დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლია კაცაძე: „9 აპრილს დაღუპულთა უმანკო სისხლმა მიძინებული ქართველი გააღვიძა!“
2010/04/12 12:49:27

ქართველი რომ არასოდეს ეგუებოდა თავისუფლების დაკარგვას, ამას ისტორიაც ადასტურებს: 1989 წლის 9 აპრილი ამის ნათელი მაგალითი იყო. ამ დღეს ქართველების დაღვრილმა სისხლმა ქვეყანას 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა აღუდგინა. ისტორიის ამ მონაკვეთს გადავხედეთ ისტორიკოს ლია კაცაძესთან ერთად, რომელიც საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო.  

- ქალბატონო ლია, რას უნდა ნიშნავდეს 9 აპრილი ქართველი ხალხისთვის?

- 9 აპრილი, უპირველესად, არის საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე; მეორე - ეს არის ქართველი ხალხის გაერთიანების დღე. 9 აპრილს დაღუპულებმა, მათმა უმანკო სისხლმა ქართველ ხალხში ქართველი გააღვიძა - მიძინებული ქართველი და ზოგში - მკვდარიც! გააღვიძა და გააცოცხლა!

1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადება - ეს იყო ეროვნული ზეიმი. რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველი გადაჭედილი იყო. 9 აპრილს დაღუპულთა დედები მათი სურათებით იყვნენ მოსულები და ზეიმობდნენ: „ჩვენი შვილები გაცოცხლდაო.“

- რამ განაპირობა მაშინ ქართველი ხალხის ერთობა?

- ერი იშვიათად ეგუება თავისუფლების დაკარგვას. თუ სსრკ-ს შემადგენლობაში მოკავშირე რესპუბლიკები ცნობდნენ თავს მის შემადგენელ ნაწილად, შინაგანად, დამოუკიდებლობაზე ფიქრი ყოველთვის ცოცხალი იყო. ის კონსტიტუცია, რომელიც კომუნისტებს ჰქონდათ მიღებული, მაინც აღიარებდა, რომ ეს ხალხები იმსახურებდნენ დამოუკიდებლობას და ჰქონდათ ერთა თვითგამორკვევის უფლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნამდე. მაშასადამე, იურიდიულად საქართველო დამოუკიდებელი იყო ისევე, როგორც სსრკ-ს მოკავშირე ქვეყნები. მაგრამ ეს გახლდათ იმდენად წნეხის ქვეშ მოქცეული, რომ სიტყვა „თავისუფლება“ უკვე იმას ერქვა, რაც უფრო კარგი მონა იქნებოდი. ამან გამოიწვია სწორედ ხალხის გამოღვიძება.

- როგორ მოხდა პოლიტიკური მოთხოვნების რადიკალიზაცია?

- სსრკ იშლებოდა, ეს სახეზე იყო, მაგრამ ასე ადვილად არცერთი იმპერია არ დაშლილა და არც რუსეთი დაიშლებოდა. საქართველოში რთული სიტუაცია შეიქმნა - 1978 წელს აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ საქართველოდან გასვლა და დამოუკიდებლობა მოითხოვა. ცეკას მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ აფხაზეთის გასაჩუმებლად დათმო ტელევიზია, უნივერსიტეტიც. გართულდა სიტუაცია სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქშიც. თავის დროზე, ეს ავტონომია რომ შექმნილიყო, ამისათვის კომუნისტებმა ქართული სოფლები მიაწერეს ცხინვალის რაიონს. ასე შეიქმნა ეთნიკური დასახლების სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაც. ეს ავტონომიები სწორედ ის მეტასტაზები გახლდათ, რომლითაც რუსეთს დაჭერილი ჰყავდა საქართველოც და სხვა მოკავშირე რესპუბლიკები.

აფხაზეთში რომ დაიწყო დამოუკიდებლობისათვის მოძრაობა, ამავე დროს დაიწყო აქციები თბილისშიც.

საოცარი იყო თავისუფლების სურვილი, რაზეც პირველად იფიქრა ქართველმა ხალხმა! იმიტომ იყო ადვილად ჩასაკლავი ეს თავისუფლება, უცბად გამოღვიძებული ხალხი დაარბიეს.

- 9 აპრილის მოვლენების დროს აქტიური პოზიცია ეჭირა ზვიად გამსახურდიას; როგორი იყო მისი გზა დამოუკიდებლობისკენ?

- თავად კონსტანტინე გამსახურდიამ 1922 წელს მისწერა ღია წერილი ლენინს - ქართველმა მწერალმა! პატარაობიდანვე დაიწყო ზვიადის ეროვნული შეგნების ჩამოყალიბება. გაერთიანდა მეგობრებთან ერთად და შექმნეს საზოგადოება „გორგასლიანი“. ავრცელებდნენ პროკლამაციებს. ეროვნულ მოძრაობაში აქტიური ფრთა იყო: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გურამ დოჩანაშვილი... მერე სხვები ჩამოშორდნენ და დარჩნენ კოსტავა და გამსახურდია. 1956 წელს შექმნეს ჰელსინკის კავშირი. ურთიერთობა ჰქონდათ საზღვარგარეთის პოლიტიკურ ლიდერებთან. 70-იან წლებში ზვიადმა გამოსცა ბროშურა „ოქროს საწმისი“, შემდეგ - „საქართველოს მოამბე“, იქ წერია დეტალურად, თუ საიდან მოდის აფხაზური ტკივილები.

იგი იყო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ფუნდამენტი, ერთადერთი სწორი გზა!

- როგორ მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა?

- მინდა დავასაბუთო, რატომ გამოცხადდა დამოუკიდებლობა 9 აპრილს და არა - 26 მაისს. როცა ეროვნულმა საბჭომ მიიღო 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი, მაშინ რუსეთი, როგორც სახელმწიფო, არ არსებობდა. რუსეთში ჩამოაგდეს მეფე. ბოლშევიკები ჯერ არ იყო ის ძალა, რაც ორ წელიწადში გახდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმ 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში წერია, რომ საქართველო ნებაყოფლობით შეუერთდა რუსეთს. ეს იყო თავშეფარებული აქტი რუსეთის მოსაფერებლად - რომ ამდენი ხანი გვარბევდნენ და გადაგვარჩინა რუსეთმა.

1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტში წერია, რომ დამოუკიდებლობა ცხადდება 26 მაისის დამოუკიდებლობის საფუძველზე. უნდა აღდგენილიყო, რადგან საქართველოში საუკუნეების მანძილზე იყო დამოუკიდებლობა. 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტში წერია, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ანექსია, მარტო ამისთვის, სხვა რომ არაფერი იყოს, არის ეს აქტი საპატივცემულო და აღიარების ღირსი. და ქალი, რომელიც ეროვნული მოძრაობის მებაირახტრე იყო - თამარა ჩხეიძე - აცხადებს, რომ მე არ ვცნობ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტსო.

ხელისუფლება, რომელიც ამას არ აღიარებს, საქართველოში ეროვნულ ფასეულობებს არ დაინახავს - ის ჯერ იქნება უკანონო და მერე - არ იქნება საქართველოს ხელისუფლება.

9 აპრილის დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადების არაღიარება არის უპატივცემულობა იმ ახალგაზრდების, იმ ქალების მიმართ, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს დაიღუპნენ.

- გვიამბეთ, პირადად როგორ მონაწილეობდით ეროვნულ მოძრაობაში?

- ვინ რა გააკეთა საერთოდ, როცა საქმე არ არის გაკეთებული!.. უპირველესად, სანამ ქვეყანა იარსებებს და იარსებებს, მან უნდა იზეიმოს დამოუკიდებლობის დღე და გაიხსენოს ის სახელები - იმ თამრიკო ჭოველიძის, ნათია ბაშალეიშვილის, ეკა ბეჟანიშვილის, ნოზაძის... მათი სახელები უნდა დარჩეს ისტორიაში. მე რა სახსენებელი ვარ!

- ვიცი, რომ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან ერთად თქვენც იდევნებოდით...

- როცა ჩამოაგდეს ზვიად გამსახურდია, მე ვიმალებოდი სამხედრო ნაწილში, იმიტომ, რომ იქ ვერ მომაგნებდნენ, შემდეგ - ხან უშიშროებაში მივყავდით და ხან - სად. ერთხელ სახლში შემოგვიცვივდნენ ქუთაისის უშიშროების ბიჭები, იმ ღამეს წაგვიყვანეს მილიციის შენობაში. შედანია განაგებდა ქალაქს, როცა სალოცავიდან დაგვიჭირეს მე და ჩემი შვილი. ქუთაისის 22-ე სკოლაში ვასწავლიდი ისტორიას, საიდანაც 1993 წელს გამათავისუფლეს.

ეროვნული ხელისუფლება იყო ჩამოგდებული, ზვიად გამსახურდია გროზნოში იყო და ჩვენ გვდევნიდნენ.

- როგორ აღნიშნავენ დღეს 9 აპრილს?

- მივლენ თბილისში იქ, სადაც უნდა დადგმულიყო დაღუპულების დიდი მემორიალი, მიიტანენ გვირგვინს, გადაიღებენ სურათს და... თავად გამოჩნდებიან ტელევიზიაში. სად გაგიგონიათ, თუნდაც ერთხელ, დაღუპულების სახელები ეხსენებინოს რომელიმეს. არაფერი დაფასება არა აქვთ. განა მარტო დაღუპულები? რამდენია დაავადებული!

მე ვითხოვ, რომ გაკეთდეს მემორიალი, სადაც დაღუპულების სახელები და გვარები ამოიკვეთება და იქნება დაწერილი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.

- ქალბატონო ლია, როგორი იყო ქართველების ეროვნული თვითშეგნება  მაშინ და როგორია დღეს?

- მაშინ ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძება მოხდა, მას ყველა ატარებდა. დღეს ეროვნული თვითშეგნება ძალიან დაბალია. ცხონებულ ვანო ხუხუნაიშვილს ვკითხე ერთხელ, რომელ პარტიაში ხარ-მეთქი და - რომელიც პარლამენტში შემიყვანს, იმაშიო.

- როგორ შეაფასებდით დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ ვითარებას?

- საქართველო არის გაყოფილი - ნაწილი რუსეთის გავლენის ქვეშაა, ნაწილი ამერიკისაა, დაჭირდება რამე -  მოიხმარს. ამერიკა არის საშინელი იმპერია. ქართველი ხალხი არ უნდა მოტყუვდეს! ამერიკამ უნდა შეწყვიტოს უაზრო მამობილობა!

დღეს არ არის პროტესტი. იყო დრო, რუსეთი „ძაღლის ენას“ უწოდებდა ქართულ ენას, საგალობელს - „თხის ბღავილს“. ყველაზე მეტი საშიშროება მაშინაც ქართულ ენას ემუქრებოდა და დღესაც ასეა: ახლა ინგლისური ენით არიან ქართველები გატაცებული. ეს გლობალიზაციის პროცესი ისეთია, რომ ჩვენისთანა პატარა ერი კი არა, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში იმართება გამოსვლები - არ გავითქვიფოთო! ჩვენ „არ გვეშინია!“ ამას არყოფნა ჰქვია!

- რაში ხედავთ გამოსავალს?

- ხსნას, პირველ რიგში, რუსეთის იმპერიის დაშლაში ვხედავ. მეორე - უნდა გვყავდეს ჯარი, რომელსაც იდეურ წინამძღოლად დავით აღმაშენებელი ეყოლება. ივანე ჯავახიშვილი ამბობდა: „რაც უნდა კარგი წარსული ჰქონდეს, ერს ვერაფერს უშველის,  თუ  იგი  აწმყოში არას წარმოადგენს.“

ერთი რამაა ხაზგასასმელი: ასეთი მაძღარი მთავრობა, ფულით სავსე მთავრობა, საქართველოს არ ჰყოლია. მათ გასაგონად ვიტყვი:

ხომ დღესაც არის სუნი დამწვარი ტაძრების, წამებული ბერ-მონაზვნების, გაჩეხილი ვაზის ტირილი... ხომ დღესაც ისმის?! არ გეშინიათ?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2114
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია