დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქუთაისის მეტროში“ ჩასული კაცი
2010/03/29 12:42:53

 

მობილურმა დარეკა... 

- გამარჯობა ნანული, ოტია ვარ. - შემომესმა კარგად ნაცნობი, მონატრებული ხმა.

- უი, ბატონო ოტია, როგორ ბრძანდებით!.. - წამოვიძახე გახარებულმა, პარალელურად გულში გამალებით დავიწყე საბოდიშო სიტყვების შერჩევა, რომ თავი მემართლებინა, თუ რატომ ვერ მოვახერხე ამდენხანს მისი მონახულება.

- რაფრა ვიქნები ამგენის ხელში! - თავისებურად შემომიტია, - აღარ მინდა ამიტო ზეით დარჩენა და ქე მივდივარ იქანე, რა ქვიან, ქვეით...

- რას ბრძანებთ, ბატონო ოტია?! ასი წელი ნუმც...

ხისტად გამაწყვეტინა:

- მარა, იქანე რო ვარესი პრობლემებია!

- რა პრობლემები?.. - დავიბენი.

- ა, ელაპარიკე ახლა ამას! - შემომიტია მწყრალად და...

უცებ, ულამაზესი ბანით დასჭექა:

- გიზო ვარ, კაკაურიძე!

...სახტად დარჩენილი, კაიხანს დავცქეროდი ჩემს მობილურს.

 

გიზო ყვება: ქუთაისში რომ ჩამოვედით, გუდარ კოკელაძემ „მეტროში“ დაგვპატიჟა მე და გიზო ღელეყვა. გაგვიკვირდა, ქუთაისში „მეტრო“ სად არისთქო. წამოდით ჩემთანო და წაგვიყვანა სარდაფში, სადაც „ბოჭკებზე“ მჟავე, მშრალი ხორცი, მწვანილი და ლავაში იდო და პირდაპირ ბოთლით იყო დალევა.

- ესაა, გუდარია, „მეტრო“?

- ესაა „მეტრო“, აბა თბილისის „მეტროა“ „მეტრო?“

თბილისის „მეტროში“ რომ ჩახვალ, ათ წუთში ამოხვალ ზემოთ და ქუთაისის „მეტროში“ რომ ჩახვალ, შუაღამემდე ვერ ამოხვალ. აბა, გაგვიმარჯოს! - ასე დაიწყო ჩვენი ქუთაისური ნათლობა „მეტროში“.

ეს თითქმის 40 წლის წინ იყო, როცა რეჟისორმა იური კაკულიამ თეატრალური ინსტიტუტის მეოთხე კურსის მეორე სემესტრიდან ქუთაისში წამოიყვანა გიზოც და მისი ჯგუფიც. იმ დაუვიწყარ „ქუთაისურ ნათლობას“ კი უკვალოდ არ ჩაუვლია: ხონელი ბიჭი    „თხემით ტერფამდე“ ქუთაისელი გახდა და ისეთ კონსერვატიულ ქართულ ქალაქში, რომლის რჩეული მკვიდრნიც გამუდმებით ამაყობენ თავიანთი ძირძველი წარმომავლობით, სულ იოლად დაიმკვიდრა „კოლორიტის“ სტატუსი. ახლა, როცა პირდაპირი სატელევიზიო ჩართვებია, ან ქუთაისთან დაკავშირებული სიუჟეტები კეთდება, იმერეთის დედაქალაქის საზოგადოების სახელით ხშირად სწორედ გიზო გამოჰყავთ. ის კიდევ რა საღამოებია, ან რა სუფრები, რომელთაც გიზო კაკაურიძის ფრთიანი გამონათქვამები და იუმორი არ ამშვენებს!

ბაზრობებზე თუ ტრანსპორტში, მაღაზიებსა თუ ქუჩებში - სად არ ისმის გიზო კაკაურიძის და მისი ბორბლებზე შემდგარი თეატრის - „მხიარული მატარებლის“ ჩანაწერები. ადამიანებს თან მოჰყვებათ კონცერტებსა და საღამოებზე მიღებული შთაბეჭდილებებიც და ცდილობენ, გიზოს ხმით გაიმეორონ:

- ბუტუტია, ადექი, ბიჭო, შედი ვენახში და დაბარე.

- არა, დედა, გამიგე კარგად, ისედაც ტანჯულ ჩემს მიწას მე ჭრილობას ვერ მივაყენებ.

ან კიდევ:

- ბიჭიკია, როიც დეიწყება კაი ცხოვრება?

- დააგვიანდება 10-15 წელი.

- თხუთმეტი წლის მერე, შე ჩემანია, ბიბლიიდან სარჩევი იწყება.

 

გიზო  კაკაურიძემ ცნობილი ადამიანების არაერთი პაროდია შექმნა სცენაზე. იმპროვიზაციით თუ წინასწარ მოხაზული შტრიხებით, მას უპრობლემოდ შეუძლია თავისი პერსონაჟის არათუ ხასიათის ჩვენება, არამედ - ხმისა და დიქციის უწვრილმანესი ნიუანსების წარმოჩენაც კი. ამას ზედ ემატება მსახიობის მიერ კარგად მიგნებული მხიარული თემაც ... და ახარხარებული მსმენელი განცვიფრებით მისჩერებია გიზო კაკაურიძის ჰაბიტუსში ჩასახლებულ: „აკაკი ვასაძეს“, „სერგო ზაქარიაძეს“, „აკაკი ხორავას“, „ეროსი მანჯგალაძეს“, „ირაკლი აბაშიძეს“, „გოგი გეგეჭკორს“, „ზურაბ ქაფიანიძეს“, „ვალერიან მიზანდარს“, „ნოდარ ნათაძეს“, „ჯემალ ბაღაშვილს“, „ანზორ ხერხაძეს“... ჩვენი საზოგადოების შედარებით იქნებ უჩინო, მაგრამ საინტერესო უამრავ სახეს. გარდასახვაც ამას ჰქვია!

ყველაზე პოპულარული, ჭეშმარიტად მხატვრულ დონემდე განზოგადებული კი - მაინც ოტია იოსელიანია. არა აქვს მნიშვნელობა, სცენაზე მდგომ გიზოს სვანური ქუდი ეხურება და ხელში ყალიონი ეჭირება, თუ უბრალოდ შეიცვლის სამეტყველო ჟესტ-მიმიკას, - ეს ხმა, სასაუბრო ტონი და თვით ტექსტის შინაარსი ნამდვილ ოტიას წარმოსახავს, ჩვენს ცოცხალ კლასიკოსს! ოტიას თემა კი იმდენად მომგებიანია სცენაზე, რომ ამ ბოლო დროს სხვებმაც „გადააქსეროქსეს“ გიზოს გმირი, თავადაც სცადეს პაროდიის გაკეთება. მაგალითად, მაყურებელი იცნობს გურამ ჯაშის, მერაბ გეგეჭკორის, ახალგაზრდა პაროდისტების ნამუშევრებს, თუმცა, საერთო შეფასებით, ვერც ერთი მიუახლოვდა გიზო კაკაურიძის საავტორო ნამუშევარს.

საინტერესოა, საკუთარ პერსონაჟზე რას ამბობს თვით მსახიობი:

- „ოტიას“ აქვს სხვადასხვა ფერი, რომელსაც უნდა მიაგნო. მაგალითად, თუ გულაჩვილებულია, „ოტია“ მიიღებს ასეთ სახეს (გიზო გამომეტყველებას სწრაფად იცვლის და მწერლის დამახასიათებელ რეპლიკებს წარმოთქვამს). ახლა შეხედე, გასვენებაში რას გვეუბნება (გიზო მიცვალებულის დამარხვის მერე საქელეხოდ გამზადებულ ხალხთან მდგომი ოტიას პოზას მიიღებს): „ეგი, ქე გევიგეთ, სა უნდა დავტოვოთ, მარა ჩვენ სა უნდა წევიდეთ, ეგია საკითხავი.“ ხოდა, ამისთანა რაღაცებს ეძებს „ჩემი ოტია“. იუმორის თემა და რაიმე სხარტულის მოყოლა არის მთავარზე ჩქარა გასვლა. არ უნდა მოაბეზრო მსმენელს თავი, დროულად უნდა მიაწოდო ის, რამაც უნდა გააცინოს, გაამხიარულოს. მე ვიცი მოყოლის ხერხი, თორემ, როგორც ვყვები, ისე რომ ვწერდე, მაშინ რაღა მიჭირს, მწერალი ვიქნებოდი! სამაგიეროდ, მსმენელამდე ამბის მიტანა კარგად შემიძლია.

- თვითონ ბატონი ოტიას შეფასება როგორია?

- ჩემი დივიდი-დისკი გამოვა მალე (დიზაინამდეა მისული საქმე), მას ჰქვია „იუმორი - ჩემი აფთიაქი“. ჰოდა, აქ არის ასეთი ეპიზოდი: მე სცენაზე ოტიას იმიტაციას ვუკეთებ, თვითონ კი ზის და მისმენს.

ოპერატორი ხან ოტიას „იჭერს“, ხან - მე. ოტიას გამომეტყველებაზე, მის რეპლიკებზე ხვდები, როგორ აფასებს იგი სცენაზე მდგომ საკუთარ „ორეულს“. ამ დროს მაყურებელი იცინის, რომ იტყვიან, ბჟირდება- თან სცენიდან მიღებული შთაბეჭდილებით, თან ოტიაა იქ... ოტია ინტელექტუალური კაცია, უაღრესად ჭკვიანი. მან იცის, რომ ჩემს ნამუშევარში ჩადებულია მისდამი განუზომელი სიყვარული, სითბო, ადამიანური დამოკიდებულება.

- ვაღიარებ, ძალიან კარგად გამოგდის მისი იმიტაცია. თავად რომ არ გეთქვა, ვერც კი შევამჩნიე, რომ „სუროგატი ოტია“ მელაპარაკებოდა ტელეფონში.

- სხვებისთვისაც გამიკეთებია მსგავსი სხვა დროს. ერთხელ დავურეკე გოგი ქავთარაძეს ქაფიანიძის ხმით. პირველ აპრილს არიან ესენი დაბადებული და (გიზო ახლა ქაფიანიძის ხმით განაგრძობს თხრობას): „გილოცავ, ჩემო საყვარელო კაცო, ჩემო ჯიგარო კაცო!“ - კაი, ბიჭო, ჯერ არ მოსულა პირველი აპრილიო, - მაჩერებს გოგი. „მერე მე მივდივარ გადაღებაზე და ამიტომ გირეკავ ადრე, შენ შემოგევლოს ჩემი თავი!“ - სად ხარ, სვამ კიდევ? - კითხულობს გოგი, „ზურა“ განაგრძობს: „ახლა მე იმნაირ კაცს დაგალაპარაკებ, რომელიც იქნება შენთვის სასიყვარულო, სასიხარულო და გასაგიჟებელი. მიდი, გოგი, მოუსმინე!“ (და გიზომ ხმა სასწრაფოდ შეიცვალა): „გამარჯობა, გიორგიევიჩ, აბრამი ვარ, ზონენაშვილი, აშდოდიდან. ხო ხარ კარგად, ა?“ გაკეთდა დიდი პაუზა და... ოხ, გიზოია კაკაურიძე, შენ მო... აბრამმა დაგღუპა ახლა, მაგაზე რო გადადი, თორემ მართლა ქაფიანიძე მეგონეო.

 

*** 

ახლახან განმეორებით გამოიცა გიზო კაკაურიძის „იუმორული ესკიზები“. ამ წიგნში მისი მემუარული ჩანაწერები და ლირიკული ლექსებიცაა შესული. მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, უფრო ღრმად ჩაიხედოს ცნობილი იუმორისტის, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, ქუთაისის სატირისა და იუმორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ცხოვრებაში და აღმოაჩინოს, რომ „იუმორის აფთიაქარს“ ღიმილისა და მახვილსიტყვაობის იქით - სევდა და ტკივილიც თავსაყრელად აქვს, ეს კი ქვეყანას, საზოგადოებას, დღევანდელ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სატკივარს უკავშირდება.

- გიზო, რა გითხრა ამ წიგნზე ბატონმა ოტიამ?

- ოტიას ჩემი წიგნი რომ ვაჩუქე, თქვა: იმდენი მბაძა, იმდენი, რო წიგნის გამოშვება დოუწყიაო. მერე რაღაცები წაიკითხა და, რას გეტყვი, იციო? - შენ ახლა რავარც მიკროფონთან ტატ-ყანობ, ხო, ე ჭკუა კი გიხმარია და ისე გაქ გადმოტანილი, თვარა, შენ რო მწერლობა დეგეწყო, დეგეფსებოდა თვალები იმ წუთშიო.

ამასობაში კი ერთ უბრალო რვეულში ახალ-ახალი შტრიხები ემატება გიზოს სცენაზე გამოსატან იუმორს:

  • · ახალგაზრდობაში მეუბნებოდნენ: გიზო, რა კაი ბიჭი ხარო, ახლა მეუბნებიან: რა კაი კოსტუმი გაცვიაო.
  • · ბიჭიკიას ძმა იმნაირი მახინჯია, ტუფლები არ უხდება. თვითონ ბიჭიკია იმნაირი გამხდარია, იმნაირი - ერთი ტყვილზე დაფიცება და დეიბრიდება.
  • · კუკურია ბერაძეს ცოლი ბერიძე ყავს და მერიკია ყოველდღე გაიძახის: მე ჩემს კუკურის ერთი ასოს გულისთვის გავყევიო.
  • · კუკურიამ იმისთანა ღვინო მიიტანა გასვენებაში, ნასკები ოუწვა ხალხს ტუფლებში.
  • · ბიჭიკიას ცოლმა სამშობიაროში სამი დღის განმავლობაში 300 ლარი წაართვა. ბოლოს ბიჭიკიამ ასძახა: ცუცა, შენ მაქანე სეკას ხვარ თამაშობ!
  • · ბოკოკიას ისე ჩქარა მიარბენინებდნენ საფიჩხიის სასაფლაოზე (ქელეხში ეჩქარებოდათ), ბოკოკია წამოხტა და კუბოს რუჩქებს ჩაეჭიდა: რას შობით, თქვე შობელძაღლებო, არ გადამაგდოთო!
  • · (ოტიას რეპერტუარიდან) ხონის ტელევიზია აცხადებს ტიტრებში: გუბისწყალზე მცხოვრებ ინდიკო ხვადაგიანს დაეკარგა ძროხა, სახელად ფაჩიტო. მპოვნელი დაჯილდოვდება ხუთი წველა ყველით.
  • · ჩინელები იმდონი არიენ, იმდონი, ასი მილიონი დედამიწიდან გადაცვენილა.
  • · გასვენებაში მოხუცი კაცი ღვინოს ასხამდა, პარკისონის დაავადება ქონდა და ხან ჭიქა გატეხა, ხან ღვინო დააქცია და ლობიოში ჩაასხა. ბიჭიკიამ უთხრა: მომეცი,ბაბუა, მა გრაფინკა აგერ! ღვინოს მე დავასხამ და შენ სალათას მარილი მოაყარეო.
  • · ქუთაისში ისეთი ვიწრო პადიეზდებია, მიცვალებული პოდრუშკით ჩამოგვყავს.
  • · ათანო, შენი ბიძაშვილი პარლამენტარია, ხო?

- კი, ძამა.

- მისვლა-მოსვლა გააქვთ?

- არა, მისვლა-მისვლა მაქ.

  • · ბიჭიკიას სიდედრის გასვენებაში იმდენი ხალხი მოვიდა, მკვდრის დამატება დაჭირდათ.

 

კარგახანია, ბესიაურელი ხუჭუჭა ბიჭი ქუთაისის საზოგადოების პოპულარულ სახედ იქცა. კარგა ხანია, ჩასწვდა უქართულესი ქალაქის იუმორს და სევდას, მის თვალწინ წავიდნენ იმქვეყნად დიდი ქუთაისური იუმორის, კაიკაცობისა და სიყვარულის გრანდები, ამიტომაცაა, ლექსებსა და ჩანაწერებში ისე რომ ენატრება: „ბაყუჩიას როხროხი და პეყო ბიჭის ჩაცინება, მარკოზიჩის ტკაცანი და რესტორანში ჩაცილება, გუდარია კოკელაძის იმერეთში ჩაძირება... არყისფერი ალიონი, ხელთახალი აღტკინება, მუხის ჩრდილი, ჩამჭვრიტესთან, ხარაბაძის აკივლება... ლომკაცების დიდი მადლი, მერე ძლიერ მოთენება, გაზაფხულზე მეობასთან მოწამეთის მოფერება... ხუხას გაფარფაშება და დათკას ხანჯლის  თავყირები, ბიძინას და ბიძინიჩის ჩასაწერი შაყირები...“

როგორც ოთარ მამფორიასადმი მიძღვნილ ამ ლექსში წერს, „ჩვენმა ილომ წასულები ერთ ფოტოზე მოაქცია.“

გიზო კაკაურიძის იუმორისტული პალიტრის ყველა ფერი მის უსაყვარლეს ქალაქს ეკუთვნის. „ქუთაისის    მეტროში“ ჩასული, დღემდე ვერ ამოსულა იქიდან.

P.S.  გიზოს თავს გადახდენილი ამბავი: ინსპექტორმა გააჩერა და არ უშვებს. ამ დროს მოდის მეორე და პირველს ეუბნება: გოუშვი, ბიჯო, ეგი, ვერ იცანი? - კოლორიტად მუშაობს ქუთაისში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2182
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია