საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტპათოლოგია
2010/03/15 13:02:26

საქართველოში ბოლო ერთი თვის მანძილზე ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა მკვეთრად დაიძაბა. ნოღაიდელი და ბურჯანაძე რუსეთის სახელისუფლებო კარზე მიღებული პოლიტიკური ფიგურები აღმოჩნდნენ. დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება საარჩევნოდ აქტიურ თემად იქცა, თუმცა ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ხელისუფლების შეცვლაზე საუბრობს. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი საქართველო-რუსეთს შორის და საერთო საგარეო პოლიტიკაზე გვესაუბრება.

- ბატონო სოსო, ამ ბოლო დროს საქართველოში რადიკალურად შეიცვალა როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკა. დავიწყოთ იქიდან, რომ ნოღაიდელი რუსეთის კარზე პირველი აღმოჩნდა, ვინც საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დასარეგულირებლად რუსეთის ხელმძღვანელობას ესტუმრა. როგორ ფიქრობთ, რა იყო ნოღაიდელის ამ ნაბიჯის რეალური მოტივი?

- არ ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ნოღაიდელი საკუთარი ინიციატივით ეწვია კრემლს. მაქვს გარკვეული მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ეს პროექტი მთლიანად გახლავთ ნაციონალურ წიაღში აღმოცენებული. მისი წარსულიდან გამომდინარე, პერსპექტივაც მძიმედ აღსაქმელია მისთვის, როდესაც თვეების განმავლობაში ოპოზიციონერად აღმოცენებულს არ იკარებს არც ერთი რეალური ოპოზიციური ძალა. ძალიან მოულოდნელი ცვლილებები მოხდა და ეს პირველად დაფიქსირდა ტელეეკრანებზე სრულიად სხვა ნოღაიდელის დანახვით, რომელიც იყო მოულოდნელად აგრესიული. მისი ტერმინოლოგია გამდიდრდა ასეთი სიტყვებით, როგორიცაა: „მოვატეხავ ხელს“, „დავუნაყავ ცხვირს“ და ასეთი ფრაზებით, რომლებიც კაბინეტის ჯადოქარ ნოღაიდელს არასოდეს საჯაროდ არ წარმოუთქვამს. მისი ასეთი გათამამება და „გავაჟკაცება“ იწვევდა სურვილს, გავრკვეულიყავით, თუ რაში იყო საქმე. აღმოჩნდა, რომ ეს თემა მისი რუსული ორიენტაციის შესახებ აიტაცა სახელისუფლებო მედიამ. ვიდრე სხვა დაბნეული იყო მისი ასეთი მეტამორფოზით, სრულიად მომზადებულნი აღმოჩნდნენ ტელევიზიები, რათა ის ახალ სერგო ორჯონიკიძედ მოენათლათ. პირველი ეჭვები იმან აღძრა, როდესაც დარტყმა მიდის არა პერსპექტივაზე და მის პოლიტიკურ წარსულზე, საიდანაც ბევრი საეჭვო თემის და მძიმე ფაქტების ამოღება შეიძლება, რათა ამ გზით მისი, როგორც პოლიტიკოსის, განეიტრალება მოხდეს, არამედ მიმდინარეობს მისი პრორუსულ პოლიტიკოსად წარმოჩენა, რომლისთვისაც ასეთი ნიშა შეიძლება თავშესაფარიც იყოს. ჩემი ეჭვი ეფუძნება იმას, რომ დაახლოებით 10 თვის წინ ასეთივე შემოთავაზება მიიღო სხვა პოლიტიკურმა ლიდერმა, რათა დაეკავებინა ქვეყანაში პრორუსული ნიშა, სანაცვლოდ კი ნაციონალური მოძრაობა მას 20%-მდე ხმებს მოუგროვებდა. ფაქტია, რომ რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანები Dდღეს საქართველოში არსებობენ. ეს არ გამორჩენია ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც თავად არის საფუძველი, თუ რატომაც არსებობს ასე მოაზროვნე ადამიანთა ასეთი მაღალი ციფრი და რატომ გაუთბა რუსეთთან მიმართებაში ზოგიერთ ჩვენ თანამემამულეს გული, მაშინ, როცა არავინ დაობს იმაზე, რომ რუსეთი ამჟამად პრიმიტიული ოკუპანტია. ფაქტია, რომ უმეცარმა პოლიტიკამ ნაციონალური მოძრაობისა, კვლავ აიძულა ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე, სულიერი თუ ეკონომიკური კეთილდღეობისთვის თავი რუსეთისთვის შეეფარებინა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ხელისუფლებამ ნოღაიდელის წარსულში ფინანსური დარღვევის რაიმე ფაქტი ვერ აღმოაჩინა. უფრო მეტიც, გავიხსენოთ ის, რაც გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელს, კახა კალაძეს ავნეს დაახლოებით 8 თვის წინ, მაშინ, როცა მისი ძირითადი ბიზნესპარტნიორი ნოღაიდელი იყო. მაშინ ის თანხა, რომელიც კალაძისთვის უნდა გადაევადებინათ, არ გადაუვადეს. საუბარია იმ 16 თუ 17 მილიონზე, რომლის სანაცვლოდაც მას მიწა მიჰყიდეს. დღეს კი  ახალმა ეკონომიკის მინისტრმა ამ თანხის გადავადება 2 წლით მოახერხა. ამით კალაძე სახელისუფლებო სიყვარულით დააჯილდოვეს. ამის მიუხედავად, ბატონ ნოღაიდელს პირადი დისკომფორტი არ უგრძვნია იმის გამო, რომ ის კრემლს სტუმრობს. მისგან ვერ მივიღეთ ვერანაირი მკაფიო განმარტება იმისა, თუ რა მოეწონა მას „ედინაია რასიას“ წიაღში ისეთი, რაც ნაციონალურ მოძრაობას არ უკადრებია. ამიტომ სრული საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ „ედინაია რასიასთან“ ჩახუტებული ვაიპოლიტიკოსი ხვალ ნაციონალურ მოძრაობასაც ისე ჩაეხუტება, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა.

- ნოღაიდელის შემდეგ ბურჯანაძე პირველი იყო, ვინც რუსეთის პოლიტიკურ კარზე მიღებული აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ  ნოღაიდელი და ბურჯანაძე ერთმანეთთან საერთოს გამონახავენ?

- ჩემი აზრით, ბურჯანაძე ბევრად უფრო სერიოზულად აღიქვა რუსეთმა. მას ნამდვილად არავისთვის მიუცია ეჭვის საფუძველი, რომ ის არ გახლავთ ნაციონალური მოძრაობის პროექტი. ამაზე მეტყველებს არაერთი პოლიტიკური პოლიტპატიმარი მისი პარტიის რიგებიდან. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ქალბატონმა ნინომ საკმაო განსჯის შემდეგ მიიღო, რათა წასულიყო იმ გზაზე, რომელიც მიიყვანდა მას სამშობლოს მოღალატის სტატუსთან, რასაც ასე მარტივად არიგებს ნაციონალური მოძრაობა. ეს თავიდანვე იცოდა ნინო ბურჯანაძემ. მე ვერ გავაიგივებ ამ ორ ვიზიტს ერთმანეთთან. თუმცა საერთო მათ ერთი აქვთ - უშედეგობა. რუსეთთან და მის პოლიტიკურ ელიტასთან კონტაქტები აუცილებლად მიმაჩნია. ამავე დროს ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ვფიქრობ, არ არის საჭირო დიპლომატიურ პრანჭვასთან გვქონდეს საქმე, როდესაც ვიმყოფებით საომარ ვითარებაში. დიალოგი პუტინსა და ნოღაიდელს და პუტინსა და ბურჯანაძეს შორის ბავშვთა სათამაშოს, აიწონა-დაიწონას ჰგავს, სადაც ერთ მხარეს ბავშვი ზის, ხოლო მეორე მხარეს - მოზრდილი ადამიანი და, სანამდეც უნდა, ეს მოზრდილი ამ ბავშვს ჰაერში გამოკიდებულს დატოვებს. დიალოგის პერსპექტივა არსებობს საზოგადოების წარმომადგენლების დახმარებით და რეალურად ხელისუფლების მიერ კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსებით. რეალურად საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებამ ერთმანეთთან ომის გარდა ვერაფერი მოიგონეს.

-  როგორ ფიქრობთ, ქართული ოპოზიციისთვის ნოღაიდელის კადრი უფრო მისაღები აღმოჩნდება, თუ ბურჯანაძის?

-   ეს გახლავთ თავსატეხი იმ ადამიანებისა, რომლებსაც უნდათ ტკბილი კვერის მოლოდინში ნოღაიდელს ან ბურჯანაძეს შეაფარონ თავი. რასაკვირველია ბურჯანაძე უფრო სერიოზული პოლიტიკოსია, ვიდრე ნოღაიდელი. რადგან მას აქვს, ნოღაიდელისგან განსხვავებით, კარგი საერთაშორისო ურთიერთობა. იგი მაღალი რეიტინგით სარგებლობდა თეთრ სახლში. ბურჯანაძის სასარგებლოდ იქნება ის აურზაურიც, რაც დღეს ქართულ ოპოზიციაშია. ბურჯანაძე არ აღიქვამს ამ არჩევნებს ხელისუფლების შეცვლის გზად.

- ფაქტია, რომ ოპოზიციაში გაურკვევლობაა. თუკი ნოღაიდელი ხელისუფლების პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, როგორ შეიძლება განვითარდეს საარჩევნოდ პოლიტიკური ვითარება?

- ვფიქრობ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უგულებელყო ერთი ქართული სიბრძნე - „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“. ძალიან ბევრი დააშავეს საჯაროდ თქმით იმ წარმოდგენების და განცდების შესახებ, რომელიც მათ ერთმანეთის თაობაზე ემართებათ. ხშირი იყო ერთმანეთზე თავდასხმები და ამბიციური იყო მათი განცხადებები საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე. დღეს  ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე - სამშობლო უფრო უყვართ, თუ პარტია? ამ კითხვაზე პასუხი რომ სამშობლო იყოს, მაშინ ქართულ პოლიტიკურ ველზე სხვა პოლიტიკური ვითარება უნდა გვენახა, თუნდაც ამ ბოლო ერთი თვის მანძილზე. საინტერესო იქნება ბატონ გია ყარყარაშვილის მიერ დაპირებული ინფორმაცია - თუ რომელი პოლიტიკური ძალა ეგულება მას ვანო მერაბიშვილის შექმნილად.

- მაინც, ვინ შეიძლება იყოს ვანო მერაბიშვილის მიერ შექმნილი ოპოზიცია?

- მე ამას ვერ გეტყვით, არ ვიცი. მაგრამ ჩემთვის გია ყარყარაშვილი არის ძალიან სანდო და სერიოზული მოღვაწე, რომელიც მარტივად სიტყვას არ ისვრის. მე ისიც გამიკვირდა, რომ მან ასეთი განცხადება გააკეთა.

- ნოღაიდელის და ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის პარალელურად ხელისუფლებამ ლარსის გამშვები პუნქტი გახსნა...

- ეს შეიძლება ძალიან მარტივად განვიხილოთ და ვთქვათ, რომ ფარული კონტაქტები არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის. ღია კონტაქტები კი ოპოზიციურ პარტიათა მხრიდან არსებობს. ჯერ კიდევ ბოლი ასდიოდა აგვისტოს ომის შემდეგ რუსულ ქვემეხებს, როდესაც ენგურჰესი რუსეთს მმართველობაში გადასცეს. დღემდე საქართველოს საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, თუ რა წერია იმ მემორანდუმში. ფაქტია, რომ არსებობს საიდუმლო, რომელიც იციან სააკაშვილმა და პუტინმა და ეს საიდუმლოა საქართველოს მოსახლეობისთვის. საიდუმლოდ დარჩა, თუ ვინ ააფეთქა ხიდი მამისონის უღელტეხილზე. აფეთქების შემდეგ პირველი კომენტარი ხელისუფლების მხრიდან ის კი არ იყო, რომ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება წარიმართებაო, არამედ ის, რომ ახალ ხიდს ავაშენებთო. საქართველო და რუსეთი პოლიტიკის ფარგლებს გასცდნენ. დღეს რაც საქართველოს და რუსეთს შორის ხდება, ამას პოლიტიკას ვერ უწოდებ. ეს პოლიტ-პათოლოგიაა და ნებისმიერ პათოლოგიას სჭირდება მკურნალობა. ამ მოვლენას რუსული და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა უნდა უმკურნალონ და პოლიტიკურ ჩარჩოში ჩასვან.

- ურთიერთობებზეც, რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ვითარებაზეც ვისაუბროთ ევროკავშირის და ნატოს ქვეყნებთან. რუსეთმა საფრანგეთიდან სამხედრო გემი „მისტრალი“ შეიძინა. როგორ ფიქრობთ, რა ხდება ამ ფაქტის მიღმა?

- ჩემი აზრით, საქმე გვაქვს საკმაოდ პრიმიტიულ მოვლენასთან, რასაც დასავლეთის მიამიტობა ქვია რუსეთის იმპერიული მადის მიმართ. ვერ იჯერებენ ჩვენი დასავლელი მეგობრები, რომ ასეთი მადა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე არ გავრცელდება. ამიტომ თავს მშვიდად გრძნობენ და ივიწყებენ რუსეთის ჯარს ავღანეთში, უნგრეთში, ჩეხეთში და ასე შემდეგ და თვლიან, რომ ეს ის ვირუსია, რომელიც შეიძლება შეეყაროს საქართველოს, უკრაინას, მაგრამ არა, ევროკავშირის საზღვარს ვერ გადალახავს. ეს აბსურდია. თუ დააკვირდებით, ობამასთან მედვედევის ურთიერთობის წინ ხდება რაღაც მოულოდნელი ნეგატიური განცხადების გაჟღერება. რაც უკარგავს შეხვედრას ტაქტიკას, მაგრამ ეს დიპლომატიურ ურთიერთობაში ახალი არ არის. ამერიკის ხელისუფლებამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისთვის საგარეო ურთიერთობები პრიორიტეტი არ არის. ობამას ხელისუფლება გადავიდა ქმედებაზე ამ პრინციპით - ჯერ თავო და თავო.

- ცოტა ხნის წინ თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია, დაადანაშაულეს სომხეთის გენოციდში. პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია ნატოს დაშლის შესახებ. რუსეთი კი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე საუბრობს. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ფაქტებს?

- ინტერნეტ-სივრცე გახდა მძევალი, რომელშიც ერთად თავს იყრის არამარტო ინფორმაცია, არამედ ოცნებაც. მოსარგებლისთვის რთული ხდება გავარკვიოთ, ვინ არის სანდო წყარო და ვინ ავრცელებს მხოლოდ საკუთარ სურვილებს, როგორც რეალობას. იმის პარალელურად, რომ ნატო იშლება, ვრცელდება ინფორმაციებიც, რომ ევროკავშირიც ჩამოიშლება. ასეთი ინფორმაციის გავრცელება ნაკლებადდემოკრატიული ლიდერების ინტერესებში შედის, რომლებსაც საკუთარი გასაჭირი აქვთ დასამალი. მე ვფიქრობ, რომ ეს ვიღაცის სურვილია და არა - რეალობა. ამაზე პასუხი ქმედებებმა უნდა მოგვცეს. ის, რომ საქართველომ ღია კარი თვითონ გამოიჯახუნა და სიტყვა „ნატოს კარი“ ღიაა, მხოლოდ სიტყვად დარჩა, ეს ჩვენი ხელისუფლების აბდაუბდა ქმედებებით არის გამოწვეული. ნატოს კრიტიკა ჩვენი ხელისუფლების ინტერესებშიც შედის, რადგან იმ პოზიციაში ვართ, კატა ძეხვს რომ ვერ შეწვდა. ასეთი პარასკევი, ვფიქრობ, გაუხანგრძლივდება საქართველოს, თუ დემოკრატია არ გახდა ქვეყნის მთავარი ამოსავალი წერტილი.

-  დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფში 17 ექსპერტია გაწევრიანებული. თქვენ რამდენად მოგმართავენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები კონსულტაციებისთვის?

- დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, ძირითადად, ოპოზიციურ პარტიებთან მართავს კონსულტაციებს. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ჩვენზე მოთხოვნა არ არის. მეტიც, პრაქტიკულად ყველა წევრი ტელეკომპანია „იმედისთვის“, პირველი არხისა და „რუსთავი 2“-სთვის „პერსონა ნონ გრატაა“. მაგრამ ჩვენზე ინტერესი გაჩნდა საზღვარგარეთის მისიების მხრიდან. კომუნიკაციები ჩვენ ბევრი გვაქვს. მეტიც, უცხოური ტელევიზიები და პრესა ჩვენს შეფასებებს ყურადღებით ეკიდება. თუმცა ახლა ჩამოყალიბდა ექსპერტთა კლუბი, სადაც თავი მოიყარეს ყოფილი უშიშროების თანამშრომლებმა, რომლებიც არც საკუთარ წარსულს მალავენ და არც პროფესიას. მათი მხრიდან საკმაოდ არაპროფესიონალური განცხადებები ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზე. აქ პრიმიტიული მეთოდია გამოყენებული, რათა მოხდეს აღრევა. ეკრანებზეც მრავალი ახალი ექსპერტი ჩნდება... ეს მიმანიშნებელია იმისა, რომ ისინი კითხულობენ ჩვენს შეფასებებს გაზეთებში და რეაგირებაც შესაბამისია. ჩვენ ახლაც კონტაქტში ვართ ოპოზიციურ პარტიებთან და რეალობას ნამდვილად ვერ ვუწონებთ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1397
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია