დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ ითვლება პოლიტპატიმრად?
2010/03/22 13:30:42

საქართველოს სინამდვილეში პოლიტპატიმრების თემა კვლავ აქტუალურია. ხელისუფლების მიერ „დემოკრატიის“ და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ აღიარების მიუხედავად, მისი კრიტიკა, ხშირ შემთხვევაში, სამართლიანი, მაგრამ სახიფათოა. ხელისუფლება არ აღიარებს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის ფაქტებს - საკუთარი იმიჯის შელახვის საშიშროების გამო, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა დემოკრატიის გზაზე მიმავალი ქვეყნისთვის საერთაშორისო იმიჯის შემლახველიცაა.

 

2009 წლის ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „პოლიტიკური პატიმრები საქართველოში“ აღნიშნულია: „აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, ადამიანების დაკავების და გასამართლების მიზეზად მათ მიერ კრიმინალური დანაშაულის ჩადენა სახელდება - ხულიგნობა, ნარკოტიკების მოხმარება, ქრთამის აღება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და, რაც მთავარია, თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა იწყება მათ მიერ ხელისუფლების საჯარო კრიტიკის შემდეგ.“

ცნობისათვის გეტყვით, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შედეგად 103 ადამიანი დააკავეს, მათგან 65-მა ჯარიმა გადაიხადა, 23-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო დანარჩენებთან მიმართებაში საქმეები შეწყვიტეს.

ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში პოლიტპატიმრების შესახებ ჩვენ ვერ ვიპოვეთ. თუმცა რამდენიმე კითხვით სწორედ ამ თემაზე მომუშავე, ადამიანის უფლებათა დამცველს ნანა კაკაბაძეს მივმართეთ. უპირველეს ყოვლისა, შევეცადეთ გაგვერკვია, თუ როგორია დღეს პოლიტ-პატიმრის ფორმულირება საქართველოში.

- საქართველოში ტერმინ „პოლიტპატიმრის“ ოფიციალური და საყოველთაოდ გაზიარებული ფორმულირება არ არსებობს. პოლიტიკური პატიმრობის კონკრეტული კრიტერიუმები გვხვდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2004 წლის ?1359 რეზოლუციაში - აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების თაობაზე. რადგანაც ეს არის ოფიციალური საერთაშორისო დოკუმენტი, შეიძლება, ის მივიჩნიოთ საქართველოსთვის მისაღებადაც. ეს კრიტერიუმებია: ა) დაპატიმრებამდე ადამიანი უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური და მისი დაპატიმრებით ხელისუფლებამ უნდა მიიღოს პოლიტიკური სარგებელი; ბ) ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ან შეუგნებლად შეურაცხყოფენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს; გ) ადამიანები, რომელთა დაპატიმრებას საფუძვლად დაედო არაადეკვატური და საკამათო მტკიცებულება და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მოწმის ჩვენება, რომლის გათვალისწინებითაც მოხდა პატიმრობის გამოყენება, ყალბია; დ) დაპატიმრებული ნათესაურ და მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფება პირთან, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებდა.

- როგორია დღეს პოლიტპატიმრების სტატისტიკა და როგორ ფიქრობთ, ვინც დღეს ამ სტატუსით იდევნება, ყველა პოლიტპატიმარია?

- რაც შეეხება სტატისტიკას, ასეთი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს და ეს რიცხვი ცვალებადია (ზოგს ათავისუფლებენ, ზოგს აპატიმრებენ), თუმცა, უფლებადამცველებისა და პოლიტიკური პარტიების მოკვლეული მასალის მიხედვით, მათი რაოდენობა 60-80 პირს შორის მერყეობს.

- მაინც, ვინ იდევნება დღეს საქართველოში ამ სტატუსით?

- რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღეს საქართველოში ოფიციალურად ამ სტატუსით არავინ იდევნება.

- რამდენად საშიშნი არიან პოლიტპატიმრები ქვეყნისათვის?

- ეს ადამიანები საშიშნი არიან არა ქვეყნისათვის, არამედ - ხელისუფლებისათვის.

- რამდენად სამართლიანია ხელისუფლების დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ?

-რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი.

- დღეს კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ვარდების რევოლუციის დროს საერთო ქარიშხალში მოჰყვნენ და დღემდე ძებნაში იმყოფებიან. მათ ნაწილს სამეურნეო ბრალდებები აქვთ (სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის გადამეტება) წაყენებული. რა ელით მათ?

- ამ კითხვაზე ძალიან მარტივი პასუხი შემიძლია გაგცეთ - თუ ამ ადამიანებს დააპატიმრებენ, ელით ციხე.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ამ ადამიანების დევნა? როგორც მოგეხსენებათ იმ დროს „შავ“ სიაში, ძირითადად, რაიონის გამგებლები მოჰყვნენ...

- ამ ადამიანების დევნა შეიძლება გაგრძელდეს ამ ხელისუფლების წასვლამდე.

- და რა ხდება დღეს ქართულ კანონმდებლობაში?

- დღეს ქართულ კანონმდებლობაში გრძელდება ხელისუფლების ყოველდღიურ მოთხოვნილებაზე მორგების პროცესი.

- როგორ ფიქრობთ, როდისთვის უნდა გაირკვეს რეალური პოლიტპატიმრების ვინაობა?

- სტატუსი „პოლიტპატიმარი“ თითოეული ორგანიზაციის შეფასების საგანია, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ. მათზე შეიძლება შეთანხმდნენ ცალკეული ორგანიზაციები, ან ორგანიზაციათა ჯგუფები, რადგან სრულიად საქართველოს საერთო შეთანხმება, ალბათ, შეუძლებელია.

- გარდა ამისა, დღეს ადამიანები გარკვეული მოსაზრებების გამო იდევნებიან და თავშესაფარს საზღვარგარეთ ითხოვენ, რა ხდება, რატომ?

- ის, რომ დღეს ადამიანები გარკვეული მოსაზრებების გამო იდევნებიან და თავშესაფარს საზღვარგარეთ ითხოვენ, ჩვენი მმართველობის რეჟიმის სამწუხარო რეალობაა.

 

***

ირაკლი ოქრუაშვილის მიერ საფრანგეთის მთავრობისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ, საქართველოში დიდი გამოხმაურება ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მიერ შვეიცარიის ხელისუფლებისთვის ასევე პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრის დევნა 2007 წლის სექტემბრის ბოლოს ტელეეთერში ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიმართ წაყენებულ ბრალდებას მოჰყვა. ამ განცხადების შემდეგ კი ოქრუაშვილი კორუფციის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. მან დაკითხვაზე პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ საკუთარ განცხადებაზე უარი თქვა და მოგვიანებით 6,5 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლოში გამოუცხადებლობის მეზეზით კი საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა ოქრუაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს.

ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს კი ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის აგენტობაში მას შემდეგ დასდეს ბრალი, რაც ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხინვალის ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდა. თუმცა, ჟურნალისტის ინფორმაციით, ის იქ დოკუმენტური ფილმის გადაღების მიზნით ჩავიდა. კომახიძე ხელისუფლების ზეწოლის გამო იძულებული გახდა, თავშესაფარი ევროპის რომელიმე ქვეყნისთვის ეთხოვა.

ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას დღემდე მოუწოდებენ, რომ შეწყვიტონ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა. რადგან აღნიშნული ფაქტები საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ბალანსირებული პოლიტიკური გარემოს შექმნას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ეს კი ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დონე დაბალია. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2044
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია