საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჩიტო ბუზიაშვილის უღალატო გული
2010/03/29 12:43:43

თუ გელათის ქუჩას შეუყვებით და იქვე, აღმართის დასაწყისში, ხუთი ნომერი სახლის სადარბაზოსთან ზარის ღილაკს თითს დააჭერთ, უნდა იცოდეთ, რომ აქ ცნობილი ექიმი-კარდიოლოგის ჩიტო ბუზიაშვილის ძალიან თბილი და ლამაზი ოჯახი ცხოვრობს. 

ათეული წლების წინათ ეს სახლი ოთხ ძმა ბუზიაშვილს ეკუთვნოდა. შენობის მთლიანი ფასადი მაშინ რიჟინაშვილის ქუჩაზე გადიოდა, უკანა მხარე კი, რომელიც ერთ-ერთ ძმას, შალომს (შალვას) ერგო, გელათის ქუჩის აღმართს იყო მიბჯენილი. წლების შემდეგ თავად ბატონმა ჩიტომ დააშენა მამისეულ სახლს ზედა სართული.

აი, ამ ძველ და თბილ სახლში 1929 წლის 27 თებერვალს დაიბადა შალომ და ესთერ ბუზიაშვილების პატარა ბიჭუნა, რომელსაც მშვენიერი ებრაული სახელი - ისრაელი დაარქვეს. ბიჭი ისეთი მკვირცხლი და ხალისიანი იყო, რომ ბიძამ - საქართველოს დამსახურებულმა ნევროპათოლოგმა კაკო ბუზიაშვილმა, სიყვარულით „ჩიტო“ შეარქვა. შერქმეული სახელი კი ჩიტომ ისე მოიწონა, სკოლის დამთავრების შემდეგ სხვაგვარად აღარც მიუმართავთ მისთვის, ოფიციალურად შერჩა ეს სუფთა ქართული სახელი.

სახელიც და ის საოცარი პიროვნული ხიბლიც, რომელიც ბავშვობიდან მოჰყვებოდა ამ უბანში, ამ ქუჩაზე გაზრდილ და დავაჟკაცებულ ჩიტო ბუზიაშვილს.

ოდესღაც აქ ერთად, გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქართული და ებრაული ოჯახები, ცხოვრობდნენ საერთო სიხარულითა და ჭირ-ვარამით.

დღეს ყრმობისდროინდელ შთაბეჭდილებებს გულგრილად ვეღარ იხსენებს ამაგდარი ექიმი. საკუთარ თავზე ძუნწად მოსაუბრეს, შეუძლია, ბევრი თბილი და ლამაზი სიტყვა გითხრას თავის ძველ მეზობლებზე, კოლეგებზე, მშობლიურ ქალაქზე.

ჩვენი პატარა ინტერვიუც სწორედ ამ თემით დაიწყო.

ჩიტო ბუზიაშვილი: მეზობლობა გვქონდა ზღაპრული! ჯერ ერთი, ამ სახლში ძმები ცხოვრობდნენ და, რა თქმა უნდა, ახლო ნათესაური ურთიერთობებით ვიყავით დაკავშირებული, მაგრამ გარშემო კიდევ იმდენი კარგი ოჯახი ცხოვრობდა! ეს კუთხე, ძირითადად, ებრაელებით გახლდათ დასახლებული (ახლა ჩვენღა დავრჩით და კიდევ ორი თუ სამი ოჯახი). ჩვენს გარდა, იყვნენ ქართველებიც: შაშიაშვილები, მესხები, შებლაძეები, ჩაკვეტაძეები, მსახიობი ნინო წინამძღვარი... საერთო გვქონდა ჭირი, ლხინი, იყო კერძების მოკითხვა თუ ოჯახში გადაპატიჟება, გამოცდილების გაზიარება თუ გაჭირვებისას მხარში ამოდგომა. ამ ქართულ ოჯახებთან განსაკუთრებული ახლობლობა ჰქონდა დედაჩემს, ესთერს. როგორც ერთი დიდი ოჯახი, ისე ვცხოვრობდით ქართველები და ებრაელები. ეს სიყვარული და მეგობრობა, როგორც წესი, ისე იყო მიღებული. ახლაც შენარჩუნებული გვაქვს ტრადიცია: ახალი მობინადრეები არიან ამ სახლში, ასათიანები, და მათთანაც ისეთივე ურთიერთობა გვაქვს, როგორც ძველ მეზობლებთან. მესხები და ჩაკვეტაძეები ამჟამად თბილისში ცხოვრობენ, მაგრამ დღემდეა ჩვენს შორის განსაკუთრებული სიახლოვე და მიმოსვლა. მე და ჩემი დები - ლამარა და იზოლდა (ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს) ასეთ თბილ გარემოში გავიზარდეთ.

- ბატონო ჩიტო, წარმოგიდგენიათ ერთი დღე ქუთაისის გარეშე? 

- რომ ვერ წარმომიდგენია, იმიტომ ვარ ქუთაისში. ძალიან მადლობელი გახლავართ ქუთაისის, ჩემი მოღვაწეობა სულ მასთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებული გრძნობა გამაჩნია კლინიკური საავადმყოფოსადმი. ჯერ კიდევ მშენებარე ობიექტი იყო, იქ რომ მივედი. მთავარ ექიმად ძალიან ცნობილი პიროვნება - ბუჭა ძოწენიძე დამხვდა. აქ მე დიდი მეგობრობა, დამრიგებლობა ვიგემე. ბევრის დამრიგებელი თვითონაც ვყოფილვარ სხვადასხვა დროს, მაგრამ მეც ხომ იქ გავიზარდე! სულ ახალგაზრდა ვიყავი, რომ მივედი და იქ კაკო ბურჯანაძე დამხვდა - განყოფილების გამგე. მან ძალიან ბევრი მომცა. კაკო გაბუნია, საშა ბეთანელი, კოწია მდივნიშვილი, ნატო გვენეტაძე - ესენი ყველანი ჩემი დამრიგებლები და უფროსი მეგობრები იყვნენ, ძალიან გავმდიდრდი მაგათთან ურთიერთობით. უმცროსი მეგობარი ვიყავი მათი, ეს ჩემთვის დიდი პატივი, ღირსება და წინსვლაც იყო. ჩემს ადამიანურ და ექიმურ ჩამოყალიბებაში მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს.

- ალბათ, ამასვე იტყვიან თქვენზე უმცროსი კოლეგებიც.

- შეიძლება...

- რამდენიმე წლის წინათ ქუთაისის საპატიო მოქალაქის ტიტული მოგენიჭათ...

- დიახ, ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, 2006 წელს საპატიო ქუთაისელად რომ წარმადგინეს. ვფიქრობ, ეს განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ზეიმობდნენ ებრაელების აქ, საქართველოში, 26-საუკუნოვან სახლობას. და, ალბათ, ეს, ძირითადად, ებრაელების დამსახურება იყო.

- არა მარტო! თქვენი პიროვნული დამსახურებაც...

- ჩემი აღიარებაც იყო, კი... და ჩემთვის სასიამოვნო და მოულოდნელი გახლდათ. ეს ყველაზე უმაღლესი ჯილდოა, რაც კი ოდესმე მიმიღია. მე საზოგადოება „ბაღის კიდის“ წევრიც ვარ და ძალიან გულთბილი საღამო მოაწყვეს ერთხელ ჩემს საპატივცემულოდ. არაჩვეულებრივად მომეფერნენ და ძალიან, ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ამან ჩემზე. ჩემი და გახლდათ ამერიკიდან ჩამოსული, საღამოს დაესწრო და გახარებული წავიდა, ქალაქის მიერ ჩემი ასეთი აღიარება რომ დაინახა.

- პოპულარული ექიმი და პიროვნება ბრძანდებით, უამრავი ადამიანი გახვევიათ გარშემო...

- გულდაწყვეტილი არა ვარ მაგ მხრივ (იღიმება). ჩემი პიროვნული თვისებები, ვფიქრობ, კონტაქტს მიიოლებს ავადმყოფებთანაც და, საერთოდ, ადამიანებთან. ამიტომაც, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს.

- თქვენი პაციენტი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ გამიგონია, რომ მუდამ თბილად და ლმობიერად ეპყრობით ავადმყოფებს, არასოდეს აშინებთ, შეიძლება, მისი საქმე ცუდადაა, მაგრამ არ იმჩნევთ...

- მაგ მხრივ ძალიან თავშეკავებული ვარ. დასავლეთში სხვა დამოკიდებულებაა ავადმყოფსა და ექიმს შორის. იქ პირდაპირ შუბლში უნდა ახალონ სიმართლე. რა ვქნა - კარგია, თუ ცუდი, მე, ჩემი ბუნებითაც და ექიმური პოზიციითაც, ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ ავადმყოფმა ყველაფერი უნდა იცოდეს. რაც შემიძლია, ვემსახურები ავადმყოფს და არასოდეს ვუღალატებ მას.

- ეს ურთიერთობები პირად მეგობრობაშიც კი გადადის, არა?

- რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი დანახვა არ ეზარებათ.

- როცა, თქვენი მრავალი მცდელობის მიუხედავად, მკურნალობა სასურველი შედეგით ვერ დამთავრებულა, თუ გიტირიათ?

- დიახ, ცრემლებით! ერთხელ ერთ პაციენტს ლამის თან გადავყევი, რაც კი შესაძლებელი იყო, ყველაფერი გავუკეთე, მაგრამ მაინც ვეღარ გადავარჩინე და ავტირდი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მიცვალებულის მეუღლემ მადლობის სიტყვებით ხელები დამიკოცნა. კი, მაგრამ... თქვენი მეუღლე ხომ გარდაიცვალა-მეთქი, შემკრთალმა ვუთხარი. „ექიმო, თქვენ ხომ ყველაფერი სცადეთ, უკანასკნელ წუთამდე იბრძოლეთ! მადლობელი ვარ, რომ ასეთი თავგანწირვით იცავდით ჩემი მეუღლის გულსო“. ამაზე დიდი შეფასება რა უნდა მიმეღო, როგორც ექიმს!

- როგორც წესი, კარგი პროფესიონალები საკმაოდ ცუდი მამები არიან ხოლმე. თქვენ, დღენიადაგ დაკავებული ექიმი, დიდი პრაქტიკოსი, როგორ ახერხებდით მშობლის როლის შესრულებას?

- ყველაფერს გვერდზე გადავდებდი, თუ საქმე ჩემს შვილს ეხებოდა. ოჯახის გვერდით ვიყავი ყოველთვის და, მართალია, ზედმეტი დრო არასოდეს მქონია, მაგრამ, როცა საჭირო იყო, შვილს გვერდიდან არ მოვშორებივარ. მე მგონი, შალვა ვერ იტყვის, რომ ცუდი და უყურადღებო მამა ვიყავი.

- შალვა ბუზიაშვილზე, როგორც კოლეგაზე, დღეს რას იტყოდით?

- ჩემი შვილის შემფასებელი ვერ ვიქნები, მაგრამ მიხარია, რომ მასზე მხოლოდ კარგი მესმის. ის მეგობრობაში არაჩვეულებრივია, ყველას უხარია მასთან ურთიერთობა.

- თქვენი მეუღლის, ქალბატონი მერის, ძველი ფოტო სილამაზის ერთ-ერთ კატალოგში მაქვს ნანახი, ნამდვილი მზეთუნახავი ყოფილა. ალბათ, ყოველთვის გეამაყებოდათ, ასეთი მშვენიერი ქალი რომ დაგყვებოდათ გვერდით...

- რა თქმა უნდა. ძალიან გამოირჩეოდა, მაგრამ, რაც მთავარია, მაგაში ადამიანური თვისებებია განსაკუთრებულად ფასეული. ძალიან კარგი მეგობარია, ყოველთვის მიიოლებს (კი არ მირთულებს!) ცხოვრებას. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: ყველა ქალს როდი ახასიათებს ეს თვისება, ბევრი ძალიან მომთხოვნი და დაუზოგავია ქმრის მიმართ. ეგ კი ყოველთვის მიგებდა, მხარში მედგა. ასე რომ, ჩემს პროფესიულ წარმატებებში მისი დიდი წვლილია.

- დამშვიდობების წინ კიდევ ერთი შეკითხვა უნდა მოგცეთ, ბატონო ჩიტო...

- ბრძანეთ.

- საინტერესოა, სხვისი გულების გადამრჩენელსა და მომფერებელს, თავად როგორი გული გაქვთ?

- ავადმყოფი.

- ?!!..

- დიახ, ასეა... მაგრამ, ვუფრთხილდები და თვითონაც არ მღალატობს, აგერ, 81 წელს მოვაღწიე ასე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2411
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია