დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ოპოზიცია მხოლოდ თბილისშია, რეგიონები კი მიტოვებულია“
2010/04/12 12:51:18

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქართული აკადემია“ პრეზიდენტის მიერ „ჩარეცხილად“ მონათლულმა ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა დააარსეს 2007 წლის აპრილში. იგი, ძირითადად, საქართველოში მეცნიერებისა და განათლების გადარჩენისთვისაა მიმართული, თუმცა აქტიურად ჩაერთო  ქვეყნის ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში. 2010 წლის გაზაფხულზე რეგიონული ოფისები ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდსა და ახალციხეშიც გაიხსნა. „ქართული აკადემიის“ დანიშნულებასა და ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შესახებ გვესაუბრება იმერეთის წარმომადგენლობის კოორდინატორი, პროფესორი ომარ ნიშნიანიძე.

 

 

- ბატონო ომარ, მაინც, რა მიზანი აქვს „ქართულ აკადემიას“?

- „ქართული აკადემია“ გახლავთ საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეებს აერთიანებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეები ხმას უნდა იმაღლებდნენ ყოველგვარი უკანონობის, ძალადობის, პოლიტიკური ნიშნით დევნის, მისი ღირსების, კერძო საკუთრების და სიცოცხლის ხელყოფის წინააღმდეგ. ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ხელისუფლების მიერ დანერგილ შერჩევით მართლმსაჯულებას, კონსტიტუციის გაუმართლებელ ხელყოფას, გაუმართლებელ საკადრო პოლიტიკას, რომელიც ანადგურებს პროფესიონალ სპეციალისტთა კადრებს. კადრების მხოლოდ პარტიული ნიშნითა და „თავისუფლების ინსტიტუტთან“ შეთანხმებით შერჩევა ანგრევს ეკონომიკას, მეცნიერებას, კულტურას, ამუხრუჭებს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას, რყვნის ახალგაზრდობას და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ერის მომავალს. ამიტომაც „ქართული აკადემია“ მოუწოდებს საზოგადოებას, წინ აღუდგეს მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო, სალიტერატურო და სახელოვნებო კერების მოშლას, უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის ფეხქვეშ გათელვას, ყოვლად უვარგის საგანმანათლებლო რეფორმას, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც თავისი ბუნებით ეწინააღმდეგება ეროვნული სახელმწიფოს ცნებას, მიმართულია ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ, ჩვენი ზნე-ჩვეულებების, მართლმადიდებლური კულტურის წინააღმდეგ. თუმცა, ამასთან ერთად, ჩვენ არ ვქადაგებთ კულტურულ იზოლაციას და ვთვლით, რომ გონების თვალით უნდა შევაფასოთ მსოფლიო ცივილიზაციის წიაღში მიმდინარე პროცესები, ჭეშმარიტად პროგრესული იდეები გავარჩიოთ პროგრესის ნიღაბს ამოფარებულ მერკანტელიზმისაგან და გზა გავუხსნათ ყველა იმ სიახლეს, რომელიც ჩვენი კულტურის, ზნეობის და ეროვნული თვითმყოფადობის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

აქედან გამომდინარე, დაფუძნებიდან დღემდე, საქართველოში არ მომხდარა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელზეც „ქართულ აკადემიას“ თავისი წონიანი სიტყვა არ ეთქვას. შარშან გამოიცა წიგნი, რომელსაც ასევე „ქართული აკადემია“ ჰქვია. მასში შესული პუბლიკაციები საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ თუ მენტალურ პრობლემატიკას ეხმაურება.

შარშან, ნოემბერში, დაფუძნდა „ქართული აკადემიის“ იმერეთის რეგიონული წარმომადგენლობა. მისი პირველი წევრები არიან: ბატონი ოტია იოსელიანი, გიზო კაკაურიძე, ავთანდილ სახამბერიძე, თემურ ღვინიანიძე, გრიგოლ ქობალიანი, პაატა მილორავა, თქვენი მონამორჩილი და სხვები. ყველას შეუძლია, მოგვმართოს ოფისში: რუსთაველის 100.

- პრეზიდენტი სააკაშვილი ამ დღეებში, ქუთაისში ყოფნისას, განათლების რეფორმას შეეხო... საინტერესოა თქვენი აზრი.

- რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელსა და საჯარო სკოლაში ვასწავლი და კარგად ვხედავ, თუ როგორი განადგურებულია განათლება. საერთოდ, დასავლეთში სწავლის ხარისხის სამი დონე არსებობს: „ა“ - ყველაზე დაბალი, „ბ“ - საშუალო, და „ც“ - თავიანთთვის, ანუ საუკეთესო. ჩვენი რეფორმა მხოლოდ „ა“ - პუნქტზეა გათვლილი. პრეზიდენტის გამოსვლისთვის არ მიყურებია, განათლებას რომ შეეხო. პირველკლასელების კომპიუტერიზაცია საშინელებაა. მოგეხსენებათ, გლობალიზაციის პერიოდია და კომპიუტერს და ინგლისურს თავისთავად ვერ ავცდებით, პროპაგანდა კი მხოლოდ წიგნს სჭირდება. ბოლოსდაბოლოს, ხელისმოწერა და წერა-კითხვა არ უნდა ისწავლოს ბავშვმა? ასეთი რამ, არ მესმის, როგორ უნდა წამოსცდეს პრეზიდენტს. დღეს ჩემი ერთადერთი ფუნქცია, როგორც ლექტორისა, ის არის, რომ წიგნთან მივიყვანო სტუდენტი, თორემ აბსოლუტურად უინტელექტო თაობა მოდის. გამორიცხულია, კომპიუტერმა წიგნი შეცვალოს, იმიტომ, რომ ეს არის ინფორმაციული დონის, დაბალი განათლების მომცემი ტექნიკა, რის შედეგადაც მორჩილი, გაუნათლებელი საზოგადოება გვეყოლება. თუ განათლების მიღება გინდა, კეთილი ინებე და საქართველოში ისწავლე, თორემ ამერიკაში მიღებული ცოდნა ამერიკანისტობას ნიშნავს, რითაც შენი ქვეყნის ისტორიას და ლიტერატურას მთლიანად ივიწყებ. თბილისში რომ გაივლით, მაგალითად, პეროვსკაიაზე, ერთ ქართულ წარწერასაც ვერ დაინახავთ - კომპიუტერთან ერთად ინგლისური ენის შესწავლაც გვჭირდება, რომ ქალაქში არ დავიბნეთ.

- ნოღაიდელისა და ბურჯანაძის კრემლში ვიზიტის შესახებ საზოგადოების შეხედულება არაერთგვაროვანია. თქვენ როგორ მიგაჩნიათ?

- ყოველთვის რუსეთს ვებრძოდით, ხოლო ბურჯანაძის და ნოღაიდელის ნაბიჯების მიღმა რა დევს, ვერ გეტყვით. მათ პოლიტიკას უარყოფითად ვუყურებ, თუმცა სამშობლოს მოღალატეები რომ ვუწოდოთ, ეს ნამდვილი გადამეტებაა. ჯერ კიდევ საკითხავია, სრული ამერიკანიზაცია ჯობია, თუ რუსიფიკაცია. ჩვენ არცერთს ვემხრობით, მხოლოდ საქართველოს გადარჩენისთვის ვიბრძვით.

- ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია?

- რა თქმა უნდა. ის არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს. ხელისუფლებას ჭკუა რომ ჰქონდეს, ადგილობრივ არჩევნებში, ერთ რაიონში, ერთხელ მაინც მოაგებინებდა ოპოზიციას, რომ შემდეგ ხალხმა იფიქროს: დემოკრატია მართლა არსებობსო. მხოლოდ თბილისშია ოპოზიცია, რეგიონებში კი - რა მოგახსენოთ. მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინც მოიგებს და ამიტომ არ მიდის არჩევნებზე. როდის ვეღირსოთ, რომ არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს ღირსეული კანდიდატი მთავრობაში? ამას, პირველ რიგში, თვითონ ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, მაგრამ მათ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ წააგონ, სასამართლოს სკამზე დასხდებიან. რევოლუციით მოსული არცერთი ხელისუფლება არ ამართლებს. მეც ვიყავი „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონ გიული ალასანიასთან ვახლობლობდი კიდეც, მაგრამ ქვეყანა ჩიხისკენ რომ მიჰყავდათ, მერე მივხვდი, რომ მათ უნდა ჩამოვშორებოდი. დიახაც, ახლაც საჭიროა ხელისუფლების შეცვლა! პრეზიდენტმა ამასწინათ თქვა, 2003 წლიდან ძველი ნაგებობების ნგრევა დაიწყო და ახალი ავაშენოთო. კი არ უნდა დაანგრიოს, იმ ერთ აგურზე მეორე უნდა დადოს, სხვა რომ მოვა, კიდევ მიუმატებს და ასე აშენდება ქვეყანა.

ამ ხელისუფლების ხელში აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნებაც შეუძლებელია.

შიგა პოლიტიკა მიზანდასახულად უნდა განვითარდეს, პიარით კი არ უნდა ვიყოთ დაინტერესებული, არამედ - რეალურად უნდა შევქმნათ საფუძველი. ქართული ბიზნესი მარტო ლენტის გაჭრით ვერ იხეირებს. მათი ამუშავებული რომელიმე ქარხანა გინახავთ? ნახევარი საქართველო უცხოეთში გარბის სამსახურის საპოვნელად. სტატისტიკური მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ მეტი ემიგრანტი იმყოფება საზღვარგარეთ. თუ სამუშაოებს სთავაზობ მოსახლეობას, აბა, რატომ გარბიან? აფხაზები და ოსებიც ასე ფიქრობენ - შენგან ხალხი გარბის და მე შენთან მოვიდეო? ამიტომ ქვეყანაში ისეთი პირობა უნდა შექმნა, რომ შენკენ მოსვლა უხაროდეს. ეს არის გზა, თუკი ოდესმე დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს.

ჩვენ მივდივართ ფსევდოლიბერალიზმისკენ. რა არის დღეს ჩვენთან ლიბერალიზმი? შენ უნდა იყო ტოლერანტი - უცხოელის, სხვისი რელიგიის, ჰომოსექსუალიზმის და ა.შ. მიმართ. ოღონდ თავად ხარ დაუცველი. საქართველოში, ქართველების გარდა, ყველას ინტერესია დაცული. ცხადია, უნდა დავიცვათ სხვისი ინტერესები, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ჯერ ჩვენი ინტერესები დაიცვან და მერე იმათი, ბატონო. სხვათაშორის, მეც მაწუხებს ჩინელების მეტისმეტი მომრავლება საქართველოში. მათი ბიზნესის საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მაგრამ დემოგრაფიულად არიან საშიში: ჩვენ, ქართველები, უმცირესობაში ვრჩებით, მითუმეტეს - შობადობის პრობლემა გვაქვს და ეს არავის ადარდებს.

- ამ დრომდე, ოპოზიციაში განხეთქილებაა, ერთიანი კანდიდატი ვერ შეარჩიეს. რას ფიქრობს ამ ფაქტზე „ქართული აკადემია“?

- ქართველების ხასიათი არის ასეთი - უჩემოდ ვინ იმღერეთა... ყველა თავის პარტიას აყენებს წინ. სხვათაშორის, ჭკვიანურად მოქმედებს ამ დროს ხელისუფლება - ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიასი“ არ იყოს, - შენ მიდი იმასთან, ის წააკიდე იმასო - აი, სწორედ ასე, შესანიშნავად, ახდენს ხელისუფლება ამ ვითარების გადმოტანას ოპოზიციის საწინააღმდეგოდ, ისინი ამ სქემის უზარმაზარი სპეციალისტები არიან. რა თქმა უნდა, ერთიანობა ძალიან ძნელია, მაგრამ წინ უნდა დააყენო სამშობლო და არა - პარტია. თუ გიყვარს სამშობლო, რა ეშმაკად გინდა პოლიტიკური დაპირისპირება და პარტიული ომი? თუ ქვეყანა არ მექნა, რაღად მინდა „ქართული აკადემია“? თუ შეთანხმებით ერთიანი კანდიდატი გამოვლინდება, მაშინ არჩევნების მოგების რაღაც შანსი იქნება. ქართული აკადემია, ძირითადად, პარტიების მომრიგებელია, მიდის ყველასთან და ცდილობს, რომ განხეთქილება გადასწიონ უკან. ამ წუთს ეს ფუნქცია აკისრია ჩვენს ორგანიზაციას.

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს დაინიშნა, ქუთაისში რა ვითარებაა მოსალოდნელი?

- ოპოზიცია მხოლოდ თბილისშია, რეგიონები კი მიტოვებულია. ქუთაისში დღეს ოპოზიციას კანდიდატი არ ჰყავს და ვის მისცემ ხმას? გაიმარჯვებს ხელისუფლება, აბა, რას იზამს. ერთადერთი საჭიდაო ხალიჩა არის ახლა თბილისში, იქ ოპოზიციას საერთო კანდიდატი ვერ შეურჩევია, ამიტომაც, ბუნებრივია, ყველა შემთხვევაში, უზარმაზარი ფორა აქვს ხელისუფლებას და საარჩევნო პიარკამპანიაში უკვე აქტიურად ჩართულია, ყოველდღე გიგი უგულავა ჩანს ტელევიზორში. ლენტს ცხრაჯერ გაჭრის დღეში - იმ მხარიდანაც აჩვენებენ და ამ მხარიდანაც. ამას ხალხი რომ მისჩერებია, ფიქრობს - ქვეყანა შენდებაო. გაიგე ახლა, ეს რეალურად არის თუ არა? რა თქმა უნდა, იმის ხუთი პროცენტიც არ გახლავთ რეალური, ამიტომაც, ადმინისტრაციული რესურსების გათვალისწინებით, ვანო მერაბიშვილის და მისი უწყების შესაძლებლობების გათვალისწინებით და ასე შემდეგ, ფაქტობრივად, წინასწარ აქვთ მოგებული არჩევნები. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი ახლობლები მიყვებოდნენ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩემთან, სახლში, ახალგაზრდა პირები მოსულან და ოჯახის წევრები გამოუკითხავთ, რომელ გაზეთს კითხულობთო. ბოლოს ჩასძიებიან, არჩევნებში, მაინც, ყველა შემთხვევაში, ვის აძლევთ ხმასო? აი, ამისათვის იყვნენ, სინამდვილეში, მოსული: წინასწარ აინტერესებთ, რამდენად რეიტინგული არიან. ამას თავი დავანებოთ, ახალიც აღმოვაჩინე: თუ გინდათ ლიფტები აღდგეს, მოიტანეთ პასპორტებიო! რა შუაშია პასპორტები? თურმე კრებენ ამათ და წინასწარ  ამზადებენ  სიებს,  რომ  გააყალბონ არჩევნები.

ჩვენი, „ქართული აკადემიის“ რეგიონული ორგანიზაციის მიზანია, გამოვაცოცხლოთ საზოგადოებრივი აზრი და მოვაბრუნოთ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისაკენ: „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“

 

ნანა კუკულავა

ნოდარ ჯოჯუა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია