დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისზე, სიყვარულზე და სხვა
2010/03/15 13:12:55

ახალგაზრდა კაცი, რომელიც წლების წინათ ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, დღეს კინორეჟისურითაა დაინტერესებული. ირაკლი ჯაოშვილს კინოსა და ტელევიზიისადმი ინტერესი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პირველ არხზე მოხვდა - დალი ფრიდონაშვილის პოპულარულ გადაცემაში „გინდ დაიჯერე, გინდ არა“. როგორც ჩვენთან ინტერვიუში ამბობს:

- ამას მოჰყვა ჩემი მუშაობა ქუთაისში ახლად ჩამოყალიბებულ კომერციულ ტელევიზიაში, რომელსაც ბადრი კაპეტივაძე ხელმძღვანელობდა. იქ ვაკეთებდი შემეცნებით და გასართობ პროგრამებს, შემდეგ მიმიწვიეს საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, ახალგაზრდული პროგრამების რედაქციაში და საკმაოდ ბევრი პროექტი განვახორციელე, როგორც ავტორმა და რეჟისორმა. 2003 წლიდან 2005 წლამდე ვმუშაობდი ტელეკომპანია „იმედში“, სადაც ვიყავი პროექტის „არ იდარდო“-ს ავტორი და დამდგმელი რეჟისორი. მცირე შემოქმედებითი პაუზაც მქონდა, მაგრამ ეს დრო ხელოვნებას მოვახმარე. 2006 წელს ქუთაისში გავაკეთე იუმორის ფესტივალი და, პარალელურად, ქუთაისის თოჯინების თეატრში დავდგი ორი სპექტაკლი - „სათაფლიას ზღაპარი“ და „ადამის დღიური“. ამას მოჰყვა მოწვევა თბილისის ევროპული სკოლიდან, სადაც დღემდე ვმუშაობ საბავშვო ტელევიზიის მენეჯერად.

- სად მაუწყებლობს ეს ტელევიზია?

- ევროპული სკოლის შიდა ეთერში და ინტერნეტ გვერდზე www.europeanshool.ge 

ეს საბავშვო სატელევიზიო სტუდიაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ციფრული ტექნიკით. სკოლის შენობასა და ტერიტორიაზე შექმნილია საკაბელო ქსელი, რომლის საშუალებითაც სატელევიზიო სიგნალი მიეწოდება 100 მონიტორს. ისინი განთავსებულია საკლასო, საკონფერენციო და ადმინისტრაციულ ოთახებში, ასევე დერეფნებში, სასადილოში, ღია კაფესა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრში. პედაგოგი აკეთებს განაცხადს, თუ რომელ დღეს, რომელ გაკვეთილზე სურს, აჩვენოს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებული ვიდეომასალა. აქ მოსწავლეები ეუფლებიან სატელევიზიო ტექნიკას და პრაქტიკულად ახორციელებენ თავიანთ იდეებს. ESTV - პროგრამების ნუსხაშია ყოველკვირეული საინფორმაციო გადაცემა „ეს სიახლენი“ ანუ ES News და საავტორო გადაცემები: „დიდი შესვენება მარისთან ერთად“, „ლიზას ათეული“, „პაწაწინა ანცობები ფარული კამერით“, „იკას ლანჩი“, ტელესერიალი „ჩოჩოს თავგადასავალი“, ასევე დოკუმენტური ფილმები სკოლის ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზე...

- ისევ თქვენს „ქუთაისურ წარსულს“ დავუბრუნდეთ, იუმორის ფესტივალს...

- ეს იდეა არა მარტო მე, არამედ უამრავ ჩვენს თანაქალაქელს, უფროს თაობას ეკუთვნოდა. გარკვეულწილად, რთული იყო, მაგრამ, ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა.

- ქუთაისიდან წასვლის შემდეგ ორი სპექტაკლი განახორციელეთ თოჯინების თეატრში. რატომ მაინცადამაინც ქუთაისის თოჯინების თეატრში, ეს თქვენი შეთავაზება იყო, თუ თეატრის?

- თოჯინების თეატრში იმ დროს მოვიდა არაჩვეულებრივი ქალბატონი, უნიჭიერესი ხელოვანი და პიროვნება ია იაშვილი. იგი კარგად იცნობდა ჩემს შემოქმედებას და ერთ-ერთ ჩვენს შეხვედრაზე იდეები გავცვალეთ, მე შევთავაზე ამ ორი სპექტაკლის განხორციელება.

- კიდევ რას ველოდოთ ქუთაისთან დაკავშირებით?

- ძალიან მინდა და მაქვს სურვილი, გავაკეთო ორიგინალური პიესა ქუთაისელ კოლორიტებზე, სახელწოდებით     „პატარა ქალაქის ჩირაღდნები“. მაგრამ, ჯერჯერობით, დრო არ მაქვს, დაკავებული ვარ რამდენიმე პროექტით, მათ შორის - ვმუშაობ რამდენიმე სარეკლამო რგოლზე. პარალელურად უკვე ვიწყებ მონტაჟს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა „კედელი“, მაისში უნდა დამთავრდეს.

- იქნებ „პატარა ქალაქის ჩირაღდნებზე“ ცოტა რამ მკითხველსაც გაანდოთ...

- „პატარა ქალაქის ჩირაღდნები“, მინდა, ქუთაისის თოჯინების თეატრში დაიდგას. ამ იდეის თაობაზე უკვე მქონდა საუბარი თეატრის დირექტორთან ია იაშვილთან. საერთოდ, ჩემი სურვილი იყო, ქუთაისის თოჯინების თეატრში განხორციელდეს საღამოს წარმოდგენები დიდებისათვის - რომ თოჯინური წარმოდგენა უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაც იყოს საინტერესო.

- მაინც, ვინ არიან პიესის პერსონაჟები?

- ამ პიესის პერსონაჟები ძირძველი ქუთაისელები არიან თავიანთი საინტერესო ცხოვრებისეული ისტორიებით. მაგრამ ამბავს ჰყავს მთხრობელი, რომელიც იქნება ერთი კონკრეტული ადამიანი, ამ შემთხვევაში - ცნობილი ქუთაისელი სპორტული ჟურნალისტი ანზორ დემეტრაძე. მას ქუთაისის მემატიანედ იცნობდნენ და „ბიძინიჩად“ უფრო მოიხსენიებენ დღეს ქუთაისელები. ეს არის ისტორია ქუთაისის, როგორც გამორჩეული ქალაქისა, თავისი ტრადიციით, გამორჩეული ხიბლით და ანდამატით. ამ სპექტაკლმა უნდა შეძლოს, ქალაქის სტუმარი ატაროს მის წარსულსა და აწმყოში და, რაც მთავარია, დაანახოს მომავალი.

- მგონი, ამ თემაზე ფილმის გადაღებასაც გეგმავდით...

- მე ვიცნობდი და ვაგროვებდი უნიკალურ მასალას ამ ხალხზე და მართლაც მინდოდა, ფილმად მექცია. გადაღებებიც მქონდა დაწყებული, მაგრამ არ მოიძებნა პროექტის დამფინანსებელი. მოკლედ, ვერავის ვუსაყვედურებ. ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები იყო ქალაქში მაშინ დასაფინანსებელი.

- რამდენადაც ვიცით, თქვენ საერთაშორისო ფესტივალებშიც მონაწილეობთ...

- ამ თვის ბოლოს მივდივარ შვეიცარიაში, საბავშვო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მიმაქვს შვიდწუთიანი ფილმი „ქიმიური სიყვარული“. ეს არის ამბავი პირველ სიყვარულზე.

- რაც შეეხება ფილმს, „კედელს“, სად ვითარდება მოქმედება და რა თემაზეა გადაღებული?

- „კედელი“ არის რიმეიკი 40 წლის წინ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა ანალოგიური სახელწოდებით. ესეც ბავშვებზეა და პირველ სიყვარულზე, ბიჭის და გოგოს ურთიერთობაზე. მთავარ როლებს საშა იოსელიანი და თამრიკო დათუაშვილი თამაშობდნენ, მაშინ ისინი 13 წლისანი იყვნენ. ახლა ეს 13 წლის გოგო უკვე ბებიაა თავისი 13 წლის შვილიშვილისა, რომელიც ბრუნდება ინგლისიდან საქართველოში, 10 წლის განშორების შემდეგ... ამ ფილმში თითქოს ისტორია მეორდება.

„კედელი“ არის საშუალება, რითაც პერსონაჟები ერთმანეთს გაიცნობენ.

- როგორც ჩანს, თქვენი რეჟისურა მთლიანად სიყვარულს ეძღვნება?

- არა მარტო სიყვარულს, თუმცა ამ ბოლო დროს ...სიყვარულის თემა, მართლაც, ჭარბობს.

- იქნებ დააკონკრეტოთ, რატომ?

- არ ვიცი... ალბათ, იმიტომ, რომ სიყვარულია ყველაფრის საწყისი.

- ხომ არ გეგმავთ ქუთაისში დაბრუნებას, თუნდაც რაღაც პერიოდით...

 - ქუთაისში, ალბათ, პერიოდულად დავბრუნდები.

 - მოზარდებზე, ბავშვებზე ამდენი საინტერესო ნამუშევარი გაქვთ... თავად გყავთ შვილები?

- მყავს შვილი, 14 წლის გიო, რომელსაც ძალიან უყვარს კომპიუტერი, როგორც ყველა ბავშვს. თუმცა სერიოზულად უდგება ამ საქმეს. მას აქვს თავისი საიტი, პარალელურად ფეხბურთის ფანია - „ბარსასი“ და მესის.

- გმადლობთ. ქუთაისში შეხვედრამდე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1917
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია