბრალოდ, გამტარის როლს ასრულებს.

გიორგი ხასაია თავისთვის მხოლოდ: ჭურჭლის მრეცხავი და გადამწერია. სხვებისთვის: ახალგაზრდა პოეტი, რომელიც წერს, მიჰყავს ლიტერატურული გადაცემები, აწყობს პერფორმანსებს...

მისი მთავარი სასიცოცხლო ძალა ფიქრია. ბედნიერება - მუდმივ ძიებაში. ძიებები - ქაოსში, ქაოსი კი, როგორც ავანგარდიზმის და მისი ცხოვრების წარმმართველი ძალა... სამშობლოსავით ნახევრადთავისუფალია. ამბობს, რომ არ გააჩნია პრინციპები, - აქვს მხოლოდ ნერვები. ჰყავს შეყვარებული, რომელთან ერთადაც სიამოვნებით იმოგზაურებდა საოცნებო ადგილას. არ ჰყავს ძაღლი. ჰყავს მეგობრები, რომლებთანაც ხშირად საუბრობს, რადგან იცის, რომ - საუბარშია გადარჩენა!

 

სასაუბროდ გაზეთ „P.S.“-ში მოვიდა. რედაქციაში მკაცრი წესები გვაქვს - ჩვენთან არ ეწევიან! ვერ ეწეოდა... არადა, სიგარეტი, საყვარელი ადამიანის გარდა, ერთადერთი რამ აღმოჩნდა, რაზეც, შეიძლება ითქვას, რომ მიჯაჭვულია.

- გიორგი, კიდევ რაზე ხარ მიჯაჭვული?

- „მიჯაჭვული“ - ასე არ ვიტყოდი... მე თავისუფალი ვარ თავისუფლებისგანაც კი! მთავარია მუდმივად მქონდეს მასალა ფიქრისთვის.

- რამდენად გამოგდის ფიქრის დროს „შესვლა“ საკუთარ თავში?

- საკუთარი თავი ნებისმიერი ხელოვანისთვის პირველი კვლევის ობიექტია. იკვლევ შენს თავს გარემოსთან მიმართებაში, გარემოს - შენს თავთან. იკვლევ გარკვეულ კულტურულ კონვენციებს, იკვლევ ზღვარს... ერთადერთი, რითაც გარემოზე ვარ დამოკიდებული, ეს არის ფული, რომლითაც მე ვიყიდი ჩემთვის სენდვიჩს, სიგარეტს, საყვარელ ადამიანთან ან მეგობართან ერთად დავჯდები სადმე და ლუდს, ან ყავას დავლევ.

ძალიან ჩვეულებრივი, მოსაწყენი ცხოვრებითაც კი ვცხოვრობ, რადგან არამოსაწყენი ცხოვრებით  მოწყენა უფრო მოსაწყენია. გაცილებით საინტერესოა ჩემთვის მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრება.

- ანუ ცდილობ, გაექცე რეალობას შენში...

- მე არ ვამბობ, რომ რეალობიდან გაქცევის მომხრე ვარ. არა, არავითარ შემთხვევაში! უბრალოდ, როგორი ცუდი რაღაცეებიც არ უნდა ხდებოდეს „გარეთ“, მე ეს ვერ დამთრგუნავს. არ მესმის ადამიანების, ვინც მუდმივად წუწუნებს, რომ აქ გასართობი ადგილები არ არის და ა.შ. ეს მეტ მასალას იძლევა დაფიქრებისთვის. ქაოსი არის ავანგარდიზმის წარმმართველი ძალა. ქაოსი თუ არ არის, არ არის ძიებებიც. ზედმეტად დავარცხნილი სიტუაციებიც უშლის რაღაცეებს ხელს.

მე მიჩნდება ხანდახან სურვილი, პოლემიკაში შევიდე იმასთან, რაც ხდება ჩემს ირგვლივ, იმასთან, რაც არ მომწონს და პირიქით - მომწონს. შეიძლება, ჩვეულებრივად აგინო იმას, რაც მოგწონს, რათა მოსინჯო ზღვარი,  დაადგინო, ჩვენი განცდები, დამოკიდებულებები - ნაკარნახევია, თუ ისინი ჩვენ ჩაგვიდეს ოჯახმა, მერე სკოლამ, უნივერსიტეტმა... ამის კვლევაც ძალიან მნიშვნელოვანი, - რა ადგენს ჩვენში ამ კანონებს. პირობითია ისინი, თუ მართლა მყარი საფუძვლებია და ა.შ.

- რა არის შენთვის სასიცოცხლო ენერგია?

- ფიქრი! რაღაცის თარგმნა! მე ვგულისხმობ საგნების, მოვლენების გაგებას და ა.შ. აზროვნების აქტი, ფიქრის აქტი, რაღაცეების ემოციურად აღქმის აქტი - ეს ყველაფერი არის ჩემთვის სასიცოცხლო ენერგია.

- დეპრესიული ხარ?

- დეპრესია ჩემთვის არის ჩვეული მდგომარეობა. ანუ, მე ცუდად ვარ მაშინ, როცა არ ვარ დეპრესიაში და პირიქით. თუ რაღაც მიხარია და „კარგი ხასიათი“ გამიგრძელდა დიდხანს, იქვე ვფიქრობ, რომ რაღაც ვერ არის რიგზე, იმიტომ, რომ არაფერი გვაძლევს, წესით, იმის საშუალებას, რომ ვიყოთ მხიარულები.

- რა არის შენთვის ბედნიერება?

- არასდროს არავის უკითხავს ეს ჩემთვის და არც მე მიფიქრია - რა არის ჩემთვის ბედნიერება? (ფიქრობს... ბოლოს ისევ თავისუფლებაზე იწყებს საუბარს - „იქნებ აქედან ბედნიერებამდეც მივიდე“). არსებობს ცნებები „თავისუფლება“ და „განთავისუფლება“.  ჩემთვის, ისევე, როგორც ძალიან ბევრი ადამიანისთვის, გათავისუფლება უფრო მაღლა დგას, ვიდრე თავისუფლება, ანუ ხელახალი ფასეულობების მოპოვება. შესაბამისად, ეს არის პროცესი და მუდმივი ბრძოლა - ბედნიერებაც ხომ რაღაცნაირად გაელვებადია?

სლავოი ჟიჟიკს აქვს ბედნიერების სამი კრიტერიუმი:

1. უნდა გქონდეს არასაკმარისი კომფორტი; 2. უნდა იყოს ვიღაც, ვისაც დააბრალებ შენს უბედურებას; 3. უნდა იყოს რაღაც ადგილი, სადაც შენ ვერ აღწევ.

თუ ეს სამი რამ გაქვს, შენ ხარ ბედნიერი ადამიანი, მაგრამ შენ არ იცი, რომ ბედნიერი ხარ. მე მაქვს არასაკმარისი კომფორტი და ადგილები, სადაც ვერ მივდივარ გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო. მე არ მაქვს მეორე პრობლემა - ვიცი, რომ ჩემს ნაცვლად არავინ არის დამნაშავე. პირველ რიგში მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე.

- ვინ არის გიორგი ხასაია?

- გიორგი ხასაია ჩემთვის არის გადამწერი და ჭურჭლის მრეცხავი. ჭურჭლის რეცხვა არის ჩემთვის ძალიან დიდი გატაცება - მსიამოვნებს. ჩემს საყვარელ ბორხესს აქვს „ბორხესი და მე“, რომელსაც ამთავრებს ასე: „მე არ ვიცი, რომელი ჩვენგანი წერს ახლა ამ სიტყვებს“. თუ რომელიმე ჩვენგანი ერთდროულად რამდენიმე ადამიანი არ არის...

- შენ რამდენი ხარ?

- არ ვიცი. ცოტა ისე გამომივა ახლა, თინეიჯერულ-გოიმურად...

- რა გიყვარს?

- მიყვარს ანი - ჩემი შეყვარებული, სიგარეტის მოწევა, კითხვა, ლოცვის წინა მდგომარეობა მიყვარს. ადრე ჩემს ცრემლებს ვუსინჯავდი გემოს, როცა მეტირებოდა. სხვისიც გამისინჯავს. ყავა მიყვარს ძალიან, საუბარი...

- რა არ გიყვარს?

- ლექსების წერა არ მიყვარს! რომ შემეძლოს, არ დავწერდი ლექსებს, მაგრამ როდესაც აზუზუნდება შენში, ეს ხმაური არ გცილდება, სანამ არ დაწერ, ყველგან თან დაგყვება - ეს აბსოლუტურად აუტანელი რამაა. მე რომ მქონდეს ამის შესაძლებლობა, ლექსებს არ დავწერდი! ეს საკმაოდ მტანჯველი პროცესია. სანამ გამტარის ფუნქციას არ შეასრულებ, არ გცილდება. მაშინ ყველაზე მეტად ვგრძნობ, რომ ღმერთი არსებობს.

- რა არის შენთვის წიგნი?

- წიგნი არის ჩემთვის ყოველდღიური მოხმარების საგანი, ისევე, როგორც საპონი, ან კბილის პასტა. ის შეიძლება ასევე ერთ მშვენიერ დღეს ტუალეტის ქაღალდიც იყოს. ტუალეტის ქაღალდის ფორმით მინდოდა გამოსულიყო ჩემი ლექსები და მერე გავიგე, რომ ამის პრეცენდენტი უკვე ყოფილა ევროპაში.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ლიტერატურაში ყოფნა, საყვარელი ავტორების კითხვა და მათი აღმოჩენა, ლიტერატურულ სივრცეში ლივლივი - ეს არის სულიერი ორგაზმი, რომელიც მე მუდმივად მაკავშირებს ლიტერატურასთან, იმიტომ, რომ ლიტერატურული კათარზისი ჩემთვის სექსზე, ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

ძირითადი დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ არის მომხმარებლური- რას მომცემს მე ის? მან უნდა გააბრაზოს, მან უნდა აღძრას ფიქრისთვის!

ჩემში არის მუდმივი მზადება თავდასხმისთვის - არტისტულ თავდასხმას ვგულისხმობ, იქნება ეს პერფორმანსისთვის, ლექსისთვის... თუ შენ იცი, რომ სახლში გელოდება ახალამობეჭდილი წიგნი და ემზადები თავდასხმისთვის, როცა სახლში მიხვალ, ზამბარასავით შეიკუმშები...

- ახალგაზრდა პოეტების ჯგუფი ხშირად აწყობთ პერფორმანსებს...

- ჩვენს ჯგუფს არ აქვს სახელი. ალბათ, დავირქმევთ - გიორგი წურწუმია, ვაკო ნაცვლიშვილი, მირიან გორგოძე და მე... შიგადაშიგ შემოგვემატებიან, მაგრამ ძირითადი ჯგუფი ვართ ჩვენ. პერფორმანსი - ეს არის ფორმა, ტრადიცია, რომელშიც დებენ ახალ შინაარსს. ჩვენი კვლევის საგანიც აქ არის - არსებობს გარკვეული კულტურული კონვენციები, კულტურისთვის დადგენილი წესები, - აი, ამ კულტურული კონვენციების მიღმა გახედვა, მათ  მიღმა რაღაცეების კვლევა, - ეს არის ჩვენი ინტერესების სფერო.

თავიდან ვიყავით მე და გიორგი წურწუმია, ლექსებს ვკითხულობდით, უნივერსიტეტში გავაკეთეთ რამდენიმე საღამო. ეს იყო ლიტერატურაში ყოფნის სურვილი. შესაბამისად, თავს ვუყრიდით ყველა იმ ხალხს, ვინც ლიტერატურაში უკვე იყო, ან ჰქონდა სურვილი,  ლიტერატურაში  ყოფილიყო. იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარი სიხარულის განცდა არის ეს - ლიტერატურაში ყოფნა, რომლის გარეშე წარმოუდგენელია.

- ლიტერატურული გადაცემაც გქონდა...

- გიორგი წურწუმიას ჰქონდა გადაცემა „ლიტერა“ და შემდეგ, გადავწყვიტეთ, ერთად გაგვეკეთებინა გადაცემა.  დავსხედით, ვიფიქრეთ და მოვიფიქრეთ ის, რაც მეტ-ნაკლებად ყველა ლიტერატურულ ჟანრს თუ თემას შეეხებოდა. პრინციპში ასეც იყო - იქ იყო პოეზია, თარგმანი, პორნოგრაფიული პასაჟები ცნობილი ნაწარმოებებიდან  - არ იყო იაფი პორნოგრაფია, რომელსაც შეიძლება ინტერნეტში მრავლად წააწყდე. მეორე ნაწილში გვყავდა სტუმრები, ზოგჯერ პირდაპირ ეთერში ვმართავდით ლიტერატურულ კითხვას.

- შენი თარგმანები იყო?

- გადაცემის დროს მიწევდა ფრაგმენტულად თარგმნა. „ცხელი შოკოლადისთვისაც“ ლიმონოვიდან ვთარგმნე რაღაცეები. მე არანაირი გაგებით მთარგმნელი არ ვარ, თუმცა, არის რამდენიმე წიგნი, რომელსაც სიამოვნებით ვთარგმნიდი: ედუარდ ლიმონოვის „дневник неудачника“, დიმიტრი ალექსეევიჩ პრიგოვის ლექსები და ლევრუკინშტეინის ლექსები.

- საყვარელ მწერლებზე, პოეტებზე რას მეტყვი?

- ჩემთვის ძალიან მკრთალი ზღვარია პოეზიასა და პროზას შორის, მითუმეტეს თანამედროვე ლიტერატურაში.

ჩემს საყვარელ პოეტებს მიეკუთვნებიან: რა თქმა უნდა ბორხესი, სესარ ვალიეხო, ვლადიმერ მაიაკოვსკი და კიდევ უამრავი. ბევრი საყვარელი თანამედროვე ქუთაისელი პოეტი მყავს, ძალიან ბევრი.

პროზა - ეს უსათუოდ არის სერვანტესი, რომელიც ყოველთვის თანამედროვეა და ბრწყინვალეა მართლა! ალენ რობ გრიე, ედუარდ ლიმონოვი, ჟან ჟენე, ჯოზებ მაქსველ კუძე, ვლადიმერ საროკინი - ბევრია საკმაოდ. ბორხესი, რომელიც, როგორც პოეტი, ჩემთვის საყვარელია და მისი პროზაც. რა თქმა უნდა, საყვარელი მწერალი ფილოსოფოსები: ჟან ბოდრიე, როლან ბარტი, სლავოი ჟიჟეკი.

- საყვარელი ლიტერატურული გმირი თუ გყავს?

- არ ვიტყვი საყვარელ გმირს.

- სხვა გმირებს ეწყინებათ?

- ...

- რეალურ ცხოვრებაში თუ გყოლია გმირი?

- ცხოვრებაში არასდროს მყოლია გმირი. ერთადერთი, აღფრთოვანებული ვიყავი მამაჩემით თავის დროზე, როცა აფხაზეთში იბრძოდა...

- როგორია თანამედროვე ქართული ხელოვნება?

- თანამედროვე ქართული ხელოვნება - დროითი გაგებით, არის აბსოლუტურად დაცლილი ყოველგვარი აგრესიისგან, სისასტიკისგან, გნებავთ სექსისგან და, შესაბამისად, ის ვერ არის დროის ადეკვატური. ის წარმოადგენს „კიჩის“(ყალბი გრძნობების საშუალობა) თაიგულს, - ეს არ არის დროის ადეკვატური, ეს არაფერი არ არის!

კიდევ ერთი, რაც აკლია თანამედროვე ქართულ ხელოვნებას, ეს არის მისი აპოლიტიკურობა. მე არ ვგულისხმობ რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას, ხელოვნება თავად არის პოლიტიკა და ზედმეტი ესთეტიზაცია და მხოლოდ მზის სხივებზე წერა (რომელიც ასევე მნიშვნელოვანია) კლავს პოლიტიკურს პოეზიაში. ამიტომ არის კასტრირებული ქართული ხელოვნება დიდწილად.

- შენ რაზე წერ?

- მე მაინტერესებს ისეთი თემები, როგორიცაა გაუპატიურება, განსაკუთრებით - მკვლელობა, სექსი. ბევრი წუწუნებს ამაზე და მე არ მინდა, მათ რიგებს შევუერთდე, მაგრამ ფაქტია, რომ ლიტერატურულ ტექსტში ნებისმიერი არანორმატიული ლექსიკის გამოყენება აღიქმება, როგორც თავდასხმა ეროვნულ ცნობიერებაზე და ა.შ. „ეროვნული ცნობიერება“ ჩემთვის არის ფანატიზმი, ეს არ არის რაღაც მყარი ღირებულებითი სისტემა, რომელსაც მე ან შევუერთდები, ან - არა. ამას ერთვის ის, თუ როგორ ხრავს ეკლესია ხელოვნებას...

- მორწმუნე ხარ?

- მე ვარ, სახელდობრ, ქრისტიანი, მაგრამ, რასაც დღეს ჩვენთან ეკლესია აკეთებს, როცა თეატრის რეჟისორებს უგზავნიან წერილებს: „ნუ დადგამ რელიგიურ თემაზე“, - უნდა მოხდეს ამისგან საბოლოო სეკულარიზაცია - საეროს და სასულიეროს გამიჯვნა, როგორც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში. ჩვენთან ეკლესია ცდილობს, იყოს მონოპოლისტი, უკარნახოს, ვინ როგორი სპექტაკლი დადგას. მე ვიცი, რომ პატრიარქიც წერს ლექსებს, მაგრამ შეუძლებელია რელიგიური დიქტატის პირობებში ხელოვნება კეთდებოდეს და ეს ხელოვნება იყოს კარგი.

- რა არის შენთვის ღმერთი?

- არ ვიცი. როგორც წესი, ბიზანტიურ ხატებზე დახატულ ქრისტეს ხედავენ პირველად... ჩემთვის, როგორც მორწმუნე ადამიანისთვის, ღმერთი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა და ყველა გზა მასთან მიდის.

- თუკი როდესმე შეხვდებოდი ღმერთს, რას ისურვებდი, რომ მას შენთვის ეთქვა?

- მე ვისურვებდი, რომ მე მეთქვა:   „მე ვიცი, რაც უნდა მითხრა“.

- საკუთარ თავს?

- ხომ ისე დაიბეჭდება, როგორ ვიტყვი?

- ...

- არ მოკეტავ, შე ჩემა?!

ეს არის, რასაც მუდმივად ვუსვამ საკუთარ თავს, მაგრამ მაინც ვლაპარაკობ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2445
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია