დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ინფანტილური საზოგადოება
2010/03/29 12:32:33

გასულ კვირას „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდზე განთავსებულ ია ანთაძის ბლოგს სტუმრობდა ფსიქოლოგი  ზურაბ მხეიძე. ბლოგის კომენტატორების მიერ წინასწარ, რეიტინგით შერჩეული კითხვები სტუმარს „რადიო თავისუფლების“ ეთერში ია ანთაძემ დაუსვა. შემდეგ კი ბატონი ზურაბი ბლოგს ეწვია, სადაც პირდაპირ უპასუხა კომენტატორების შეკითხვებს. „რადიო თავისუფლება“ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და თქვენი გაზეთის მკითხველებს სთავაზობს ამ ორი ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას. აგრეთვე, თითოეულ მკითხველს შემდგომ განხილვებში მონაწილეობისთვის ვიწვევთ ბლოგზე, შემდეგი მისამართით:  www. tavisupleba.org

- გთხოვთ, დაგვიხატოთ საქართველოს მოქალაქის ფსიქოლოგიური პორტრეტი.

- ცოტა ვრცლად შეიძლება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც მინდა აღვნიშნო, - ეს არის ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ინფანტილურობა. ინფანტილურობა ბავშვურობად ითარგმნება, მაგრამ ფსიქოლოგიაში ეს ასაკთან არ არის დაკავშირებული. ეს არის საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობის არაღება, ანუ, ყოველთვის გადაბრალება სხვაზე. საქართველოს მოსახლეობა, უტრირებულად რომ ვთქვათ, როგორ ფიქრობს? წავიდეს ერთი ადამიანი, მოვიდეს იმაზე კეთილი მეორე და დაუნიშნოს ხალხს ხელფასი; თან უთხრას, რომ თუ გინდათ, სამსახურში ნუ ივლითო. ანუ, თავიდან ბოლომდე ხდება საკუთარი პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარება. ეს აღზრდის ბრალია. არ შეიძლება, 45 წლის კაცს დედა აკითხავდეს სამსახურში და მამაზე იყოს დამოკიდებული ფინანსურად. მე მგონი, ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხელშემშლელი თვისებაა საქართველოს მოსახლეობის, რომ საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობა არ არსებობს. ყველა შემთხვევაში იწყება სხვისი მოძებნა, ვისაც შეიძლება რაღაც დაბრალდეს. ასევე იქცევა ხელისუფლება. იმ დროს, როცა მისი ესა თუ ის ქცევა არ არის წარმატებული, სასწრაფოდ იწყება სხვაზე გადაბრალება. სხვათა შორის, ხელისუფლება დამბრალებლის აქტიურ ძებნაშიც კი არის. ეს დიდი პოლიტიკის ნაწილია, როდესაც შიგნით პრობლემები გაქვს, აუცილებლად გარე მტერი უნდა მონახო, რათა გარკვეული იმპულსების შეკავება მოხდეს. ბერტოლდ ბრეხტი რომ გავიხსენოთ, „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ“ - იმიტომ, რომ მშვიდობის პერიოდში მოსახლეობა გაცილებით მეტს მოითხოვს თავისი ხელისუფლებისგან.

- ვინ არის ფსიქოლოგიურად ყველაზე მისაღები ქართველი პოლიტიკოსი დღეს?

- ფსიქოლოგიურად მისაღები პოლიტიკოსია ყველა, ვინც ფსიქოლოგიურად ჯანმრთელია. ჩვენ (ვგულისხმობ საზოგადოების დიდ ნაწილს) არჩევანს, რატომღაც, ვაკეთებთ იმის მიხედვით, ვინ მოგვეწონება ან, უფრო სწორად, ვინ მოგვხიბლავს, რაც არასწორია. პოლიტიკოსი უნდა იყოს კომპეტენტური პირი, ინსტრუმენტი საზოგადოებისათვის, რომ შეძლოს საზოგადოების მოთხოვნების და ქვეყნის ინტერესების რეალიზაცია პოლიტიკურ სივრცეში. ემოციური დამოკიდებულება: მომწონს - არ მომწონს, მხოლოდ შედეგებიდან უნდა გამოდიოდეს.

- როგორ ფიქრობთ, რას მიუთითებს „იმედის“ სიუჟეტი, როგორ მდგომარეობაში აღიქვამს თავის თავს ხელისუფლება - მყარში თუ „მორყეულში“? პირველი კითხვის პასუხიდან გამომდინარე, რა მსგავს ქმედებებს უნდა ველოდეთ კიდევ უახლოეს მომავალში? რა სახის ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს „იმედის“ სიუჟეტმა საზოგადოებაზე შედარებით გრძელვადიან (3-5 თვე) პერსპექტივაში?

- კარგი კითხვაა... ხელისუფლება რომ შეშინებულია, ეს ფაქტია. აბა, წარმოიდგინეთ, სიუჟეტში სამი ბატალიონი მტრის მხარეს გადადის; ოპოზიციის მთელი სპექტრიც მტერს ემხრობა... უნდა ვივარაუდოთ, რომ თავისი მხრდამჭერებით. ხელისუფლების კვლევებს რომ დავეყრდნოთ და დავუშვათ, რომ 70% უჭერს მათ მხარს; 30% - კი 600000-ზე მეტია. ეს, სულ მცირე, ხელისუფლების ხედვაა, რამდენი მტერი ჰყავს მას საქართველოში... და, რომ არ ეშინოდეს, მაშინ არც ეს მოდელირებული „ქრონიკა“ დასჭირდებოდა. ასე რომ, შეშინებული ხელისუფლება სახეზეა და ამის გამო ის სიუჟეტი ხელისუფლების ოცნებასაც უნდა წარმოადგენდეს; ასე წასვლა ჯობია სხვანაირად ხელისუფლების დათმობას.

- როგორ დავუპირისპირდეთ ქსენოფობიის და სუძულვილის თესვის სახელმწიფო პოლიტიკას?

- ძნელია დაუპირისპირდე მაშინ, როდესაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მონოპოლიზებულია. ერთადერთი, რაც სასურველია, ეს საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულება უნდა იყოს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ. სანამ ემოციებით ვიხელმძღვანელებთ, სასიკეთო არაფერი იქნება.

- ისტორიაში ყოველთვის იყვნენ ადამიანები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავის პოლიტიკას დესტაბილიზაციაზე აგებდნენ, იყვნენ პირიქითაც. ბატონო ზურაბ, ვინ მიგაჩნიათ დღეს საქართველოში დესტაბილიზაციის პოლიტიკის მატარებლად და პირიქით, ვინ აგებს თავის პოლიტიკას სტაბილიზაციაზე?

- პოლიტიკური პარტიები დესტაბილიზაცია-სტაბილიზაციით არ ხელმძღვანელობენ, ისინი იყენებენ (ან ვერ იყენებენ) ყველა არსებულ რესურსს ხელისუფლებაში მოსვლისთვის, ან ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს, უნდა იყოს ამის წინაპირობები, წინაპირობები იქნება თუ არა, მთლიანად ხელისუფლებასა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული. თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ სასიკეთო ცვლილება მხოლოდ რევოლუციური გზით შეიძლება, მაშინ პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ გზას დაადგება, პრიორიტეტული გახდება და პირიქით. თუ ქვეყანაში მოსახლეობა მდგომარეობით კმაყოფილია, ის სტაბილურობის მომხრე იქნება. ის, ვინც ხელისუფლებაშია, რა თქმა უნდა, სტაბილურობის მომხრე იქნება (სტაბილურად ხელისუფლებაში ყოფნის მომხრე). თავისთავად, რა ჯობია - სტაბილურობა ანუ უცვლელობა თუ ცვლილება - საზოგადოების კმაყოფილება-უკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. პოლიტიკური პარტიები იცვლიან დამოკიდებულებას ხალხის განწყობების და მოთხოვნების შესაბამისად და ის, ვინც ვერ ახერხებს ამას, თამაშგარე მდგომარეობაში რჩება.

- როგორ შეაფასებთ საზოგადოებრივ აზრზე ამგვარი მეთოდით გავლენის მოხდენის მცდელობას; თუ არის შესაძლებელი, რომ „ქრონიკის“ სიუჟეტს რაიმე სახის დადებითი ეფექტი მოჰყვეს პერსპექტივაში ქართული საზოგადოებისთვის?

- ბუნებრივია, რომ ცდილობენ, ჩვენზე გავლენა იქონიონ. ჩვენც ვცდილობთ, ვიღაცაზე გავლენა ვიქონიოთ. ჩვენ გავლენების სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენთან კი არ ხდება მხოლოდ, დააკვირდით, ნებისმიერი სახელმწიფო ცდილობს, გავლენა იქონიოს თავის მოქალაქეებზე. როგორ იცვლება სემანტიკა და ფრაზეოლოგია მიზნიდან გამომდინარე? როცა ხელისუფლება რაღაცას გართმევს, მაშინ თავის თავს სახელმწიფოს უწოდებს, როცა გაუჭირდება - სამშობლოს. ან ლიბერალური საკრედიტო პოლიტიკა - მარტო ბანკებს კი არ ამდიდრებს, მოსახლეობას მოვალეებად აქცევს და ისინი უფრო მორჩილები ხდებიან. ასე რომ, ზეგავლენის საშუალება უამრავია და ყველაზე უკეთ პოლიტიკოსები და ბიზნესის წარმომადგენლები ფლობენ ამ ტექნიკას. ამოცანა არ არის, გავლენებს გავექცეთ; ამოცანაა ვიცოდეთ, რა გავლენას ახდენენ და რისთვის. არჩევანი შეგნებულად უნდა გაკეთდეს.

- როგორც ფსიქოლოგი, რას გვეტ-ყვით ხელისუფლების და ოპოზიციის დამოკიდებულებაზე ჩვენი ერისა და მოქალაქეების მიმართ? ზუსტად გვაფასებენ და იმიტომ გვექცევიან „ასე“, თუ ჩვენს მოქალაქეებზე შექმნილი მცდარი მოსაზრებებია მათი ქმედებების მიზეზი? და ერთიც, თქვენი აზრით, აწყობთ ჩვენს პოლიტიკოსებს ჩვენი „გაზრდა“.

- არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ თვლის თავის ქცევას და გამოსვლებს ყველაზე, ისინი თვლიან უმრავლესობაზე. ჩემთვის და შეიძლება თქვენთვისაც ადვილია მივხვდეთ, სადაა დემაგოგია, სადაა ემოციებით მანიპულირება და ა.შ. მაგრამ უმრავლესობის მოტყუებას ახერხებენ. ეტყობა,  ჯერჯერობით, მაინც სწორად თვლიან, რადგან რეალობა არ იცვლება. სანამ საზოგადოება კრიტიკული აზროვნებით არ შეხედავს პროცესებს და სანამ პოლიტიკოსის შეფასებას კარგი და ცუდი ტიპის ტერმინებით კი არა, შედეგებით არ შეაფასებს, მანამდე სულ პრობლემა იქნება. სხვათა შორის, კრიზისი ასტიმულირებს კრიტიკული აზროვნების პროცესს...

- დღეს ქართული საზოგადოება დეზორიენტირებულია, არჩევნებით ვერაფერს ვცვლით, მიტინგებით და ქუჩაში დგომით ვიღებთ დარბევას და, ვანოს დაზვერვის ინფორმაციით, გვათავისუფლებენ სამსახურიდან. ქვეყანაში ომის აჩრდილი დადის. რას ურჩევდით ადამიანებს, როგორ გადავიტანოთ ეს რთული დრო, რა ვაკეთოთ?

- ყველაფერს თავისი დრო აქვს; თუ საზოგადოება დეზორიენტირებულია და ვერ გარკვეულა, მაშინ ჯერ ასეა საჭირო. როგორც უკვე ვთქვი, კრიზისი ასტიმულირებს კრიტიკულ აზროვნებას, საზოგადოებამ თავად უნდა მონახოს ძალაც და გამოსავალიც. სხვა შემთხვევაში, ის ვერ გაიზრდება, ისევ ინფანტილური დარჩება და სხვის იმედზე და კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, - ზოგი რუსეთის და ზოგი აშშ-სი. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერში სხვისი ხელის შემყურე ხომ არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება?!

მოამზადა მანანა იაშვილმა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2786
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია